ლი სტრასბერგი

სთივენ ჰაიგერი

XII_issue4_Content95

ზაფხულის მიწურულს ნიუ იორკის სტუდია „ასტორიას“, რომელიც ქალაქის ცენტრიდან თხუთმეტი წუთის სავალზე მდებარეობს, სამი კვირით ფილმის „თუ სიკვდილია – მუსიკით იყოს“ გადამღები ჯგუფი დაეპატრონა. დაბალ, გამოქვაბულის მსგავს სტუდიაში მარტივი დეკორაციები განათავსეს. მის გარშემო გამნათებლებმა და ხმის ოპერატორებმა დაამონტაჟეს ნათურები, რეფლექტორები, მიკროფონები, გაატარეს კილომეტრობით სქელი კაბელები. ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ ჯორჯ ბერნსი და არტ კარნი – კინოსა და ტელევიზიის გამოჩენილი კომიკოსები, ასევე ლი სტრასბერგი. – ლი სტრასბერგი? – განმეორებით იკითხა გაოცებულმა დარაჯმა სტუდიის შესასვლელში, – ვინ არის ლი სტრასბერგი? მართალია, ეს სახელი მაყურებელთა ფართო მასისათვის უცნობია, მაგრამ მსახიობთა წრეში იგი ლეგენდარულია. სტრასბერგი – მეთოდის სახელია. მეთოდი კი ჰოლივუდური ელიტის ისეთ წარმომადგენლებთან ასოცირდება, როგორებიც არიან: რეჟისორი ელია კაზანი, მსახიობები ლი კობი, მარლონ ბრანდო, ჯეიმს დინი, შელი უინტერსი, მორინ სთეიპლთონი, როდ სტაიგერი, პოლ ნიუმენი, ჯოან ვუდუორდი, ელენ ბერსტინი, დასტინ ჰოფმანი, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და სხვები. ყოველი მათგანი თუ უშუალოდ მოსწავლე არა, მიმდევარი მაინც იყო
სტრასბერგისა. ახლა სტრასბერგი თითქმის 80 წლისაა. ცხოვრების ნახევარი მან ჩვენი საუკეთესო მსახიობების აღზრდას შეალია. ათი წლის წინ მან ახალი ცხოვრება დაიწყო –ხელახლა დაქორწინდა, გახდა ორი შვილის მამა, დააარსა საკუთარი დრამატული სკოლა, წამოიწყო რამდენიმე წიგნის წერა და დაიწყო კინოში გადაღება. „ოღონდაც ამას კარიერას ნუ უწოდებთ, – აპროტესტებს იგი, – ძალიან მოხუცი ვარ ახალი კარიერისთვის. მე მხოლოდ ერთი კარიერა მაქვს, რომელსაც მთელი ცხოვრება შევწირე – ნიჭიერი თამაშის მექანიზმის შესწავლა. ფილმები – მხოლოდ გასართობია“.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრენსის ფორდ კოპოლამ თავისი ფილმის „ნათლიას“ მეორე ნაწილში მას როლი შესთავაზა. სტრასბერგმა შეასრულა ეს როლი და იგი ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის პრემიაზე წარადგინეს. მან უამრავი წინადადება მიიღო და მოგვიანებით ხუთ ფილმში გადაიღეს, რომელთაგან სამი სულ ახლახან გადიოდა ეკრანებზე – „გასეირნება“, „მართლმსაჯულება ყველასთვის“ და „თუ სიკვდილია –
მუსიკით იყოს“. „დროდადრო გვესმის მცდარი მტკიცება იმისა, რომ რაც უფრო ცოტას ფიქრობს მსახიობი, მით უკეთესია, – ოხრავს სტრასბერგი, – ეს ყველაფერს ეხება. არსებობს განსხვავება ნასწავლ ცოდნასა და პრობლემების გადაჭრის უნარს შორის. თუ მსახიობს ეს უნარი არა აქვს, ის ვერასოდეს გახდება ოსტატი“. მართალია, სტრასბერგი ჩვეულებრივ წყნარად ლაპარაკობს, მაგრამ ზოგჯერ მის ხმაში გამოცოცხლება და სიმტკიცე ისმის. ის კეთილგანწყობით პასუხობს ნებისმიერ კითხვას, და მაინც, როგორიც არ უნდა იყოს კითხვა, პასუხი როგორღაც თვითონ გვაბრუნებს მის საყვარელ თემებთან: იმის შესახებ, რომ შეუძლებელია, დაწერო
სახელმძღვანელო მსახიობებისათვის, რომ საჭიროა საყოველთაო ამერიკული თეატრი და რომ მისი მეთოდი
არასწორად ესმით. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ის თეატრალური თამაშის ფილოსოფოსია, შეიძლება  იფიქროთ, რომ მასთან მუშაობა რთულია, – ამბობს 28 წლის მწერალი და ფილმის „თუ სიკვდილია – მუსიკით იყოს“ რეჟისორი, მარტინ ბრესტი, –მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა: ის ძალიან დამყოლია და სიამოვნებით ისმენს რჩევებს“. ლი სტრასბერგი რვა წლის იყო, როდესაც 1908 წელს დედასთან ერთად ჩავიდა კუნძულ ელის აილენდზე, რომელიც ყველა ემიგრანტის მიმღები პუნქტი იყო. მისი პირველი მოგონებაა, როგორ ელოდა, სანამ ექიმები თვალებს უმოწმებდნენ და ცარცით ქურთუკზე აღნიშვნას გაუკეთებდნენ: ისინი შიშობდნენ, რომ მას გლაუკომა ჰქონდა.
სტრასბერგმა 10 წელი იცხოვრა მანჰეტენის სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილში, ებრაელების რაიონში. ებრაულ
თეატრალურ დასში ბავშვობიდანვე თამაშობდა, მაგრამ მსახიობობა ოცი წლის ასაკში გადაწყვიტა. „ეს ჩემთვის
მთავარი გასართობი იყო, – ამბობს სტრასბერგი, – იქ გავიცანი ჩემი პირველი მეუღლე. კარგია, რომ მაშინ თეატრით, როგორც საჭიროა, ისე არ ვიყავი დაინტერესებული, რადგან სწორედ მაშინ საშინელი ფიასკო განვიცადე სცენაზე. მაშინდელი ჩვენი რეპეტიციები ძალიან არასრულყოფილი იყო. პრემიერაზე სცენაზე უნდა გამოვსულიყავი და ლამპა ამენთო. სცენაზე რომ გამოვედი, უცებ გავაცნობიერე, რომ ეს ლამპა არასოდეს მენახა.
ეს იყო ძველებური, შუშის ლამპა. ასანთი უკვე იწვოდა და ავდექი და ჩავტენე ერთადერთ ჭრილში, რომელიც შევამჩნიე. ლამპა აფეთქდა. თვალთ დამიბნელდა. არ ვიცი, როგორ მოვშორდი სცენას, მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მომდევდა ათასობით თვალი“.
1925 წლისთვის სტრასბერგი მთლიანად შეპყრობილია თეატრით და საუბრებშიც აუცილებლად უბრუნდება სამსახიობო ოსტატობას. „თითქმის ისევე, როგორც იუველირი ისაუბრებდა საათის მექანიზმზე“, – იხსენებს რეჟისორი და კრიტიკოსი ჰაროლდ კლურმანი. კლურმანმა სტრასბერგი მაშინ გაიცნო, როდესაც 30-იანი წლების თეატრალური ჯგუფი „გილდი“ ბროდვეიზე დგამდა სპექტაკლს „ჰარის გართობა“. სტრასბერგი მსახიობი იყო, კლურმანი კი – რეჟისორის ასისტენტი. ისინი დამეგობრდნენ და ხშირად ხანგრძლივად საუბრობდნენ თეატრის მომავალზე. ჯგუფი „გილდი“ ნამდვილ თეატრად არც ერთს არ მიაჩნდა და ორივე ოცნებობდა პირველი კლასის თეატრზე, რომელიც გახდებოდა ნიმუში და მაგალითი მათი თაობის წარმომადგენლებისთვის. ერთხელ კლურმანი სტრასბერგთან მივიდა და განუცხადა, რომ პარიზში აპირებდა გამგზავრებას.
– რისთვის? – ჰკითხა სტრასბერგმა.
– იმიტომ, რომ აქ არაფერია საკეთებელი, – უპასუხა კლურმანმა.
– გაემგზავრები პარიზში, ცოტა ხანს იქ იცხოვრებ და დაბრუნდები. არ მესმის, – უთხრა სტრასბერგმა, – შენ ხომ
იმასვე დაუბრუნდები, რასაც ახლა აკეთებ. რა აზრი აქვს გამგზავრებას?
– დარჩენას რომ აზრი ჰქონდეს, დავრჩებოდი.
– თუ აზრი გჭირდება, – უთხრა სტრასბერგმა, – მაშინ უნდა მოძებნო.
ოთხი წლის შემდეგ, 1931 წელს, მათ იპოვეს აზრი. მათ დააარსეს თეატრი „ჯგუფი“.
სტრასბერგმა კლურმანი ძირითადად, საკუთარი რეჟისორული ოსტატობით მოხიბლა. მას შეუდარებლად
შეეძლო მსახიობის სულში შეღწევა. სტრასბერგი საკუთარ, განსაკუთრებულ ენაზე ლაპარაკობდა და, თითქოს მარაგში ჰქონდა უამრავი ხერხი, რომლითაც ნედლი ნიჭის განვითარებას უწყობდა ხელს. ერთხელ, როდესაც
სტრასბერგი და კლურმანი რასინის პიესა „ესფირის“ ერთ-ერთი სცენის რეპეტიციას ესწრებოდნენ, შეამჩნიეს, რომ ერთ მსახიობ ქალს როლი არ გამოსდიოდა. „ვიცი, როგორ შევასრულებინო“, – დარწმუნებით განაცხადა სტრასბერგმა. ამ შენიშვნამ კლურმანი გაანაწყენა. როგორ უნდა სცოდნოდა ამ 25 წლის ბიჭს სამსახიობო ოსტატობის შესახებ უფრო მეტი, ვიდრე პროფესიონალებს, რომლებიც სცენაზე იდგნენ ჯერ კიდევ მის დაბადებამდე?!
თავის უჩვეულო ცოდნას სტრასბერგი ორი წყაროდან ისრუტავდა: უსასრულო ოდენობის წიგნებიდან თეატრის შესახებ, რომლებსაც იგი „ნთქავდა“ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია – ამერიკის ლაბორატორიულ თეატრში სწავლიდან. ამ სკოლის მასწავლებლები – რიჩარდ ბოლესლავსკი და მარია უსპენსკაია მაშინ ჯერ კიდევ უცნობი რუსი თეატრალური პედაგოგის, კონსტანტინ სტანისლავსკის მოსწავლეები იყვნენ.
სტანისლავსკი პირველი რეჟისორი იყო, რომელმაც დაიწყო ნიჭიერი მსახიობების თამაშის სისტემატური შესწავლა, რათა დაედგინა, რაში მდგომარეობდა კარგი თამაშის საიდუმლო. უბრალო ლექსიკით რომ ვთქვათ, თეატრალური წარმოდგენა – ესაა „თავის მოჩვენების“ უნარი. მაყურებლის დასარწმუნებლად, რომ იგი ინგლისის მეფეა, მსახიობმა ეს თვითონაც უნდა დაიჯეროს. იგი სცენაზე უნდა გამოვიდეს ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. ბევრი მსახიობისთვის ორჭოფობის დაძლევა არც ისე რთულია, როგორც როლის ყოველდღიურად ბუნებრივად თამაში. სცენის დამაჯერებლად შესასრულებლად, – გვასწავლის სტანისლავსკი, – მსახიობმა იგი უნდა დაანაწევროს შემადგენელ ნაწილებად, და ყოველი ნაწილისათვის მოქმედმა პირმა უნდა დაისახოს განსაკუთრებული ამოცანა. ამოცანაზე ყურადღების გამახვილებით მსახიობი არ დაკარგავს როლის რეალიზმს.
„სტანისლავსკი შესანიშნავ მაგალითს იძლევა, – ამბობს სტრასბერგი, – თუ მიბრძანებთ: „აწიე ხელი!“ მე ხელს ავწევ, მაგრამ არ მეცოდინება, მერე რა ვუყო მას. თუ მეტყვით: მისწვდით, აი, იმ ნათურას, ყველაფერი ნათელი გახდება, რადგან მე მეცოდინება, რისთვის ვწევ ხელს“.
სცენა ფილმიდან „თუ სიკვდილია – მუსიკით იყოს“. სამი პენსიონერი – ლი სტრასბერგის (მარჯვნივ), არტ კარნისა (ცენტრში) და ჯორჯ ბერნსის შესრულებით – გადაწყვეტს, გაქურდოს ბანკი. ქვემოთ: სტრასბერგის გაკვეთილი სამსახიობო სტუდიაში. 1949 წელს დაარსებულმა სტუდიამ თეატრისა და კინოს ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი აღზარდა.
სტანისლავსკიმდე მსახიობი თითქმის არ ემზადებოდა როლისათვის შინაგანად. იგი სწავლობდა სიტყვებს და იმედი ჰქონდა, რომ შთაგონება სცენაზე ეწვეოდა. ეს ზოგჯერ მართლდებოდა, ზოგჯერ კი არა. სტანისლავსკის მეთოდით აღზრდილი მსახიობები კი სცენაზე საკუთარ თავში დარწმუნებულები გადიოდნენ. უბრალოდ ხელის აწევის ნაცვლად, ისინი ცდილობდნენ, ნათურას მისწვდომოდნენ.
„მეთოდი , – ამბობს ლი სტრასბერგი, – არსობრივად, უბრალო შეჯამებაა იმისა, რასაც კარგი თამაშისას მსახიობები ქვეცნობიერად ყოველთვის აკეთებდნენ.
დღეს სტუდენტებს არ შეუძლიათ, ისხდნენ და სცენას განიხილავდნენ ისე, რომ მაშინვე არ იკითხონ – „რა მიზანი მაქვს სინამდვილეში?“ უმეტეს შემთხვევაში პასუხი ტექსტში კი არ არის, არამედ სტრიქონებს შორის, „ქვეტექსტში“ როგორც ამბობენ მსახიობები.
ლაბორატორიულ თეატრში ბევრი მსახიობი სწავლობდა მეთოდს, მათ შორის კლურმანის მომავალი მეუღლე, სტელა ადლერიც, მაგრამ არავის შეუსისხლხორცებია იგი ისე, როგორც სტრასბერგმა შეისისხლხორცა.
თეატრი „ჯგუფი“ მხოლოდ ათ წელიწადს ფუნქციონირებდა, მაგრამ მისი გავლენა დღესაც იგრძნობა. რეპეტიციები იმპროვიზაციებით, სცენური ანსამბლისა და თამაშის თანამედროვე ტექნიკის კონცეფცია ამერიკაში ამ თეატრმა შეიტანა. იგი მრავალი მიზეზით დაიხურა: დამაარსებლებს შორის პირადი კონფლიქტების, ფინანსური კრიზისისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო. თეატრი „ჯგუფი“ ყველა ალბათობით ამერიკული სცენის ისტორიაში ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი იყო.
სტრასბერგი დივანზე ზის საკუთარ ნიუ იორკის ბინაში, ხელში ოქროს კალამი უჭირავს, რომელსაც დროდადრო დირიჟორის ჯოხივით იქნევს. ბინა სავსეა აღმოსავლური ნივთებით, თეატრალური მოვლენების სუვენირებითა და წიგნებით. წიგნებს ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული და იტალიური სათაურები აქვს.
„თითოეულ წიგნს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება გააჩნია, – ამბობს სტრასბერგი, – მათი უმეტესობა რთულად საშოვნელია. მე ოთხ წიგნს ვწერ და ამ წიგნებს წყაროებად ვიყენებ. ყველა, ვინც მსახიობობასა და რეჟისურაზე წერს, წერს მხოლოდ საკუთარი იდეების შესახებ. მე არ ვწერ საკუთარ იდეებზე. თუ ეს იდეები ჩემია, ესე იგი, კარგი არ არის. ჩემს წიგნში მე ამოვდივარ ვარაუდიდან, რომ რეჟისორული ხელოვნება შეიძლება შეისწავლოთ მხოლოდ ოსტატებისგან: სტანისლავსკის, ვახტანგოვის, მეიერჰოლდის, რაინჰარდტისგან. მე მინახავს დიდებული რეჟისორები და ამის საფუძველზე მიცდია გამომეტანა დასკვნა იმის შესახებ, რას ნიშნავს დიდებული რეჟისორი.“
სტრასბერგი მკაცრ განრიგს იცავს – ის და მისი მესამე ცოლი მარია (ქალიშვილობის გვარი მიზრაჰი) მორიგეობით ცხოვრობენ ხან ნიუ იორკის ბინაში, ხან საკუთარ სახლში ბრენტვუდში (კალიფორნია). იგი ექვსი თვე ნიუ იორკში ასწავლის და ექვსი თვე ჰოლივუდში. უცნაურია, მაგრამ იგი დროს პოულობს კინოში გადაღებებისთვისაც.
„ბუნდოვანი შემოთავაზებები „ნათლიამდეც“ მქონდა, – ამბობს სტრასბერგი, – უარი არასოდეს მითქვამს, რადგან წესად მაქვს – არასოდეს ვთქვა უარი მაშინვე. გადავწყვიტე, რომ „ნათლიაში“ თამაში კარგი გამოცდა იქნებოდა, ღირდა თუ არა თამაში. იმდენად პატარა როლი იყო, რომ შეიძლებოდა ვერც შეემჩნიათ. თუ გამოვიდოდა, სიმამაცეს შემმატებდა რომ სხვა როლიც მეთამაშა, თუ არ გამოვიდოდა, რაღას გავაწყობდი. როლი ალ პაჩინომ მიშოვა, მანვე მომიტანა სცენარიც“.
მრავალი წლის განმავლობაში სამსახიობო სტუდია სტრასბერგს დროის დიდ ნაწილს ართმევდა. „ჯგუფთან“ მისი განხეთქილებიდან მალევე დაარსებული სტუდია პროფესიონალი მსახიობების სკოლად იქცა, ადგილად, სადაც მათ შეეძლოთ, საკუთარ ხელოვნებაში ევარჯიშათ, იმ მოთხოვნების გარეშე, რომლებსაც მათ კომერციული თეატრები უყენებდნენ. მისაღები გამოცდები სტუდიაში ყოველ წელს ტარდება და იქ ჩარიცხვა – დიდი პატივია მსახიობისათვის. სტრასბერგი 1949 წლიდან სამსახიობო სტუდიის დირექტორია.
ბევრ მსახიობს მიაჩნია, რომ ნიჭი კი არა, სახელგანთქმულობაა მთავარი პირობა სტუდიაში
კინო მისაღებად. „არასოდეს გადამილახავს პირველ გასაუბრებაზე მეტი ეტაპი, – ამბობს დასტინ ჰოფმანი, – ყოველთვის ვბრაზობდი მათზე, რადგან მათ მხოლოდ სახელგანთქმულები აინტერესებთ. როდესაც პრემია „ობი“ ავიღე (საუკეთესო მსახიობი ბროდვეის გარეთ) 1965–66 წლებში ჩემი როლისათვის პიესაში „მეხუთე ცხენის თავგადასავალი“, კიდევ ერთხელ მივედი გამოცდაზე და თავი სხვა მსახიობად გავასაღე. და იცით, რა მოხდა? მათ ადრე ჩამჭრეს, ამ ჯერზე კი ამიყვანეს, სრულიად ნათელია, რომ ეს პრემიის გამო მოხდა“. მაგრამ ჰოფმანი არ დადიოდა სტუდიაში. მან კერძო გაკვეთილებზე სიარული დაიწყო სტრასბერგთან. „მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, – ამბობს ის, – მე ის ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგად მიმაჩნია. მხოლოდ მისი მოსმენაც კი – არასოდეს რომ არც მოგიწიოთ თამაში – უკვე დიდი ამბავია“.
თეატრალური პედაგოგების უმრავლესობა იყენებს სტრასბერგის მეთოდის მსგავს მეთოდს (ყოველი მათგანი სტანისლავსკის სწავლებაზეა დაფუძნებული), მაგრამ სტრასბერგის სკოლა სხვებისგან ემოციური მეხსიერების გამოყენების საკითხში გამოირჩევა. მეთოდის არც ერთ ასპექტს არ გამოუწვევია იმდენი არეულობა და უთანხმოება მსახიობთა წრეში, როგორიც ემოციურ მეხსიერებას. იგი, მსახიობის წარსულში მომხდარ რეალურ ამბებთან ასოციაციის გზით სცენაზე ინტენსიური ემოციების გამოწვევის მიზნით გამოიყენება.
წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ პიესის ერთ-ერთ მოქმედ პირს მეგობარი ქალი ღალატობს. მსახიობს, რომელიც თამაშობს როლს, სთხოვენ, საკუთარი ცხოვრებიდან გაიხსენოს მსგავსი ემოცია და მეხსიერებაში აღიდგინოს ყველა დეტალი: ზუსტი დრო, როდესაც მან ეს ამბავი გაიგო, რა ეცვა მის გოგონას, როგორ გამოიყურებოდა ის და ა.შ. საკუთარ ემოციებზე კონცენტრირების ნაცვლად, მსახიობი იხსენებს ფიზიკურ დეტალებს, რომლებიც ფსიქოლოგიურად უკავშირდება ამ ემოციებს. დეტალების აღდგენის შემდეგ, მას ისღა დარჩენია, ეს ყველაფერი საჭირო დროს გამოიყენოს სცენაზე.
დრამის ზოგიერთ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ემოციური მეხსიერების ბოროტად გამოყენება – როდესაც მსახიობი იძულებულია, ძველი ჭრილობები ხელახლა გახსნას – შესაძლოა, სახიფათო და მავნებელი იყოს ჯანმრთელობისათვის. „ამას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ისტერიკა და რამე უარესიც; ჩემი აზრით, ეს ანტიხელოვნებაა, – წერს იუტა ჰაგენი თავის წიგნში „სასცენო თამაშის პატივისცემა“, –ფსიქოთერაპია ჩვენი საქმე არ არის.“
„იუტა რომ იმას აკეთებდეს, რისაც ეშინია, დიდებული მსახიობი იქნებოდა, – მშვიდად პასუხობს სტრასბერგი, – ის ძალიან ჭკვიანი ქალია, მომხიბვლელი მსახიობი და დროდადრო კარგადაც თამაშობს. მაგრამ ჩემი აზრით, შეეძლო უფრო უკეთ და მეტი სიღრმით ეთამაშა. ჩემი აზრით, ადამიანებს იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე გასცემენ და ცნობილი პროცედურები მათ ფანტაზიას სტიმულს მისცემდნენ. ადამიანების უმრავლესობა კი მცირედით კმაყოფილდება“.
სტრასბერგს იმაშიც სდებენ ბრალს, რომ მან უღალატა სტანისლავსკის პრინციპებს. 30-იან წლებში წამყვანი მსახიობი სტელა ადლერი, პარიზში ყოფნისას ექვსი კვირის განმავლობაში ყოველდღე ხვდებოდა სტანისლავსკის. უკან დაბრუნებისას ადლერმა განაცხადა, რომ სტრასბერგი ამახინჯებს სისტემას. მოწმეები იხსენებენ, რომ ამ განცხადებამ სტრასბერგი გააშმაგა.
„იმ დროს, როდესაც სტელა მას ხვდებოდა , – ამბობს სტრასბერგი, – სტანისლავსკი უკვე გატაცებული იყო თავისი შრომის სხვა ასპექტით: ფიზიკური მოქმედებით.“
ამჟამად სტრასბერგი და ადლერი ნიუ იორკის დრამის განსხვავებულ სკოლებს წარმოადგენენ, და მათი გზები იშვიათად იკვეთება. მაგრამ, მართალია, ერთმანეთზე იშვიათად ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც ნათელია, რომ ორივე აღიარებს ერთმანეთის დამსახურებას თეატრალურ სფეროში.
როგორია მისი სამომავლო გეგმები?
საკუთარი წიგნების დასრულების შემდეგ სტრასბერგს სურს, ვიდეოფირზე გადაიღოს გაკვეთილები თავის კლასში, რომ მომავლისთვის შემოინახოს თავისი მეთოდი. მას იმედი აქვს, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში სამსახიობო სტუდია რეპერტუარის მქონე დასად იქცევა.
გარდა ამისა, სტრასბერგს ოცნებაა ითამაშოს დიდებული ადამიანის როლი.
„თუკი ვცდილობ, რაიმეს ხარისხიანად მივაღწიო ჩემს შესრულებაში, – ამბობს ის, – ესაა, გადმოვცე უბრალო ხალხის დიდებულება და დიდებული ადამიანების ჰუმანურობა. ვისურვებდი, აინშტაინის ან ფროიდის როლი მეთამაშა – ვინმე ისეთის, ვინც თავის სფეროში დიდი რამ აღმოაჩინა“.
იბეჭდება ჟურნალ „Horizon“-ის ნებართვით.

XII_issue4_Content96

ლი სტრასბერგის რეპეტიციაზე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>