BREAKING BAD – თავბრუსხვევა

ლეო ნაფტა 

XII_issue3_content31

ამ რამდენიმე დღის წინ, ეკოლოგიური კატასტროფის პირას მდგარი, გეტოებით გადაძეძგილი თბილისის ზაფხულის ხვატიდან და საცობებიდან შინ მიმავალს, ზედ ჩემ ქუჩაზე, ახლად გახსნილი “საოჯახო კვების“ ობიექტი შემომხვდა. რადგან ძალიან მშიოდა და სახლშიც არაფერი ისეთი არ მეგულებოდა, რაც დამანაყრებდა, გადავწყვიტე უცებ და რაც შეიძლება მალე გადამეწყვიტა კუჭის გასტრონომიული უსაფრთხოების პრობლემა და შევედი. თავიდან ვფიქრობდი, რაღაცეებს ვიყიდი, სახლში წავიღებ და იქ გეახლები-მეთქი, მაგრამ იქ შესულს თითქოს ურო მომხვდა თავში და დამარეტიანა – არც მეტი, არც ნაკლები, თეთრ ხალათში გამოწყობილი ჩემი ნაცნობი დამხვდა – ჩამრგვალებული კაცი, წვერი რომ თხლად გაეკრიჭა, დახლთან იდგა და სხვადასხვა საჭმელს ახარისხებდა, ადამიანებს ემსახურებოდა, ხურდას ითვლიდა, სასწორზე წონიდა, თავის კოტიტა თითებით რაღაცეებს ანგარიშობდა და ზოგჯერ ცინიკური ღიმილი დაკრავდა სველ შუბლზე. მე ამ კაცს ძალიან კარგადვიცნობდი
– დიახ, მე ის არამარტო ნანახი მყავდა ერთხელ, არამედ მის შესახებ ვიცოდი თითქმის ყველაფერი
– რომ სინამდვილეში ის ბაქრაძის ქუჩაზე კი არ მუშაობს ამ “საოჯახო სამზარეულოში“, სინამდვილეში ის მექსიკის ერთ-ერთი კლინიკის კორუმპირებული ქირურგია და მასთან ხშირად მიყავთ დაჩეხილი, მოწამლული, ხელფეხმოჭრილი, სისხლისგან დაცლილი ნარკობარონები, ნარკობარონების რიგითი ჯარისკაცები, დაკოკაინებული ბოზები, პირზე დუჟმომდგარი ბანდიტები, სისხლის აღებას შეწირული ჩვილი ბავშვები, თავმოკვეთილი გვამები; და სწორედ მან გადაარჩინა გუსტავ (გას) ფრინგი, როდესაც სალამაკების საგვარეულოს მოწამვლის და განადგურების შემდეგ, თავადაც მოწამლული, სწორედ იმ საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა ის უარს ამბობდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილიმაიკის გადარჩენაზე, ფულს ითხოვდა დამატებით შრომაში. გადავწვყვიტე იქვე დავრჩენილიყავი. დახლს მივუახლოვდი, სამი კატლეტი, წიწიბურა, ქათმის სალათი და წყალი ავიღე, დავჯექი და თვალს არ ვაშორებდი ამ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით გამოჩნდა ხუთსეზონიან სერიალში, რომელიც ზუსტად ხუთი წელი გადიოდა ამერიკაში და რომელსაც “Breaking Bad“, ქართულად კი“მძიმე დანაშაული” ქვია.
სტერეოტიპულ ამერიკელ გადასახადების გადამხდელს და უაღრესად პატიოსან ქიმიის მასწავლებელს, უოლტერ უაითს 50 წელი უსრულდება, მეორე დღეს კი გაიგებს, რომ ფილტვის კიბო აქვს და სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. პარალელურად, ის ავტოსამრეცხაოში მუშაობს, რომელიც მისი დამატებითი შემოსავალია. სწორედ იქ წაუვა პირველად გული, სწორედ იქედან წაიყვანენ საავადმყოფში და სწორედ მაშინ გაიგებს, რომ უკურნებელი სენი ჭირს. და რას აკეთებს ამ დროს? თავის ყოფილ მოწაფესთან, ხულიგან, ნარკომან ჯესი პინკმანთან ერთად, მეტამფეტამინის ხარშვას იწყებს, რომ საკუთარი ოჯახი (ცერებრალური დამბლით დაავდებული შვილი და ცოლი) სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად უზრუნველყოს. ლიტერატურის და კინოს ისტორიაში უამრავი შედევრი შექმნილა ადამიანებზე, რომლებიც ერთხელ გარისკული და ჩადენილი კრიმინალის შემდეგ, მეტამორფოზას განიცდიან და კანონმორჩილი, გულჩათხრობილი, მეოჯახე და სულელი მოქალაქეებიდან – ყველაზე სასტიკად დამნაშავეებად იქცევიან. მაგრამ უოლტერ უაითის მდგომარეობა სხვაა- “მე გავიღვიძე, აქამდე, უბრალოდ, მეძინა“ – ამბობს ის და თავბრუდამხვევ, საშიშ და უკიდეგანოდ სასტიკ მოგზაურობას იწყებს არა თავის მიერ გამოგონილ, ილუზიურ სამყაროში, თავის ფიქრებთან და პერვერსიებთან ერთად, არამედ რეალურ ჯოჯოხეთში, რომელიც ჩვეულებრივ, პატიოსან ქიმიის მასწავლებელს ყველაზე დაუნდობელ კრიმინალად, მკვლელად, მატყუარად, მოღალატედ აქცევს; გზა უბრალო მასწავლებლიდან ნარკობარონ ჰაიზენბერგამდე, რომლის სახელიც აზანზარებს და შიშის ზარს სცემს პატარა ალბუკერკეს. ნიუ მექსიკოს, ამ მოსაწყენი და ერთფეროვანი ქალაქის (სადაც სახლებიც კი ტყუპისცალებივით გავს ერთმანეთს), ეს თვინიერი მოქალაქე ნამდვილ მონსტრად იქცევა, ადამიან-კოშმარად, რომელსაც ვერანაირი უბედურება ვერ უკაკუნებს კარზე, რადგან “თვითონ არის ის საფრთხე და ის უბედურება, რომელიც აკაკუნებს“. მთელი ხუთი სეზონის განმავლობაში გეზიზღება, გძულს, გიყვარს, თავზარს გცემს, გტკივა, გესმის, ნერვებს გაგლეჯს, დახრჩობა გინდა, ვერ წყდები, ვერ ელევი, გეტირება, ყელში ბურთი გეჩხირება, ცრემლებს ყლაპავ, თავბრუ გეხვევა და დაყვები, დაყვები, დაყვები… ფიქრობ, რაღა შეიძლება მოხდეს, რაღა შეიძლება მოიფიქროს და გააკეთოს, სადღა შეიძლება წავიდეს ამ კაცის ფანტაზია, როდის დაამთავრებს გენიალური რეჟისორი ვინს გილიგანი შენს წამებას, რომელიც ასე გსიამოვნებს, რომელიც ასე გიზიდავს, რომელიც ასე გირევს გონებას… ოდესმე დამთავრდება ეს საშინელი და უაღრესად დრამატული “თრიფი“? მაგრამ არა,ის თითქოს არასდროს მთავრდება. მუდმივი განცდა გაქვს, რომ ამას ისევ უკურნებელი სენის ხელახალი შემობრუნება თუ დაასრულებს (ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის წყალობით, უოლტერმა ავადმყოფობის რემისია შეძლო), თითქოს ხვდები კიდეც, როგორ დამთავრდება ყველაფერი, მაგრამ მაინც არ გჯერა, რომ შენს თვალწინ, შენთან ერთად, ადამიანის ისეთი გარდასახვა ხდება, რომელიც ძალიან რეალური და თითქოს სრულიად ბუნებრივია და ამ გარდასახვასთან შედარებით, უკურნებელი სენიც მეორეხარისხოვანია.
ნარკოტიკების თემა ერთი პატარა ძაფია, რომელზეც მთლიანი სტრუქტურაა აგებული და რომელიც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად გახსოვს. ის თითქოს მხოლოდ მიზეზია, ძალიან უბრალო და საერთოდ არარსებული მიზეზი ჰაიზენბერგის გამოღვიძებისა. თუმცა, რატომ მარტო ჰაიზენბერგი? აქ ყველა პერსონაჟს საკუთარი ცხოვრება და წარსული აქვს: ადვოკატი სოლ გუდმენი (რომელზეც გილიგანმა ცალკე გადაიღო
სპინოფი (“Better call Soul“); უოლტერის ცოლი სკაილერი (რომლის“ჰეიტერების“ მთელი მიმდინარეობა დაარსდა ინტერნეტ სივრცეში); მისიქვისლი, ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს მაღალჩინოსანი ჰენკი; კლეპტომანი ცოლის და; ნარკობარონი და ჩილელი ემიგრანტი გუსტავ ფრინგი (ერთ-ერთი ყველაზე გენიალური პერსონაჟი); “მწმენდავი“და შემსრულებელი მაიკი; ტუკო სალამანკა და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული ჰექტორი, რომელიც მხოლოდ ერთ თითს ამოძრავებს და მიუხედავად ამისა, დაუვიწყარ პერსონაჟად რჩება; თავად ჯესი პინკმანი და მისი ერთადერთი სიყვარული. ვერავის გამოარჩევ. არავინ არის კარგი და არავინ არის ცუდი, არ არსებობენ დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები – ისევე როგორც აქ, ჩვენთან, რეალურ და რუტინულ ყოველდღიურობაში. ისინიც კი, ვინც თუნდაც ერთხელ, მხოლოდ ერთ ეპიზოდში გამოჩნდა, თუნდაც სულ რამდენიმე წამით – გამახსოვრდება, ლიტერატურულ ალუზიებს აღგიძრავს
და არასოდეს გავიწყდება. ოჯახის სიყვარულით და მისი კეთილდღეობისთვის დაწყებული საქმე, რომელიც ჩანასახში შვილის სწავლის ფულს, იპოთეკას და სხვა ამგვარ საყოფაცხოვრებო ამერიკულ ოცნებებს უკავშირდებოდა, ნელ-ნელა თამაშად იქცევა, რომელშიც იმდენად ღრმად შედის უოლტერ უაითი, რომ უყვარდება, ზრუნავს და მისი ცხოვრების აზრად გარდაიქმნება – აკი ეუბნება კიდეც თავის ცოლს უკანასკნელი ნახვისას: “ჩემთვის, ჩემთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მსიამოვნებდა, თან კარგად გამომდიოდა, საუკეთესო ვიყავი.“
მეტამორფოზა – არა როგორც გრეგორ ზამზა, რომელიც ადამიანიდან საცოდავ, ამაზრზენ მწერად იქცა, რომელსაც იმის უნარიც კი არ ქონდა, ოჯახი ერჩინა; არამედ პირიქით – ჰაიზენბერგი, რომელიც ერთი რიგითი, საცოდავი მომაკვდავი ადამიანიდან ისეთ მონსტრად იქცა, რომელიც გიყვარს და რომელიც გძულს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>