ვმალავთ

ვმალავთ

იმ დროისთვის, როცა ამერიკაში პოპის დედოფლის მადონას ორმხრივმა 12-ინჩიანმა ვინილის სინგლმა შტატების საცეკვაო მუსიკის ჰიტ-აღლუმების სათავეები დაიპყრო, საბჭოთა საქართველოში პირველი დისიდენტი ჟურნალისტი, 35 წლის ნაზი შამანაური,ჯერ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს, მოგვიანებით კი, 1983 წლის 12 იანვარს, მოშიმშილე ჟურნალისტი საავადმყოფოს პერსონალმა ცემით მოკლა,
რასაც ადასტურებს თბილისის მეცხრე კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი და პათანატომი. თუმცა, კონკრეტული მიზეზების გამო, ამას არ ადასტურებდა ექსპერტიზა.
ნაზი შამანაურის ამბავს 12-ის მომდევნო ნომრებში, ან სქელტანიანი რომანის ვერსიაში აუცილებლად მივუბრუნდები. ამჯერად, უბრალოდ, მაგალითად მომყავს, როგორც ერთ-ერთი იმ უამრავი სახელდაურქმეველი შემთხვევიდან, რომელსაც თვალს ვერ ვუსწორებთ ხოლმე და ვემალებით. ან თავად ამბები გვემალებიან. მე რომ გადაწყვეტილებებს ვიღებდე, ამ ისტორიის მოკლე აღწერილობას დაფაზე დავიტანდი და იმ საავადმყოფოს კედელზე დავკიდებდი, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს და არასოდეს განმეორდეს.
რატომ ვმალავთ? რატომ არ ვარქმევთ სახელს და რატომ ვფუთავთ ჩვენ ისტორიას ისე, როგორც
გვაწყობს? რატომ ვითვლით მსხვეპლს და არაფერი ვიცით ჯალათების შესახებ? ჩვენი დიდი ბაბუები, 1937 წელს რომ დახვრიტეს, გვახსოვს. მაგრამ გვავიწყდება, რომ “ჩვენი დიდი ბაბუებიც” ისინი იყვნენ, ვისაც დავალება სისრულეში მოყავდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი დაკითხეს და გაასამართლეს. ეჭვმიტანილები გულწრფელ გაკვირვებას ვერ მალავდნენ. მაგალითად, მემანქანე, რომელსაც ებრაელი კაცებით, ქალებით და ბავშვებით სავსე ვაგონები ერთი ქალაქიდან მეორეში გადაყავდა და უკანა გზაზე ცარიელი მატარებლით ბრუნდებოდა, გზად, სავარაუდოდ, სროლის ხმაც კი ესმოდა, ვერა და ვერ ხვდებოდა, რატომ და რაში იყო დამნაშავე? ის ხომ თავის პროფესიულ დავალებას ასრულებდა – მატარებელს მართავდა. გაკვირვებულები იყვნენ ექთნებიც:
ჩვენ ხომ უბრალოდ ვაშიშვლებდით ებრაელებს… მათ ტანსაცმელს ვიბარებდითო. შეწუხდა ტექნიკოსიც, რომელიც მხოლოდ გაზის კამერაში შემავალი მილის ჭანჭიკს ატრიალებდა… მე, პირადად, არავინ მომიკლავსო.
რეალურად კი კონცლაგერების და გაზის კამერების ბრწყინვალედ დაგეგმილმა სისტემამ, ებრაელების კოლონების შეუფერხებელმა მართვამ, შედეგად მიიღო სამყაროში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ყველაზე შემზარავი სურათი. ამერიკიდან საფრანგეთში მიგრირებული მწერალი ჯონათან ლითლი კითხვას სვამს: თანამოაზრეთა არმიები რომ არ ყოლოდათ ჰიტლერს, სტალინს თუ ბერიას, ხომ ვერ შესრულდებოდა მისია? ვერ შესრულდებოდა!
ასეა! ჩვენ ყველანი ჩვენი მცირე მონაწილეობით ვქმნით მექანიზმს, რომელიც ერთიანად ანადგურებს მომავალს. ასე იყო მაშინაც: სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, როგორც კი საშუალება მოგვეცა, ყველაფერი გავარემონტეთ. შენობებზე ნატყვიარები ამოვავსეთ. ლეგენდები მოვიგონეთ. ბევრი ვიკამათეთ, გმირის წოდება ვის ეკუთვნოდა და ვის – არა. მაშინ, როცა სხვაგან, სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში, ზუსტად იმის გამო შემოინახეს “ნატყვიარი კედლები”, რომ რაც შეიძლება ხშირად გაგახსენდეს და არ დაგავიწყდეს, რად დაგიჯდა ომი და ძალადობა. გამოდის, რომ ისევ დავიმალეთ. ან ამბავი გაუჩინარდა. ძალადობა და ზურგის შექცევაა, მაგალითად, როდესაც სკოლის მოსწავლეებს სულხან-საბას იგავ-არაკებს ვაზუთხინებთ და ვუმალავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოღვაწემ, გარკვეული მიზეზების გამო, კათოლიკური აღმსარებლობა მიიღო. ჩვენ ნარცისულ “მეს” რაღაც სხვა უნდა. როგორც იტყვიან, ვერ ვიჯერებთ, რომ ღატაკ ყოფას რაღაცნაირი სიხარული შეიძლება ერთვოდეს. ჩვენ გვინდა, რომ არაჩვეულებრივი ისტორია გვქონდეს. არადა, ისტორია ისაა, რაც არის. და, ცხადია, თუ ვემალებით, ის თავისთავად სხვანაირი
ხდება. მე მაინც ის ვერსია მომწონს, – თავად რომ გვემალება ამბავი. შიშობს, რომ ვეცემით და მისგან მტვერს დავტოვებთ. ასეა! რომ მიგვიშვა, ეპოქას გამოვჭრით ყელს.

q

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>