არქიტექტურის ლაბორატორია #3 – ვაკის პარკის მედიათეკა

XII_issue26666              XII_issue27777

ფოტო: გიორგი დადიანი 

2013 წელს, თბილისში პირველი მედიათეკა აშენდა. ვაკის პარკში მდებარე მედიათეკა თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკაა, კულტურულ-შემეცნებითი სივრცე, სადაც ბიბლიოთეკის გარდა კომპიუტერების კუთხე, კაფეტერია, აგრეთვე წიგნებისა და სუვენირების მაღაზიაა განთავსებული. შენობა არქიტექტურული კომპანია „არქიტექტურის ლაბორატორია #3“-ის დამფუძნებლების, არქიტექტორების
– ირაკლი აბაშიძის და დიმიტრი შაფაქიძის მიერაა დაპროექტებული.

მედიათეკის შენობა ვაკის პარკში მდებარეობს. როგორი უნდა იყოს რეკრეაციული სივრცისთვის განკუთვნილი შენობა და რა კონცეფციით დააპროექტეთ აღნიშნული ობიექტი?

ჩვენი აზრით, იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცისთვის განკუთვნილი შენობა მაქსიმალურად ორგანულად ერწყმოდეს გარემოს, ასეთი შენობა სიმძიმისა და მკვეთრად გამოხატული საზღვრებისგან თავისუფალი უნდა იყოს. სწორედ ასეთი კონცეფცია უდევს საფუძვლად ვაკის პარკის მედიათეკას. შენობაში მოხვედრა მასთან ვიზუალური კონტაქტისთანავე იწყება. ექსტერიერი და ინტერიერი შეუმჩნევლად გადადის ერთმანეთში, ამიტომ იშლება საზღვარი და დაწესებულების სტუმრები მკაფიო ზღურბლის გადალახვის გარეშე ხვდებიან შენობაში.

 სახურავზე განთავსებული რგოლები ერთგვარი კავშირია ბუნებასთან, რომლებიც, ერთი მხრივ, შენობაში ბუნებრივი სინათლის წყაროა, ხოლო მეორე მხრივ – საკუთარ თავში მოიცავენ ამ ტერიტორიაზე დარგულ ხეებს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის და, ზოგადად, თანამედროვე არქიტექტურაში ბუნებასთან სიახლოვის თემა?

როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს აქვს ხოლმე წამძღვარებული რომელიმე ციტატა ეპიგრაფის სახით, ასევე, ეს რგოლები ციტატაა ალვარ აალტოს უკვე კლასიკად ქცეული ბიბლიოთეკიდან (ბიბლიოთეკის შენობა, ვიბორგი, რუსეთი, 1935 წელი). ეს დროთა და კულტურათა გადაძახილზე მიუთითებს. ამავე დროს და უმთავრესად, რგოლები არის სინათლის წყარო, ისევე როგორც ღიობები, რომლებშიც ხეები იყო მოქცეული. სამწუხაროდ, ეს ხეები დღეს აღარ გვაქვს, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რომ ისინი მალე დაბრუნდებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებზე. რაც შეეხება გარემოსთან კავშირს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დავარღვიოთ სტანდარტული სამშენებლო სქემა, რომლის მიხედვითაც, ბუნება შენობის კიდესთან მთავრდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენობაც ლანდშაფტურ გარემოში მდებარეობს და, ასევე, ლანდშაფტის ნაწილიც მის წიაღშია შემოჭრილი.

XII_issue28888        A3

თქვენი დაპროექტებულია ვარკეთილის უბნის მედიათეკაც. ეს ორი ობიექტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ადგილმდებარეობას და ლანდშაფტს?

ადგილმდებარეობას და ლანდშაფტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ვაკის პარკის
მედიათეკა გამწვანებულ გარემოში მდებარეობს, ამიტომ გამჭვირვალეა, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, მედიათეკის სერვისებით ისე ისარგებლონ, რომ პარკის გამწვანებულ სივრცეზე ჰქონდეთ ხედი. ვარკეთილის
მედიათეკა კი საბჭოთა კორპუსებითაა შემოსაზღვრული, ამიტომ შენობას არ აქვს ფანჯრები, საიდანაც ეს გარემო ჩანს. მედიათეკა ვიზიტორებს სთავაზობს, რომ მოწყდნენ საბჭოთა საცხოვრებელი უბნის დამთრგუნველ ატმოსფეროს.

A1

მედიათეკები საჯარო-საზოგადოებრივი ფუნქციის მქონე დაწესებულებებია. როგორია დღეს თანამედროვე არქიტექტურის მიდგომა ასეთი ფუნქციის მქონე სივრცეებისადმი და რა მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს ამ ტიპის შენობა?

მედიათეკა თანამედროვე, საჯარო-საზოგადოებრივი ფუნქციის ერთ-ერთი ტიპის შენობაა. ასეთი შენობა საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის უნდა იყოს მოსახერხებელი და კომფორტული. მედიათეკის და, ზოგადად, თანამედროვე საჯარო-საზოგადოებრივი ფუნქციის მქონე შენობებისთვის მნიშვნელოვანია ინტერაქციულობა და დინამიურობა. გარდა ამისა, აუცილებელია ასეთი დანიშნულების შენობა მიმზიდველი და სასურველი იყოს არამარტო დღეს, არამედ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის საჯარო-საზოგადოებრივი სივრცეების სიმრავლე?

ასეთი სივრცეების არსებობა ცალსახად დადებითი და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. თუმცა ჩვენს დედაქალაქში საჯარო-საზოგადოებრივი სივრცეების დეფიციტია. პრობლემურია ისიც, რომ თუ სადმე მოიძებნება ამ ფუნქციის ტერიტორიები, ხშირ შემთხვევაში მათი მდგომარეობა სავალალოა. ვგულისხმობთ არამხოლოდ ფიზიკურ მხარეს, არამედ ფუნქციურ პრობლემებს; კერძოდ, მოუხერხებელი გადაადგილება, დაბინძურებული ჰაერი და გარემო, მასშტაბის არარსებობა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ადგილები მხოლოდ ნომინალურად ატარებენ საჯარო-საზოგადოებრივი სივრცის სახელს. ამ მდგომარეობის გამოსწორება სამომავლო ძალისხმევის საგანია. 

ბოლო პერიოდში თბილისში ბევრი ახალი შენობა შენდება, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო თანამედროვე არქიტექტურასთან და შეიძლება ითქვას, ერთგვარი ანტიარქიტექტურის ნიმუშებიც კი არიან.როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და რაში ხედავთ გამოსავალს?

სამწუხაროდ, ასეა. არქიტექტურა ყველა იმ პროცესის გამოხატულებაა, რომლებიც საზოგადოების შიგნით მიმდინარეობს. ეს ცნობილი და ჭეშმარიტი მოსაზრებაა და რთულია რამე დაამატო. რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენი აზრით, არსებული სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი მშენებლობის ახალ საფეხურზე გადასვლაა. როდესაც მშენებლობა უფრო იაფი და სწრაფი გახდება, ვიდრე ამჟამადაა, საშუალება მოგვეცემა, არსებული შენობები ახლით ჩავანაცვლოთ. ასეთი ცვლილების მოლოდინის საფუძველს სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის განვითარების სფეროში მოსალოდნელი ნახტომი განაპირობებს. ეს პროგრესი ჩვენ თვალწინ მწიფდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, ქართველმა ინჟინრებმა და არქიტექტორებმა, მასში მონაწილეობა მივიღოთ. სანამ ეს ცვლილება არ განხორციელდება, მანამდე ვერ გამოსწორდება დაშვებული შეცდომები. სამწუხაროდ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, არასწორი სივრცული ქცევით, უნიკალური ადგილმდებარეობის, ხასიათისა და პოტენციალის მქონე ქალაქი დავკარგეთ.

XII_issue2q   A6

დაასახელეთ ბოლო წლებში აშენებული შენობები და ნაგებობები, რომლებმაც განსაკუთრებულად მოგხიბლათ?

ასეთი ბევრია, მაგალითად იაპონური არქიტექტურული კომპანია „SANAA”-ს პროექტი – „Louvre Lens” (ლუვრის მუზეუმი, ლენსი, საფრანგეთი, 2012 წელი).

მიმდინარე და სამომავლო პროექტები…

ამჟამად ჩვენი პროექტით შენდება სასტუმრო ხვამლის ქუჩაზე და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისის შემოგარენში. აგრეთვე, მალე დაიწყება ორი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა – მრავალპროფილური საავადმყოფო ჭავჭავაძის გამზირზე და კიდევ ერთი მედიათეკა კიკვიძის ბაღში.