სტუდიო ვიზიტი მაია სუმბაძესთან

XII_issue3_content37

ფოტო: სანდრო სულაბერიძე 

მაია სუმბაძე, დაიბადა1972 წელს, თბილისში. ახლაც თბილისში ცხოვრობს და უამრავ სხვადასხვა სახის პროექტზე მუშაობს. არტისტს გალერეა Project ArtBeat 2014 წლიდან წარმოადგენს. ჩვენთან მაიას პრინტების და შერეული მედიის ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ. 2015 წლის 4-6 სექტემბერს Project ArtBeat მაია სუმბაძის, ლევან მინდიაშვილის და ირაკლი ბუგიანის ნამუშევრებს წარადგენს სტამბულში, არტ ბაზრობაზე Art International 2015.
მაიას თბილისში, მის სტუდიოში ვესტუმრე, რომელსაც პატარა ბაღიც აქვს, ულამაზესი მცენარეებით. სახელოსნოში უამრავი საინტერესო ნივთია. მათგან იღებს არტისტი ინსპირაციას. ნივთებს შორისაა პაპამისის ჩანახატები, შაბლონები ორნამენტებისთვის, სხვადასხვა მასალა, ძველი ფურცლები, მზა წარწერები… განსხვავებული მასალები, ფაქტურები, შრიფტები, ორნამენტები მაიას ნამუშევრებში კომფორტულად, ბუნებრივად ლაგდება.

მარიამ ლორია – სულ თავიდან რომ დავიწყოთ საუბარი, როდის დაიწყე ხატვა?

მაია სუმბაძე – ვერ გეტყვი, კონკრეტულად როდის დავიწყე. პაპაჩემი არქიტექტორი იყო, მამაჩემი გრაფიკული დიზაინერი და გავჩნდი ამ სამყაროში, რომელიც დღემდე ყველაზე საინტერესო და ჯადოსნურია ჩემთვის.

მ.ლ. – უკვე სერიოზულად როდის შეხედე მხატვრის პროფესიას?

მ.ს. – ეს მუდმივი პროცესია, რომელიც „ბოლომდე“ გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე რამე გავხდი. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი და ვმუშაობ. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი აუცილებლობაა.

მ.ლ. – რიტველდის აკადემიაში როგორ მოხვდი?

მ.ს. – ვიყავი ამსტერდამში და ძალიან მომეწონა იქაურობა. ძალიან მომინდა დაბრუნება და ვიფიქრე, რომ იქ უნდა მესწავლა. მერე გავაგზავნე რიტველდში ნამუშევრები, პორტფოლიო და მიმიღეს. ერთი წელი ვიცხოვრე და ვისწავლე ამსტერდამში. ძალიან საინტერესო იყო, ახალი გამოცდილება მივიღე. განსხვავებული იყო აქაური სწავლებისგან. თბილისში რომ ჩამოვედი, წესით, უნდა გამეგრძელებინა აკადემიაში სწავლა, სადაც არაფერი ხდებოდა.

მ.ლ. – თბილისში ახლა ყველაზე მეტად რა სჭირდება მხატვარს? რისი ნაკლებობა გაქვს?

მ.ს. – მინდა, რომ არსებობდეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მინდა, რომ გვქონდეს სამხატვრო აკადემია, სადაც შესაძლებელი იქნება მუშაობა და განათლების მიღება. მინდა, რომ არსებობდეს ბევრი გალერეა, სადაც მომინდება გამოფენის გაკეთება. ხელოვნება არ არის გართობა და ფუფუნება. ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ყველაფერი და ამიტომ მინდა, რომ მეტი ინტერესი იყოს ხელოვნების მიმართ. ასევე, მინდა, რომ მეტი დაფინანსებაც იყოს ამ სფეროში.

მ.ლ. – გოსლაბის ერთ-ერთი წევრი რადგან იყავი, მინდა, რომ ამაზეც გკითხო. ვინ და ვინ იყავით გაერთიანებული მასში, როგორ თანამშრომლობდით? რას აკეთებდით ერთად?

მ.ს. – გოსლაბს ოფიციალური სახე არ ჰქონდა. ძალიან ახლო მეგობრები და ნათესავები ვიყავით და ბევრი რაღაც გვქონდა საერთო, ხელოვნების გარდა. სულ ერთად ვიყავთ. ყველაფერი ხდებოდა მსუბუქად, ძალიან არაფორმალური იყო ეს ყველაფერი… განსაკუთრებული დატვირთვის გარეშე…. დიდი ხანი არსებობდა გოსლაბი და ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. არაფერი სერიოზული არ გვქონდა ჩაფიქრებული, თამაშივით იყო. გოსლაბში ვიყავით გიო (ჩემი ძმა), ნიკა მაჩაიძე, ჩუბიკა, ტუსია ბერიძე, სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, ზაზა რუსაძე, გოგი ძოძუაშვილი და მე. ყველა თავისას აკეთებდა. ერთად ვაკეთებდით გამოფენებს, აუდიო და ვიდეო ნამუშევრებს, შოუებს. ჩვენ გაკეთებულ ნამუშევრებს (ინდივიდუალურსაც და ერთად გაკეთებულსაც) ედებოდა ეს სახელი – გოსლაბ.

მ.ლ. – შენი გამოფენებიდან რომელი იყო შენთვის მნიშვნელოვანი და კარგი გამოცდილება?

მ.ს. – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამოფენა იყო ჯგუფური ექსპოზიცია On the Way, 2011 წელს, ვატო წერეთელთან, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA). იქ ავაწყვე ინსტალაცია და მომეწონა როგორც პროცესი, ასევე შედეგი. შარშან გავაკეთე გამოფენა იგივე სივრცეში. ალბათ, ისევ ამ გამოფენის გაგრძელება მინდოდა. ეს გამოფენა ახალი ნაბიჯი იყო და საინტერესო ეტაპი ჩემთვის. ასევე საინტერესო იყო ირინა პოპიაშვილის კურირებულ გამოფენაში მონაწილეობა ვენის არტ ბაზრობაზე, 2013 წელს.

მ.ლ. – კიდევ რა პროექტებზე მუშაობ?

მ.ს. – იმის გარდა, რასაც ვფენ და ვყიდი, როგორც ჩემს საავტორო ნამუშევრებს, ასევე ვაკეთებ წიგნის, ჟურნალის, პლაკატის, ბარათების დიზაინს, ილუსტრაციებს. ეს სფეროც მიყვარს და მაინტერესებს.

მ.ლ. – დღეს აკეთებ პრინტებს და გრაფიკულ ნამუშევრებს.

XII_issue3_content38      XII_issue3_content39

XII_issue3_content40     XII_issue3_content41

მსგავსი ტიპის რაღაცეების კეთებაზე როგორ გადახვედი?

მ.ს. – ნელ-ნელა. ასე ზუსტად არ ვიცი, დიდი ხანია ვაკეთებ კომპიუტერულ გრაფიკას. ალბათ 7-8 წლის წინ, ჩემმა შვილმა, მაქსიმემ, მიყიდა დიჯიტაიზერი. ძალიან მომეწონა. ვხატავ ციფრულად. პროცესი საინტერესოა და ბევრი ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა. მერე ვბეჭდავ სახლში, სხვადასხვა ქაღალდზე და ხელით ვამუშავებ ან ვბეჭდავ პირდაპირ ფერად ციფრულ ვარიანტებს.

მ.ლ. – ბოლოდროინდელ ნამუშევრებში სიტყვები, ფრაზები და წარწერები ფიგურირებს…

მ.ს. – ახლა ვაკეთებ სერიას ტექსტით. მინდა ამ ნამუშევრებით გამოფენა გავაკეთო.

მ.ლ. – ნამუშევრები, რომლებზეც სინთეტური მასალებით მუშაობ, როგორ კეთდება? როდის დაიწყე?

მ.ს. – ბოლო წლებია, ასეთი ტიპის ნამუშევრებს დროდადრო სულ ვაკეთებ. ვიყენებ სხვადასხვა ტიპის და ფაქტურის ქაღალდებს, რომლებსაც სულ ვეძებ და ვაგროვებ. ეს არის ძველი კარტოთეკები, სხვადასხვა წარმოშობის სქემები, ნახაზები, ძველი ხელნაწერები… ასეთი ნამუშევარი თქვენს საიტზეც არის. ესაა ნახატი სერიიდან „მფრინავი ობიექტები და მონუმენტები“, რომლისთვისაც სხვადასხვა ტიპის ქაღალდია გამოყენებული. ასევე, რამდენიმე ნამუშევარში გამოყენებული მაქვს პაპაჩემის შექმნილი ორნამენტები.

მ.ლ. – ახლო მომავალში დაგეგმილი გაქვს გამოფენა ან რამე პროექტი?

მ.ს. – ძალიან მიხარია, რომ Project ArtBeat წელს, სექტემბრის დასაწყისში, ჩემს ნამუშევრებს ლევან მინდიაშვილის და ირაკლი ბუგიანის ნამუშევრებთან ერთად წარადგენს სტამბულის არტ ბაზრობაზე Art International 2015.
ასევე, ვგეგმავ გამოფენას, სადაც მინდა ახალი ნამუშევრები გავიტანო. მინდა რამე პროექტი ჩემ შვილთან – მაქსიმესთან ერთად გავაკეთო.

XII_issue3_content46

XII_issue3_content45

XII_issue3_content47