პოპ-არტ კედლებზე

`Amerika_1974_N214-001

ბოლო დროს ამერიკულ ქალაქებში სულ უფრო ხშირადაა შესაძლებელი შენობების მოხატული კედლების ნახვა. ეს ზოგიერთი ქუჩის მოსაწყენ შესახედაობას აცოცხლებს. კედლების მოხატვით უმეტესად დაკავებულნი არიან პროფესიონალი მხატვრები, მაგრამ მათ არც მოყვარული ფერმწერები ჩამორჩებიან, სკოლის მოსწავლეებით დაწყებული და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებით დამთავრებული. ხშირად ქუჩების ამგვარი მოხატვა ხორციელდება საქალაქო ხელისუფლების მეთვალყურეობით, რომელიც წყვეტს, თუ სადაა უმჯობესი მოხატვა და ვის უნდა მიანდონ ეს საქმე.

რით აიხსნება ასეთი გატაცება? ბევრ მხატვარს მიაჩნია, რომ მუზეუმები მოწყდნენ მასებს და ამიტომ არ შეუძლიათ მოემსახურონ მოსახლეობის უმრავლესობას. გვხვდებიან ისეთებიც, ვინც ოცნებობს, რომ დაინგრეს ბარიერები, რომლებიც წმინდა ხელოვნებას აცალკევებს ყოველდღიური ცხოვრებისაგან; ისინი ამტკიცებენ, რომ ფერწერა კედლებზე მათ საშუალებას აძლევს, პირდაპირი ურთიერთობა იქონიონ ამათუიმ უბნის მაცხოვრებლებთან.

არსებობენ მხატვრები, რომლებიც ამ მეთოდში ხალხის შემოქმედებითსა და ინტელექტუალური აღზრდის შესაძლებლობას ხედავენ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები – შავკანიანები, მექსიკელები და ა.შ. – კედლებზე განთავსებული ნახატებით მოგვითხრობენ თავიანთი ხალხის ისტორიას, გამოხატავენ ნაციონალურ სიამაყეს, თავიანთ იმედებსა და სატკივარს. ასეთი მხატვრობის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს 1967 წელს ჩიკაგოში საზოგადოების „მოძრაობა კედლების მოხატვისთვის“ წევრი ოცი შავკანიანი მხატვრის მიერ შექმნილი „პატივისცემის კედელი“. ამ საზოგადოების დამფუძნებელი, ბილ უოკერი შემდეგნაირად ხსნის მათ მიერ დასახულ მიზანს: „ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ხელოვნება შევიტანოთ ხალხში, შევქმნათ ის ხალხის სახელით, ჩვენი ნაციონალური გრძნობების – თვითშეფასების, ღირსების, სიამაყის, შეგნების – სახელით“.

ნახატების ტექნიკა და ფართობი სხვადასხვა ქალაქებში განსხვავებულია. მაგალითად, ბოსტონში არსებობს კულტურის საკითხების ბიურო, რომლის წევრებსაც ნიშნავს ქალაქის მერი. ეს ბიურო ეძებს შესაფერის კედლებს და სახსრებს მხატვრების შრომის ანაზღაურებისთვის, იმ მოსაზრებით, რომ კედლის მხატვრობა ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ქალაქის შედარებით მოუვლელ რაიონებს. ლოს ანჯელესში მხატვრები დამოუკიდებლადაც მუშაობენ და პარკებისა და დასასვენებელი ადგილების მმართველი ორგანოების მითითებითაც. სან ფრანცისკოს სკოლებში გახსნილია სამხატვრო სახელოსნოები, სადაც სპეციალისტების ხელმძღვანელობით მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ალამაზებენ სასკოლო ნაგებობების კედლებს.

რასაკვირველია, წმინდა ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ გააკრიტიკონ ასეთი ნახატები. მაგრამ მათ სასარგებლოდ ორი ფაქტი მეტყველებს: იშვიათია შემთხვევა, როცა გამვლელს არ გაეღიმება მოხატული კედლების დანახვისას, თანაც ასეთი კედლების წყალობით ქუჩები უფრო ნათელი და ფერადი ხდება.

XII_issue4_Content66

სურათი 1. სან ფრანცისკოელმა მოსწავლეებმა, ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საკუთარი სკოლის კედელზე დახატეს მზე, რომელიც ანათებს ფანტასტიკურ შუასაუკუნეების სამეფოს.
სურათი 2. ქალაქის მრავალპლანიანი პეიზაჟი ქალაქისთვის დამახასიათებელი სამანქანო მოძრაობით გამოსახულია ახალგაზრდული ცენტრის „ინტეგრაციის სახლის“ სამიდან ერთ-ერთ მოხატულ კედელზე ფილადელფიაში.
სურათი 3. კედლის უჩვეულო გაფორმება ავტობუსის გაჩერებასთან ოლბანიში (ნიუ იორკის შტატში): ავტობუსის მომლოდინე ადამიანები, მილები, ტელეფონის ავტომატები –ყველაფერი ეს აუცილებლად მიიპყრობს გამვლელების ყურადღებას.
სურათი 4. ხეების ეს სილუეტი ფილადელფიაში საცხოვრებელი სახლის გვერდითა კედელს ამშვენებს. კედელი მოიხატა დასვენების საკითხების საქალაქო განყოფილების შეკვეთით.
სურათი 5. ლოს ანჯელესში მხატვარმა კედელზე ძალზე ავისმომასწავებლად გამოსახა, რად შეიძლება იქცეს კალიფორნია მიწისძვრის შედეგად – ოკენის ტალღები ავტოსტრადის ნარჩენებს ეხლება.
სურათი 6. ნატურალური ზომის გეგმა – ასე შეამკო ერთმა ნიუ იორკულმა არქიტექტორთა ფირმამ საკუთარი ფასადი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ გეგმის თანახმად აპირებს ფირმა ამ შენობის გადაკეთებას.

XII_issue4_Content67

XII_issue4_Content68

XII_issue4_Content69

XII_issue4_Content70