ქებათა ქება მეტალისტებს

XII_issue299

მეტალისტებს ვიკინგური გრძელი თმები აქვთ და თავზეც ვიკინგის რქებიან მუზარადს ჩამოიცვამდნენ, ესოდენ არაპრაქტიკული რომ არ იყოს. მაისური აცვიათ, რომელზეც დრაკონი, ჩონჩხი ან დრაკონის ჩონჩხი ახატია. იდეაში საშიშად გამოიყურებიან.1980-იანი წლების ამერიკულ ბოევიკებში სწორედ მსგავსი ტიპები არიან ხოლმე, პოსტაპოკალიპტური ქალაქების ქუჩებში რომ დაძრწიან და პატიოსანი ქალების გაუპატიურებას ცდილობენ, ვიდრე მთავარი გმირი არ გაუჩეჩქვავდეს თავებს. სინამდვილეში კი მეტალისტები ყველაზე საყვარელი, კეთილი და ნაკლებად დაფასებული ხალხია. მოდი, გვიყვარდეს ისინი. აი, რატომ:

1. წარმოიდგინე, რომელიმე უცხო ქალაქში დაიკარგე. მაგალითად, რუსთავში. თუ რუსთაველი ხარ, მაშინ, ჰეჰე, გამარჯობა, შოთა და მაშინ ვითომ ფოთში დადიხარ. აქვე წარმოიდგინე, რომ სუსტი და მფრთხალი ხარ და ეგ სახეზეც გაწერია. ქუჩა ორად იყოფა. ერთ გზაზე ქართული ხალხური მუსიკის მოყვარულები დგანან, მეორეზე – მეტალისტები. პირველ გზაზე ღვინით სადღეგრძელოებს სვამენ, მაისურებზე „უფალო შეგვიწყალენ“ აწერიათ და „მრავალჟამიერს“ მღერიან. მეორე გზაზე მდგომები არაყს ურტყამენ ბოთლიდან. მაისურზე ორი გვამის სექსუალური აქტი ახატიათ, წარწერით – თომბ Oფ თჰე Mუტილატედ. დინამიკებიდან ხერხვის ხმა ისმის, რომლის ფონზეც ვიღაც, როგორც ჩანს, აგრესიულად აბოყინებს. უნდა მიხვიდე და დახმარება თხოვო. რომელი გზის არჩევა ჯობია? ცხადია, მეტალის გზა უნდა არჩიო. მიუხედავად იმისა, რომ ხალხური მუსიკის მოყვარულებს ღიმილიანი სახეები აქვთ და კეთილხმოვნად მღერიან, ვინ იცის, რა მტაცებლური ინსტინქტი გაეღვიძებათ, როდესაც სუსტ და მფრთხალ სახეზე შეგხედავენ. კი, შეიძლება დაგლოცონ და დანიშნულების ადგილამდე მიგაცილონ, მაგრამ, იმავე წარმატებით, შეიძლება – მოდი, ერთი დაგვილიეო, – გითხრან და ან უარი იუკადრისონ; ანკი ერთად სმის დროს მოგდონ რამე შარი. მეტალისტები კი არც „დაგვილიეს” გეტყვიან და არც დაჩაგვრას შეეცდებიან. უბრალოდ, გზას მიგასწავლიან და სმას გააგრძელებენ. ერთადერთი, სადაც მეტალისტებს, ალბათ, უნდა ერიდო, ნორვეგიის პატარა ქალაქია. აი, მანდ კი ხალხური მუსიკის მოყვარულთა ჯგუფი უნდა არჩიო. ნორვეგიელი მეტალისტები ცუდი ხალხია.

2. ეხლა სულ სხვა სიტუაცია წარმოვიდგინოთ. რომელიმე მივარდნილ თბილისულ უბანში, გზის პირას, ადგილობრივი შპანა ჩაცუცქულა. „გომს” ურტყამენ, ბევრს იფურთხებიან და, ალბათ, ქურდებზე ლაპარაკობენ. განიხილავენ, ვინ დარჩა პრაშლიაკებში და ვინ – სამაზვანეცებში. ტოტალიზატორებსაც ახსენებენ – სიგარეტის კვამლით და ოფლით გაჟღენთილ ბნელ ოთახებს, სადაც, რომ არა ერთი გასხმა, ორი ლარით ხუთასს მოიგებდი. მაგრამ ყველაზე მეტს საკუთარ თავზე ლაპარაკობენ. მაგარი მაფია ვართო – უცინიან ერთმანეთს, თუმცა კი მშვენივრად იციან, რომ არანაირი მაფია ეგენი არ არიან და ნამდვილი მაფია მაგათ გვერდით არც კი გაიკარებს. უმეტესობა ასევე გალევს ცხოვრებას, გზის პირას, იაფი ლუდის სმაში და ყველაზე ახლოს მაფიოზობასთან მხოლოდ ერთი ბედნიერი მათგანი თუ მივა, რომელიც პრობლემური ვალების ამოღების კომპანიაში დაიწყებს მუშაობას, რაც თავისი მეთოდებით და არსით, ყველაზე ახლოს დგას ორგანიზებულ დანაშაულთან.

ჰოდა, ამათ მუსიკა აქვთ ჩართული. ახლა ორი ვარიანტი გვაქვს.

XII_issue2111

პირველ შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ, რომ მათ გვერდზე მეტალისტი ჩაუვლის. ის ჯერ, ცხადია, ამრეზით გადახედავს სასტავს. მაგრამ, ჰოი საოცრებავ. უცებ ესმის, რომ მივარდნილი თბილისური უბნის ბიჭებს „სეპულტურა“ ჩაურთავთ. თანაც, ძველი, ნაკლებად გაბაზრებული. Arise, ვთქვათ. მეტალისტს ამ დროს გული გაუთბება. იფიქრებს, აი, რა კარგია, აქაც რომ შემოუღწევია მეტალის ღმერთსო და მერე ყველას მოუყვება, თუ რა კარგი ხალხი ნახა გზის პირას. იმავე გზაზე ახლა ინდი მუსიკის მსმენელი მიუყვება, ძველ დროში ალტერნატივშჩიკად წოდებული. მოჰიპსტერო ტიპია, რომელიც არანაკლები ამრეზით უყურებს ჩაცუცქულ ტიპებს. უცებ, ეს რა ესმის? სასტავს მაგნიტოფონში Arcade Fire ჩაურთავს. ჩაცუცქულან და კმაყოფილები უსმენენ, არც მეტი, არც ნაკლები, No Cars Go-ს. მოჰიპსტერო ტიპს ამ დროს გულში რაღაც ჩაწყდება. ნაბიჯს აუჩქარებს და ეცდება, არ შეიმჩნიოს, მაგრამ საკუთარ თავს, აბა, სად გაექცევა. ზუსტად ეცოდინება, რომ ამ მომენტიდან Arcade Fire მისთვის ის თამრო აღარ არის. მორჩა, შერყვნეს. წავა და იფიქრებს – მოიცა, ეხლა რა არის ჩემი საყვარელი ბენდი? მომიწევს Neutral Milk Hotel -ზე გადასვლა.
ამიტომ არიან მეტალისტები ყველაზე საყვარელი, კეთილი და ნაკლებად დაფასებული ხალხი.

XII_issue2333

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>