მოწვეული რედაქტორი #3 – ნინო სუხიშვილი

XII_issue3_content1

ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ სვეტის წერას შევუდგებოდი, რადგან ჟურნალის ეს ნომერი, ძირითადად, სუხიშვილების საიუბილეო წელს ეძღვნება. პირველი ვერსია ცოტა პომპეზური და პათოსით გამსჭვალული გამომივიდა. მინდა მაღალფარდოვან სიტყვებს ცოტა ლირიკა შევმატო, განსაკუთრებითჩემთვის საყვარელი წელიწადის დროს: თბილ, მშვიდ და ფერადოვან შემოდგომაზე, რომელსაც სულ სხვა განწყობა მოაქვს. ხშირად დავფიქრებულვარ, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, სუხიშვილების ოჯახში რომ არ დავბადებულიყავი, რომ არ მეკეთებინა საქმე, რომელიც ცხოვრების აზრად მექცა; პასუხისმგებლობა, მოვალეობა და უსაზღვრო სიყვარული, რომელიც მაკეთებინებს იმას, რაც ხშირად წარმოუდგენლად და არარეალურად მეჩვენება.
საოცრებაა იმის განცდა, რომ პატარა ერს შესწევს უნარი, მთელი მსოფლიოს მაყურებელი აღაფრთოვანოს და ფეხზე დამდგარს, ტაში აკვრევინოს. სიამაყის გრძნობა მეუფლება, რომ ამ პატარა ერის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოვადგენ და მსოფლიოს სცენებზე ქვეყნის სახელით გამოვდივარ. ამის გარეშე, ალბათ, ცხოვრება ბევრად უინტერესო და მოსაწყენი იქნებოდა. ჩვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩვენი ანსამბლის თავგადასავალში, ყველაფერი შეიძლება დაინახოთ – აღმაფრენა და იმედგაცრუება, კატორღული შრომა და ლხინი, უანგარო მეგობრობა და კომერცია, იუმორი და პოლიტიკაც კი, მაგრამ მთავარი ჩემთვის ყოველთვის იყო თვითონ ცეკვა, მუსიკა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, რამაც დღემდე თავი და ჩვენი ხელოვნება მოგვატანინა. ეს დიდი ბედნიერებაა. თუმცა ბევრი თვლის, რომ სრულყოფილი ბედნიერების ცნება არ არსებობს, არამედ არსებობს ბედნიერი წუთები, წამები, დღეები, რისგანაც ცხოვრება შედგება.
პირადად მე, სრულყოფილი ბედნიერების შეგრძნება მეუფლება ყოველთვის, როცა კონცერტის დროს კულისებში ვდგავარ, მოპირდაპირე მხარეს მდგომ ილიკოს ვუყურებ, ჩვენ შორის ხორუმის თითქოს უსასრულო ხაზი იჭიმება და ჩვენი გულისცემა ხორუმის რიტმს ემთხვევა. ეს გრძნობა ძნელი გადმოსაცემია. ალბათ, ეს არის სრულყოფილი ბედნიერების გრძნობა.
მინდა ჩვენს მკითხველს ვუსურვო, რომ თავისი საქმის კეთების დროს,ხშირად განიცადოს ეს გრძნობა. ამისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება.
ნინო სუხიშვილი
შოთა რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>