ცეკვების შემოქმედი

კიტი კენინგემი

მისი ნამდვილი სახელია გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე. იგი დაიბადა 1904 წელს, სანქტ-პეტერბურგში. 1934 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ლინკოლნ კირსტაინის მიწვევით ჩავიდა, რათა ჩამოეყალიბებინა ამერიკული დასი და კლასიკური ბალეტის სკოლა, მას უკვე ჯორჯ ბალანჩინს უწოდებდნენ. ბალანჩინმა პეტროგრადის მარიას თეატრალური სასწავლებელი დაამთავრა და მე-19 საუკუნის გამოჩენილი ბალეტმეისტერის, მარიუს პეტიპას დადგმებზე აღიზარდა. 1924 წელს მან საბჭოთა კავშირი დატოვა და ერთი წლის შემდეგ „დიაგილევის რუსული ბალეტის“ მთავარი ქორეოგრაფი გახდა. 1929 წელს დიაგილევის გარდაცვალების შემდეგ, იგი მუშაობდა პარიზში, კოპენჰაგენსა და ლონდონში, შემდეგ კი ნიუ იორკში გადავიდა და დააარსა საბალეტო დასი, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით „ნიუ იორკ სითი ბალე“ ჩამოყალიბდა.
ბალანჩინი მუშაობდა კინოში, ტელევიზიაში, ბროდვეის მუსიკალურ თეატრებსა და საოპერო დასებში, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მისი სახელი ასოცირდება იმ 148 ბალეტთან, რომლებიც მან „ნიუ იორკ სითი ბალეში“
დადგა. მისი, უმეტესად აბსტრაქტული ბალეტების დიაპაზონი უჩვეულოდ ფართოა – პა-დე-დედან მრავალმოქმედებიან ბალეტებამდე. იგი მათში იყენებდა ელექტრონულ მუსიკას, კომპოზიტორ სუზას მარშებს,
სარეკლამო, თანამედროვე და კლასიკურ მუსიკას.
ბალანჩინის პოვნა იოლი არ არის. იგი 78 წლის ასაკშიც მეტისმეტად დატვირთულია საკუთარი საქმით საიმისოდ, რომ დრო ინტერვიუებზე ხარჯოს. ჟურნალისტმა და საბალეტო კრიტიკოსმა კიტი კენინგემმა მასთან ინტერვიუ მის კაბინეტში, „ნიუ იორკ სითი ბალეში“ საღამოს წარმოდგენის დაწყებამდე ჩაწერა. ინტერვიუმდე ერთი კვირით ადრე ბალანჩინმა ტელევიზიისთვის რაველის საცეკვაო სუიტა „ბავშვი და ჯადოსნობის“ დადგმა დაასრულა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი „ნიუ იორკ სითი ბალე“ ჩაიკოვსკის ფესტივალი უნდა მოეწყო, რომლისთვისაც ბალანჩინი სამ ახალ ბალეტს ამზადებდა.
ინტერვიუს განმავლობაში, ბალანჩინი ხის მაგარ სკამზე იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულისყურით დიალოგში იყო ჩართული, თავისი იერით მოგაგონებდათ ფრინველს, რომელიც ნებისმიერ წამს ტოტიდან უნდა აფრინდეს. ინტერვიუმდე მთელი დღე მას საცეკვაო კლასში ჰქონდა გატარებული, საღამოს კი სპექტაკლზე აპირებდა დასწრებას. ბალანჩინი ყურადღებით არჩევს ყოველ სიტყვას – მთელი მისი ცხოვრება ბალეტია და მის შესახებ იგი აუჩქარებლად და ნათლად საუბრობს.

XII_issue4_Content_Page_08921

ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინი. ბარონ სთორის ილუსტრაცია


კენინგემი: მინდა გთხოვოთ, გვიამბოთ როგორ ქმნით ბალეტებს, როგორია დასაწყისი.
ბალანჩინი: მე გამუდმებით მთხოვენ, ავხსნა, როგორ ვმუშაობ. მე კი ასე ვპასუხობ: აუცილებლობის გამო. ჩვენ ვალდებული ვართ, რაიმე შევთავაზოთ მაყურებელს, რომელიც ჩვენი დასის სანახავად მოდის. ამიტომაც, ჩვენც ვცდილობთ, სხვადასხვა რამ მოვიგონოთ: მოკლე ბალეტები, გრძელი ბალეტები, ბალეტები მრავალი მონაწილის შესრულებით, ბალეტები მსუბუქ მუსიკაზე, ფრანგულ, გერმანულ მუსიკაზე. ასე რომ, ამ ყველაფერს აუცილებლობა ქმნის და არა შთაგონება. რა არის შთაგონება? ის არ არსებობს. ის არარეალურია, როგორც სული – არსებობს კიდეც და თან არც არსებობს. აუცილებლობა კი რეალური რამაა.
კენინგემი: ფიქრობთ თუ არა სახლში თქვენი მომავალი ბალეტების საცეკვაო მოძრაობებზე?
ბალანჩინი: არა, არ ვფიქრობ. განა მწერალი ფიქრობს ცალკეულ სიტყვებზე? საცეკვაო მოძრაობები სიტყვებს
ჰგავს – ისინი აზრს მხოლოდ საცეკვაო დარბაზში იძენენ, როდესაც მიდიხარ და მათ შესწავლას იწყებ – ისევე, როგორც სიტყვებისგან იქმნება ტექსტი.
კენინგემი: რა გავლენას ახდენს დროის ფაქტორი თქვენს შემოქმედებაზე?
ბალანჩინი: დროში მუდამ შეზღუდული ვარ, დრო არასოდეს მყოფნის. ყველაფრის კეთება სწრაფად მიწევს. როდესაც საცეკვაო დარბაზში მივდივარ და გაკვეთილებისთვის ორი საათი მაქვს, მასში უნდა ჩავეტიო.
კენინგემი: თქვენს ბალეტებში ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. საიდან გაქვთ მუსიკის ასეთი ცოდნა?
ბალანჩინი: იმდენი ხანია, ამქვეყნად ვარ, რომ მუსიკის შესახებ ყველაფერი ვიცი. ზოგიერთ კომპოზიტორზე უარის თქმა მიხდება, რადგან მათი მუსიკის ჩემს ბალეტებში გამოყენება შეუძლებელია. მუსიკაში გარკვევის სწავლა მხოლოდ პარტიტურების მეშვეობითაა შესაძლებელი. სმენა გამოსავალი არ არის. სრულიად აუცილებელია თვალწინ პარტიტურის ქონა. სმენაც და მხედველობაც არასრულყოფილია. თითოეული ადამიანი განსხვავებულად ხედავს და ისმენს. ამიტომ პარტიტურები მნიშვნელოვანია. მე მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე და ნოტების კითხვა პატარაობიდანვე ვისწავლე. ჩემი ძმა კომპოზიტორია, მე თვითონ კი სხვა ინტერესების გაჩენამდე რეგულარულად ვუკრავდი ფორტეპიანოზე.
კენინგემი: ფიქრობთ თუ არა მუშაობის დროს კოსტიუმებზე ან მხატვრებზე?
ბალანჩინი: ბევრი ბალეტი ჩვენ კოსტიუმების გარეშე დავდგით სახსრების უკმარისობისა და ეკონომიის გამო. 1950 წელს გვქონდა ასეთი შემთხვევა – ჩემი ჩანაფიქრის თანახმად შემსრულებლები საცურაო კოსტიუმებით უნდა გამოსულიყვნენ, მაშინ ბალეტ „ჯონს-ბიჩს“ ვდგამდით, მე მივმართე საცურაო მოწყობილობების ფირმა „იანცენს“, რომელიც დაგვთანხმდა, ჩვენთვის საცურაო კოსტიუმები ეჩუქებინა. როცა ბალეტს დგამ, აკვირდები მოცეკვავეებს, როგორ გამოიყურებიან, როგორ მოძრაობენ. შემდეგ გამოჩნდება მხატვარი და მთელი სურათი იცვლება. როცა ცეკვას ვინმესთვის ქმნი, წარმოიდგენ მისი მოძრაობების, ნახტომებისა და სხვა დანარჩენის შესანიშნავ სურათს. შესაბამისად, ბალეტზე მუშაობისას, ბუნებრივია, კოსტიუმების გათვალისწინებაც გიხდება. როდესაც 1977 წელს „ვენურ ვალსებს“ ვდგამდი, წინასწარ ვიცოდი, რომ ბალერინები ქვედაბოლოებში იცეკვებდნენ, ბალეტის მოცეკვავე მამაკაცები კი შარვლებში, რომ იქნებოდა უამრავი ყვავილი და შესაბამისი ფონი. აზრად არასოდეს მომივიდოდა, ვალსის დადგმა ისე, რომ მოცეკვავეებს ტრიკო ცმოდათ. ამიტომ მე შემსრულებლების მოძრაობებს მათ მომავალ კოსტიუმებს ვარგებდი. „ვენური ვალსებისთვის“ აბრეშუმის კაბები შევუკვეთეთ, რადგანაც აბრეშუმი დაფრინავს და დალივლივებს.
კენინგემი: ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სადაც არ უნდა იჯდეს მაყურებელი თქვენს სპექტაკლებზე, იგი განიცდის ვიზუალურ ტკბობას დადგმისაგან და სცენაზე მოქმედებათა განვითარებისაგან. ბალეტზე მუშაობისას, ამახვილებთ თუ არა ყურადღებას იმაზეც, რომ მაყურებელთა დარბაზში საზოგადოება სპექტაკლს სხვადასხვა ადგილიდან უყურებს?
ბალანჩინი: დიახ, რასაკვირველია, დასაწყისიდანვე. ბალეტმეისტერს უნდა ესმოდეს, რომ ბალეტს სხვადასხვა ხედვის კუთხეებიდან უყურებენ. თუმცა, ისიც მართალია, რომ საჭიროა გარკვეული გამოცდილება, რომ ეს გაიგო და გახსოვდეს.
კენინგემი: უყურებთ თუ არა ბალეტს დარბაზის სხვადასხვა ადგილიდან?
ბალანჩინი: არა, ასე არ ვიქცევი, რადგან დასაწყისიდანვე ვიცი, როგორი შესახედავი იქნება ყოველივე ეს. ეს ფოტოგრაფიის ხელოვნებასავითაა. წლებია საჭირო სწორი მომენტის შერჩევის სასწავლად, როდის უნდა დააჭირო ღილაკს, რომ კარგი ფოტოსურათი გამოვიდეს.
კენინგემი: წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა მოცეკვავეების ფიგურები?
ბალანჩინი: დიახ, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ საკუთარი სკოლა გვაქვს. ჩვენთან მოსწავლეები ძალიან პატარები მოდიან და დაახლოებით 16 წლის ასაკში უკვე ვარჩევთ გარკვეული აგებულებისა და შესაძლებლობის
მოცეკვავეებს. დასში ყველას ვერ ვიღებთ , მაგრამ არჩევანის საშუალება გვაქვს. სკოლის შექმნაზე დიდი დრო დაიხარჯა. სამაგიეროდ, ახლა ახალგაზრდები პირდაპირი იქიდან გვემატებიან.
კენინგემი: როდის მიიჩნევთ ბალეტს დასრულებულად? როდის წარუდგენთ მას მაყურებელს? თუ არასოდეს
მიგაჩნიათ დასრულებულად?
ბალანჩინი: ჩემთვის ბალეტი დასრულებულია მაშინ, როდესაც უკანასკნელ ნოტსაც გამოვხატავ ცეკვით. ხოლო როდესაც მას მაყურებელს ვუჩვენებთ, ეს უკვე წარმოდგენაა.
კენინგემი: და მიუხედავად ამისა, ზოგჯერ თქვენ გადააკეთებთ ხოლმე ბალეტებს. 1941 წელს თქვენ დადგით „ბალე იმპერიალი“ (საიმპერატორო ბალეტი), ხოლო 1973 წლის დადგმაში მას უკვე „ჩაიკოვსკის მეორე საფორტეპიანო კონცერტი“ ეწოდება. რატომ მოხდა ასე?
ბალანჩინი: იმ დროს, როდესაც მე დაკავშირებული ვიყავი მარიას თეატრთან, ბალეტში ჭარბობდა ბრჭყვიალა
თეთრ-ცისფერი ტონები. „ბალე იმპერიალი“ ამ ეპოქის პატივისცემისადმი გაღებული ხარკი იყო. მაგრამ ის წარსულში დარჩა – მკაცრი საბალეტო „პაჩკა“ უკვე ძველმოდურად გამოიყურება, სიტყვა „იმპერიალი“ კი სასტუმროს სახელწოდებად აღიქმება. ბალეტი არასწორად გამოიყურებოდა. პეტიპას სტილი მეტისმეტად თავდაჭერილი ჩანდა და საჭირო შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა. რეპეტიციებზე ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც კი მოცეკვავეები კოსტიუმებს იცვამდნენ, მთელი ეფექტი ქრებოდა. ამიტომ ჩვენ კოსტიუმები უფრო რბილი ქსოვილებისგან შევკერეთ და ბალეტმაც უფრო თანამედროვე იერი მიიღო. თანაც, მუსიკას „ბალე იმპერიალი“ კი არა, არამედ „ჩაიკოვსკის მეორე საფორტეპიანო კონცერტი“ ჰქვია. ყველაფრის მიუხედავად, ჩაიკოვსკის პატივისცემით უნდა მოვეპყრათ.
კენინგემი: აბა 1952 წელს მენდელსონის მუსიკაზე დადგმული ბალეტი „შოტლანდიური სიმფონია“ რატომღა
შეინარჩუნეთ თავდაპირველი სახით?
ბალანჩინი: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მენდელსონი თავიდანვე „შოტლანდიურს“ უწოდებდა ამ მუსიკას. უილიამ დოლარის ბალეტის „სამთო დივერსიმენტის“ დადგმის შემდეგ შოტლანდიური ქვედაბოლოები დაგვრჩა და გადავწყვიტე, ისინი კიდევ ერთხელ გამომეყენებინა, ისევ და ისევ აუცილებლობის გამო. ყველაფერი ინგლისში მოხდა. მიყვარს ინგლისი და დიდ პატივს ვცემ ინგლისელებს – მათზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება. ლონდონიც მიყვარს. როდესაც 1930 წელს „კოკრან რევიუს“ ვდგამდი, ლონდონის ნისლები შემიყვარდა. ნისლი – ეს შესანიშნავია, ძალიან რომანტიკულია. და ეს ნახშირის კვამლის სურნელი, რომელიც უკვე აღარ გვხვდება… ჰოდა, ერთ მეგობარს ვუამბე შოტლანდიური ქვედაბოლოების შესახებ, მან კი მკითხა: „მენდელსონს ხომ არ დადგამდით?“ ასეც მოვიქეცი.
კენინგემი: ოდესმე ვინმეს გავლენა თუ განგიცდიათ?
ბალანჩინი: არა, არ განმიცდია, მაგრამ მისწავლია სხვებისგან. სტრავინსკიმ მასწავლა მუსიკისა და ჰარმონიის სტრუქტურისა და სიმძიმის გაგება. ვერდისგან ვისწავლე გუნდური და სოლო პარტიების შეხამება, განსაკუთრებით, როცა ერთი ხმის შემოსვლა მუსიკაში სხვა მომღერლებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. სწორედ ამ ხერხს ვიყენებ ბალეტში – შემსრულებლებს ვასვენებ ხოლმე. მათგან მაქსიმალურ ძალისხმევას ვითხოვ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი, ამიტომ საშუალებას ვაძლევ დაისვენონ – ვანაცვლებ სხვა მოცეკვავეებით. ზოგი თეატრში მხოლოდ ერთი მომღერლის მოსასმენად დადის. 1935-36 წლის თეატრალურ სეზონზე, როცა მეტროპოლიტენ ოპერაში ვმუშაობდი, „კარმენში“ ცეკვები ჩავსვი, რომელმაც ფურორი მოახდინა. თეატრის დირექტორმა, ედუარდ ჯონსონმა მითხრა, რომ არ სჭირდებოდა ცეკვები, რომლებიც ჩაშლიდა საოპერო წარმოდგენას: „ოპერაში მაყურებელი ცეკვების საყურებლად არ დადის – ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ ოპერა, უპირველეს ყოვლისა – ტენორია“. წარმოგიდგენიათ? არც სოპრანო, არც ბანი, არც ბარიტონი, არამედ ტენორი. ჩემი აზრით, კარუზოს გულისხმობდა.
კენინგემი: მერე რა, ზოგიერთი ბალეტომანიც საბალეტო წარმოდგენებზე ერთი შემსრულებლის სანახავად დადის.
ბალანჩინი: ხშირად ამბობენ, რომ ჩემს დასს ვარსკვლავები არ ჰყავს. „ნიუ იორკ სითი ბალეში“ ყველა შემსრულებელი – სოლისტებიდან კორდებალეტამდე – ანბანური რიგით აღირიცხება. ვარსკვლავები მოდაში აღარ არიან, მათი ადგილი სუპერვარსკვლავებმა დაიკავეს – საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან თვალში გეჩხირება ეს წინსართი „სუპერ“. ჩვენს დასზე შეიძლება ითქვას, რომ ის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, რომელთაგან თითოეული მშვენიერია.
კენინგემი: თქვენი დასის ბევრი მოცეკვავე აღნიშნავს, რომ თქვენს ბალეტებში გამოსვლა მოსწონთ, რადგან თქვენ მათ თავისუფლებას ანიჭებთ.
ბალანჩინი: დიახ, ერთადერთი, რაც მათ მოეთხოვებათ, ისაა, რომ იცეკვონ, მხოლოდ და მხოლოდ იცეკვონ. მათ ეძლევათ საცეკვაო მოძრაობების თანმიმდევრობა. მათ ყველაფერი სწორად უნდა შეითვისონ, განსაკუთრებით ისწავლონ მოქმედებების სინქრონულობა – ეს ყველაზე მთავარია. გამუდმებით ვუმეორებ – იცეკვეთ, თამაში საჭირო არარის. მოცეკვავეები, რომლებიც „თამაშობენ“ არც ისე კარგად ცეკვავენ. მოცეკვავე საკუთარ სხეულს ცეკვისთვის ავარჯიშებს, ის უნდა ჰგავდეს პიანისტს, რომელიც სრულყოფს ფორტეპიანოზე დაკვრას – ამას ტექნიკა ეწოდება. ადამიანებს ტექნიკის ეშინიათ და ამტკიცებენ, რომ ტექნიკა ხელოვნება არ არის. მე კი ვამბობ, რომ ტექნიკა და ხელოვნება ერთი და იგივეა. ოღონდ, სიტყვა „ტექნიკის“ ბერძნული გაგებით. როდესაც ადამიანები თავიანთ შემოქმედებაში ტექნიკას იყენებენ, შედეგად ვიღებთ ხელოვნებას. ტექნიკა – ეს უნარია და მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი ინდივიდუალობაც, სილამაზეც და ფორმაც. მოცეკვავეები სცენაზე იმპროვიზაციებს არ მიმართავენ – მათი ყოველი მოძრაობა წინასწარაა გათვლილი. თუ მათ ცეკვა დამუშავებული არ ექნებათ, ისინი გაჩერდებიან. აკრობატებიც არ მიმართავენ იმპროვიზაციებს – ისინი წინასწარ ფიქრობენ საკუთარ ნომრებზე. შესაბამისად, ბალეტშიც არ არსებობს არანაირი იმპროვიზაცია.
კენინგემი: რა აზრის ხართ თქვენი ბალეტების ეკრანიზაციებზე?
ბალანჩინი: ვერასოდეს, ვერასოდეს, ვერასოდეს შეცვლის ფილმი სცენაზე ცოცხალ ცეკვას. ჩვენ კინოგადაღებებს ვაწარმოებთ არქივისთვის, მაგრამ ეს სრულებით არ არის იგივე. ტელეეკრანზე ფიგურა მეტისმეტად გამხდარი ჩანს. დიდ ეკრანზეც კი არ არის საკმარისი სიღრმე. ფილმი ვერასოდეს შეცვლის სცენაზე დადგმულ ვერც ერთ ჩემს ბალეტს.
კენინგემი: თქვენ ქორეოგრაფი ხართ…
ბალანჩინი: რა საშინელი სიტყვაა ქორეოგრაფი. მე უპირატესობას ვანიჭებ ცეკვის მეტრს ან ბალეტმეისტერს. პეტიპას ბალეტმეისტერს ეძახდნენ – ეს ჩემთვისაც შესაფერისი იქნებოდა.
კენინგემი: თქვენ ბალეტმეისტერი ხართ. როგორ ატარებთ დღეს?
ბალანჩინი: დროის ნაწილს საკუთარ კაბინეტში, მეტად მოსაწყენ საქმეებს ვუთმობ. ჩვენ იძულებულნი ვართ, გამუდმებით ყველაფერზე ეკონომია გავწიოთ და ამას, შეიძლება ითქვას, კოლექტიურად ვაკეთებთ. ვაკეთებ იმას, რის გაკეთების ვალდებულებაც მაქვს. ჩვენ მოყვარულები არა ვართ, ჩვენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებული ჯიშის ცხოველები ვართ საკუთარი ცხოვრების წესით. არავინ ეკითხება ცხენს, როგორ ატარებს ის დღეს. ცხენს თავისი ცხენური ცხოვრება აქვს. მე მოცეკვავე ვარ – სხეულით, სულით და გონებით. სწორედ ასე ვცხოვრობ და სხვებსაც იმავეს ვასწავლი. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და ეს მომწონს. ჩემი საქმე ბალეტია, დანარჩენზე არაფერზე ვფიქრობ.

ჟურნალ „Saturday Review“-ს ნებართვით.