POWER

XIIv_Page_063fb

ძლიერი სქესი

XIIv_Page_063xia

პროექტის ავტორი: ნინო დარასელი
ფოტო / ტექსტი: მაკა კაკულავა
ვიზაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
სტილი: More is Love
სტუდია 86

XIIv_Page_065

ნინო კასრაძე – მსახიობი

1. დაახასიათეთ თქვენი თავი ერთი წინადადებით…

ძალიან მშიშარა ვარ და ამ შიშების დაძლევა მხდის ადამიანად.

2. თქვენს კარიერაში ხელს გიშლიდათ თუ, პირიქით, ხელს გიწყობდათ ის, რომ ქალი ხართ?

მხოლოდ ხელს მიწყობდა.

3. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ ქალები იყვნენ ლიდერები?

საზოგადოების მოუმზადებლობა, მოუმწიფებლობა, განათლების დაბალი დონე, დისბალანსი ქალებსა და
მამაკაცებს შორის. მე მგონია, რომ გარკვეულწილად განათლების არქონის პრობლემიდან მოდის ის, რომ ქალები თავიანთ თავს ვერ ხედავენ და ვერ იაზრებენ საკუთარ დანიშნულებას. საზოგადოება დახვეწილი არ არის იმ კუთხით, რომ გაიაზროს ქალის ფუნქცია. დედობა და ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქალს კიდევ ბევრი სხვა რამის გაკეთება შეუძლია. საზოგადოებაში თითქოს მოთხოვნაც რაღაც ძალიან პასიურია, ქალი მოტვირებული არ არის და თუ არის, დასაცინი ხდება. ამას საჯაროდ არავინ არ იტყვის, მაგრამ ამ თვალსაზრისით მაინც აქვთ ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებაში
არსებული ინფანტილურობა დაიძლევა დროთა განმავლობაში…

4. თქვენს ირგვლივ ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები?

ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, ადამიანის უფლებები ირღვევა…

5. კაცის და ქალის როლები როგორ არის გადანაწილებული თქვენს ოჯახში?

ჩვენს ოჯახში მხოლოდ სიყვარულის კუთხით ვცდილობთ ხოლმე მივუდგეთ სხვადასხვა საკითხს.

6. როგორი ქალები მოგწონთ?

ყველაზე დიდ მნიშვნელობას ადამიანში გულმოწყალებას ვანიჭებ. მე თვითონ მინდა ვიყო ასეთი. ვთვლი, რომ ეს გულმოწყალება მთავარი თვისებაა ქალშიც და კაცშიც.

7. როგორი იქნება ქალი 21-ე საუკუნის საქართველოში? 

ცვლილებები ყველაფერს მოაქვს და 21-ე საუკუნე ვერ იქნება მე-12 საუკუნე, მაგრამ ვთვლი, რომ ძირითადი
პოსტულატები, ძირითადი ინსტინქტები არ შეიცვლება, იქნება სიყვარული, ადამიანობა, სიძულვილი, ბოროტება და ვინც მეტად შეინარჩუნებს ამ საწყის თვისებებს, ის დარჩება და იმას ერქმევა ქალი და კაცი…

8. საყვარელი ქალი პერსონაჟი ლიტერატურიდან ან ფილმიდან და რატომ?

პირველი ანა კარენინა მახსენდება. არა მარტო იმიტომ, რომ ანა მომწონს, როგორც პერსონაჟი… ის იმდენად უბედურია, იმდენად იხლიჩება სიყვარულსა და მოვალეობებს შორის არჩევანის გამო… ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი…

9. რა განსხვავებაა თქვენი თაობის ახალგაზრდა გოგონებსა და დღევანდელ ახალგაზრდებს შორის?

ახალი თაობის თვასაწიერი მეტად გახსნილია და მე ვფიქრობ, დღეს, კიდევ უფრო რთულია მათთვის პიროვნებად ჩამოყალიბება. უსაზღვრო არჩევანია, უსაზღვრო შესაძლებლობები, უსაზღვრო თავისუფლება და ორიენტირების პოვნა ამ შემთხვევაში კიდევ უფრო რთული მეჩვენება. ამიტომაც,მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

10. როგორ აუხსნიდით პატარა ბავშვს სიტყვასფემინიზმი”?

არასოდეს მიცხოვრია საზღვარგარეთ, სადაც ამ ყველაფერზე მყარი წარმოდგენა აქვთ. ვიცხოვრე ისეთ საზოგადოებაში, სადაც ეს ცნება არ იყო გააზრებული და ახლა ფორმირდება. რაღაცეები მე თვითონ კარგად არ მესმის, აქედან გამომდინარე ბავშვისთვის ამის ახსნა გამიჭირდებოდა. ვფიქრობ, დღევანდელი ბავშვები უკეთ ამიხსნიან ამას და არა პირიქით.

11. რამოდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თქვენი ერთი რიგითი დღე…

გაუთავებელი სიჩქარის, თავის მართლების, ბოდიშების მოხდის, რომ რაღაც ვერ გავაკეთე… და საბოლოო ჯამში რაღაცის მოსწრების გიჟური სურვილი.

12. კაცად რომ დავბადებულიყავი…

კაცად რომ დავბადებულიყავი, არასოდეს ვიოცნებებდი, რომ ქალად დავბადებულიყავი…

XIIv_Page_067

მაკა ანთიძე – ჟურნალისტი 

1. დაახასიათეთ თქვენი თავი ერთი წინადადებით…

ის გოგო (ის 45 წლის გოგო), რთულ შეკითხვებს რომ აძლევს პრეზიდენტებს და პრემიერებს პრეს-კონფერენციებზე.

2. თქვენს კარიერაში ხელს გიშლიდათ თუ, პირიქით, ხელს გიწყობდათ ის, რომ ქალი ხართ?

კარიერისთვის ამას მნიშვნელობა, ალბათ, არ ქონდა. საქმეში ქალური ინტუიცია ხშირად მეხმარებოდა და მეხმარება. ხანდახან ქალური შარმიც ზოგიერთ კარს აღებს.

3. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ ქალები იყვნენ ლიდერები?

მამაკაცები.

4. ქალებთან დაკავშირებული რა სტერეოტიპის მსხვერპლი ყოფილხართ?

ლამაზი ქალია, ე.ი. სულელი. მაგრამ მსხვერპლი არ ვყოფილვარ, რადგან საბოლოო ჯამში, ის, ვინც ასე ფიქრობდა, დარწმუნდა, რომ ცდებოდა.

5. თქვენს ირგვლივ ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები?

პირადად ჩემს ირგვლივ, ანუ ჩემი მეგობრების, ახლობლების და ნაცნობების წრეში თითქმის არა, თუმცა პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად მიწევს ამ პრობლემებთან შეხება.

6. მამაკაცის და ქალის როლები როგორ არის გადანაწილებული თქვენს ოჯახში?

მე გავიზარდე ოჯახში, სადაც ბაბუაჩემი – წარმატებული ინჟინერი – ბაზარშიც დადიოდა და საჭმელსაც აკეთებდა, ყველა ქალბატონი კი ყოველთვის მუშაობდა  ბებია ანატომიის ლექტორი იყო სამედიცინო ინსტიტუტში, დედა და დეიდა კი – ექიმები. ამიტომ ჩემი წარმოდგენა ოჯახურ როლებზე არანაირად არ არის სტერეოტიპული. როცა გათხოვილი ვიყავი, აბსოლუტურად თანასწორი ურთიერთობა მქონდა მეუღლესთან. ის ჩემი მეგობარი იყო და დღესაც არის, ყველანაირად ხელს მიწყობდა პროფესიულ წინსვლაში. დღეს ბოიფრენდთან ერთადვცხოვრობ, რომელიც ასევე გაგებით ეკიდება ჩემ რთულ პროფესიულ გრაფიკს, იმას, რომ შეიძლება გვიან ღამე მომიწიოს ლოგინიდან ადგომა და სადღაც წასვლა. მას აინტერესებს, რასაც ვაკეთებ და უხარია ნებისმიერი ჩემი პროფესიული წარმატება. მეც დიდი ინტერესით ვეკიდები მის საქმიანობას. როლებს რაც შეეხება, როგორც ასეთი, არ გვაქვს გადანაწილებული. დიასახლისის როლსაც სიამოვნებით ვასრულებ – ვალაგებ, ვრეცხავ და საჭმელს ვამზადებ. ჩვენი შვილები უკვე დიდები არიან და მათთან ურთიერთობა უფრო მეგობრობას გავს.

7. რა არის ქალის მთავარი ძალა?

იპოვოს ცხოვრების ბალანსი ამ მასკულინურ სამყაროში.

8. როგორი ქალები მოგწონთ?

ისეთები, რომლებიც რაღაცას ქმნიან და კვალს ტოვებენ თავიანთი შემოქმედებით ან ნებისმიერი საქმიანობით და ისეთებიც, რომლებიც კარგი მეუღლეები და დედები არიან; ისეთები, რომლებთანაც მამაკაცებს, ზოგადად, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, უკეთესები იყვნენ.

9. რა განსხვავებაა თქვენი თაობის ახალგაზრდა გოგონებსა და დღევანდელ ახალგაზრდებს შორის?

ბევრად უფრო თავისუფლად უყურებენ ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის. ამაში პლიუსებიც არის და მინუსებიც.

10. როგორ აუხსნიდით პატარა ბავშვს სიტყვას “ფემინიზმი”?

ის, რომ დედიკო ვერ დაესწრება შენს ზეიმს საბავშვო ბაღში, რადგან აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს.

11. რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თქვენი ერთი რიგითი დღე…

რამე არ გამოტოვო, არ დამაგვიანდეს, მოვასწრო…

12. კაცად რომ დავბადებულიყავი…

ჩემნაირი ქალი შემიყვარდებოდა… ალბათ… ერთერთ ჩემ მეგობარ გოგოს ცოლად მოვიყვანდი. ნამდვილად:)

 

XIIv_Page_068hd

თამარა ტატიშვილი –  იურისტი , კინო მენეჯერი

1. თქვენს კარიერაში ხელს გიშლიდათ თუ, პირიქით, ხელს გიწყობდათ ის, რომ ქალი ხართ?

არასოდეს არ მიფიქრია სქესზე, როგორც ფაქტორზე. ამიტომ, ალბათ, არც ყოფილა გადამწყვეტი.

2. როგორ ფიქრობთ, სხვადასხვა საზოგადოებრივი პროცესის წარმართვაში დღეს ქალები მამაკაც კოლეგებთან
თანასწორობას გრძნობენ?

ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს. გააჩნია სექტორს, კონტექსტს და პრაქტიკას. კინოს მაგალითზე თუ ვილაპარაკებთ, ის ისტორიულად მამაკაცებით დომინირებული სექტორია. ამიტომაც ახლა ევროპაში აქტუალურია კინოში ქალთა დასაქმების წახალისება; ზოგადად, ქალების როლი წინა პლანზე გამოდის.

3. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ ქალები იყვნენ ლიდერები?

საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპული აზროვნება,ზოგი ქალის მხრიდან გაუბედაობა. თუმცა, თუ რეალური ლიდერი ხარ, ქალიც და მამაკაციც, დაბრკოლებას გადალახავ.

4. თქვენს ირგვლივ ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები?

ჩემს ირგლივ კონკრეტული მაგალითი არ მახსენდება,თუმცა ქალებზე ძალადობის პრობლემა კვლავ დგას
და ეს საგანგაშოა!

5. როგორი ქალები მოგწონთ?

რეალიზებული ქალები. ასეთ ქალებს თვალებში განსხვავებული სხივი აქვთ.

6. როგორი იქნება ქალი 21-ე საუკუნის საქართველოში?

უფრო დამოუკიდებელი და, ალბათ, კრიტიკულიც.

7. ქალი რეჟისორების მოსვლა ბოლო წლების ქართულ კინოში უბრალო დამთხვევა იყო თუ გათვლილი პროცესი?

ქალი რეჟისორების ფენომენი ყოველთვის ძლიერი იყო ქართულ კინოში, რაც სამაგალითოა! ბოლო წლებშ იმათი გაძლიერება ჩემთვის ლოგიკურია, დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირების პროცესში ქალები
უფრო ადვილად დაორგანიზდნენ. სათქმელიც დაუგროვდათ და შედეგსაც ვხედავთ!

8. საყვარელი ქალი პერსონაჟი ლიტერატურიდან ან ფილმიდან და რატომ?

კინოში მომწონს არასტანდარტული პერსონაჟები, რომლებსაც მსახიობი დამაჯერებლად ასახიერებს. ამ დროს მსახიობზე არც ფიქრობ, კონკრეტული ადამიანის გულშემატკივარი ხდები, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი გმირია. უცებ მახსენდება: სესილია თაყაიშვილი – “ნატვრის ხე” ჯუდი დენჩი – “ჰილომენა”, “Nოტეს ონ ა შცანდალ” გლენ ქლოუზი – “Dანგეროუს იაისონს” ტილდა სუინტონი – “ნლყ Lოვერს ლეფტ ალივე” მერილ სტრიპი – “თჰე ცოურს”, “Iრონ გადყ” ჰელენ მირენი – “თჰე ცუეენ” ამ ქალების პერსონაჟები სულ მახსოვს!

9. რა განსხვავებაა თქვენი თაობის ახალგაზრდა გოგოებსა და დღევანდელ ახალგაზრდებს შორის?

დღევანდელი ახალგაზრდები უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობენ და, ვფიქრობ, “საზოგადოებრივი მორალის” წნეხი მათ ნაკლებად აწუხებთ… ვიმდოვნებ, რომ ასეა!

10. როგორ აუხსნიდით პატარა ბავშვს სიტყვას “ფემინიზმი”?

ეს სიტყვა არ მიყვარს.. თუმცა, დაჟინების შემთხვევაში, მარტივად ავუხსნიდი – ქალების და მამაკაცების უფლებების გათანაბრებისკენ მიმართული ქმედება…

11. რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თქვენი ერთი რიგითი დღე…

ჩემი შვილი სანდრიკო, ჩემი “ორგანაიზერი” და გამგზავრების მოლოდინი.

12. კაცად რომ დავბადებულიყავი… 

ვიცხოვრებდი, როგორც კაცი.

XII12345

ელენე ხოშტარია – პოლიტოლოგი,
არასამთავრობო ორგანიზაცია 
GRASS- ის დამფუძნებელი

1. დაახასიათეთ თქვენი თავი ერთი წინადადებით…

დახასიათება გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ განწყობით ეს წინადადება არის ჩემთან ახლოს: არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძებელია.

2. თქვენს კარიერაში ხელს გიშლიდათ თუ, პირიქით, ხელს გიწყობდათ ის, რომ ქალი ხართ?

ჩემს კარიერაში საერთოდ არ ყოფილა სქესი როგორც ფაქტორი.

3. როგორ ფიქრობთ, სხვადასხვა საზოგადოებრივი პროცესის წარმართვაში დღეს ქალები მამაკაც კოლეგებთან
თანასწორობას გრძნობენ?

რთულია განზოგადება. ზოგი გრძნობს, ზოგი – არა.

4. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ ქალები იყვნენ ლიდერები? 

განათლება.

5. ქალებთან დაკავშირებული რა სტერეოტიპის მსხვერპლი ყოფილხართ?

მსხვერპლს ვერ ვუწოდებდი, მაგრამ დახასიათება -“კაცივით ტვინი” აქვს – საკუთარ თავზე მსმენია, რაც თავისთავად სტერეოტიპულია.

6. კაცის და ქალის როლები როგორ არის გადანაწილებული თქვენს ოჯახში?

“კაცი-ს” და “ქალი-ს” ნიშნით არ გვაქვს გადანაწილებული. შეთანხმებით ვინაწილებთ ყველაფერს.

7. რა არის ქალის მთავარი ძალა?

არ მგონია, რომ ქალობის ნიშნით, რამე ძალა აქვს ადამიანს. ყველა ინდივიდს თავისი უნიკალური თვისებები გააჩნია, მიუხედავად იმისა, ქალია თუ კაცი.

8. საყვარელი ქალი პერსონაჟი ლიტერატურიდან ან ფილმიდან და რატომ?

ძალიან მიყვარს ანა კარენინა. პირველი შეყვარებულობის პერიოდში წავიკითხე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ალბათ, გარდატეხის ასაკში სიყვარულის დრამატულობამ იმოქმედა ჩემზე.

9. რა განსხვავებაა თქვენი თაობის ახალგაზრდა გოგონებსა და დღევანდელ ახალგაზრდებს შორის?

თითქოს მეტი თავდაჯერებულობა.

10. როგორ აუხსნიდით პატარა ბავშვს სიტყვას “ფემინიზმი”?

ჩემს შვილს ავუხსენი, რომ იყო დრო, როდესაც ქალს არ ქონდა გარკვეული უფლებები – მაგალითად, მუშაობის, ხმის მიცემის… ბრძოლა ამ უფლებების მოსაპოვებლად არის მოძრაობა, რომელსაც ეძახიან ფემინიზმს.

11. რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თქვენი ერთი რიგითი დღე…

სირბილი, სირბილი, სირბილი.

12. კაცად რომ დავბადებულიყავი…

გავაკეთებდი ზუსტად იგივეს.

 

XIIv_Page_072

ნატა ფერაძე – მოძრაობა
''პარტიზანული მებაღეობა თბილისში''
იდეის ავტორი და დამფუძნებელი

1. თქვენს კარიერაში ხელს გიშლიდათ თუ, პირიქით, ხელს გიწყობდათ ის, რომ ქალი ხართ?

ჩინოვნიკებთან კომუნიკაციას მიმარტივებს „ქართველი მანდილოსნის“ ხელშეუხებელი სტატუსი. ნაკლებს ვფიქრობ ცენზურაზე, ვიდრე კაცს დასჭირდებოდა, რომ არ გალახულიყო. ნორმალურ ადამიანებთან ურთიერთობისას სქესს არ აქვს მნიშვნელობა (ეს თუ მხოლოდ კარიერაზე ვსაუბრობთ, თავისთავად).

2. როგორ ფიქრობთ, სხვადასხვა საზოგადოებრივი პროცესის წარმართვაში დღეს ქალები მამაკაც კოლეგებთან
თანასწორობას გრძნობენ?

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას გრძნობენ ბესელია ან წულუკიანი, მე პრობლემა არ შემქმნია.

3. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ ქალები იყვნენ ლიდერები?

აღზრდა.

4. თქვენს ირგვლივ ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები?

მხოლოდ მაშინ, როცა ქალს მოსწონს მსხვერპლის როლში ყოფნა და ეს მისი არჩევანია.

5. მამაკაცის და ქალის როლები როგორ არის გადანაწილებული თქვენს ოჯახში?

ჩემს 2 (მამრ) შვილს იგივე მოთხოვნებს ვუყენებ სახლის საქმის კეთებაში, რასაც გოგონას მოვთხოვდი.

6. რა არის ქალის მთავარი ძალა?

იცხოვროს მისთვის მისაღები ცხოვრების წესით, საზოგადო აზრის და ტენდენციების სრული უგელვებლყოფით

7. როგორი იქნება ქალი 21-ე საუკუნის საქართველოში?

განათლების სისტემა თუ არ გამოსწორდა და საზღვარგარეთ სიარული ფუფუნებად დარჩა, 21-ე საუკუნეში,
ქართველი კაციც და ქალიც ბნელი იქნება.

8. საყვარელი ქალი პერსონაჟი ლიტერატურიდან ან ფილმიდან და რატომ?

ფლობერის “მადამ ბოვარი”.

9. რა განსხვავებებია თქვენი თაობის ახალგაზრდა გოგონებსა და დღევანდელ ახალგაზრდებს შორის?

ასაკი.

10. როგორ აუხსნიდით პატარა ბავშვს სიტყვას “ფემინიზმი”?

ქალები, რომლებსაც თვითონ არ სჯერათ, რომ ყოჩაღები არიან და დიდ დროს ატარებენ იმის მტკიცებაში, რომ მამაკაცს არაფრით ჩამოუვარდებიან, უფრო სასარგებლო ან სასიამოვნო საქმის კეთების ნაცვლად.

11. რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თქვენი ერთი რიგითი დღე…

ყავა – მუსიკა – მცენარეები – რუტინა – პროტესტი -ოჯახი -ცხოველები – მეგობრები – მოულოდნელობები
– კინო – წიგნი…

12. კაცად რომ დავბადებულიყავი…

მამა ვიქნებოდი და არა დედა.

XIIv_Page_075

ეკა მხეიძე – ექიმი

1. თქვენს კარიერაში ხელს გიშლიდათ თუ, პირიქით, ხელს გიწყობდათ ის, რომ ქალი ხართ?

34 წლის ასაკიდან ვცხოვრობ ჰოლანდიაში, სადაც ხელმეორედ დავამთავრე უნივერსიტეტი და გავიარე ოჯახის ექიმის სპეციალიზაცია. ვერ ვიტყვი, რომ სამედიცინო კარიერისთვის სქესს მნიშვნელობა ჰქონდეს, მთავარია ცოდნა, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი. ჰოლანდიაში მოღვაწეობისას, ჩემთვის არც ხელი შეუშლია და არც დამხმარებია, რომ ქალი ვარ. საქართველოში მუშაობისას, ხელისშემშლელი ფაქტორები უფრო სხვა იყო, ვიდრე გენდერული სხვაობა. სწავლა და ინტელექტუალური თანასწორობა ერთგვარ კულტურულ- სოციალურ უთანასწორობასთან იყო შერწყმული. მე, როგორც ქალი, არსად ვგრძნობდი თავს დისკრიმინირებულად.

2. როგორ ფიქრობთ, სხვადასხვა საზოგადოებრივი პროცესის წარმართვაში დღეს ქალები მამაკაც კოლეგებთან
თანასწორობას გრძნობენ?

ვფიქრობ, ქალები სულ უფრო მეტად გრძნობენ მამაკაც კოლეგებთან თანასწორობას და ზოგიერთ უპირატესობასაც კი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პროფესიონალიზმზე, ადამიანურ თვისებებსა და ავტორიტეტის მოპოვებაზე.

3. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ ქალები იყვნენ ლიდერები?

ქალებს მამაკეცებზე იშვიათად უჩნდებათ ლიდერობის სურვილი. ლიდერობას ძალიან დიდი შრომა და მსხვერპლის გაღება სჭირდება. მგონია, რომ ქალებს ლიდერობა არ უნდათ და ეზარებათ, თორემ გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები არანაკლები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.

4. ქალებთან დაკავშირებული რა სტერეოტიპის მსხვერპლი ყოფილხართ?

მსხვერპლი ვყოფილვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად მამაკაცზე სუსტი ვარ.

5. თქვენს ირგვლივ ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები?

ჩვენთან ქალი, სამსახურის გარდა, საოჯახო საქმით და ბავშვების აღზრდით მამაკაცზე მეტად არის დაკავებული და ამას ქალის უფლებების დარღვევად რატომღაც არ მივიჩნევთ. მსჯელობის საგანი უნდა იყოს ქალის უფლებები ქორწინებაში, უფლება ქორწინებაში ერთად შექმნილ ქონების თანამფლობელობაზე, პასუხისმგებლობის განაწილებაზე… ჰოლანდიაში ამაზე სულ მსჯელობენ და ისე გულმოდგინედ იცავენ ქალთა უფლებებს, რომ ზოგჯერ მამაკაცთა უფლებებიც კი ირღვევა.

6. კაცის და ქალის როლები როგორ არის გადანაწილებული თქვენს ოჯახში?

მე და ჩემი ჰოლანდიელი მეუღლე ძალიან დაკავებული ვართ საკუთარი სამსახურებით. ამა თუ იმ პრობლემას
ერთად ვჭრით, სამომავლო გეგმებს ერთად ვსახავთ და გადაწყვეტილებებსაც ერთად ვიღებთ. ფიზიკურად მძიმე საოჯახო საქმეს მამაკაცი აკეთებს.

7. როგორი ქალები მოგწონთ?

ჭკვიანი, მხიარული… მომწონს ქალები, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ.

8. როგორი იქნება ქალი 21-ე საუკუნის საქართველოში?

ქალები უფრო განვითარებული და დამოუკიდებლები იქნებიან. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ოჯახისთვის და
საზოგადოებისთვის დიდი პროგრესია, რაც შვილების აღზრდის, ოჯახური ურთიერთობის, პროფესიონალური განვითარების პროგრესში გამოიხატება. მაგრამ პარალელურად თუ მამაკაცები არ განვითარდებიან, შესაძლოა, ამან ბევრი ახალი პრობლემა წარმოქმნას.

9. საყვარელი ქალი პერსონაჟი ლიტერატურიდან ან ფილმიდან და რატომ?

თინათინი “ვეფხისტყაოსნიდან”.

10. რა განსხვავებაა თქვენი თაობის ახალგაზრდა გოგონებსა და დღევანდელ ახალგაზრდებს შორის?

განსხვავებები, რაც ინტერნეტის ეპოქამ მოიტანა. მათ ჩვენზე მეტი ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში,
განვითარების მეტი შესძლებლობა აქვთ. თუმცა ხალისით და მხიარულებით ვფიქრობ, ჩემი თაობის ახალგაზრდობა მათ სულაც არ ჩამოვუვარდებოდით. შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტი უდარდელობის განცდა
გვქონდა…

11. როგორ აუხსნიდით პატარა ბავშვს სიტყვას “ფემინიზმი”?

ფემინიზმი არის ცნება გოგონების და ბიჭების თანასწორობაზე. ეს ნიშნავს, რომ გოგონებს და ბიჭებს სწავლა-განათლების მიღების თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ. როცა გაიზრდებიან, სამუშაოს შოვნა, შრომის პირობები და ხელფასის ოდენობა პროფესიონალიზმზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა სქესზე. ქორწინებაში ოჯახური მოვალეობები გადანაწილებული უნდა იყოს. ქალები დაცული უნდა იყვნენ არასასურველი სექსუალური, ოჯახური თუ სხვა სახის ძალადობისგან.

12. კაცად რომ დავბადებულიყავი…

ჩემს ცოლს ხელისგულზე ვატარებდი და დიდი ოჯახის შექმნაზე ვიზრუნებდი.

XIIzzzz

ნადია ბენკლინი – მფრინავი 

1. თქვენს კარიერაში ხელს გიშლიდათ თუ, პირიქით, ხელს გიწყობდათ ის, რომ ქალი ხართ?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს მიერ არჩეული პროფესია, განსაკუთრებით საქართველოში, არ ასოცირდება
ქალთან, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იწვევდა გარშემომყოფთა უნდობლობას, რაც, შესაბამისად, სირთულეებს მიქმნიდა. მიუხედავად ამისა, ვიტყოდი, რომ დაბრკოლებას, როგორც ასეთს, არ წარმოადგენს და გარკვეულწილად, მიწყობს კიდეც ხელს.

2. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ ქალები იყვნენ ლიდერები?

მიმაჩნია, რომ ქალისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ აღიქმებოდეს ლიდერად, არის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ბრმა სტერეოტიპი – რომ ქალი აუცილებლად არის უსუსური, დამთმობი და მამაკაცის მხარდაჭერას საჭიროებს, რაც, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

3. ქალებთან დაკავშირებული რა სტერეოტიპის მსხვერპლი ყოფილხართ?

რა თქმა უნდა, ყოფილა არასასიამოვნო შემთხვევები, რომლებიც რეპლიკების და კომენტარების სახით
ვლინდებოდა, თუმცა თავი მსხვერპლად არ მიგრძვნია, რადგან ასეთი ადამიანების აზრი, რომელთა მსოფლმხედველობაც მკვეთრად განსხვავდება ჩემისგან, მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია.

4. თქვენს ირგვლივ ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები? 

ჩემს ირგვლივ, საბედნიეროდ, არა, თუმცა ტელევიზიის და ინტერნეტის მეშვეობით, ხშირად ვხდები ამ
უსამართლობის მომსწრე.

5. მამაკაცის და ქალის როლები როგორ არის გადანაწილებული თქვენს ოჯახში?

ჩემს ოჯახში თითოეულ ჩვენგანს კუთვნილი უფლება მოვალეობები აქვს. მნიშვნელოვან საკითხებს რაც შეეხება, დედა და მამა ურთიერთშეთანხმების შედეგად წყვეტენ.

6. როგორი ქალები მოგწონთ?

მომწონს თავდაჯერებული და განათლებული ქალები.

7. როგორი იქნება ქალი 21-ე საუკუნის საქართველოში?

21-ე საუკუნის ქალი, ვფიქრობ, მამაკაცისგან ფინანსურად დამოუკიდებელი იქნება. ის, ისევე როგორც მამაკაცი, სრულუფლებიანი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე და შესაბამისად, მეტად თავდაჯერებული
გახდება.

8. საყვარელი ქალი პერსონაჟი ლიტერატურიდან ან ფილმიდან და რატომ?

ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჯეინ ეირია. ადამიანი, რომელიც არასოდეს ნებდება და დაბრკოლებებისა და სიძნელეების მიუხედავად, წინ მიიწევს, რაც ადამიანებში იშვიათ მოვლენად მიმაჩნია.

9. რა განსხვავებაა თქვენი თაობის ახალგაზრდა გოგონებსა და დღევანდელ ახალგაზრდებს შორის?

ვერ ვიმსჯელებ, თუ რა განსხვავებაა ჩემი თაობის ახალგაზრდებსა და დღევანდელ თაობას შორის, რადგან თვითონ მივეკუთვნები 21-ე საუკუნის ახალგაზრდობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღევანდელი
თინეიჯერები მეტად თამამები არიან, რადგან დროის ცვლასთან და საზოგადოების განვითარებასთან ერთად, იცვლება ადამიანთა ცხოვრებისეული პრიორიტეტები.

10. როგორ აუხსნიდით პატარა ბავშვს სიტყვას «ფემინიზმი»?

მარტივი ახსნა, ალბათ, ასეთი იქნება: ესაა ქალების დიდი სურვილი და მონდომება, დაუმტკიცონ მამაკაცებს,
რომ ისინიც ძლიერები არიან.

11. რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თქვენი ერთი რიგითი დღე…

სიამოვნებით აღვწერ ერთ რიგით დღეს თელავის აეროდრომზე. დილის 8 საათზე გაღვიძება. საუზმის
შემდეგ ფრენის წინა მომზადების პროცესი. სამედიცინო შემოწმება, რაც წნევისა და პულსის გაზომვას ითვალისწინებდა. ინსტრუქტორთან მოსალოდნელი ფრენის თავისებურებების განხილვის შემდეგ, მასთან ერთად ჩავდიოდი აეროდრომზე და თვითმფრინავის გარე მდგომარეობას, საჭეების გამართულ მუშაობას ვამოწმებდი. დღის ბოლოს ინსტრუქტორებთან ერთად ვახშმობისას, საინტერესო ისტორიებს ვუსმენდი მათი
პირადი გამოცდილებიდან და კმაყოფილი მივდიოდი დასაძინებლად.

12. კაცად რომ დავბადებულიყავი…

კაცად რომ დავბადებულიყავი და იგივე ცხოვრებისეული ხედვა და პრინციპები მქონოდა, დარწმუნებული
ვარ, დღესაც ავიაციაზე შეყვარებული ადამიანი ვიქნებოდი, რომელიც ღირსეულად იცხოვრებდა და თავისმიზნების მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებდა.

 

ნინო დარასელი

ნინო დარასელი

პირველი ნომრის რედაქტორი