პირველი ქართველი

გიოს საგულდაგულოდ ეზრუნა, რომ ოთახში მზის სხივებს არ შემოეღწიათ. საფარდეზე, ფარდის მაგივრად, დიდი საბანი იყო დაკიდებული და ოთახს მთლიანად აბნელებდა. ლოგინში იწვა. დაძინებას ცდილობდა, მაგრამ ნაბახუსევი კუჭი ძალიან ტკიოდა, ისე ძალიან, რომ პირს გააღებდა თუ არა, მუცლიდან კუჭის კივილი ესმოდა. იძულებული იყო, პირი დაეხურა და თან იდეალური პოზის ძებნაში, გამწარებული წრიალებდა. მაგარ შარში იყო. არც ნოშპა ჰქონდა, არც ლუდი, არც ომეპრაზოლი, არც ჩიხირთმა, არც დედა ჰყავდა, ჭაჭის უკანასკნელი ბოთლი ზამთრის უკანასკნელ დღეს დალია, ამიტომ არც სტუმრებს ელოდა. ბოლოს ადგა, კომპიუტერთან მიხოხდა და ვორდის ფაილი გახსნა. ერთი კვირა იყო, ფილმის სცენარს წერდა. სცენარი ჯარისკაცზე იყო, რომელიც ავღანეთის ომის შემდეგ, მშობლიურ ქალაქში ბრუნდებოდა და ნაცნობს ვეღარ პოულობდა. ყველა გამქრალიყო – ბავშვობის მეგობრები, სკოლის მასწავლებლები, მეზობლები, ნათესავები, მილიციის უფროსიც კი, რომელიც დასანახად ვერიტანდა. ჰარი – ასე ერქვა მთავრ გმირს. ქუჩებში დაეხეტებოდა და მისთვის უცნობ ადამიანებს აკვირდებოდა. გიოს ჰყავდა მეგობარი, რომელსაც ჰყავდა მეგობარი, რომელიც იცნობდა ერთ კაცს, რომელსაც შეეძლო გიოს სცენარი ტარანტინოსთვის გაეგზავნა. სწორედ ამიტომ, გიომ სამოქმედო არეალად ტარანტინოს მშობლიური ქალაქი ნოქსვილი აირჩია. თუმცა ამ იაფფასიანმა ტრიუკმა მოთხრობას ვერ უშველა, გიო და მისი პერსონაჟი ჰარი ნოქსვილის ქუჩებში გაიჭედნენ და უცნობი სახეების თვალიერების, იქით ვეღარ წავიდნენ. გიო ხვდებოდა, რომ ის, რასაც წერდა, ტარანტინოს ფილმისთვის არგამოდგებოდა. არადა, თავიდან დაწყება ეზარებოდა და თან იდეაც მოსწონდა. ბოლოს მოიფიქრა, რომ ჰარისთვის ჯონი რემბოს დამახასიათებელი ნიშნები მოეშორებინა და ავღანეთი ერაყად გადააკეთა. შემდეგ ჰარის ქალაქის მცხოვრებლებთან კონფლიქტში შეყვანა გადაწყვიტა და ჩაინიშნა, რომ ჰარის მთელი მოსახლეობა უნდა ამოეხოცა, ბოლოს კი უნდა გარკვეულიყო, რომ ჰარის ომის დროს ტვინის დაზიანება მიეღო და შეცდომით, მშობლიური ქალაქის ნაცვლად, იაპონურ ქალაქ ჰიროსიმაში იმყოფებოდა. ეს სცენარის წინა ნაწილთან ცოტა შეუსაბამობაში მოდიოდა. ამიტომ გიომ კიდევ ერთი შტრიხი დაამატა: ქალაქში დაბრუნებული ჰარის პირველი შეშფოთება უნდა გამოეწვია იმას, რომ მას გამვლელების საუბარი არ ესმოდა და მის კითხვებს ყველა უპასუხოდ ტოვებდა. გიომ პატარა სქემა გააკეთა. საგულდაგულოდ გაწერა, რა რის შემდეგ უნდა ყოფილიყო და მშვიდი სინდისით სამზარეულოსკენ წავიდა. ახსოვდა, რომ სადღაც მაცივრის თავზე ჩაის პაკეტები ეყარა. ამ დროს მობილურმა დარეკა. გიომ ტელეფონი ყურზე მიიდო და
თქვა :
– ალო.
– სახლში ხარ?
– კი.
– რას აკეთებ, გაცლია ?
– ვწერ.
– აჰა, ზნაჩიტ გცალია.
– ხომ გითხარი, ვწერ.
– ამოვალთ რა. ცოტა მოსაწევი გვაქვს და ვერსად მივდივართ. გიო მიხვდა, რომ მოსაწევი ჩაის ცალსახად სჯობდა. თან პახმელიასაც მოუკლავდა, ბიჭებს სცენარზეც დაელაპარაკებოდა და იქნებ რამე ახალიც მოეფიქრებინა. გიო დათანხმდა და შემდეგ რაც მოხდა, ამან მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

***
ბიჭებმა მოწიეს, სცენარზე იცინეს და წავიდნენ. გიოსთან მარტო დათო დარჩა. დათოს სიარული არ შეეძლო, ამიტომ იატაკზე დაწვა და ფორთოხლის წვენის სმა დაიწყო. სამი ჭიქის შემდეგ, მეტყველების უნარი დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში, სცენარს უსმენდა, მაგრამ ვერაფერი თქვა, ახლა კი გადაწყვიტა ხმა აემაღლებინა.
– ანუ შენ ამბობ, რომ ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ბანძ ბაღდადურ კაფეში თვითმკვლელი ტერორისტის ტერაქტს გადაურჩა, იმდენად სირდება, რომ ნოქსვილის ნაცვლად მიფრინავს ჰიროსიმაში, ერთ-ერთ იმ ქალაქში, სადაც ყველაზე მეტად სძულთ ამერიკელები.
– არაფერიც არ სძულთ. რა თქმა უნდა, ახსოვთ წარსული და ატომური ბომბის აფეთქებაც და ყველაფერი, მაგრამ ასე ცალსახად ვთქვათ, რომ სძულთ, არასწორი იქნება.
– კარგი რა, შეუძლებელია არ სძულდეთ. პრინციპში, ტარანტინოს ეს მოეწონება. საკმაოდ შავია.
წარმოიდგინეთ, რა სტრანნი რამეა, რომ ამერიკელებმა ერთხელ ააფეთქეს ქალაქი, ახლა კი მეორე ამერიკელი ქალაქის ყველა მცხოვრებს კლავს, თან შეცდომით. ხო, მართლა, ეგ სულ დამავიწყდა, როგორ წარმოგიდგენია, რომ ერთმა ამერიკელმა, თუგინდ უნივერსალურმა და შეშლილმა ჯარისკაცმა ნახევარ მილიონიანი ქალაქის მოსახლება ამოწყვიტოს. იმედია, მეორე ატომურ ბომბს არ ააფეთქებს.
– რამდენი?
– რა რამდენი?
– ჰიროსიმა ნახევარ მილიონიანი
ქალაქია?
– ჰო. აბა შენ რა გეგონა, 250 კაცი ცხოვრობდა და თავს ბრინჯის ღვეზელების გაყიდვითა და თევზაობით ირჩენდა?

– ჰო, რა ვიცი. მეგონა, რადიაციით დაბინძურებულ ადგილზე ბევრი ხალხი აღარ დასახლდებოდა; ან საერთოდ რა უნდათ მანდ.
– არ ვიცი, ეგ შეუძლია შენმა გმირმა იკითხოს, სანამ ავტომატით ხელში ქუჩებში სირბილს დაიწყებს.
– კარგი, მაშინ ნაგასაკი იყოს.
– არც იქ ცხოვრობს ნაკლები.
– ეეე, შარში ვარ, მილიონ პერსონაჟს რა მოკლავს. არაფრის აფეთქება არ მინდა. ჩვეულებრივი იარაღით, ან სულაც კატანით დახოცილი ხალხი მჭირდება.
– რამე ქალაქი ნახე, ჰიროსიმას მახლობლად, ან დაბა, სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, სადაც აფეთქების შემდეგ ყველაზე ბევრი ხალხი დაიღუპა, სადაც მართლაც სძულთ ამერიკელები და რადიაციისგან მუტირებულ მოსახლეობას ფიცი აქვს დადებული, რომ ერთი ინგლისური სიტყვაც არ ისწავლონ და ყველა, ვინც მათ ქალაქში ჩავა, დაუყოვნებლივ მოკლან. ჰარის პარანოიისთვის რა უნდა იყო იმაზე დიდი გამაღიზიანებელი, როდესაც ოთხხელიან ფიზკულტურის მასწავლებელს დაინახავს, რომელიც მაგიდის ჩოგბურთს ერთდროულად ათ ბავშვს ეთამაშება და უგებს, რაც მთავრია.
– სხვა რა გზაა, თუმცა, რასაც შენ ყვები, უფრო როდრიგესს მოეწონება.
– როდრიგესმა რომ გადაიღოს, ხო, რას ამბობ, უარს იტყვი.
– არა, რა სისულელეა. მოკლედ, მოვიფიქრებ რამეს. მართალი ხარ, რამე პატარა დაბას შევარჩევ, არაა აუცილებელი არსებობდეს, რამეს დავარქმევ, მაგალითად, სანფრეჩეს. როგორია?
– რა სანფრეჩე, ბიჭო?
– არ გახოვს, მუჯირი თამაშობდა? “სანფრეჩე ჰიროსიმაში”. ხოდა, იყოს რა, ეს სანფრეჩე ჰიროსიმას გვერდით, ცხოვრობდეს ერთი 1000 კაცი. პატარა, მყუდრო დასახლება, ერთსართულიანი ბამბუკის სახლებით, დაღუპულთა დიდი მემორიალით, რომელსაც ჰარი მაშინ ნახავს, როდესაც უკანასკნელ სანფრეჩელს მოკლავს, სავარაუდოდ, ლამაზ იაპონელ გოგოს, რომელიც აქამდე ერთგულად ეხმარებოდა და ზუსტად ამ მემორიალთან მიხვდება, რომ იაპონიაშია.
– დაწერე, იქნებ გამოვიდეს რამე. მაგაზე ცუდი სცენარებიც გადაუღიათ. თან, ტარანტინომ ეს კი არა, “უდიპლომო სასიძო” რომ გადაიღოს, ისიც თესლი იქნება. დათომ ფორთოხლის წვენი ბოლომდე დალია და წავიდა. გიომ წერა გააგრძელა და რაც დაწერა, იმან მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
***
ერთი თვის შემდეგ, სცენარი მზად იყო. გიომ ამბავი შეკრა და ემოციური ფინალით დაასრულა. მოსახლეობის დახოცვა არ გაჭირვებია, თუმცა თავდაპირველ მონახაზს გადაუხვია და სამი აფეთქება გამოიყენა. ის მომენტი,
როდესაც ჰარი აცნობიერებს, რომ იაპონიაშია, განსაკუთრებით დრამატული გამოუვიდა. რედაქტირებისა
და თარგმნის შემდეგ, გიოს იმ მეგობარმა, რომელსაც ჰყავდა მეგობარი, რომელიც იცნობდა ერთ კაცს, რომელსაც ტარანტინოსთან კავშირზე გასვლა შეეძლო, თავის დანაპირები შეასრულა და ტექსტმა ტარანტინოსთან მიაღწია. თუმცა კვენტინმა გიოსთვის მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოიცალა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, სკაიპში დაურეკა. სკაიპში ტარანტინო სულაც არ ჩანდა ისეთი კარგი ტიპი, როგორც საკუთარ ფილმებშია ხოლმე. ეტყობოდა, რომ მთვრალი იყო, ცხვირი გაწითლებოდა, შუბლზე კი დიდი, მსუქანი “პრიშჩიკი” მესამე თვალივით ამოსვლოდა. გიომ ინგლისური კარგად იცოდა,მაგრამ კვენტინთან ლაპარაკი
შეუძლებელი აღმოჩნდა. კვენტინი თავისსავე დასმულ კითხვებს თვითონვე პასუხობდა და 25 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, მონოლოგის რეჟიმში საუბრობდნენ. გიომ მხოლოდ სამჯერ ამოიღო ხმა და სამივეჯერ ყეს თქვა. აქედან ბოლო თანხმობა განსაკუთრებით მძიმე იყო. კვენტინმა გიოს შესთავაზა, რომ სცენარს გამოიყენებდა და ფილმს გადაიღებდა, თუმცა ფულს არ მისცემდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაუხდიდა თანხას, თუ ფილმი დიდ მოგებას მოიტანდა. საუბრების შემდეგ, გიო სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა, მაგრამ გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ კვენტინი ძუნწი ნაბიჭვარი იყო. ერთი თვის შემდეგ, ტარანტინო, იურისტთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა. გიოსთან კონტრაქტი გააფორმა და ჭაჭაც დალია სალობიეში ლობიოც ჭამა, გებჟალიე და თონის ხაჭაპურიც ძალიან მოეწონა. შემდეგ კი წავიდა და გიოც თან წაიყვანა. ტარანტინოს სურდა გიო გადაღებებს დასწრებოდა და საჭიროების შემთხვევაში ტექსტი შეეცვალა. გადაღებები 4 თვეს გაგრძელდა, ჰარის როლი ჯეიმი ფოქსმა შეასრულა. ეს ტარანტინოს ერთ-ერთი ახირება იყო. მას სურდა, რომ იაპონელები შავკანიან ჯარისკაცს დაეხოცა. ამასთანავე მან აიძულა ლეონარდო დიკაპრიო ეთამაშა ქალაქის პრეფექტის როლი და დიკაპრიომაც მშვენივრად განასახიერა 65 წლის იაპონელი მამაკაცი, რომლსაც ჰარი ბრინჯის ჭამის დროს, ბრინჯის საჭმელი ჩხირებით კლავს. გადაღებების დასრულების შემდეგ ტარანტინომ გიო როდრიგესს გააცნო და გიომ იგივე სცენარი ოღონდ ოთხხელიანი ფიზკულტურის მასწავლებლით როდრიგესისთვისაც გააკეთა. ყველაფერი კი იმით დასრულდა,რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, გიო პირველი ქართველი სცენარისტი გახდა, რომელიც “ოსკარის” ნომინაციაზე წარადგინეს. როდესაც თბილისელმა კინოჟურნალისტმა, ია ვეკუამ, ლას ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში მიაგნო, დაკოკაინებული გიო რაღაც მარწყვებიან სლოტს მხიარულად თამაშობდა და დროგამოშვებით ყინულებიანი შამპანურის ვედროში არწყევდა. კაზინოს პერსონალს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ “ოსკარზე” ნომინირებულ პირველ ქართველ სცენარისტს განსაკუთრებული ყურადღება ჭირდებოდა და დროგამოშვებით ვედროში ყინულს ამატებდა. ია ვეკუამ სცენარისტს რამდენიმე კითხვა დაუსვა, თუმცა გიოს პასუხებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მთელი მსოფლიო გაოგნებული დატოვა.
***
– ლეო, სმოკინგს მათხოვებ?
– რა?
– სმოკინგი, ოღონდ თეთრი არა,
თეთრი ძალიან მასუქებს.
– კარგი, ამოდი ნომერში და ჩაიცვი,
მაგრამ მგონი ცოტა დიდი
გექნება.
***
გიოს ერთი კვირა ემახსოვრება ის დღე, როდესაც შავი სმოკინგის ჩასაცმელად ლეოს ნომერში ავიდა და ლოგინზე სმოკინგის გვერდით წამოწოლილი ნაომი კემპბელი შეამჩნია. ნაომი ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვინც გიოს ბავშვობიდან უყვარდა და მისი გამოსახულებიანი სტიკერი 90-იან წლებში საბჭოთა წარმოების მაცივარ “ორსკ-3“-ზე ჰქონდა მიკრული. მიუხედავად იმისა, რომ იმ ნაომისა და ლოგინზე წამოწოლილ ქალს შორს 25 წელიწადზე მეტს ჩაევლო, ნაომი თითქმის არ შეცვლილიყო და გიოს მომენტალურად აუდგა. ნაომი ნელა ადგა ლოგინიდან და აბაზანაში შევიდა, იქიდან კი, მის ნაცვლად, ლეო გამოვიდა.
– მოგწონს?
– კი, მაგარია.
– შენი იყოს.
– რა?
– აიღე, აიღე, მე კიდევ 60 მაქვს ასეთი. ლეომ ლოგინიდან სმოკინგი აიღო და გიოს მიაწოდა. გიომ გულში შეიგინა და ოთახიდან ფეხათრეული გავიდა.
***
წითელ ხალიჩაზე ენტონი ჰოპკინსი გამოჩნდა.
– მოხუცი მამა, მოხუცი მამა, სასხლავით ხელში დადის პარკეტზე,
– ამღერდა გიო.
– მოკეტე რა, – გაბრაზდა კვენტინი,
– ან ინგლისურად იბურტყუნე.
***
– ახლა კი ნომინაციაში წლის საუკეთესო სცენარი, წარდგენილი არიან:
ჯონ რიდლი – “24 წელი მონობაში”
დასტინ ლანს ბლეკი – “მარჯვნივ” კრისტ ტერიო – “ბეტმენი და წითელქუდა”
ქრისტოფერ ჰემპტონი – “რვა” გიორგი პირველი – “დაბრუნება” და ოსკარი გადაეცემა – გიორგი
პირველს, მართლაც საუკეთესო სცენარისთვის – “დაბრუნება”. მიესალმეთ, გიორგი პირველი, პირველი ოსკაროსანი ქართველი… შეხედეთ, ის ჩვენკენ მოდის… ის ამოვა, აიღებს ამ პატარა ქანდაკებას და ამით ისტორიაში შევა…
***
– გამარჯობა, თქვენ მე არ მიცნობთ, სამაგიეროდ, მე ყველას ძალიან კარგად გიცნობთ, ნუ, თითქმის ყველას. ბავშვობიდან გიყურებთ. მინდა გითხრათ, მშვენივრად გამოიყურებით. თითქმის არ იცვლებით. არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ცოტა დიდი ტექსტი მაქვს მომზადებული. პრინციპში, სცენარისტი ვარ და პატარა ტექსტით ხომ არ მოვიდოდი. თან, რაც თქვენს ყურებაში დრო მაქვს დახარჯული, რა მოხდება ცოტა ხანს თქვენც რომ მიყუროთ?! ჰო, დავიწყებ. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებსა და ოჯახის წევრებს, ყველანი ძალიან მიყვარხართ, ჩემს მეგობრებს, განსაკუთრებით დათოს. რომ არა დათო, ჯეიმი ფოქსს მილიონი ადამიანის მოკვლა მოუწევდა. ჰეი ჯეიმი, ხედავ, როგორ გაგიმართლა… მადლობას ვუხდი ედუარდ შევარდნაძეს ჩემი უშუქო და რომანტიული ბავშვობისთვის. აი, მაშინ თქვენი ყურება თითქმის შეუძლებელი იყო, მადლობას ვუხდი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. მათი დამსახურებაა, რომ ჩემი პერსონაჟები ასე ბუნებრივად იგინებიან, მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის მასწავლებლებს, ჩემს ლექტორებს, მადლობას ვუხდი
ნინო ჩხეიძეს. თქვენ, ალბათ, არ იცნობთ, ის საუკეთესო ქართველი მუსიკოსია. პრინციპში, კვენტინმა კი უსმინა ერთ დღეს. ხო, მადლობა კვენტინ ტარანტინოს – კაცს, რომელმაც აქამდე მომიყვანა და ლეონარდო დიკაპრიოს, რადგან დღეს დილით ეს სმოკინგი მათხოვა – უფრო სწორად, მაჩუქა, თუმცა მეეჭვება, მეორეჯერ ამის ჩაცმამ მომიწიოს, ან მკერავს გადავაკეთებინებ, ცოტათი დიდი მაქვს. ისე, მინდა გითხრათ, რომ პროჭები ხართ, მიეცით ამ კაცს ერთი “ოსკარი”, მიეცით, მიეცით, თავისუფლება ლეოს, “ოსკარი” ლეოს, ვინ გყავთ ამაზე კარგი?!…
მადლობას ვუხდი სილვესტერ სტალონეს და ჟან კლოდ ვან დამს. გირჩევთ ჩამოხვიდეთ საქართველოში, დამიჯერეთ, არსად ისეთი პოპულარულები არ ყოფილხართ, როგორც აქ. თქვენ, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, ჩვენი ბავშვობა დაუვიწყარ თავგადასავლად აქციეთ, იგივე მინდა ვუთხრა ჩაკ ნორისსა და სტივენ სიგალს, მაგრამ სიგალს არ ვეტყვი, ეგ პუტინის კაცია, ჩვენ კი პუტინი არ გვიყვარს, პუტინ ხუილო… იგივეს ვეტყოდი სილვია კრისტელსაც, თუმცა, სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარაა და ჰარისონ ფორდს, თუმცა ჰარი ყველგან ჩემპიონია, ვან დამი კი – მხოლოდ გლდანში. გიო კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა, ზედმეტად დიდხანსაც კი. მან ჩამოთვალა ყველა საყვარელი ფილმი, დაწყებული “ვარსკვლავური ომებიდან” და დამთავრებული “მდუმარე ბობისა” და “ჯეის საპასუხო დარტყმით”. სათითაოდ გადაუხადა მადლობა ყველა მსახიობს, ვისი სახელიც გაიხსენა და ზოგს პერსონაჟების სახელებით მიმართავდა. ზუსტად საათნახევარი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ანუ იმდენი ხანს, რამდენსაც სტანდარტული ჰოლივუდური ფილმი გრძელდება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამით მან რეკორდი დაამყარა და გინესის რეკორდების წიგნშიც შეიყვანეს. ბოლოს გიომ დარბაზში სეტ როგანი და ჯეიმს ფრანკო შეამჩნია და სთხოვა, მასთან მისულიყვნენ. შემდეგ კი, პირდაპირ სცენაზე, მათთან ერთად, სპეციალურად გალიდან ჩამოტანილი მარიხუანა მოწია. ფრანკოს მოსაწევი ძალიან მოეწონა და სახალხოდ დაიფიცა, რომ თუ პუტინი საქართველოს აფხაზეთს არ დაუბრუნებდა, კიმ ჩენ ირივით მოკლავდა, სეტ როგანს კი იმდენად გაეხსნა, რომ მორგან ფრიმანს კალთაში ჩაუჯდა და “ბიძია თომას” ეძახდა. თავისი გამოსვლა გიომ შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
– მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ბატონო ირაკლი, გთხოვთ მოახდინოთ მარიხუანის ლეგალიზაცია ან დეკრიმინალიზაცია მაინც. ნახეთ, რა ბედნიერია ფრანკო, შეხედეთ, კარგად დააკვირდით და თქვენ რატომ არ გინდათ, რომ თქვენი ქვეყნის მოსახლეობაც ასეთი ბედნიერი იყოს? ახლა კი მისმინეთ,
დღეს ღამე გაიმართება აუქციონი და ნებისმიერ მსახიობს შესაძლებლობა ექნება იყიდოს ეს “ოსკარი”. ლეო შენზე ამბობენ, ბევრი ფული აქვს და იჩქარე, ვინმემ არ დაგასწროს…
იმ ღამით დიდი აუქციონი გამართა და გამთენიისას უგონოდ მთვრალმა ჯონი დეპმა ლეონარდო დიკაპრიოს “ოსკარი” ცხვირწინ ააცალა. გიომ კი 15 მილიონი აიღო და საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე ის დააპატიმრეს და წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. მასთან შესვლა მხოლოდ კინოჟურნალისტმა ია ვეკუამ მოახერხა, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი პირველი სასტიკად ნაცემია და შიმშილობის დაწყებას აპირებს.

XIIcis