თავისუფალი ფრენის რეჟიმი

ფოტო: გიორგი დადიანი 

1

2

მე, მაქსიმე ჩარკვიანი… რომელიც ერთი წლის წინ სულ სხვანაირი იყო, ახლა ახალი „მე”-ს გარდაქმნის პროცესში იმყოფება. ახალი 2015 წლის მერე, ნელ-ნელა ვხვდები, რა მინდა და ვინ მინდა იყოს ჩემს გარშემო. სხვადასხვა
მიზეზების გამო, გაწყდა ურთიერთობები ოდესღაც უახლოეს ადამიანებთან. ამიტომაც ახლა ბევრ რამეს უფრო თავისუფლად ვუყურებ და მარტივად ვიღებ. 28 წლის ასაკში გავხდი ნაკლებად ემოციური, ვოცნებობ თბილის ში დაბრუნებაზე – სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც. ტელევიზიით აღარ ვარ დაკავებული. 8 წლის განმავლობაში, ტვ-მ ყველაფერი გამომწურა. ახლა თავისუფალი ფრენის რეჟიმში ვიმყოფები და ვინაზღაურებ ძალებს საკუთარი სახელოვნებო თუ ბიზნეს პროექტების მეშვეობით. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ.
მამაჩემი მეფე იყო… მე მეფე არ გავხდები, ენერგია არ მეყოფა.. ვოცნებობ შევქმნა სივრცე თბილისში ან მოსკოვში, რომელიც მოვლენად იქცევა, შექმნის ერთგვარ სუბკულტურას და ხელს შეუწყობს ამ სუბკულტურის თავისუფალ განვითარებას. სულერთია, იქნება ეს უბრალოდ პარკი თუ საკონცერტო მოედანი. მინდა ვიდეოს ვაკეთებდე; ძალიან მიყვარს ინსტალაციები და ვიზუალიზაცია, მიყვარს მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური კინო. თუკი ძალები ყველაფერზე მეყო, სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ელექტრო მუსიკასაც; გავიხსენებდი მაინც, როგორ ვაკეთებდი ამას 13 წლის წინ. ბავშვობაში სხვადასხვა ცხოველად გადაქცევაზე ვოცნებობდი, ეს ოცნება დღემდე ცოცხალია. ამას დავუმატებდი უკვდავებას, ჩემი ცნობისმოყვარეობა ცხოვრების ათასწლეულებით გაგრძელებას ითხოვს.
ახლა კი ვაპირებ…
თუ დავივიწყებთ ბიზნეს პროექტებს და ვიდეოსთან დაკავშირებულ ყოველდღიურობას, მაშინ ერთ-ერთი მთავარი
– კინოსცენარის დაწერაა, რომელსაც ჩემთვის ძალიან ახლობელ ადამიანთან ერთად ვწერ. ვსინჯავთ, ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ სხვა ყველაფერთან ერთად, ეს პროცესი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს…
სახლიდან ისე არ გავალ…ადრე სახლიდან ლოყაზე კოცნის გარეშე არ გავიდოდი, ახლა კი სახლში ვეღარ გამაჩერებ, არ მიყვარს ცარიელი სივრცეები…
თბილისი – მოსკოვი…
ადრე თბილისის რიტმი მძულდა – ზანტი, მძიმე. ახლა მოსკოვი მაღიზიანებს თავისი ხმაურით, ღრიალით, კლიმატით; და უკვე საქართველოში გადმოსვლაზე ვოცნებობ.
სიზმარში ხშირად ვხედავ…
არაფერს არ ვხედავ, მართლა. ცოტა მძინავს ძალიან, დაახლოებით 4 საათი სამუშაო დღეებში, ხანდახან 2-ჯერ დღეში 2-3 საათიანი ფაზით; უქმე დღეებში 5-6 საათი; როგორც ჩანს, ამიტომაც არ მამახსოვრდება სიზმრები.
წინა ცხოვრებაში მგონი ვიყავი…
ჩემი მოსკოველი ბებია რაღაც პერიოდი შეშლილი იყო ამ წარსულის ჰოროსკოპებზე…. ერთხელაც გადაწყვიტა გაეგო, ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში და გაირკვა, რომ ვიყავი ქალი, რომელიც 200 წლის წინ ცხოვრობდა ავსტრალიაში და დაკავებული იყო ცხოველების მოვლით. გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან ძნელად წარმომიდგენია ეს ყოველივე :-)) და თუ ქმედების თეორიიდან გამოვალთ, მაშინ წინა ცხოვრებაში არც ისე ცუდი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ საწუწუნო დიდად არაფერზე მაქვს და ვიმედოვნებ, რომ მომავალ ცხოვრებაშიც არ ვიქნები ჩემი განვლილი ცხოვრებით უკმაყოფილო.
ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ…
იმ ხალხზე, ვინც ჩემს გარშემოა და იმათზე, ვინც ჩემი ცხოვრებიდან მიდის.

 მიჭირს საკუთარი თავისთვის უარის თქმა…
სულელურია, მაგრამ ჩემი მთავარი ცდუნებატკბილეულია. სხვა დანარჩენზე მეტ-ნაკლებად „არას” თქმა ვისწავლე. გულში ჩამივარდა ფრაზა, რომელიც თბილისში ერთ სუფრაზე ჩემთვის ძალიან
პატივცემულმა ადამიანმა მითხრა – ნამდვილი თავისუფლება საკუთარი სურვილებისგან თავისუფლებააო. უროსავით მომხვდა თავში.
ერთხელ დავლიე და…
ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე რამდენიმე ლიტრი ღვინო და ახლა საერთოდ აღარ ვსვამ.
მეშინია…
სულელი ადამიანების, გაუნათლებლების კი არა, სულელების და იუმორის არმქონეების.
მომწონს…
გახსნილი და არა ნაძალადევი, ურთიერთობებში წესიერი და პატიოსანი ადამიანები, პრინციპულები. მომწონს ძლიერი ხასიათი, ასეთ ხალხთან ურთიერთობისას შენც ასეთი ხდები. მომწონს, არ გრცხვენოდეს იმის, რომ რამე არ იცი და მუდმივად სწავლობდე…
მაინტერესებს…
კოსმოსი და სამყაროს შექმნა… როდესაც ვკითხულობ ლიტერატურას ან ვუყურებ დოკუმენტურ ფილმს სამყაროზე, სხვა ყველაფერი ცნობიერების რომელიღაც კუნჭულში რჩება, მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ ვარსკვლავებს უყურებ. როგორც უთქვამთ: „როდესაც ნათლად წარმოიდგენ სამყაროს, როგორც სუბსტანციას, მუდმივად განვითარებადს და ზრდადს არაფერში, არსებულს რაღაცაში, მაშინ ხაზების და უჯრების გადაკვეთა თქვენთვის არავითარ სირთულეს აღარ წარმოადგენს. მე გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ..
მინდა, რომ ჩემზე ფიქრობდნენ…
თუკი საერთოდ რამეს იფიქრებენ, უკვე საკმარისი იქნება ჩემი ეგოს დასაკმაყოფილებლად. სიამოვნებით ვითამაშებდი ფილმში… არა! მე თვითონ გადავიღებდი ფილმს. იქნებ ოდესმე მივაღწიო კიდეც ამას.
უარყოფითი პერსონაჟის როლს ვითამაშებდი, სახასიათო როლს.
ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც ოდესმე ჩამიდენია…
სიყვარულია იმიტომ, რომ: Insanity: Doing the same thing over and over again and expecting different results… (ყოველ ჯერზე აკეთებდე ერთსა და იმავეს და განსხვავებულ შედეგს ელოდე)…
ჩემი საყვარელი ციფრია…
11, მაგრამ 12-საც არაუშავს :-))).
ჩემი განვლილი ცხოვრების საუნდტრეკად გამოდგებოდა…
ბოლო ნახევარ წელიწადს თუ ჩავთვლით – მამაჩემის Silent Swim.

მადლობა სასტუმროს “რუმს თბილისი” მხარდაჭერისთვის

3p

5p

maximeP

 

ნინო დარასელი

ნინო დარასელი

პირველი ნომრის რედაქტორი