დასაწყისი

XII_issue2aa

“A single idea from the human mind can build cities.  An idea can transform the world and rewrite all the rules.”  Cobb 

ვის არ გინახავთ ქრისტოფერ ნოლანის შედევრი (გემოვნებაზე დავობენ თუ არ დავობენ, ჩემთვის შედევრია) “Inception”?!. ფილმში დიკაპრიოს პერსონაჟი – დომინიკ კობი, ადამიანების გონებაში მათივე სიზმრების მეშვეობით დაძვრება. ცნობიერებაში ქექვა და ინფორმაციის ქურდობა მაღალშემოსავლიანი საქმეა, თუმცა კობის შესაძლებლობები გაცილებით მასშტაბურია, მას შეუძლია ადამიანის გონებაში იმდენად ღრმად და შეუმჩნევლად დათესოს იდეა, რომ ყველაფერი, რაც მასზე აღმოცენდება, არასდროს დადგეს ეჭვქვეშ, არასდროს დაიტყოს, რომ ჩანერგილია და გახდეს სასურველი პროცესების დასაბამი, დასაწყისი, ინსეფშენი… სიზმრის სიზმრის სიზმრის სიზმართან თამაში არ შეიძლება, ცნობიერების შედარებით ნათელსა თუ ბნელ კუთხე-კუნჭულებში ძრომიალი შესაძლოა სულ სხვა რეალობის თუ ილუზიის სამუდამო პატიმრობად დაუჯდეს ექსტრაქტორს. ან უარესიც: ბატონმა კობმა, მისის კობთან ერთად, საოცნებო სამყარო შექმნა სიზმრისა და, შესაბამისად, ცნობიერების სახიფათოდ შორეულ დონეებზე წარმოუდგენლად ღრმა ძილში… საკუთარ სამეფოსა და სადედოფლოში წყვილი ცეცხლს კი არა, ყველაფერს ეთამაშებოდა, რასთან თამაშიც შეიძლება და არ შეიძლება… ერთად გატარებული ათწლეულების შემდეგ (რაც რეალურ დროში წუთების ტოლფასია), კობის მეუღლემ რეალობაში დაბრუნება აღარ მოისურვა. ლეომ (ანუ დომინიკმა) სახლში დაბრუნებაზე დასათანხმებლად,მეუღლის გონების ფსკერზე ფარულად საკრალური იდეა დანერგა… უხეშმა ინტერვენციამ შედეგი გამოიღო, ხარვეზებით განვითარდა და ამქვეყნად დაბრუნებისთანავე, დომინიკის მეუღლემ რეალობისა და ილუზიის გარჩევის უნარის დაკარგვა დაიწყო, თავს სიზმარში მიიჩნევდა და მიტოვებულ საოცნებო სამყაროს – ჭეშმარიტ რეალობად… მოლის ცხოვრება, რომელსაც გეგმაში „გამოღვიძება” ჰქონდა, სუიციდით დასრულდა… მეუღლის მკვლელობისთვის ძებნილ დომინიკს კი, წლების განმავლობაში, სახლსა და შვილებს კონტინენტები და ოკეანეები აშორებს…მოლ კობი ერთადერთი პერსონაჟი არ არის, ვისი გონების უკიდურესად სახიფათო სიღრმეებსაც დომინიკ კობი ეპოტინება… ფილმის ძირითად სიუჟეტში ერთი ჩათლახი ენერგომაგნატის დაკვეთითა და დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში სახლში დაბრუნების შანსით დაიმედებული დომინიკი, ახალგარდაცვლილი მულტიმილიარდერის მემკვიდრეს გონებაში შეუძვრება და ისეთი გიჟური ოთხდონიანი სიზმრების გზის გავლით, რასთან შედარებითაც, ბეწვის ხიდზე დახუჭული თვალებით უკუსვლა საბავშვო საქმეა, ოპერაციის სამიზნეს მამის ზრახვებისა და ანდერძის შესახებ ყალბ დასაწყისს, დასაბამს, ინსეფშენს ჩაუდუღებს!.. პატარა მარცვალს, რომელზეც დროთა განმავლობაში პლანეტარული მნიშვნელობის ნაყოფები აღმოცენდება… მიუხედავად იმისა, რომ ოსკარზე ნომინირებული ეს სცენარი კითხვის დროსაც ექშენითა და ქშენით აგავსებთ, ეს ის შემთხვევაა, როცა მაინც ფილმად

XII_issue2ss

გირჩევდით ნახვას…
ჩემი მიზანი კი თავ-თავისი ჟანრის მესების: კრისტოფერ ნოლანის, ჰანს ზიმერის ან ლეონარდო დიკაპრიოს ნახელავის გარეკლამება და იმას იქედან იმასქნა ნამდვილად არ ყოფილა, მე მარკეტინგზე უნდა გესაუბროთ… თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ბუმის პირობებში, როცა ყველა და ყველაფერი ვაჭრობის საგანია, საკუთარი კეთილდღეობის ზრდისკენ ადამიანების რაციონალური სწრაფვა ბიზნესის მუდმივ განვი- თარებას, გაყიდვის ტექნოლოგიების სრულფასოვან მათემატიკურ მეცნიერებად ქცევასა და მარკეტინგის ხელოვნების დარგად ჩამოყალიბებას ასაზრდოებს. ცალკე აღებული ფასი, ფუნქციონალი თუ სხვა პრაგმატული მახასიათებელი ხომ რა ხანია, ერთი დიდი სტრატეგიის უმიზერულესზე უმიზერულესი, გამარტივჭეშმარიტებული, აუცილებელი, მაგრამ წარმატებისთვის არასაკმარისი ინსტრუმენტია. მუდმივი კონკურენციის პირობებში, მოასპარეზენი იძულებული არიან, ასპარეზი სხვა დონეზე გადააშენონ, ამოწურული სარბიელები საყაიმოდ გადადონ გვერდზე და…
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოცდამეერთე საუკუნის მეორე ათწლეულის პირველი ნახევრის მიწურულში. ჩვენს მიერ დახლთან მიღებულ თუ მისაღებ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენისთვის, სხვადასხვა ფაქტორზე ჩვენი ტვინის, ცნობიერისა და არაცნობიერის პოტენციური რეაქციების განჭვრეტით ხომ უამრავი ადამიანი ჭამს პურს… და თქვენი გულის მოსაგები გზაც ხომ თქვენს გონებაზე გადის, მაგრამ თქვენი გონების ზედა შრეები იმდენად არის ათვისებული, შეწუხებული, გაცვეთილი თუ გადატვირთული ინფორმაციულ-კომერციული მესიჯებით, რომ ჩვენ, მარკეტერებს, ისღა დაგვრჩენია, ბოდიში და – სიღრმეებში გიფათუროთ ხელი… ნუ დაფრთხებით, დომინიკ კობივით ვერ გავკადნიერდებით, მაგრამ თქვენი ემოციებით, განწყობებითა და ასოციაციებით თამაშის ხელოვნება ჩვენს რეალობაშიც შთამბეჭდავ მწვერვალებს ეჭიდება…
უამრავ სამუშაო მაგიდაზე ახლაც, ამ წუთებშიც, მარცხნივ ადამიანის აზრთა სვლის დიზაინია განრთხმული, მარჯვნივ – ვიღაცის იდეის დიზაინს დაჩხირკედელაობენ, შუაში კი შესაშური სიზუსტითა და სიმეტრიით აწყობილი 3D ფაზლი გამოიფინება… როგორ ეპოქაში ვცხოვრობთ, უკვე შეგახსენეთ. ამგვარ ეპოქაში რომ დროის ფასი სულ უფრო და უფრო იზრდება, უჩემოდაც მოგეხსენებათ… ყველგან და მარადჟამ კონკურენციასა და დეტალების ბრძოლებში ჩართული ადამიანების ცხოვრების ტემპი დღითიდღე გარბის.
ჰოდა, კვლავ და კვლავ მომხმარებლის გულის მოგებასა თუ გონების დაპყრობას მოწყურებული კომპანიები სულ მალე სხვაგვარ დროებას მოგვიტანენ. „ბოდიშს გიხდით, თქვენს ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა.“
„ბოდიშს გიხდით, თქვენ შეგიწყდათ ინტერნეტის მოწოდება გადაუხდელობის გამო.“

„ბოდიშს გიხდით, თქვენ გადააჭარბეთ ანგარიშიდან თანხის განაღდების დღიურ ლიმიტს.“ ეგ ბოდიში…
ამ ტიპის მესიჯები მალე სერვისის სფეროს გაუგონარი და ყოვლისმომცველი სირცხვილი იქნება. მომხმარებელს, რომლისთვისაც ყოველი ნაბიჯი, წუთი და ამოსუნთქვა გადამწყვეტია, ასე აღარცერთი კომპანია აღარ დააღალატებს და გაჭედავს, იარსებებს ყველაფრის ავტომატური ოვერდრაფტი, ყოველდღიურობაში აღარც ერთი ლიმიტი შეგვაწუხებს და ბრენდები ჩვენი ყველაზე საიმედო პარტნიორის სტატუსისთვის ბრძოლისას აღარაფრით დაინდობენ ერთმანეთს. დაე ვიგრძნოთ, ვინ უფრო მეტად ზრუნავს ჩვენი ცხოვრების შემსუბუქებაზე და გვგულშემატკივრობს წარმატების მიღწევასა თუ ბედნიერების პოვნაში, რომელმაც ჯერ კიდევ როდის გვითხრა, ნუ მეძებო… როგორ დაასათაურებდით ქართულად ამ სახის მომსახურებას ერთი სიტყვით? მომსახურებას, რომელიც უახლოეს მომავალში წარმატების საკმარის რეცეპტად, ოდნავ ნაკლებად ახლო მომავალში კი – არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ და გამარტივჭეშმარიტებულ ინგრედიენტად მოგვევლინება… ტენდენციას, რომელიც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს. ულიმიტო? იქნებ უთავბოლო? ან უსაზღვრო?!. უსაზღვრო კარგია, მომწონს. მაგრამ… მაგრამ უსასრულო ჯობია… ჰოდა, აიღო ერთმა ქართულმა კომპანიამ სერვისის სფეროს საერთაშორისო, ახალდაბადებული და თავზარდამცემი ტენდენციის (რომლის გაფურჩქვნის პროცესისთვის თვალყურის დევნებაც მარკეტერებისთვის დიდი საჩუქარია და მომავალი მარკეტერებისთვის – ქეისი ნაჩუქარი) ეს საუკეთესო ქართული შესატყვისი, ისეთივე ფორმატის გამოძახილი, როგორიც უცხო ქვეყანაში ჩადგმული საელჩო ან კონკრეტული ფასეულობების გამტარი არასამთავრობო ორგანიზაციები და, არც მეტი, არც ნაკლები – ჯიბეში ჩაიდო. მაგიდაზე მარჯვნივ რომ ვიღაცის იდეის დიზაინს დაჩხირკედელაობდნენ, ხომ გახსოვთ? თქვენი ტვინისთვის რომ უნდა მოერგოთ გასაღებივით… ჯეოსელმა უამრავსართულიანი ბრენდის არქიტექტურის საფუძველში თუ არა, პირველ სართულზე მაინც ჩაიშენა სიტყვა „უსასრულო“ და ყოველი მომდევნო სართულიც მასზე შეაყენა, ფაქტობრივად ბრენდის მარჯვენა ხელად დასვა და საკუთარ თავთან ისე გააიგივა, საქპატენტის ნომერიც არ უკითხავს. ილო ბეროშვილი იყო დომინიკ
კობი, რომელმაც გვთხარა, გვთხარა, გვთხარა, გვთხარა, გვთხარა, კატა გამოთხარა, გვერდზე გადადო, ისევ გვთხარა, გვთხარა და გვთხარა… სადამდეც ჩაგვწვდნენ, ყველგან ჯეოსელის ჰალსტუხში გამოწყობილი, ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვა „უსასრულო“ ჩაგვისვეს, ჩაგვილაგეს კვერცხებივით, რათა გამოიჩეკონ და ჩვენი ტვინის შრეებში იკუნტრუშონ და რაც დრო გავა, რაც მეტად გაძლიერდება უკვე აღმავალი ტენდენცია, რაც მეტად მნიშვნელოვანი გახდება ჩვენთვის, მით მეტად აფრქვიონ და აფრქვიონ კომფორტის, თანამედროვეობის, გემოვნებისა (რომელზეც ვეღარ გავიგე, დავობენ თუ არ დავობენ) და რეკორდული რეზონანსის შნოიანი იუმორის სურნელი…

XII_issue2dd

კაცი, რომელიც უსასრულოდ ლაპარაკობს… უსასრულო პაკეტი… Usasrulo.ge… ადამიანის (ან განვითარების ამ ეტაპზე მყოფი ადამიანის) გონებისთვის გაუაზრებელი, წარმოუდგენელი, მიუწვდომელი, მიმზიდველი, საუცხოო და ჯადოსნური უსასრულობა. An Idea – the most resilient parasite. დღეს ჩვენი და ჩვენი მობილურის მობილურობაზე რაღა ვთქვა…ყოვლისმომცველი ფოსტა/ლექსიკონი/ბიბლიოთეკა/ენციკლოპედია/კინოთეკა/მუსიკალური ფესტივალი, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილთან რამდენიმე წამში დაკავშირებისა და ნასასთვის ნაცნობი გალაქტიკის ნებისმიერი ვარსკვლავის რამდენიმე წამში დათვალიერების შესაძლებლობა, Clash of clans-ის კლანთა ფრონტის ხაზები და, ზოგადად, ყველაფერი ის, რაც ცოტა ხნის წინ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს არ სცდებოდა, ჯიბეში რომ გვიდევს – ამის ახსნას აღარ გაკადრებთ. 

თავად განსაჯეთ,
რაოდენ მნიშვნელოვან დარგში
რაოდენ ღრმად ჩაგვინერგეს
რაოდენ პროდუქტიული თესლი.
თავად განსაჯეთ,
რამდენი ტოტიდან,
ფოთლიდან თუ
ნაყოფიდან ჩაგვიკრავს თვალს.
თავადვე განსაჯეთ,
აღტაცებულნი დარჩებით თუ
გაბრაზებულნი.
მე კი განსჯას არ დავიწყებ, დასაწყისიც კმარა…

THANK YOU FOR TAKING IT TO THE NEXT LEVEL 

„An idea that is not dangerous is unworthy of being called an idea at all.” Oscar Wilde 

დასასრული!

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>