deux baguette (მაისის სტილი ლაჟვარდოვან სანაპიროზე)

XII_issue222

სადღაც წავიკითხე და მინდა აქ დავწერო: ბრიტანელმა მსახიობმა და მოდელმა ჯეინ ბირკინმა, რომელმაც
საფრანგეთში დიდ წარმატებას მიაღწია, ვერაფრით დაიმახსოვრა, როგორ უნდა მოეთხოვა ბულანჟერიაში
ერთი ბაგეტი სწორი ფორმით -un baguette თუ une baguette , – ამიტომ ყოველთვის ითხოვდა deux baguette – ორ ბაგეტს. ქალს ბაგეტი ზუსტად ისე უხდება, როგორც კაცს – ყვავილის თაიგული. ორივე შემთხვევა გამოდგება
მოთხრობის დასაწყებად. სანდლებიანი გოგონა, რომელსაც ხელში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უჭირავს და ქუჩის ერთი ბოლოდან მეორისკენ მიიჩქარის, – ეს ჩემი საყვარელი ეპიზოდია კანის კინოფესტივალის პერიოდში. ასეთივე შთამბეჭდავია დილის 8 საათი, მორეცხილი ქუჩები, ღია კაფეებში ჭილის კალათებით გამოფენილი კრუასანები და ზღვის სუნს შერწყმული ესპრესოს სურნელი. მაისში ნიცის მიმართულებით ყველაზე მეტი ავიაბილეთი იყიდება. ამ პერიოდში კანში მომავალი მატარებლებიც სავსეა როგორც სინეფილებით, ისე სასიყვარულო თავგადასავლების მაძიებელი გოგო-ბიჭებით. 

აქ ვაჭრობისთვის სათადარიგოდ ემზადებიან ბაზრები, სუპერმარკეტები, შანელის, ლუი ვიტონის, პრადას და სხვა ბუტიკები. ქუდების, ქოლგების და სათვალეების სენეგალელი გადამყიდველები სანაპიროს ამაგრებენ. მაისის დასაწყისში არც ერთი სასტუმროს ნომერი და სტუდიო არ დაგხვდებათ თავისუფალი. აქ ისმევა ყველაზე ბევრი შამპანური და ყავა. მთელ ქალაქში სხვადასხვა სუნამოს სურნელი ერთმანეთში ირევა. უსაფრთხოების ნორმები, შარლი ებდოს ტრაგედიის შემდეგ, კიდევ უფრო გამკაცრდა და, შესაბამისად, პოლიციელსაც ხშირად შეხვდებით. ყოველწლიურად, კანს თითქოს ფესტივალის პოსტერი უსაზღვრავს ხოლმე სტილს, რომლის ყველაზე დიდი გამოსახულება პალასის თავზეა გაჭიმული, ასლები კი ყველა კაფეს და მაღაზიის ვიტრინაზე კიდია. წელს ეს სტილი ინგრიდ ბერგმანმა განსაზღვრა და ფესტივალიც თეთრ და ლურჯ ფერებს შორის მოექცა. პირველი კინოსეანსი დილის ცხრის ნახევარზე იწყება. ლუმიერების, დებიუსის, ბაზენის, ბუნუელის და 60-ის გარდა, ქალაქში კიდევ ათობით კინოთეატრია, სადაც თითქმის უწყვეტად მიდის ფილმების ჩვენება. ჟურნალისტები და კრიტიკოსები წერენ და ფესტივალს მიმოიხილავენ, ჟიურის წვერები კი, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, კინოფესტივალის თორმეტ ღამეს, მოშორებით, იახტაზე ათევენ. უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიომ კანის ფესტივალის სრულწლოვანება აღიარა. ფესტივალი არამხოლოდ კანს, მის მიმდებარე მთელ ლაჟვარდოვან სანაპიროსაც ჩაითრევს ხოლმე. ქვის, კენჭების და ქვიშის სანაპიროები ერთმანეთს ცვლის და ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილის კონტურს კრავს. ამ პერიოდში მეტწილად ვარსკვლავებზე და მათ კაბებზე წერს პრესა. კაბა ბევრნაირია, მაგრამ ცოტა გამახსოვრდება. შარშან ასეთი დასამახსოვრებელი უმა თურმანის ყვითელი, შარშანწინ კი შარლოტ გინსბურგის შავი კაბა იყო. წელს სოფი მარსომ მოიხდინა თითქმის ყველა სეტი. ჩვეულ ფორმაშია „შარლი ებდოც”. ფესტივალის პერიოდში ერთ-ერთი ნომრის გარეკანზე კატრინ დენევის შარჟი დაბეჭდა. ხმაურით გადაღლილები ან ისე, უბრალოდ, მოგზაურობის ვნებას აყოლილები, კანის მიმდებარე ქალაქებს: ანტიბს, სენ პოლს, ნიცას, ვილფრანს, ან ჟუან ლე პიანს სტუმრობენ ხოლმე. ქალაქები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყველას თავისი დატვირთვა აქვს. შოპინგისთვის ნიცას მიაშურეთ: ბუტიკები და ვინტჟური მაღაზიები, ხელნაკეთი და აზიური პროდუქციის დახლები… დიდი არჩევანია. შატო ეზ-ში, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა, ჭიქა ღვინისთვის ნამდვილად ღირს სტუმრობა. ჟუან ლე პიანში – სანაპიროზე ნებივრობას გირჩევდით. სენ პოლში ვიწრო ბილიკებს გაყევით და შაგალის საფლავიც იქვეა. ვილფრანსში კენჭების სანაპირო და თბილი ზღვაა.
აუცილებლად სანახავთა სიაშია მეზობელი ქვეყანა – მონაკო. მაისის ბოლოს აქ რალია. მონტე კარლოს ცენტრში, იქ, სადაც ანიჩ კაპურს ცნობილი სარკეა დამონტაჟებული, რბოლა იწყება. სწორედ ამიტომ, ქალაქი ნონ-სტოპ სამზადისშია. მონტაჟდება სკამები, გზები, კამერები. ერთ წერტილში 15 სტატიური და 34 მოძრავი კამერაა დამონტაჟებული. აქ, ამ დროს, საკუთარი ორჩხომელებით ჩამოდიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები. რალის ფანების ყველაზე შეძლებული ნაწილი ჰოტელ დე პარიზში, ნაწილიც კი სხვა ფეშენებელურ სასტუმროებში ნაწილდებიან. თეთრ მაისურებსა და ფერად მოკლე შარვლებში გამოწყობილები, კაფე დე ფრანსში ნაყინს მიირთმევენ და რბოლის დაწყებამდე წუთებს ითვლიან. მონაკო პატარაა და საკუთარ თავში ჩაკეტილი. თვალს გჭრის ოპერა და ხედი სასახლიდან. აქ ფერარის და მერსედესის ბუტიკებთან ფავორიტების ავტოგრაფებისთვის დგანან ფანები. მონაკო ინსტალაციას გავს. მდიდრები სახლობანას თამაშობენ.
ცნობილი თამაში – ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, – ფრანგებს უფრო გამრავალფეროვნებული აქვთ: ვუყვარვარ ცოტათი, ვუყვარვარ ძალიან, გაგიჟებით ან საერთოდ არ ვუყვარვარ. ფრანგებს უყვართ, როდესაც უცხო ადამიანთან ახლო დისტანციაზე არიან. ფრანგებს უყვართ თამბაქოს მოწევა და თვალის თვალში გაყრა. მის წარმოსახვაში ნაცნობი ხარ და სულაც არ არის საჭირო პირადი ცდა. ასეთი წარმოსახვებია ლაჟვარდოვანი სანაპიროს სტილის განმსაზღვრელი. ამ მძაფრი ემოციისგან შედგება ფრანგული კინოც. ფაქტურას რომ გრძნობ. მუჭში რომ მოიქცევ. ამ ქსოვილითაა შეკერილი მთელი საფრანგეთიც.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>