მძიმე ორშაბათი

XII_issue2cc

1.
მაგიდასთან ზომიერად შემელოტებული მამაკაცი იჯდა
და ყურზე ფანქარს იკაკუნებდა. წინ რუკა ედო. ქალაქის
დიდი რუკა, რომელიც წითელი წერტილებით დაეფარა,
მაგრამ, როგორც ჩანს, წერტილების რაოდენობა არ
მოსწონდა და უკმაყოფილო მზერით ცარიელ ადგილებს
ეძებდა. უცბად ფანქარი ყურს მოაშორა და რუკაზე წერტილების
მონიშვნა განაგრძო.
– 65110, 65111,65112…
– ხელს ხომ არ გიშლით ? – იკითხა ლაშამ, რომელიც
მაგიდის მერე მხარეს გაშეშებულიყო და ხელში ფურცლების
დიდი შეკვრა ეჭირა.
– აჰ, მაპატიეთ ხმამაღლა ვფიქრობდი.
– ისევ ითვლით?
– დიახ, დიახ. გააგრძელეთ, თუ შეიძლება.
– სად გავჩერდი? ჰო, მოკლედ. მეშვიდე კორპუსის
მობინადრეების თხოვნაა თქვენს სახელზე. უცბად
წაგიკითხავთ.
– რა საჭიროა. უბრალოდ მითხარით, რაშია საქმე და
შემდეგზე გადავიდეთ.
– იცით, მირჩევნია წაგიკითხოთ, სულ ერთი გვერდია.
– ხომ გითხარით, არაა საჭირო. ორი-სამი სიტყვით ამიხსენით,
რა ხდება დარას მოითხოვენ.
– ისა, მე, ხო, წყალი … წავიკითხავ რა.
– მოკლე შინაარსი, დავით, ძალიან მოკლე. ამდენი დრო
არ მაქვს. ხელში რამდენი წერილი გიჭირავს?
– ასამდე იქნება.
– მერე ასივე უნდა წამიკითხო? შენი აზრით, რომელ საა-
თზე მორჩები?
– მაშინ გავალ და ხუთ წუთში შემოვალ.
– მოიცა, სად გახვალ, ახლა არ მოხვედი?
– ისა, მე, ხო ტუალეტში მინდა. ახლავე მოვალ.
– კარგი, წადი, წადი.
მამაკაცი ისევ რუკას მიუბრუნდა. რამდენიმე წერტილი
დაამატა და თავისთვის ჩაიბუტბუტა:
– 65113, 65114, 65115…
2.
…ჩვენი არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა მას
შემდეგ, რაც საძირკვლისთვის ამოღებული უზარმაზარი
ორმო წყლით გაივსო. მთლიანად შეიცვალა უბნის
მიკროკლიმატი. მოიმატა ნესტმა. მოიმატა კოღოების და
ბუზების რაოდენობამ. განსაკუთრებით საშიშია ბაყაყების
პოპულაციის მკვეთრი ზრდა. მათი ხმაური იმდენად
შემაწუხებელია, რომ ყველანი უძილობით ვიტანჯებით.
იყო შემთხვევა, როდესაც უძილობით გაღიზიანებულმა
პენსიონერმა [სახელს და გვარს არ ვასახელებ] თავის
მოკვლა ცადა და ფანჯრიდან გადახტა. საბედნიეროდ,
სარეცხის თოკებს შორის გაიჩხირა და გადარჩა. თუმცა,
ეს, ალბათ, იმის დამსახურებაცაა, რომ ის, როგორც ყველა პენსიონერი, მეტისმეტად გამხდარია, სულ რაღაც
49 კგ…
დიტო უნიტაზზე იჯდა. მეზობელი კაბინიდან წამოსულ
სიტყვების ნიაღვარს იმდენად დაებნია, რომ საქმეზე კონცენტრირებას
ვერ ახერხებდა და ნერვებმოშლილი ზედა
ტუჩს იკვნეტდა. ტუჩს დილით ნაჭამი მარწყვის ნაყინის
გემო შერჩენოდა, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შვება იყო.
…ამასთანავე, ეს ე.წ. კორპუსის ტბა იზიდავს გადამფრენ
ფრინველებსაც, რაც, თავისთავად, ცუდი სულაც არ
არის; პირიქითაც, ბავშვებმა უკვე მშვენივრად ისწავლეს
წეროს, ყანჩას და ჩიბუხას განსხვავება ხმების მიხედვით.
თუმცა არის ერთი პრობლემა. იხვების გამო, აქაურობას
ხშირად სტუმრობენ ბრაკონიერები და ფრინველებს
დაუნდობლად ხოცავენ…
დიტომ ჯიბიდან ოთხად გაკეცილი “მსოფლიო სპორტი”
ამოიღო, გაშლადა კითხვა დაიწყო. პირველივე ნიუსმა
საშინლად დათრგუნა და განადგურა, რადგანაც შეიტყო,
რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი, ლეო მესი, სქესის
შეცვლას აპირებდა, რასაც იმით ხსნიდა, რომ კაცების
ფეხბურთში მან ყველაფერი მოიგო და ინტერესი დაკარგა,
ახლა კი სურდა იგივე წარმატებისთვის ქალთა
ფეხბურთში მიეღწია.
…ყველაფერთან ერთად, წყალს საშინელი გოგირდის სუნი
ადის. თანაც, გახშირდა ტბაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების
ჩაყრის ფაქტები.
დიტოს ამოასხა. გაზეთი ძირს დააგდო და მეზობელი
კაბინის კედელს მუშტი დაკრა.
– აღარ მორჩებით? – აყვირდა გამწარებული.
– რას? – უპასუხა მეზობელმა.
– რა რას, ბიჭო?! მორჩი კითხვას. კითხვა თუ გინდა, წადი
ბიბლიოთეკაში ან სახლში.
– უკაცრავად, ვმეცადინეობ. ცოტაც და მოვრჩები.
– ახლავე მორჩი, თორემ დაცვას დავუძახებ.
– დაცვას რა უნდა უთხრათ?
– რომ ხელს მიშლით; რომ წესრიგს არღვევთ; კი არადა,
გეყოფათ, ახლავე მორჩით, ახლავე. ან ჩუმად იკითხეთ.
– კარგი, დამშვიდდით, უკვე მივდივარ.

3.
– 66001, 66002, 66003 …
– კარგად გიმუშავიათ, ცოტაც და დაამთავრებთ. – ვაზელინად
დაიღვარა ლაშა.
– ეჰ , ჯერ სად ვარ. 10-15 ჯერ მეტია საჭირო. მიდი,
გააგრძელე შენ. რაღაც კორპუსზე ლაპარაკობდი მგონი.
– ისა, ხო, დავიწყო?
– აბა რა უნდა ქნა. რა გჭირს, კაცო, შენ ცუდად ხომ არ
ხარ. რანაირი ფერი გადევს სახეზე? მიდი, ფანჯარა გახსენი,
თუ გცხელა.
– არა, არაფერია, დავიწყებ. ქალაქ თბილისის მერს ბ-ნ

დ.ნ.-სამავე ქალაქის მეშვიდე კორპუსის მცხოვრების
გენრიეტა ჩომსკის განცხადება. განცხადება ხელმოწერილია
შემდეგი მცხოვრებლების მიერ. ავთო სალაძე,
ქეთევან ბევრდანიანი, არჩილ მალაზონია, გურანდა…
– მოიცა, ეს რად მინდა?
– თქვენ არ მითხარით, მომიყევითო.
– მერე ამათი სახელები რად მინდა?
– შეიძლება გავაგრძელო?
– გააგრძელე, ოღონდ სახელები გამოტოვე და დროზე
მორჩი.
– გურანდა…გურანდა… იცით რა, ისეთი არაფერია. მოდი,
შემდეგ საკითხზე გადავიდეთ. რაღაც ბაყაყების ყიყინი
აწუხებთ და გადამფრენი ჩიტები. მეეჭვება, რამით დავეხმაროთ.
– აი, ასე რა. აბა მიდი. შემდეგში რა ხდება?
– წაგიკითხავთ.
– არა, არ გინდა. უცბად მომიყევი.
– ისე, მე მგონი, არც ამაზე ღირს თავის შეწუხება.
გაფუჭებულ გზაზე გვწერენ. დადიანზე – აი, ხომ იცით,
ვაგზალთან რომ გადასასვლელი ხიდია, იქ – ძალიან დიდი
ორმოებია გათხრილი და 77 ნომრის მძღოლები ითხოვენ,
ყვითელი მარშრუტკების ნაცვლად, დელიკები დავურიგოთ.
– რა სისულელეა, ურჩიეთ, ნელა იარონ, ან საერთოდ,

ზემოდან შემოუარონ.
– შემდეგი?
– ერთ-ერთი მოქალაქე ითხოვს, რომ ტროტუარი
დაუბრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება, რომ
ქალაქში ყველა პარკირების ადგილს წაშლის.
– ეს შესაძლებელია?
– არა.
– შემდეგი. ანდა საკმარისია. დანარჩენი ხვალ გავიაროთ.
ისე, ყოჩაღ, უცბად აითვისე. უკვე შენი შემცვლელის მო-
ძებნაზე დავფიქრდი. გურანდა…გურანდა… არა რა, იყოს
ეს. მაინც რამდენი სახელი უნდა ჩამოგეთვალა?
– 32.
– პატარა კორპუსი ყოფილა. ჯობია, ისევ ჩემი ხეები დავითვალო.
იცი რა ძნელია. ვერსად ვერ დავტიე.
– გნებავთ დაგეხმაროთ?
– შეენ? პრინციპში, რატომაც არა. ჯიქიას გაყევი, მე
ქეთევან წამებულიდან წამოვალ. თავისუფლებასთან
შევხვდეთ.
– ცოტა რთული იქნება.
– ეჰ, მარტივი საზამთროს ჭამაა.
– რაა?
– არაფერი, არაფერი. აი, აქედან დავიწყებ.
მერმა ფანქარი მოიმარჯვა და წერტილი დასვა.
– 66004, 66005, 66006…

XII_issue2vv

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>