ნეოხრუშოვკული ფენ შუი

ნეოხრუშოვკული ფენ შუი 

– ანუ „რა არის საჭირო, რომ ოთახში ცოტად  თუ ბევრად კულტურულად იცხოვროს ადამიანმა” 

XII_issue233

 

XII_issue244

რამდენიმე კვირის წინ, გალაკტიონ ტაბიძის დღიურების კითხვისას, გადავეყარე ჩანაწერს, რომელიც თარიღდება 1933 წლით და ქვია: „რა არის საჭირო, რომ ოთახში ცოტად თუ ბევრად კულტურულად  იცხოვროს ადამიანმა”. ჩანაწერი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა ჩემს ოთახს გავხედე და ეს ენითაუწერელი ბარდაკი დავინახე, რომელიც სავსებით არ შეეფერება „კულტურული ცხოვრების” სტილს. თვითონ გალაკტიონის ჩანაწერი იმდენად ჩამოყალიბებული და ვიტალურია ჩვენი დაკარგული თაობისთვის, რომ გადავწყვიტე მისი მთლიანად ციტირება და სულ ბოლოს, თავს უფლება მივეცი, რამდენიმე დეტალი დამემატებინა, რომელიც მის მიერ აღწერილ ოთახში დამაკლდა.

გ. ტაბიძის დღიურიდან:

„რა არის საჭირო, რომ ოთახში ცოტად თუ ბევრად კულტურულად იცხოვროს ადამიანმა”

„რა თქმა უნდა, მე არ ვლაპარაკობ ფუფუნებაზე, მე ვლაპარაკობ კულტურული ადამიანისათვის აუცილებელ საჭიროებებზე – მინიმუმზე. მე ვლაპარაკობ ოთახის განწყობილებაზე, მის იერზე, მის გამოსადეგობაზე ხელოვანისთვის.. მე მაქვს ერთი ოთახი. უკეთესი გარემოებების დროს, თუ ფული იქნა, შეიძლება იქნეს ორი. ბინაში არის ელეკტრონის განათება, წყალი, ვანნა და სხვ. ეს არის მისი ღირსება. ოთახს აქვს ბევრი ნაკლოვანებები, რომლებიც ცოტად თუ ბევრად შეიძლება დაძლეულ იქნას. წყალი – უდიდესი საქმეა ბინაში. იგი შესაძლებლობაა ჰიგიენის უკეთეს დონეზე დასაყენებლად. არის წყალი, მაშასადამე, არის: 1. ჩაი დილითა და საღამოთი.2. რეცხვა მცირე სარეცხების. 3. ბანა ფეხისა ყოველი დილით და ყოველი საღამოთი. 4. წყალით დაზელვა (натирание) დილითა და საღამოთი. 5. თავის ბანა კვირაში ორჯერ. 6. ვანნა ყოველდღე. 7. იატაკის წმენდა ყოველდღე. 8. მინების გარეცხვა კვირაში ორჯერ. 9. მხოლოდ გადადუღებული წყალის სმა ყოველთვის. 10. თეფშებისა და ჭიქების რეცხვა ყოველ საღამოს. 11. წყალის გამოცვლა ყვავილებისათვის ყოველდღე. 12. ერთგვარი სიგრილეა (განსაკუთრებით ზაფხულში) ოთახში. 13. ხილეულის უსათუოდ გარეცხვა ყოველთვის. 14. წყალი იძლევა სოველ ჩვარს მაგიდისთვის, საწოლისთვის, სკამისთვის, ფანჯრის მოაჯირისთვის, კარებისათვის, ჩარჩოებისათვის, სამელნისათვის, საფერფლესათვის, კალმისტარებისათვის, წყალი გეხმარება
კბილების რეცხაში, ფრჩხილების სისუფთავეში და სხვა და სხვა. წყალი უმთავრესია ფიზიკური არსებობისთვის, უმთავრესია ჰიგიენური არსებობისათვის. მაშასადამე – წყალი არის. 

ელეკტრონი – არის 50 სანთლიანი. როგორ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ელეკტრონი სინათლის გარდა? ოთახს აქვს კიდევ ორი მარაგი საელეკტრ. შტეპსელისთვის. 1. განათება ოთახის. 2. შტეპსელი საღამო ხანის მეცადინეობისათვის. 3. ელეკტრონულიუთო – საუთავებლად. 4. ელეკტრონული ასადუღებელი. 5. ელექტრონის ვენტილიატორი, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებით ზაფხულში. 6. ელეკტრონული თმის გასაშრობი და სხვ. 

ჰაერი. ჩვენი ოთახი არის 6 კვ. მეტრისა. ჰაერი – არაა საკმარისი – მით უმეტეს, რომ ფანჯრების დაღების
დროს ოთახში შემოდის მტვერი, რომელიც ძალიან ბევრია აივანში – იქ ანტი-ჰიგიენური მდგომარეობის გამო (ჩვენი ფილტვები უფრთხიან მტვერს ისე – როგორც არაფერს სხვას). ფილტვები უმთავრესია. ჰაერი საღი და საკმარისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაკავდება აივანი და ამით დაცული იქნება ოთახიცა და აივანიც მტვრისგან. ჩვენი ბინა მესამე სართულზეა. მზე მთელი დღე არის. აივანი მიმართულია სამხრეთისაკენ. ეს გარემოება აადვილებს ჰაერის სისაღის საქმეს. 1. ფანჯრები დღითა და ღამით ღია უნდა იყოს, თუ სიცხე არ არის. ფანჯრები უსათუოდ ღიად უნდა იყოს. აივნის გადაკავება მოასწავებს: 1. სისუფთავეს პირველი ოთახისას, 2. ფანჯრების ღიად ქონების საშუალებას, 3. ჰაერის დონის გაფართოებას, 4. [და] შედარებით მყუდრო, დამოუკიდებელი ბინის არსებობას, რაც აუცილებელია, 5. ქვეშსაგებისა და ტანისამოსის ყოველთვის გამზეურებას.

 წიგნის შკაფის შესახებ. ჩემი წიგნის შკაფი ანარქიულ მდგომარეობაშია. ამის გამო მე თითქმის ვერ ვსარგებლობ მითი კულტურულად. არეულია ხელნაწერები და წიგნები. წიგნი – ჩვენს ცხოვრებაში იგივეა, რაც წყალი, ელეკტრონი, ჰაერი და სხვა. რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ წიგნით სარგებლობა შეიძლებოდეს?
1. უნდა დანაწილდეს წიგნები დარგებად: I. პოეზია რუსული და ქართული. II. პროზა – რომანები და მოთხრობები. III. ჟურნალები – რუსული და ქართული. IV. კრებულები. V. პოლიტიკური, ეკ. და სხვა წიგნები. 2. უნდა შედგეს ამ წიგნების საერთო კატალოგი. 3. უნდა შედგეს ცალკე კატალოგი – კრებულებსა და ჟურნალებში მოთავსებული მასალების შესახებ. ამ კატალოგში ცალკე კატეგორიებად შევა დარგები: ა. ლექსები, ბ. მოთხრობები და რომანები, გ. კრიტიკ. წერილები და სხვ. 4. წიგნის შკაფში არ შეიძლება იყოს საჭმელი, თეთრეული და სხვა და სხვა პატარა ნივთები, რომელიც ხელს მიშლის. 5. გაზეთები, რომელსაც მთელი ქვედა სართული უჭირავს, უნდა დაიკეცოს ისე, როგორც საჭიროა და დალაგდეს. 6. ხელნაწერები უნდა გადარჩეულ იქნას: პოეზია, პროზა, წერილები. დღიურები ცალკე, შენიშვნები ცალკე. 7. გაზეთები – საზოგადოთ, არ შეიძლება წიგნის შკაფში (საზოგადოთ, საჭირო არაა გაზეთების შენახვა: გამოსადეგი და საინტერესო მასალა ამოიჭრება მაკრატლით და შეინახება ცალკე რვეულში – ან ცალკე ამისთვის მიჩენილ პაპკაში). უნდა შენახულ იქნას მხოლოდ ჟურნალები. საერთოდ ყოველი საჭირო წიგნი მომენტალურად ხელთ უნდა გქონდეს. უსაჭიროესი წიგნები – ყდაში უნდა ჩაისვას. მაგიდაზე არასდროს არ უნდა ეწყოს ზედმეტი წიგნები, არც რაიმე ზედმეტი ნივთი, რაც ხელს უშლის მუშაობას – რადგან ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და თავისი დანიშნულება. მაშასადამე – წიგნის შკაფი არის: საჭიროა წიგნები და კიდევ მეტი წიგნები.

XII_issue255

საათის შესახებ. საათი აუცილებელია: 1. ზუსტად გამოანგარიშება მუშაობის დროის. 2. დაწესებულებებში ყოფნის დროის. 3. დასვენების, ძილის, თეატრში წასვლის, კლუბში ყოფნის, საერთოდ ნორმალურად დროის განაწილების: რამდენი დრო უნდა მოხმარდეს [ძილს] ამა თუ იმ საქმეს. საათი კულტურული ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია. საათს მოაქვს აურაცხელი სარგებლობა – ჯანმრთელობისათვის, მორალისათვის, ეთიკისათვის, და სხვ. და სხვ. იგი შესაძლებლობას იძლევა მათემატიკური სისწორით და მიზანშეწონილობით გამოიყენო თვითეული წამი სიცოცხლის, რაც აუცილებელია ჩვენს ტეხნიკისა და მეცნიერების ხანაში. სიტყვა „რომელი საათია” – არის მოწოდება მოქმედებისაკენ და ბრძოლისკენ. თვითეული წამი თავის ცხოვრებისა ადამიანმა სწავლას, ბრძოლასა, წინსვლას უნდა მოახმაროს. საათი უნდა შეძენილ იქნას.

პაპიროსის შესახებ. ეს საკითხი ჩვენი ოთახისთვის
მწვავე საკითხია. პაპიროსი: 1. მავნებელია ფილტვებისათვის
ნიკოტინით. 2. სწამლავს, აგუბებს ჰაერს
ოთახში. 3. ანაგვიანებს ოთახს ფერფლითა და ნაწვავებით.
4. სპეციფიური სუნით ჟღენთავს თვითეულს საგანს
ოთახში. 5. უმიზნო მატერიალურ ხარჯში აგდებს
ადამიანს. 6. უკარგავს ჭამა-სმის მადას, უშფოთებს
ძილს, ნერვიულად ხდის მას.

საჭიროა: 1. ნორმის დაცვა პაპიროსის წევაში. 2.
მუდამ ღია ფანჯრების ქონა. 3. დიდხანს არ უნდა გაჩერდეს
ოთახში პაპიროსის ნამწვავები.

კიდევ რა არის საჭირო? ჩვენი ოთახისათვის საჭიროა:
1. ქეჩა – საწოლთან. 2. კუშეტკა. 3. ფოსტლები. 4.
მტვერის გადასაწმენდი. 5. რადიო. 6. ტელეფონი. 7.
გაზეთები ყოველდღე. რამდენიმე ჟურნალი. 8. მოსამსახურე.
9. სელის დასასვენებელი სკამი. 10. საკ.
სატუალეტო მაგიდა. 11. ფარდები აივნისათვის. 12.
ქაღალდის ჩასაყარი კალათი. 13. ერთი მუსიკალური
ინსტრ. (პატ. ფორტეპიანო). 14. პაპკები გაზ. ამონაჭ.
და ხელნაწერებისათვის. 15. სკამები. 16. სურათები.
17. ხალათი საოჯახო.

რა ეღირება დაახლ. ყოველივე ეს?

შტეპსელი – 10 მ., ელ. უთო. – 5, ელ. ასადუღ. – 5,
ვენტილიატ. – 5, თმის გასაშრ. – 5, აივნის გად. – 50,
მინების ჩასმა – 10, საათი – 25, ქეჩა – 10, რადიო -10,
ტელეფონი – 20, გაზეთები – 10, მოსამსახ. – 10, სელის
სკ. – 25, ფარდები – 10, ქაღ. კალ. – 1, მუს. ინსტ

25, პაპკები – 1, სკამები, სურათ., ხალათი. სულ 230
მან.
საჭიროა: 1. წიგნის ეტაჟერკა. 2. ფარდის მსგავსი რამ
მინებისათვის. 3. ფეხის დასახოცი. კუშეტკა. მაგიდა.
ვენტილიატორი. ელეკტრონის ლამფოჩკები. შტეპსელი.
კედლის საათი.

XII_issue266

Штепсель. სკამი. მაგიდა. სარკე.”
————————–
იარაღი — უდიდესი საქმეა კარგი იარაღი. იარაღი საჭიროა. კულტურულ ადამიანს უნდა ქონდეს იარაღი. უმჯობესია გამზადებული და გადატენილი. არსებობს ერთი ასეთი კარგი გამოთქმა: „როცა მესმის სიტყვა კულტურა – ხელი ეგრევე ბრაუნინგისკენ გამირბის”. [ფრაზა იმდენად კარგია, რომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ფრაზის ფაშისტი ავტორი და მისი მოტივები აბსოლუტურად ირელევანტურია] .
რაში შეიძლება გამოადგეს კულტურულ ადამიანს იარაღი? პირველ რიგში, ალბათ – თავდასაცავად.
სამოქალაქო ომი, ზომბი აპოკალიფსი, უბნის ინსპექტორი, იეჰოვას მოწმეები.. იქნებ ვინ აკაკუნებს კარზე? ჩვენს აპოკალიფსურ ხანაში არასოდეს იცი, საიდან უნდა ელოდო საფრთხეს. ხშირად ადამიანს საკუთარი თავისგანაც ჭირდება დაცვა. რომელი იარაღი ჯობია? ალბათ, რამე სიმპათიური ბერეტა, რომლის ყიდვა არც ისე დიდი პრობლემაა. თუ ლეგალური გზით გადავწყვეტთ შეძენას – საჭირო იქნება კარგი მობილიზება, ერთი მხრივ, ნარკოტესტის ჩასაბარებლად, მეორე მხრივ – „ფსიქოს” დასაძლევად. ნუ, „ნა ხუდოი კანეც” – პნევმატურიც შეიძლება, მაგრამ ვის შეაშინებ სათამაშო თოფებით.. პნევმატური – დისშვილებს დაბადების დღეზე.. აი, უზი სხვა საქმეა, თუმცა, ვეჭვობ, რთული იქნება მისი შეძენა. უზი სროლის საოცარი ტემპით და კულტურული ადამიანისთვის შესაფერი დიზაინით გამოირჩევა, თან სროლის დროს არც გჭირდება დაფიქრება, საით ისვრი – იქნიე, როგორც იმპრესიონისტები ფუნჯებს, ან კაზანოვა სასქესო ორგანოს იქნევდა – ვინმეს აუცილებლად მოხვდება. 

არც კალაშნიკოვი იქნებოდა ურიგო. არის კალაშნიკოვი, მაშასადამე: 1.შეგიძლია ზაფხულის გრილ საღამოს
– დახვრეტა მიუსაჯო ცას ან 2. drive-by shooting ჩაუქროლო ყოფილი პარლამენტის შენობას და ორ წამში გადააქციო ის „რედი-მეიდად”, ნამუშევრად, რომელიც გაახსენებს ხალხს, რომ ომი არ დამთავრებულა. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება „ვზრივპაკეტების” დამზადება. ანალოგური ტელევიზორი – საჭიროა ანალოგური ტელევიზორის შეძენა. ახლანდელ ციფრულ ტელევიზორებს ერთი ძალიან, ძალიან დიდი ნაკლი აქვთ. მათ დაკარგეს კავშირი კოსმოსთან.. რას ვგულისხმობ? 1965 წელს, ორმა იტალიელმა მეცნიერმა, რომლებიც გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და რადიო ასტრონომიით ერთობოდნენ, დაიჭირეს უცნაური „ხმაური”. აპარატურის ათასგვარად გადაკეთების და „ხმაურის” გაქრობის სხვა, უშედეგო მცდელობების შემდეგ – ისინი მიხვდნენ, რომ ეს „ხმაური” არ არის გამოწვეული ტექნიკური გაუმართაობით ან რამე სხვა მიზეზით. აღმოჩნდა, რომ „ხმაური”, რომელიც მათ ესმოდათ, არის „დიდი აფეთქების”, იგივე Big Bang-ის „ექო”. კვალი, რომელიც დარჩა სამყაროს წარმოშობიდან. საინტერესო აქ ისაა, რომ როცა ჩვენ ვისმენთ ძველი, ანუ არა-ციფრული, ანუ ე.წ. ანალოგური ტელევიზორების შიშინს, მინიმუმ 1% ამ შიშინიდან დიდი აფეთქების ექოა.

XII_issue277    XII_issue288

ამიტომ ტელევიზორი საჭიროა! არა გადაცემების საყურებლად, არა ინფორმაციის მისაღებად, არამედ როგორც სამედიტაციო საშუალება. შაბათობით შეიძლება ო-კულტურ[ულ]ი ღონისძიების მოწყობაც კი: რამდენიმე ჩუმი მეგობარი, რამდენიმე სწორი თეთრი დაროჟკა და მკვდარ არხზე გადართული ტელევიზორი.
„The sky above the port was the color of television,tuned to a dead channel .”

ტელესკოპი – ცის საკონტროლებლად.. ყველა ქვეყანას აქვს სასაზღვრო პუნქტები, ყავს მესაზღვრეები, დარაჯები.. მაგრამ განა ბევრი ხვდება, რომ პლანეტასაც ჭირდება სადარაჯო საგუშაგოები? ჩვენ რამდენიმე კილომეტრ/საათის სიჩქარით მივქრით აბსოლუტურად გაურკვეველ, უცნობ, ბნელ და საშიშ კოსმოსში. ვინმე
უნდა აკონტროლებდეს ცას, ვინმე უნდა დარაჯობდეს პლანეტას. ვინ თუ არა შენ? კატა – ყველა თავმოყვარე გენიოსს ყავდა კატა. ზოგს არაერთი. კარგი იქნება, თუ კატა იქნება შავი, სხვადასხვა ფერის თვალებით. როცა კატას ეფერები – კატა კრუტუნებს. კალიგულას ცხენი ყავდა, მაგრამ კალიგულა არ ცხოვრობდა კორპუსში, სასახლეში ცხოვრობდა. ორგონის აკუმულატორი – ვილჰელმ რაიხმა თავის დროზე აღმოაჩინა, რომ შესაძლებელია სიცოცხლის ძალის, სამყაროში განფენილი სექსუალური ენერგიის აკუმულირება გარკვეულ სივრცეში, გარკვეული პირობების ქვეშ: ამისთვის მან სპეციალური „ხელსაწყოს” მცირე მონახაზი და დიზაინიც გააკეთა. ორგონული აკუმულატორი პატარა ყუთია, რომელსაც მეტალის კედლები აქვს. ამ ყუთში გატარებული ნახევარი საათიც კი ძლიერ კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და სექსუალობაზე. აკუმულატორი ადვილი ასაწყობია, ინტერნეტში მარტივად შეიძლება მისი აწყობის ინსტრუქციების მოძიება. დღეში ნახევარი საათი მეტალის ყუთში და ლიბიდო ატომური ენერგიებით ივსება. ჩვენს პატარა ოთახში სავსებით შესაძლებელია ასეთი ყუთის დატევა, უბრალოდ მოსაფიქრებელი იქნება რამე მარტივი გასამართლებელი მითი ან ისტორია ამ ყუთზე, რომ ყოველ ჯერზე ახალ სტუმარს არ ვუხსნათ, რა არის ორგონის აკუმულატორი და რა ბედი ეწია საწყალ ვილჰელმ რაიხს – ამ ამბების მოყოლა მოსაბეზრებელი იქნება, კულტურული ადამიანი კი არ უნდა იყოს მომაბეზრებელი. 

და, რა თქმა უნდა, ჟურნალი XII – თუ ამ ჩანაწერს კითხულობთ, ესე იგი უკვე გაქვთ ჟურნალი XII და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოუბრუნდეთ ამ ინსტრუქციას. 

კიდევ რა არის საჭირო?
ჩვენი ოთახისთვის საჭიროა: 1. პუფები.
2. აპტეჩკა – პრეზერვატივებით, დამამშვიდებლებით,
ტვინის მკვებავებით და ვიაგრით [ყოველი შემთხვევისთვის].
3. Playstation – ტეკენის სათამაშოდ,
როცა მუზა მიგვატოვებს. 4. უფასო წი ფი.
5. პარლამენტარების, ტელეწამყვანების და საზოგადო
მოღვაწეების დახვრეტილი და შეურაცხყოფილი ვუდუ
თოჯინები 6. „ხამურაბის კანონების” ამობეჭდილი
დიდი პოსტერი, გაკრული თვალსაჩინო ადგილას –
სტუმრების დასარეგულირებლად [„თუ მონა გაარტყამს
მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.”, „თუ ერთი
მეორეს მკვლელობას დასწამებს, მაგრამ ბრალდებას
ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება.”
და ა.შ.]

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>