ტყუილი გასტროლები

XII_issue3_content444

ილუსტრაცია: მაია აბაშიძე

გიფიქრიათ ბავშვთა ცეკვის და სიმღერის რამდენი ანსამბლია დარეგისტრირებული ქვეყნის მასშტაბით?
არც მე. შესაბამისად, არ გვიფიქრია, წლის მანძილზე რამდენი მათგანი მართავს გასტროლს საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. დაცულია თუ არა მოზარდების უსაფრთხოება და უფლებები მოგზაურობისას?
გამართულია თუ არა სცენა, ტრანსპორტი, საცხოვრებელი ადგილი, სადაც მათ აბინავებენ? ვინ არიან ქართული საბავშვო სიმღერების მსმენელები და ცეკვის მაყურებლები ჩვენს ან სხვა ქვეყნებში? და საერთოდ, რას ემსახურება ეს გასტროლები?! თემას თუ შეყვები, აღმოაჩენ, რომ, მაგალითად, 2014 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე მხოლოდ მეორე ტურში გადასული ანსამბლების რაოდენობა ორმოცდაათს შეადგენდა. შესაბამისად, ორჯერ მეტი იქნებოდა პირველ ტურში. მოკლედ, ასე იმიტომ დავკონკრეტდი, რომ მინდოდა, ის კონცერტი წარმომედგინა, რისთვისაც წელს, მაისში, რუსთავიდან ქობულეთში გასტროლზე წაიყვანეს ბავშვთა ცეკვის ანსამბლი, დააბინავეს სასტუმრო
„ჰასანში“ და დაუდევრობის თუ უბედური შემთხვევის შედეგად, სამი მცირეწლოვანი ბავშვი ხანძარს ემსხვერპლა. თემაზე მუშაობისას, ფორუმებზე და ვებ გვერდებზე მშობლების წერილები მოვიძიე: სწორედ ამ ტრაგედიით შეძრული რიგითი მშობლის წერილი საიტმა მსჰობლები.გე გამოაქვეყნა, სათაურით: „“შეეშვით ამ ვითომ „გასტროლებს“ და „ზბორებს“ – შეშფოთებული მშობლის წერილი“. მე შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. „გუშინდელმა ტრაგედიამ ყველას საშინლად დასწყვიტა გული, მე კი კიდევ მეტად გამიმძაფრა და გამიმტკიცა ის აზრი, რომ ბოლო დროს მართლა მარაზმში გადავიდა ეს ვითომ „ზბორები“, „ფესტივალები“ და „გასტროლები“. თავად მშობელი გახლავართ და ყურმოკვრით არ ვიცი ის ყველაფერი, რაზეც მინდა
გამოვთქვა ჩემი აზრი. უფროსი ვაჟი რომ დამყავდა ცეკვაზე, მაშინაც დავდიოდით გასტროლებზე, თუმცა მაშინ ასეთი სავალდებულო არ იყო, როგორც ახლაა; ანუ თუ გინდოდა, წახვიდოდი, თუ არადა, დარჩებოდი და ეს არ აისახებოდა ანსამბლში შენს ყოფნა-არყოფნაზე და ასევე, შენს პოზიციაზე. არ ვიცი, შეიძლება მაშინაც ასე იყო და მე მასწავლებელში გამიმართლა, ფაქტია, ამ ამბით არ ვყოფილვარ შეწუხებული. ბავშვს უნდოდა და ერთხელ მხოლოდ მის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი – ბათუმი- ქობულეთში წავედით, რაღაც სრულიად გაუგებარი ფესტივალი ჩატარდა, საეჭვო ჟიურით, ძალიან არაორგანიზებული და მართალი რომ ვთქვა, ძალიან დაბალი დონის. ამ ფესტივალის გამო დავხარჯეთ ფული, გავატარეთ ათი დღე არც ისე იდეალურ პირობებში, საკმაოდ დავიღალეთ და იქვე გადავწყვიტე, რომ მეორედ აღარ გავრეულიყავი ამ „შარში“. თუმცა წლები გავიდა, უკვე მეორე შვილი წამოიზარდა, ისიც შევიყვანე ცეკვაზე და უკვე სხვა რეალობა დამხვდა (უფრო უარესი). მასწავლებელმა პირდაპირ გამოგვიცხადა, თუ გინდათ, რომ ბავშვი ანსამბლში იყოს, თუ გინდათ, ცეკვებში ჩავსვა და მხოლოდ ვარჯიშებზე არ იაროს, ყველა გასტროლზე უნდა წამოხვიდეთ და უკან არ უნდა დაიხიოთო.
იცით რა გამოდის საბოლოო ჯამში? ვითომ ცეკვის წრეზე ბავშვის ტარება შედარებით იაფი ღირს, მაგრამ ჯერ კოსტიუმებში ვიხდით ძალიან დიდ თანხას, მერე კონცერტებზე სულ ჩვენზე „ასაღებენ“ ბილეთებს, და კიდევ, ათასგვარ სულელურ გასტროლზე დავდივართ. ქვეყანა ფულს ვხარჯავთ და არც სასტუმროა ნორმალური, არც პირობები, საკმაოდ ბევრს ვწვალობთ და თანხაზე აღარაფერს ვამბობ. სპორტზე ვისაც დაჰყავს, ისიც ჩივის იგივეს. სასიმღერო სტუდიები კლიპებზე, კონცერტებზე თუ კოსტიუმებზე კოლოსალურ თანხებს ახარჯვინებენ მშობლებს და რომელი ერთი მოვთვალო. არადა, ბავშვს ხომ უნდა, რომ სადღაც იაროს,
რაღაც ნიჭი განავითაროს?
მე, როგორც ერთი რიგითი მშობელი, გთხოვთ ჩემი სათქმელი მიიტანოთ სხვა მშობლებამდე და, ასევე, იმ ადამიანებამდე, ვისაც ამ საკითხების მოგვარება ეხება. ჯერ ერთი, არ არის საჭირო და ასეთი აუცილებელი ეს გამუდმებული ვითომ გასტროლები და „ზბორები“. და მეორე – თუ მსგავს საკმაოდ საპასუხისმგებლო
საქმეს ეჭიდებით, კეთილი ინებეთ და ყველაფერზე კარგად იზრუნეთ, რომ ბოლოს არავინ დარჩეს დაზარალებული. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ფულია
ყველაფერი?“
მაია, 43 წლის
43 წლის მაიას მოსაზრებას ეთანხმება და კიდევ უფრო შორს მიდის, ასევე, მშობელი გიგა ს. კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „მეც დამყავს ჩემი შვილი ცეკვაზე აგერ უკვე 6 წელია, ბავშვს ძალიან უყვარს და ამიტომ არ მინდა დავაშორო იმას, რაც მოსწონს, რომ აკეთოს. მაგრამ, დამიჯერეთ, ქობულეთში, ბათუმში და თუნდაც თბილისში გასტროლი იმდენი ჯდება, რომ მაგ ფულით თავისუფლად შეიძლება გასტროლების მოწყობა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არის ფულის მახე, ქორეოგრაფები ჯიბეს ისქელებენ, თითქმის ულტიმატუმის დონეზე გვიცხადებენ, რომ აუცილებელი ვალდებულებაა გასტროლებზე წასვლა, თორემ ბავშვს ცეკვის წრიდან, უხეშად რომ ვთქვათ, გააგდებენ. ყოველი თვის გადასახადი 20 ლარი თუნდაც ერთი დღით რომ დაგვიგვიანდეს, ბავშვი სახალხოდ გამოყავს მთელი ანსამბლის წინაშე და არცხვენს. თუ გასტროლებზე მინიმუმ ღორის ხორცი არ შედის მენიუში, ამ შემთხვევაში მშობელსაც საყვედური ხვდება. გასტროლიდან უკან დაბრუნებისას კი თითქმის ვალდებულებად დაგვიწესეს, რომ ქორეოგრაფები, მათი რამდენიმე მეგობარი და რავი კიდე ათასი ოხერი რესტორანში უნდა ვაქეიფოთ აუცილებლად. და სამწუხაროდ, არა მგონია, რომ ეს პრობლემა მარტო ჩვენ ანსამბლში იყოს. ვფიქრობ, ასეა მთელ საქართველოში. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს რაიმე კომისიის მაგვარი ან აუდიტი, რომელიც ყველაფერ
ამას გააკონტროლებს.“
ცხადია, ჩემი ბლოგის მიზანი არაა მაისის ტრაგედიის მიზეზები ანსამბლის ხელმძღვანელის დაუდევრობაში
ვეძებო, ახლა მხოლოდ გამოსავალზე მუშაობაა მნიშვნელოვანი.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს, ბავშვების უსაფრთხოება დაცული იყოს, თუმცა კონკრეტული რეგულაციები, თუნდაც ქალაქიდან ბავშვების გაყვანის დროს შესაბამისი ზომების მიღებასთან დაკავშირებით, არ არსებობს. 2015 წლის მაისის ტრაგედიას საქართველოს კულტურისა
და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივა მოყვა, რომლის მიხედვითაც, ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანისთვის სპეციალური რეგულაცია უნდა შემუშავდეს. მინისტრის განცხადებით, უახლოეს
პერიოდში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, იდეა ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლების მინისტრებს
გაუზიარა. საკითხი ეხება ქალაქგარეთ ბავშვების გაყვანის დროს მათი უსაფრთხოების ნორმების დაცვას: მაგალითად, როდესაც კონკრეტული ჯგუფი მიდის რომელიმე ექსკურსიაზე ან ფესტივალზე, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ავტობუსი, რომლითაც ბავშვები მიჰყავთ, ასევე ჯგუფის ხელმძღვანელებს პირველადი დახმარების აღმოჩენა უნდა შეეძლოთ. გასულ თვეში უნდა განხილულიყო ეს საკითხი. დღეს
კულტურის სამინისტროში კითხვაზე, შევიდა თუ არა ძალაში ახალი ინიციატივა, მპასუხობენ, რომ: „ამ ეტაპზე სამინისტროში გროვდება ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე ჯგუფმა უკვე მოგვაწოდა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. უახლოეს პერიოდში, მიღებული მასალების დამუშავების შემდეგ შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებაზე იმსჯელებს“.
ასევე, სიტყვა „ანსამბლის“ ძებნისას, „გუგლში“ ვიპოვნე
გასული წლის ტრაგიკული ამბავი: ავტოსაგზაო შემთხვევას რიკოთზე 14 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 10-ზე მეტი მგზავრი. რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. შეჯახებისას ავტობუსი გადატრიალდა. როგორც ცნობილია, ავტობუსში 35 მგზავრი
იმყოფებოდა, ისინი ანსამბლ „ლილეოს“ წევრები არიან და გასტროლზე ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ.
წლევანდელი ხანძრიდან ორი თვეა გასული. თბილისი ჯერ კიდევ წყლის სტიქიის შედეგებს ებრძვის.
„ტყუილი გასტროლების“ საქმე ახალი რეგულაციების მოლოდინშია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>