PLACEBO კადრს მიღმა

XII_issue3_content2

ფოტო: SHUTTERSTOCK

XII_issue3_content3

 

Placebo თბილისში – პირველივე წამიდან დაუჯერებლად ჟღერდა. მახსოვს, ჩართვაზე მივდიოდი. მთელი საქართველოსთვის პირველად სწორედ რუსთავი 2-ის ეთერით უნდა გამოგვეცხადებინა Open Air 2015-ის მანამდე სრულიად გასაიდუმლოებული ლაინ-აფი. ჩართვამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ვიგებ, რომ წელს საქართველოში ჩამოდის ჯგუფი, რომელსაც თითქმის მთელი ცხოვრებაა ვუსმენ, რომლის თითოეული სიმღერის ისტორია და ტექსტიც ზეპირად ვიცი. სიტყვებით ვერ აღვწერ ემოციას. ჯერ ვფიქრობ, რა სიამოვნება გველის წინ, Placebo-ს ცოცხლად უკვე მეორედ მოვუსმენ! პირველად მათ ლაივ კონცერტს 2 წლის წინ, სტამბულში დავესწარი. მაშინ ვუყურებდი კონცერტზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ვფიქრობდი, ხვდებოდნენ თუ არა, როგორი ბედნიერები იყვნენ – მათ ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფის წევრებისთვის ნებისმიერი კითხვის დასმის საშუალება ჰქონდათ! როდესაც ლაინ-აფის წაკითხვისგან მოგვრილი პირველი შოკის შემდეგ რეალობის აღქმა მიბრუნდება და მახსენდება, რომ თავადაც ჟურნალისტი ვარ, ვხვდები – ეს იმას ნიშნავს, რომ Open Air-ზე აკრედიტაცია მეც მექნება, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ჩემი საყვარელი მუსიკოსები ჩემს რესპონდენტებად ქცევის ალბათობა საკმაოდ მაღალია!
Placebo-ს ისტორია 1994 წლიდან იწყება, როდესაც ორი სტუდენტი – ბრაიან მოლკო და სტეფან ოლსდალი ერთმანეთს ლუქსემბურგში შეხვდნენ. ბრაიან მოლკოს უნიკალური, ე.წ. ცხვირისმიერი ხმით, ანდროგენული გარეგნობითა და სტეფან ოლსდალის ვირტუოზული შესრულების მანერით, Placebo-მ მუსიკის ლეგენდის, დევიდ ბოუის ყურადღება მარტივად მიიპყრო. ჯგუფის წევრები ხშირად ამბობენ, რომ ბოუი მათ მენტორად იქცა. Placebo-ს პირველივე ალბომი ბრიტანეთის ჩარტებში მოხვდა და, როგორც დღეს თავად ამბობენ, პირველივე კომპოზიციით დაწყებული ტრიუმფი, უკვე 20 წელია გრძელდება. წარმატების მსგავს ხანგრძლივობასა და მასშტაბს თავადაც არ ელოდნენ, თუმცა ფაქტია: Placebo დღესაც ისევე მარტივად ავსებს სტადიონებსა და საკონცერტო დარბაზებს, როგორც 90-იანებში და ჯგუფის სიმღერების ტექსტებიც ისევე ზეპირად იციან თაყვანისმცემლებმა, როგორც 15 წლის წინ.
საკუთარ შემოქმედებაზე, სიმღერის წერის პროცესზე, თაყვანისმცემლებსა და შთაგონებებზე გულწრფელად საუბრობენ და ჩემ მიერ დასმულ არცერთ კითხვას უპასუხოდ არ ტოვებენ.

როდესაც ერთმანეთს ლუქსემბურგში, მოგვიანებით კი ლონდონში შეხვდით და ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეთ, იფიქრებდით, რომ Placebo ლეგენდად იქცეოდა?

სტეფან ოლსდალი: ამაზე მოკლე პასუხი მაქვს – არა.
ბრაიან მოლკო: მაშინ, როდესაც ჯგუფს ვქმნიდით, ერთადერთი მოტივაცია გვქონდა: გაგვეკეთებინა ყველაფერი, რათა საოფისე სამსახური თავიდან აგვეცილებინა. ამ ტიპის სამსახურის, კომპიუტერთან ჯდომის, ერთი და იგივე ადგილზე ყოველდღე სიარულის, პიკის საათებში მეტროთი მგზავრობისა და საკუთარი უფროსის ზიზღის იდეა უკვე ძალიან გვძაბავდა, ამ ყველაფერზე ფიქრს დეპრესიამდე მივყავდით. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბენდი და იმ დროისთვის ძალიან ბედნიერებიც ვიყავით. ვქმნიდით მუსიკას, რომელიც საშუალებას გვაძლევდა გვეცხოვრა, თავი გამოგვეკვება, გვქონოდა საკუთარი ჭერი, რაც იმ დროისთვის სრულიად საკმარისი იყო. წარმატებულები ძალიან მალე გავხდით – ფაქტობრივად, პირველივე კომპოზიციიდან. ასე გაგრძელდა და დღემდე ასეა – 20 წლის შემდეგაც აქ ვართ, თუმცა ასეთ ხანგრძლივ და ასეთ მასშტაბურ წარმატებას ნამდვილად არ ველოდით, რადგანაც როდესაც ამ ყველაფერს ვიწყებდით, ერთადერთი მოტივაცია გვქონდა – თავიდან აგვეშორებინა რუტინული სამსახური.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ თქვენი მუსიკა თქვენი კარიერის პარალელურად განვითარდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი, თქვენს შემოქმედებაში გაჩნდა სხვადასხვა ჟანრის ელემენტები. როგორ ფიქრობთ, რა ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა მუსიკამ პირველი კომპოზიციის შექმნის შემდეგ?

ბრაიან მოლკო: ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად გვბეზრდება და როდესაც მეორე ალბომის ჩაწერაზე ვმუშაობდით, მივხვდით, რომ რაღაც უფრო მეტი გვსურდა. ასე რომ, ჩვენს მუსიკაში მეტი ფერების, არომატებისა და ტექსტურის დამატება დავიწყეთ და ეს დღემდე გრძელდება. როდესაც ჩანაწერს ვაკეთებთ, ეს ერთგვარი ალერგიული რეაქცია უნდა იყოს მთელი ალბომისთვის. ყოველ ჯერზე, გვსურს რაღაც ახალი შევქმნათ, ყოველთვის ვცდილობთ გავაფართოვოთ საზღვრები და Placebo-ს ჟღერადობისთვის ჩარჩოები არ არსებობდეს, რაც აღმოჩენებისა და გამოხატვის თავისუფლებას გვაძლევს. შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი გვაინტერესებს.

“Too many friends”, “Million little pieces ” – ეს სიმღერები ბოლო ალბომიდან – “Loud like love” – ყველაზე კარგად ეხმაურება Placebo-ს შემოქმედებას. საზოგადოებისგან იზოლირება, დეპრესიულობა, ღირებულებების მსხვრევა, სიყვარული – ყველა ეს ემოცია თქვენი შემოქმედების განმსაზღვრელია. შეგიძლიათ ცოტა მეტი მოგვიყვეთ თქვენს უახლეს ალბომზე? მოგვიყევით “Loud like love”-ის ისტორია.

სტეფან ოლსდალი: ბოლო ალბომი განსაკუთრებით ახლოსაა ჩვენს გულებთან და იმასთან, თუ რას ვგრძნობთ ამ ეტაპზე შემოქმედებითად. ჩვენ ყოველთვის მტკიცე ემოციური კავშირი გვაქვს ჩვენს მუსიკასთან. წლებმა აჩვენა, რომ სტილი ჩამოგვიყალიბდა – ის, რასაც Placebo ქვია. ბოლო ალბომი “Loud Like love” – ესაა ის, რასაც ვგრძნობთ. ესაა კომპოზიციები, რომლებიც ჩვენთვის ნებისმიერ ზღვარს შლის.

ყოველთვის განსაკუთრებულად გამოარჩევთ სიმღერას “Bosco” და ის მართლაც არ გავს თქვენს სხვა ნამუშევრებს. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ დაიწერა “Bosco” და რატომაა ის ასე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

ბრაიან მოლკო: შემოქმედებაში ძალიან რთულია წონასწორობის დაცვა. მთავარია, როგორ ხედავ შენს თავს ცვლილებების ფონზე. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩანაწერის გაკეთებისას მუდამ ვეჯახებით. რაც შეეხება სიმღერას “Bosco”, ვფიქრობ, რომ თითოულ ბენდს სურს, საკუთარი კარიერის განმავლობაში შექმნას სიმღერა, რომელიც სცდება ბენდის იდენტობას. ასეთია ის სიმღერა, რომელსაც უსმენ და გესმის, მიუხედავად იმისა, იცი თუ არა რამე მის შემსრულებელზე. ნებისმიერი ბენდი იმედოვნებს, რომ ასეთ სიმღერას ადრე თუ გვიან მაინც შექმნის. ოცი წლის შემდეგ, ჩვენ ამას “Bosco”-თი მივაღწიეთ. ამიტომ არის ის ასე გამორჩეული და მნიშვნელოვანი Placebo-სთვის. 

თქვენ თითქმის მთელ მსოფლიოში მართავთ კონცერტებს, არის რაიმე სხვაობა მსმენელებს შორის?
ბრაიან მოლკო: 90-იან წლებში პუბლიკა სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან განსხავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ დღეისთვის, როდესაც ინტერნეტის წყალობით,სამყარო ასეთი გახსნილი და ღიაა, სხვადასხვა ქვეყნის პუბლიკას შორის განსხვავება სულ უფრო მცირდება. სადაც არ უნდა წავიდეთ, Placebo-ს მსმენელები,
თავიანთი ემოციებით, ძალიან გულუხვები და დემონსტრატიულები არიან. ეს ორმხრივი პროცესია. სცენაზე ექვსკაციანი ჯგუფი უკრავს, რომელებიც უამრავ ხმას გამოსცემენ. აუდიტორიაში ათასობით ადამიანია, რომლებიც ასევე ბევრს ხმაურობენ, სადღაც შუაში კი ბენდისა და მსმენელის ენერგეტიკა იკვეთება და ემოციური კავშირი იქმნება – ერთგვარი სიმბიოზი, სინერგია, რასაც კოლექტიურ ეიფორიამდე მიყავხარ
და შენში, როგორც მუსიკოსში, უსაზღვრობის განცდას იწვევს, იმ წუთებში იკარგები… მთლიანად იმ დროში ხარ და როდესაც სიმღერის დაკვრას ამთავრებ, არც კი გახსოვს, რომ საერთოდ უკრავდი. სწორედ ეს არის მდგომარეობა, რის მიღწევასაც ყოველთვის ვცდილობთ, თუმცა ეს არ ხდება ყოველ ჯერზე და როდესაც ხდება, ეს არაჩვეულებრივია! ხშირ შემთხვევაში კი, ამ განცდას ის ენერგია განაპირობებს, რომელიც მსმენელისგან მოდის.

ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ყველაზე მეტად ცარიელი ფურცლის გეშინიათ. სიმღერის წერის პროცესი კი ერთდოულად დიდი სიამოვნებაცაა და მტკივნეული პროცესიც. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, თუ როგორ იქმნება Placebo-ს სიმღერები და რა ხდება თქვენი შთაგონების წყარო?

ბრაიან მოლკო: მუსიკა ყოველთვის პირველი იქმნება. ვწერთ იმას, რაც მოგვწონს. მუსიკას, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვქმნით. ეს შეიძლება ცოტა ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ვქმნით მუსიკას, რომელიც ჩვენ გვხიბლავს და იმედი გვაქვს რომ ის მსმენელსაც მოსწონს. Placebo-ს სიმღერების ტექსტების
ავტორი მე ვარ. მუსიკის შექმნის შემდეგ, ვეჯახები ცარიელ ფურცელს და ჩემს თავს ვეკითხები – რეალურად, რა ჯანდაბა მაქვს სათქმელი. ხშირად გვეკითხებიან, რა არის ჩვენი შთაგონების წყარო ან რა ახდენს ჩვენზე ზეგავლენას. წლების შემდეგ ვაცნობიერებ, რომ თავად სიმღერის წერის პროცესია შთაგონების წყარო, შთაგონების წყაროა ის დისციპლინა, რაც მუსიკის შექმნისთვისაა აუცილებელი. წერის პროცესი ჩემთვის საკუთარი თავის შესაცნობად მოგზაურობას ჰგავს. წერისას ვხვდები, რა ხდება ჩემში, ქვეცნობიერისა და ემოციების დონეზე. ეს ერთგვარი კათარზისია, ერთგვარი თერაპია. სიმღერის წერა საკუთარი თავის დახმარების ფორმაა. წლების განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო მტკივნეული და ინტიმურია ეს პროცესი, შედეგი მით უფრო უნივერსალურია, რადგან ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ერთნაირი ემოციებით.

XII_issue3_content4

Placebo-ს ყველა სიმღერას საკუთარი ისტორია აქვს. ჩემი ფავორიტი კი არის “Too Many Friends”-ის
ისტორია. 

ბრაიან მოლკო: ყველა ფიქრობს, რომ სიმღერა “Too Many Friends” ტექნოლოგიებს ეძღვნება. რეალურად, ის მართლაც არაა ანტიტექნოლოგიური სიმღე-რა და არც მე ვარ ტექნოლოგიების მოწინააღმდეგე. თუმცა, არსებითად, ეს სიმღერა მარტოობაზეა, ერთი ადამიანის მარტოობაზე… სანამ მობილურებს და, მით უმეტეს, სმარტფონებს გამოიგონებდნენ, ტელეფონის ადგილი კედელზე იყო, ეს იყო კომუნიკაციის ერთადერთი წყარო და სწორედ ამიტომ იქმნებოდა 50-იან, 60-იან,70-იან და 80-იან წლებში სიმღერები ტექსტებით – „ვზივარ ტელეფონთან და შენს ზარს ველი…“ ტექნოლოგიები განვითარდა, მაგრამ ძველი სიმღერებიც და, მათთან ერთად, “Too many friends” მარტოობასა და გულის გატეხვას ეძღვნება, განსხვავება მხოლოდ ტექნოლოგიებშია.

თუ არის რომელიმე სიმღერა, რომელსაც უსმენთ და ფიქრობთ, რომ დღეს მას სხვანაირად შეასრულებდით ან სხვა ემოციას ჩადებდით.

ბრაიან მოლკო: ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა Pink Floyd, ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ დაეწერათ ალბომი და შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ყოფილიყვნენ ტურნეში და სანამ სტუდიაში შევიდოდნენ, ეს სიმღერები მსმენელზე გამოეცადათ. ჩვენ ეს ფუფუნება არასდროს გვქონია, რადგან დღეისთვის ყველას აქვს მოწყობილობა, რომლითაც შეიძლება ჩაიწერონ სიმღერა, რომელზე მუშაობაც ჯერ არ გვაქვს დასრულებული. ასე რომ, ჩანაწერებს საიდუმლოდ ვაკეთებთ. რამდენიმე სიმღერა სპეციალურად ტურნესთვის შეიქმნა. არის სიმღერები, რომლებსაც აკუსტიკურად ვასრულებთ და სულ სხვა კომპოზიციას ვიღებთ. საკუთარი სიმღერების გადაკეთებას ხშირად მივმართავთ და დღეისთვის მათ უკვე საკუთარი, დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ.

ძალიან დიდი მადლობა.

ბრიან მოლკო: მადლობა თქვენ.


ჩემი საოცნებო ინტერვიუ შედგა! ბრაიან მოლკოსა და სტეფან ოლსდალს, მიუხედავად ჩემი მღელვარებისა, მაინც ვუთხარი, რომ თითქმის მთელი ცხოვრებაა ვუსმენ და რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მათ ოდესმე საქართველოში ვნახავდი და, მით უმეტეს, ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მომეცემოდა, რაზეც ორივე იცინის. ბრაიანი კი მეუბნება, რომ ზოგჯერ ოცნებებიც ხდება. მართალია, Selfie-ს გადაღებაზე უარს მეუბნება, სამაგიეროდ, ორი წლის წინ შეძენილ მათ ბოლო ალბომს დღეს უკვე სტეფან ოლსდალისა და ბრაიან მოლკოს ავტოგრაფი ამშვენებს:)

XII_issue3_content5