ლაშა ცქვიტინიძე – მე ვარ ბესო

7

ფოტო: გიორგი დადიანი 

3

რამდენიმე წლის წინ, Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, სახელწოდებით „Me var beso”. უცნობი ავტორის
ჩანაწერს 70,000-მდე ადამიანმა მოუსმინა, თუმცა ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთს, რეჟისორ ლაშა ცქვიტინიძეს გაუჩნდა იდეა, ჩანაწერი თავისი ფილმის შესაქმნელად გამოეყენებინა. მხატვრული ჟანრის ფილმი, რომელსაც ვიდეოს მსგავსად, „მე ვარ ბესო“ ჰქვია, რეგიონში მცხოვრებ მოზარდზე და იქაურ გარემოზეა. „მე ვარ ბესო“ რამდენიმე უცხოურ კინოფესტივალზე იყო წარდგენილი, მათ შორის სარაევოსა და გიჟონის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმის ქართული პრემიერა გასული წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და „ოქროს პრომეთეთი” დაჯილდოვდა. 

„მე ვარ ბესო და არ ვლაპარაკობ ბევრსო, მხოლოდ ვასრულებ ჩემს მოვალეობებსო…“ რატომ გადაწყვიტე ამ ჩანაწერის მიხედვით ფილმის გადაღება?

 ბავშვობაში დიდ დროს ვატარებდი დმანისის რაიონულ ცენტრში, მამაჩემი არქეოლოგია და ზაფხულობით ხშირად დავყავდი ექსპედიციებში. ჩემთვის პატარაობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონება დმანისში გატარებული პერიოდია. სულ მინდოდა, იქაურობაზე ფილმი გადამეღო, მაგრამ ვერ ვხდებოდი, როგორ. ერთ დღეს მოვუსმინე ჩანაწერს „Me var beso“, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. საერთოდ, მიყვარს აუდიო ჩანაწერების მოსმენა, სადაც არ ჩანან ის პერსონაჟები, ვისი ხმაც ისმის. მიზიდავს ასეთი ჩანაწერები; მომწონს, როცა ჩემით უნდა წარმოვიდგინო, ვინ, სად და როგორ ჩაწერა ხმა. „Me var beso”-ს ჩანაწერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ბევრჯერ მოვუსმინე და ჩემებურად წარმოვიდგინე სიტუაცია, როდესაც ბესო რეპს წერდა. ჩანაწერი რამდენიმე დღე მიტრიალებდა თავში. ბოლოს მივხვდი, რომ ამ ბიჭზე სცენარი უნდა დამეწერა. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ბესოს იმ გარემოში ეცხოვრა, სადაც დმანისელი ბავშვები ცხოვრობდნენ, დროც ისე გაეტარებინა, როგორც ისინი ატარებდნენ. საბოლოოდ, ჩემი ფანტაზია გავაერთიანე რეალურ შემთხვევებთან, რომლებიც თავს გადამხდა ბავშვობაში. ასე შეიქმნა სცენარი.

 ფილმის თითქმის ყველა გმირი არაპროფესიონალი მსახიობია, როგორ მოხდა მათი შერჩევა და რას მეტყვი სამუშაო პროცესის შესახებ?

 წინა ფილმების მსგავსად, ამ ფილმშიც გადავიღე არა გამოცდილი მსახიობები, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩემს გმირებს გავდნენ. ბესოს მამის გარდა, ფილმში არცერთი პროფესიონალი მსახიობი არ თამაშობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სამსახიობო ნიჭი არ ჰქონდათ; არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამსახიობო გამოცდილების გარეშე, ადვილად შეუძლიათ სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ადამიანების თამაში. მეც სწორედ ასეთი გმირები შევარჩიე. რაც შეეხება გადაღებებს, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი იყო. ფილმზე ახლო მეგობრები ვმუშაობდით, არ გვყოლია „გამოცდილი“ პროდიუსერები და ჭკუის მასწავლებელი ადამიანები, ვაკეთებდით იმას, რასაც საჭიროდ ვთვლიდით. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ყველა ერთმანეთის აზრს ითვალისწინებდა და ერთმანეთს ეხმარებოდა. იდეურადაც ერთ აზრზე ვიდექით. ჩემი აზრით, ასეთი შეთანხმებული გუნდი კარგი შედეგის აუცილებელი წინაპირობაა.

 რეგიონში მცხოვრები ბესო, ბესოს ჩერნობილში დაშავებული მამა, ჰომოსექსუალი ძმა და ძველი ბიჭები.. პერსონაჟები აქტუალური და პრობლემური თემების საჩვენებლად შეარჩიე თუ ეს, უბრალოდ, მათი რეალური ბექგრაუნდია, რომელიც მეტი ბუნებრიობისა და დამაჯერებლობისთვის გამოიყენე?

პერსონაჟები არ შემირჩევია რაიმე აქტუალური და პრობლემური თემების საჩვენებლად. უბრალოდ, თი-თოეული გმირი, როგორც ტიპაჟი, ისე მომეწონა და მართალია, მათმა რეალურმა ისტორიებმა ფილმს მეტი ბუნებრიობა შესძინა. მაგალითად, ბესოს მამა სინამდვილეშიც წასული იყო ჩერნობილში მეხანძრედ. საერთოდ, ჩემი მთავარი მიზანი იყო, რეალური ცხოვრების მოდელი შემექმნა ფილმში.

საინტერესო და დასამახსოვრებელია ფილმის ვიზუალური მხარე, მიტოვებული საავადმყოფო, კულტურის სახლი და ძველი სარწყავი არხები. რატომ შეარჩიე გადაღებისთვის პოსტსაბჭოთა ლოკაციები?

ფილმში გადაღებულ სარწყავ არხში მე თვითონ ვბანაობდი და იქ ნაჩვენები საავადმყოფოდანაც თავად ვიპარავდი ამპულებს. ჩემი პატარაობა დაშლილი საბჭოთა კავშირი იყო, ეს არის ბავშვობის მოგონება და ფილმიც ჩემს ბავშვობის მოგონებებზეა, ამიტომ ავარჩიე პოსტსაბჭოთა ლოკაციები.

 ფილმს მუსიკალური გაფორმებები თან არ ახლავს, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის კინოს მუსიკალურ კომპოზიციებს და როგორი საუნდტრეკები გხიბლავს?

მართალია, ფილმში მუსიკალური გაფორმებები არ არის. სცენარის წერისას ვხვდები ხოლმე, საჭიროა თუ არა მუსიკა. ამ შემთხვევაში, ვიფიქრე, რომ მაყურებელს მხოლოდ გარემოს ხმებისთვის უნდა მოესმინა. ახლა რა სცენარსაც ვწერ, ვფიქრობ, ბოლო სცენას მოუხდება მუსიკა. მოკლედ, ხან ისეა და ხან ასე, განწყობას გააჩნია. ზოგადად, არ მიყვარს, როდესაც მუსიკალური კომპოზიცია მაყურებელს რაიმე კონკრეტული ემოციისკენ მოუწოდებს – მაგალითად, უნდა შეგეშინდეს, გული აგიჩუყდეს ან სხვა. ვფიქრობ,ეგ ტრიუკი მდარე ხარისხის არის. ძალიან მომწონს კენ ლოუჩის ფილმების მუსიკალური გაფორმებები, აგრეთვე კლასიკური, ემბიენთ, მეტალ და ჰიფ-ჰოფ საუნდტრეკები. ჩემი აზრით, საუნდტრეკის მთავარი დანიშნულებაა, გაამდიდროს სცენა და სცენის სუნი აგრძნობინოს მაყურებელს, ფილმი სურნელოვანი გახადოს.

9

როგორ ფიქრობ, დაგეხმარა თუ არა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ფილმის გადაღებაში და, ზოგადად,
რამდენად მნიშვნელოვანია რეჟისორისთვის პროფესიული განათლება?

ჩემი აზრით, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არაფერში დამხამრებია. ერთადერთი, რაც უნივერსიტეტმა მომცა, ის ადამიანები არიან, რომლებთანაც დღემდე ვმუშაობ. თანამოაზრეები ვიპოვნე და, ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი ცოდნა მივეცით ერთმანეთს, ვიდრე უნივერსიტეტმა – ჩვენ. ვპოულობდით ფილმებს, ერთმანეთს ვაჩვენებდით და ვზრდიდით, ტექნიკურ ცოდნასაც ჩვენით ვიღებდით. ასე რომ, მგონია, რეჟისორისთვის სასწავლებელი ცოდნის მიმცემიდა გზაზე დამყენებელი ვერ იქნება; ყოველ შემთხვევაში,
ისეთი რეჟისორისთვის, რომლის გადაღებული ფილმიც მომეწონება. ასეთი დაწესებულებები კარგია საჭირო კონტაქტებისთვის, შეიძლება იქ სცენარის წერა ან რაიმე სხვაც ისწავლო და კლასიკური დრამატურგიის დახმარებით გადაიღო სანახაობრივი ფილმი, მაგრამ, ვფიქრობ, კინოში საკუთარ სამყაროს სასწავლებელში მიღებული ცოდნით ვერ შექმნი.

რომელი თანამედროვე რეჟისორები და ფილმები გხიბლავს განსაკუთრებულად და როგორ ფიქრობ, არის თუ არა მათი ზეგავლენა შენზე?

ჩემი აზრით, საყვარელი ფილმები ყველა რეჟისორზე ახდენს ზეგავლენას და გამონაკლისი არც მე ვარ. ეს პროცესი თავისთავად, შენგან გაუთვითცნობიერებლად ხდება. თუმცა არ მიყვარს, როცა შეგნებულად ბაძავენ რომელიმე რეჟისორს, ასეთ ფილმებს ჩემთვის ღირებულება არ აქვს. ბევრი თანამედროვე რეჟისორი მომწონს, ბოლო დროს ჩემზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინეს ჯულია ლოკტევმა, მარენ ადემ,რუბენ ოსტლუნდმა, სებასტიან სილვამ და მიგელ გომეშმა. საერთოდ, ჩემი საყვარელი კინოს ფუძემდებლები ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორები და ჯონ კასავეტესი არიან. მხიბლავს კინო, რომელიც დრამატურგიულ განვითარებაზე არ არის აწყობილი, კინო, რომელიც გთავაზობს სცენას, რომლის შემდეგი სცენა ლოგიკური განვითარებით არ არის გამოწვეული. მომწონს, როცა მიმდინარე სცენით კაიფობ და გაგრძელება არ გაინტერესებს.

XII_issue25555

სამომავლო გეგმები…

დიდი ხანია ვწერ სცენარს, რომელსაც მუდმივად ვცვლი. ვერა და ვერ დავამთავრე, ამდენი ხანი არც ერთ სცენარზე არ მიმუშავია. იმედი მაქვს, საბოლოოდ მივაღწევ დასახულ მიზანს და სცენარი ისეთი გამოვა, როგორიც მინდა.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com