ხელოვნება როგორც ბიზნესი (და არამარტო)

ხელოვნება ბიზნესის კუთხით;
არტის ეკონომიკა;
დილემების კლასიკა:
აუდიტორიის მასშტაბი vs აუდიტორიის ხარისხი, რისკი vs easy money, საკუთარი სიტყვა ვს პოპ-კულტურა…
არგუმენტები…
ჯონის და ბიჭების (ბოდიში, პოლ) გულშემატკივრების განაწყენებული ნაწილის არგუმენტები…
თვალსა და ხელს შუა გამოდღისსინათლებული სამყაროთი დადარდიანებული ბერლინელი ანდერგრაუნდელების არგუმენტები…
Move D-ის გაბენკლოკების, Ben Klock-ის
გარიჩიჰოტინების, Richie Hawtin-ის გაკალკბრენერების, Kalkbrenner-ის გაარმინვანბურენების თეორიული შანსი (რამდენადაც ექვემდებარება წარმოდგენას ამგვარი, თუნდაც უტრირებული მეტამორფოზა იმგვარი ფორმის სამყაროში, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ)… ქონების მოხვეჭის თუ მოქუჩების რა პერსპექტივა აქვთ არტისტებს ქართულ ბაზარზე, ვინ რა მიმართულებით აჯობებს გაიკვლიოს გზა და ვისთვის იქნება უმჯობესი, სხვა ხელობა მოძებნოს… უნდა იტვირთოს თუ არა მთავრობამ წამყვანი/მეორეხარისხოვანი/ ეპიზოდური როლი კულტურის განვითარებაში…
უნდა განვითარდეს თუ არა ფოლკლორი, კლასიკა და თამაზ მეჭიაური…
სადმე თუ წააწყდებით ამ თემების წონიან მიმოხილვას, მეც დამილინკეთ, ძალიან მაინტერესებს და აზრზე არ
ვარ: https://www.facebook.com/zberd
თუმცა, ბიზნესსა და ხელოვნებას ერთი ისეთი თანაკვეთაც აქვს, რომლის აზრზეც (ცოტაოდენ) მეც
გახლავართ და შემიძლია გიამბოთ. თანამედროვე (და არა მარტო) ბიზნესის განუყრელი და რიგ შემთხვევებში – უმნიშვნელოვანესი ჟანრი, რომელიც კომერციული საქმიანობის ყველა სხვა კომპონენტზე გაცილებით მეტ შემოქმედებას, წვასა და დაფერფვლას საჭიროებს – კრეატივი. ყველაფერი უბანალურესი, უტექნიკურესი და თავით ფეხამდე რიცხვებში გამოსახული საკითხით იწყება და მთავრდება ხოლმე. მაგრამ ყველაფერი, რაც თავსა და ბოლოს შორისაა მოქცეული, ანუ სასურველი რიცხვებისა და ეფექტისკენ მიმავალი კრეატიული გზა, ხშირად შემოქმედების ნამდვილი მწვერვალი და ზეიმია… ჯერ კიდევ არ მინელებულა კრეატიული კომუნიკაციების, სარეკლამო და მასთან დაახლოებული დარგების სპეციალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული საერთაშორისო ღონისძიების – „კანის ლომების“ 2015 წლის ფესტივალის ეიფორია… და წელს, პირველად ფესტივალის ისტორიაში, ნომინაციების შორთლისტებში ქართული პროექტები გამოჩნდა. მეტიც, ძვირფასო მკითხველებო, ქართულმა დელეგაციამ სადებიუტო წელსვე იუკადრისა მამულში ხელცარიელი დაბრუნება, რამეთუ ჩვენმა ფალავნებმა უთანასწორო ბრძოლაში გმირულად სძლიეს უძლიერეს მეტოქეთა ურიცხვ ჯარს და უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კრეატივში უფრო მეტი ლომი გვყავს ვიდრე მთაწმინდაზე! {ბოლო აბზაც-წინადადების წაკითხვა რეკომენდებულია დიტო მარინაშვილის ან ჯამლეტ ხუხაშვილის ხმით, ხოლო თუ ამ უკანასკნელს დასჯერდებით – გადაიკითხეთ ხელახლა და თან ფინიშის ხაზი გადაკვეთეთ ომახიანი შეძახილით: „ყოჩაღ, ლევან!“} წარმოგიდგენთ ბიზნესის (და არა მარტო) სამსახურში მდგარი ქართველი ხელოვანების უახლეს და საერთაშორისო სარბიელზე ფართოდ დაფასებულ ნამუშევრებს:

იცით რა არის Natakht City Shuffle?!
როდესაც გკითხავენ, რას ამოშლიდი საქართველოს უახლესი ისტორიიდან და შენ არ უპასუხებ – „ლუდსახარშ
ნატახტარს“. მეტიც, მადლიერი ხარ: განგების, კოსმოსის, იუპიტერის ეტლის, ბედისწერის, ედიშერის, შემთხვევითობის, დამთხვევითობის, არც არაფრის თუ ყველაფრის, რომ: ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მოხდა… და თავიანთი ახალი პროდუქტის ბაზარზე პომპეზურად შებრძანების გეგმებზე  ჩაფიქრებულმა (მათ რომ ჰკითხო) ლუდის კომპანიის მესვეურებმა, იმ მშვენიერ დილას, სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ ფრთაზე მიაკაკუნეს.
This is the Natakht City Shuffle…
ლივინგსტონმა ლუდი „34“ 34 ლარად, ლუდის მოყვარულები ლუდის მოყვარულებად და ქართული კრეატივი -ერთ კანის ბრინჯაოს ლომად დააფასა!.. ვინ, ვინ და ქართველებმა ყველაზე უკეთ ვიცით, რას ნიშნავს მომხმარებლის პატივისცემა (ბათუმში მაინც იქნებით გავლით ნამყოფი…) და რა, რა და რა უნდა იყოს ძეგლის დადგმაზე უფრო მეტი პატივისცემა?! სამართალი რომ სამართლობდეს, ლუდი „34“ ყველა მყიდველს ძეგლს უნდა უდგამდეს… ბიუსტს მაინც!.. და ერთი აღდგომის კუნძულიც მოუხდებოდა ჩვენს ქალაქს; არა მგონია, კუს ტბაში ვერ ჩაგვეტია… მაგრამ სად რეკლამა და სად სამართალი… აპლოდისმენტები ლივინგსტონს!.

Bronze – Cannes Lions 2015 

PR – Practices & Specialisms – Launch or Re-launch 

STATUE JUST FOR LOVING BEER – BREWERY 

NATAKHTARI LEAVINGSTONE 

ზოგჯერ კი, სურვილი და იდეა თანაბრად შთამბეჭდავია!..
Georgia is a small country, with a big problem -ო ნათქვამია და სამწუხაროდ, მართალია! კვლევები ადასტურებს, რომ ყოველი მესამე ქალი საქართველოში ძალადობის მსხვერპლია და, ამავდროულად, მოსახლეობის 78% ოჯახურ ძალადობას საჯარო განხილვის საგნად არ მიიჩნევს! კატასტროფა… რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ურიცხვი მაყურებლის თვალწინ, ქალზე ძალადობის სცენა გათამაშდა. უწყინარი შეცდომის გამო, წამყვანს განსხვავებული სქესის პროდიუსერი გაუგონარი აგრესიითა და ქართული რეალობისთვის ნაცნობი პათოსით შეურაცხყოფს.

XII_issue3_content99

ამგვარი სცენის მიმართ გულგრილობის შენარჩუნება ნებისმიერი მაყურებლისთვის რთული იქნებოდა, პროცესების სწორად მართვამ კი „ინციდენტის“ ამსახველი ვიდეო-მასალის რეკორდული მაჩვენებლებით გავრცელება განაპირობა. გასაკვირი არ არის, რომ საფესტივალოდ მომზადებულ ვიდეო რგოლში ეს ამბავი მეტად გამოპრანჭული დამხვდა. უკვე წლებია, რაც ქალზე ძალადობა საქართველოში აქტუალური საკითხია და კლიპში გაჟღერებული ფრაზა: „because of that domesic violence finally became a public matter” უმაღლეს შეფასებას ვერ იმსახურებს, სამართალს მაინცდამაინც არც რეკლამის რეკლამებში წყალობენ… თუმცა, ქვეყნის ნახევარ მოსახლეობასთან ამ პრობლემით ხელში სტუმრობა, ფესტივალებისა და მარათონების გარეშეც ბუხრის წინ შვილიშვილებთან მოსაყოლი ამბავია… და სადაც შვილიშვილებისთვის გვემეტება, ბარემ მსოფლიომაც გაიგოს!..

Shortlisted for Cannes Lions 2015 

Media – Use of events and stunts 

Promo and activation – Use of broadcast in a promotional campaign 

ABUSED PRESENTER – RUSTAVI 2 – 

SAATCHI & SAATCHI 

ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ის მშვენიერი დილა, როცა ჯერ კიდევ (თითქმის მაინც) არავის გვახსოვდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილების არსებობა… და როცა ჯერ სოციალური ქსელი, შემდეგ კი მასობრივი მედია საშუალებები უცნაურმა ამბავმა წალეკა – რომ მეტრო რუსთაველთან, ქალაქის ცენტრში, ავტოსადგომის ყველა ადგილი ცარიელ ეტლებს უკავია, – მანქანები აწყდებოდნენ ჟურნალისტებს, ჟურნალისტები – ოპერატორებს, ოპერატორები… ნუ, ოპერატორებს კიდიათ… BUT ANYWAY!..
ასე მარტივად ვიგრძენით ყველამ საკუთარ თავს წამომდგარი ბარიერი, რომელსაც ურცხვად ვუქმნიდით ადამიანებს ჩვენს რიგებში, მარტივად შეგვაწუხა სინდისმა და მარტივად შევცვალეთ ქცევა. სიცოცხლის ხემ კიდევ
ერთხელ შეგვახსენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ შეზღუდული გარემოს პირობებში არსებობს; გარემო, რომელიც ჩვენ ვართ. სარეკლამო სააგენტომ J.Walter Thompson METRO კი შეგვახსენა, რომ ერთი შესანიშნავი პატარა იდეის ფასი, შესაძლოა, განუსაზღვრელი იყოს..

Shortlisted for Cannes Lions 2015 

Media – Use of events and stunts 

PARKING WHEELCHAIRS – BANK OF GEORGIA – J.WALTER THOMPSON 

YEAH!..