LoTek Media – Newspaper Herbarium

XIIhdh

რის შესახებ მაუწყებლობს მკვდარი მედია? რას ყვებიან ჟურნალები, რომლებიც წლებია, უკვე მიატოვეს მკითხველებმა, რედაქტორებმა და, შესაძლოა, მათი ოფისებიც უკვე დაკეტილი და გაყიდულია? Newspaper Herbarium არის ვადაგასული ასტროლოგიური პროგნოზების, მკვდარი ტოპ მოდელების და დავიწყებული ჟურნალების ჰერბარიუმი. როგორც უცხო სიზმრებიდან დაუმონტაჟებლად ამოჭრილი კადრები ორგანზომილებიანი, მეორადი მოხმარების MTV გეტოს ბავშვებისთვის. ფლოპი დისკები, “ვიდეოპრისტავკები”, ნებისმიერი მომაკვდავი ტექნოლოგიური ჯანქი, ჰერბარიუმში დავიწყებული სიზმრების ეკრანად იქცევა. რა თქმა უნდა, დროებით და, ხშირად, უმისამართოდ. უილიამ ბეროუზი თვლიდა, რომ მესიჯების დაჭრისა და რეკომბინაციის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მოულოდნელად ამოვიკითხოთ ის, რაც ტექსტს მიღმა ეწერა, ჩამონტაჟებული იყო იმიჯებში, როგორც წამზომზე ჩართული ბომბი წარსულიდან. ჩემთვის ფლოპი დისკების გამოყენება ორგანზომილებიან ეკრანად, რომელიც ხშირად 2 მეგაბაიტზე მეტ ინფორმაციას არ აძლევს მნახველს. ერთდროულად ერთგვარი ირონიაა რედიმეიდის ტიპის არტზე, მეორე მხრივ, მინი-ექსპერიმენტია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი ე.წ. “ნაგავი”, თუ მას სხვა პერსპექტივიდან შეხედავ, საგამოფენო ობიექტად იქცეს; მესამე მხრივ კი – რაც ყველაზე მთავარია – რაღაც უცნაური ფსიქოთერაპია ან აკვიატებაა, სხვა რა შეიძლება დაარქვა ამ პროცესს: იჯდე მაკრატლით, ფურცლის წებოთი და სკოჩებით და დილამდე იკითხო სადღაც 1991-ში გამოცემული ჟურნალები და ეძებო მომენტები,ფრაზები თუ ემოციები, ან უბრალოდ იმიჯები, რომლებსაც ამოჭრი და ფლოპის მიაწებებ. სადღაც პლატონოვი წერდა, რომ ყველაზე დიდი ჭეშმარიტებები და საოცარი გრძნობები ყველასგან მივიწყებულ წიგნებში იმალება და როცა ვათვალიერებ ამ ჩემგან უცხო, შორეულ ქვეყნებში, 10-ეულობით წლის წინ გამოცემულ ჟურნალებს, ვკითხულობ სტატიებს იმდროინდელ პრობლემებზე, რომელიც უკვე დიდი ხანია ყველას გადაავიწყდა; ვეცნობი მკითხველების სვეტებს, სადაც ადამიანები, რომლებსაც დროსა და სივრცეში არასოდეს გადავეკვეთები – თავიანთ, უკვე არავისთვის საინტერესო ისტორიებს ყვებიან – თითქოს რობინ უილიამსის გმირის ხმა მესმის ფილმიდან “მკვდარი პოეტების საზოგადოება”, სადაც ის თავის სტუდენტებს მათი სკოლის ადრინდელი მოსწავლეების ფოტოებთან აყენებს და სთხოვს ყურადღებით მოუსმინონ, თუ რას ამბობენ გარდაცვლილი ადამიანები ამ ფოტოებიდან: “Carpe Diem! Seize the day!” – ამბობენ ისინი.
სინამდვილეში კი, შეიძლება, რომ (და დიდი ალბათობით ეს ასეა) ამ ჰერბარიუმს აბსოლუტურად არანაირი “მხატვრული” დანიშნულება არ აქვს, მაგრამ გლობალური გეტოს ველურ ბავშვებს, მესამე სამყაროს მისადგომებთან გაზრდილ ნევროტულ მუტანტებს ჩვენ-ჩვენი მცირე, გაურკვეველი გართობები და რიტუალები გვაქვს – მე და ჩემი მეგობრები ხომ იმ ტერიტორიებზე ვიზრდებოდით, სადაც ჩამოვარდნილი თვითმფრინავები საბავშვო ბაღებად კეთდებოდა, დაშლილი ქარხნებიდან მოტეხილი მავთულები იქცეოდა სატელიტურ ანტენებად, ქუჩაში ნაპოვნი ტყვიის გილზებისგან ბავშვები ულამაზეს სამკაულებს ამზადებდნენ, ხოლო მიტოვებული სამხედრო ბაზები საბავშვო გართობების პოლიგონი იყო. ალბათ ამ მოგონებების ინერციაა, რომ ის ტექნოლოგიური მედიუმები, რომლებიც გუშინდელი დღის ტექნიკის პირველი სიტყვად ითვლებოდა, ჩემთვის, პირადად, დავიწყებული სიზმრებისა და მიუწვდომელ, შორ ადგილებზე ოცნების ამ დეგენერატულ, უაზრო ჰერბარიუმად იქცევა.

gdja

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>