უცნაური ეგზემპლარი

ქეთი დევდარიანი

ტექსტი: მაშო სამადაშვილი

ფოტო: გიორგი დადიანი

4small

ერთხელ ვუდი ალენმა საკუთარი თავი ასე დაახასიათა: არ ვიცი რად მთვლიან, ალბათ უცნაურ ეგზემპლარადო. ვფიქრობ, მეც ასეთ უცნაურ ეგზემპლარზე ვწერ.
დათო 46 წლის ბიბლიოთეკარია. ბევრს მუშაობს, გეები სძულს და მკითხავთან დადის. ბიჭიკო თვითმარქვია ფსიქიატრია, რომელიც პაციენტებს სახლში იღებს და მათ ფარულად უღებს. თამაზი მედია-ჰოლდინგში მუშაობს და თავის თანამშრომელ ახალგაზრდა ჟურნალისტ გოგოზეა შეყვარებული – ეს პერსონაჟები მხოლოდ ჩვენს ტვინებში და ერთ აუდიტორიაში არსებობენ, ისინი ჩემმა ჯგუფელებმა და მე ქეთი დევდარიანის  დავალებით გამოვიგონეთ.
პარასკევი. 14:00 საათი. ილიას უნივერსიტეტის C124 აუდიტორიაში ლექცია იწყება. ქეთის აუდიტორიაში 20-მდე სტუდენტი ელოდება. სწრაფი ნაბიჯით შემოდის, სპორტულად აცვია, საქმიანად იხდის ქურთუკს და პირდაპირ საქმეზე გადადის, ყველა ყურადღებით ვუსმენთ და ვცდილობთ, საბოლოოდ გავიაზროთ, რამდენად სწორ ადგილას მოვხვდით.
ქეთი სცენარის წერის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გვიკითხავს. პირველად ლექციაზე ვხედავ. რამდენიმე აღმოჩენას იქვე ვაკეთებ, შემდეგ კვირებში ყურადღებით ვაკვირდები. ერთ-ერთ ბოლო ლექციაზე გვეუბნება – ”ხო არ გწყინთ, რომ გაკრიტიკებთ? რა ვქნა, ესაა ჩემი ჯვარი და მოვალეობა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ დისკომფორტს მიქმნის ვინმეს ლანძღვა.“
ამ დროისთვის უკვე ვიცი, რომ ქეთი ბევრად მრავალმხრივი ადამიანია, ვიდრე ლექციაზე ჩანს. აუდიტორიიდან გამოსულები, ინტერვიუსთვის იქვე, მის ერთ-ერთ საყვარელ ადგილას მივდივართ. ქეთი დიდხანს ფიქრობს, რომელი მხრიდან უნდა გავიდეთ ფალიაშვილზე, იქვე ვიგებ – ტოპოგრაფიული კრეტინიზმი აქვს.

2009 წელს ”Formula Creative“-ში გადაცემის გაკეთების იდეით მიხვედი, რა იყო ეს გადაცემა და რითი იყო შენთვის მიმზიდველი?

ეს იყო გადაცემა იმიჯის ფსიქოანალიზზე. ვთქვათ, ადამიანი, რომელიც საზოგადოებამ იცის, რომ "ბავშვებს ჭამს", გადაცემაში სტუმრობისას აღმოჩნდება, რომ ვეგეტარიანელია. სტუმრის მოსვლამდე ჩვენ
უნდა შეგვესწავლა მისი ინტერვიუები, მოსაზრებები და ქმედებები, ეთერში კი უნდა გაგვერკვია რამდენად წინააღმდეგობაში მოდის მისი მსოფლმხედველობა მის ცხოვრების წესთან, ან პირიქით, რამდენი ნათელი მხარეა ადამიანში, რომელიც მის საზოგადო იმიჯში არ ჩანს. ამ გადაცემის არსი არის გახსნა ადამიანი, აჩვენო მისი ბნელი და ნათელი მხარეები, თუნდაც იტყუებოდეს, მთავარია ეთერში მოვიდეს, მერე ადვილია,
ტყუილების თქმაც მასზე მეტყველებს. ძალიან დიდხანს ვეძებდი მეწყვილეს, უამრავ ადამიანთან ჩავწერე პილოტი, ბოლო კახა ბენდუქიძე იყო. ეს პილოტი რუსთავი 2-მა მოიწონა, მაგრამ საბოლოოდ გადაცემა ეთერში მაინც არ გავიდა, ალბათ იფიქრეს, რომ ურეიტინგობისთვის იყო განწირული. დღემდე იმედი მაქვს, რომ გადაცემა გამოვა.

გადაცემა არ გამოვიდა, მაგრამ სერიალ ”კლინიკის“ რედაქტორად დარჩი, სცენარის წერა როგორ დაიწყე?

ერთხელ რეჟისორებს ერთ-ერთი ავტორის დაწერილი სერია არ მოეწონათ და მთხოვეს, მე დამეწერა. ახლაც მახსოვს, მე-8 სერია იყო, რომელშიც ბიჭს შეცდომით უკეთებენ წამალს და სიკვდილის წინ, ლამაზი გოგოს სახით, ხილვა აქვს. არც ილუზია მაქვს და არც ბრიყვულად მგონია, რომ ყველაზე მაგრად ვწერ, მაგრამ “ჩემი ცოლის დაქალები“ 4 წელია ცოცხლობს, უყურებენ; ვისი აზრიც გაინტერესებს, გეუბნება, რომ გამოგდის. ეს ნიშნავს, რომ ოდესმე რაღაც მაგარიც გამოგივა. ”კლინიკის“ მერე იყო ”ჭამა და სექსი“, რომლისთვისაც ერთი ნოველა დავწერე. ცოტა ხანში ვთქვი, რომ სერიალი ქალებზე საკუთარ თავთან, ისტორიებთან და ბიოგრაფიასთან ირონიული დამოკიდებულების გამო, შეიძლებოდა საინტერესო გამოსულიყო. ასე დავიწყეთ ”ჩემი ცოლის დაქალები“. ჩემთვის სტიმული არის ქება, გამხნევება, წახალისება. თუ მეტყვი, რომ რაღაც არ გამომდის, იმას თავს ვანებებ, ენთუზიაზმი მიკვდება. მუსიკის მასწავლებლის კომენტარებიდან რომ მივხვდი, ჩემგან გლენ გულდი არ გამოვიდოდა, მუსიკას თავი დავანებე.

პირდაპირ გლენ გულდობა გინდოდა?

არა, მაგრამ ხო იცი, ყველა ჯარისკაცს უნდა გენერლობა. (მეუბნება და იცინის).

ვინ არიან ის ადამიანები, ვის შეფასებასაც განსაკუთრებით ელოდები?

ირაკლი, მიშა, გიორგი (ირაკლი საღინაძე, მიშა მშვილდაძე, გიორგი ლიფონავა). მთავარია, რასაც დავწერ, მათ ამის გადაღება მოუნდეთ. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებიც, ზოგადად, სერიალებს არ ეტანებიან და წლებია, ”ჩემი ცოლის დაქალებს“, როგორც სოციალურ პროექტს, ისე უყურებენ. დათო (დათო გაბუნია, დრამატურგი) არის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ამავე პროფესიისაა, კარგად იცის დრამატურგიული ქსოვილი, იცის სადაა ის გამართული, სად გაირღვა, სად დავუშვი შეცდომა, რომელი მსახიობი რომელ როლს მოუხდება. როცა სცენარის წერის კურსს ვიწყებდით, იქაც ძალიან დამეხმარა ნოელ გრეიგის წიგნით ”დრამატურგია – პრაქტიკული სახელმძღვანელო“, რომელშიც არის სავარჯიშოები სცენარის წერისთვის; ასევე, ჩემი მეგობრები და უცხო ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მიხარია, რომ შემიძლია ვიღაცას სადღაც youtube-ის ლინკით ნოსტალგია გავუქარწყლო. ჩემი მშობლები, რომლებიც ძალიან სუბიექტურები არიან, მაინც მათი აზრი ხალხის აზრთანაა მიახლოებული. როცა დედაჩემი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია, ვიცი, რომ ის სერია ბევრ ადამიანს შეეხო. მგონია, რომ შრომისა და მონდომების შემთხვევაში, ყველაფერი გამოგივა; არა იმიტომ, რომ ღვთისგან ბოძებული ნიჭი გაქვს, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან გაინტერესებს. ყველაფერი, რაც ძალიან გაინტერესებს, გამოგივა.

XII1111

განათლებით გერმანისტი ხარ, მერე მასწავლებელი გახდი. გააზრებული იყო შენი ეს არჩევანი?

სრულიად გაუაზრებელი იყო. მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ გერმანული ენა მიყვარდა. მასწავლებელს სჭირდება მისიონერული მოწოდება – ყველა ბავშვი უნდა უყვარდეს, ყველასი უნდა ესმოდეს, თითოეული ბავშვის გამოხედვაში თუ არ ხედავ, რა პროცესები მიდის მასში, არაფერი გამოვა და ეს ყველა ზოგჯერ ორასი ან სამასი ბავშვია და ამ დროს, წარმოიდგინე, 22 წლის რომ ხარ და შენ თვითონ არ გაქვს ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, ძიების პროცესში ხარ. კლასის დამრიგებელიც კი ვიყავი; იმიტომ შემიშვეს, რომ იმ კლასში არცერთი მასწავლებელი არ შედიოდა. მე-9ა კლასი იყო, 190-ე სკოლა, ლოტკინზე. წარმოიდგინე, რა დონეზე არ ვიყავი ცხოვრების აზრზე, რომ ერთხელ, 1998 წელია. 22 წლის ვარ, მოდის მშობელი, რომელსაც გაღიზიანებული ვუხსნი, რომ მისი შვილი არ სწავლობს, ზმნის უღლება არ იცის და უცბად მეუბნება: ჩემი შვილი უმეტესწილად მშიერი მოდის სკოლაში და აბსოლუტურად არ მაინტერესებს, იცის თუ არა უღლებაო. მართალია, ისიც არასწორად ხედავდა საკითხს – შიმშილისგან თავის დაღწევის გზა სწავლაც არის, მაგრამ ძალიან ძნელია ბავშვს, რომელსაც შია, სცივა და ფეხსაცმელი არ აქვს, მოსთხოვო ჰაბენ-ის და სეინ-ის უღლება ჩაგაბაროს. მახსოვს, რომ ცხოვრება რა არის, ამაზე დაკვირვება ზუსტად სკოლაში დავიწყე. ის ძალიან განსხვავდებოდა იმ სოციუმისგან, რომელშიც მე ვცხოვრობდი, რომელსაც ასევე უჭირდა, მაგრამ პირველადი მოხმარების საგნები ჰქონდა, სკოლაში ვიღაც არ მოსულიყო, იმიტომ არ ჰქონდა ფეხსაცმელი, ეს ჩემ გარშემო იშვიათობა იყო, იქ – ჩვეულებრივი ამბავი. ჩემი სადამრიგებლო კლასის ყველა ბავშვის პრობლემა იყო ჩემი პრობლემა და მუდმივად მქონდა უთანხმოება დირექტორთან, სასწავლო ნაწილთან, მშობლებთან. მძიმე დრო იყო, ბევრი ჩემი მოსწავლე ციხეშიც მოხვდა მაშინ. 

შენი მოსწავლეები თითქმის შენი თანატოლები იყვნენ, რთული იყო ბავშვებთან ურთიერთობა?

მოსწავლეებთან არ ვმეგობრობდი. მათთან დიდი დისტანცია მქონდა. ალბათ, ამით მინდოდა, გაკვეთილზე სიწყნარე და სიჩუმე მქონოდა. ისინი თქვენობით მელაპარაკებოდნენ, მე – გვარებით, რაც საბჭოთა გადმონაშთი და საშინელი შეცდომა იყო. სკოლის ასაკში ბავშვებს მეგობრობა ასე ესმით, რომ არ უნდა დაუწერო ცუდი ნიშანი. მე კიდევ სრულიად მიუღებლად მიმაჩნდა, როდესაც მასწავლებლები ასე იქცეოდნენ და ამას საქმის გაიოლებად აღვიქვამდი. მეც „ვდიდობდი“ და ისინიც. მოკლედ მე არ მეყვარებოდა ჩემნაირი მასწავლებელი. ჩვენ, ყველანი, მეც და ჩემი მოსწავლეებიც, თინეიჯერულ და პოსტთინეიჯერულ მძიმე ასაკში ვიყავით და ხშირად ერთმანეთის ჯინაზე ვიქცეოდით.

შენს მოსწავლეებს უყვარდი? ისეთი მასწავლებელი, როგორადაც თავი დაახასიათე, წესით არ უნდა ჰყვარებოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილზე ვცდილობდი მკაცრად მხოლოდ გერმანულზე მელაპარაკა და არა პოლიტიკაზე ან სიყვარულზე, შენიშვნებში კი დიდი დოზით ვდებდი ცინიზმს, მაინც ზოგიერთ ბავშვს ვუყვარდი და ახლაც ვმეგობრობთ ”ფეისბუქზე“. მომწერს ახალგაზრდა ქალი ან კაცი ფეისბუქზე, რომელიც
ახლა უკვე ლამის ჩემ ტოლად გამოიყურება, „ქეთი მას, როგორ ხართ“ და მიხარია. ახლა რომ ვასწავლიდე სკოლაში, ძალიან ბევრ რაღაცას სხვანაირად გავაკეთებდი.

 სკოლიდან წამოსვლის მერე კერძო მოსწავლეები გყავდა, რითი იყო ასეთი სწავლება შენთვის საინტერესო და
კომფორტული?

ინდივიდებთან მუშაობა გამომდის, მაგრამ კოლექტივთან ურთიერთობა სხვა ნიჭია, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. აი, მაგალითად მენეჯერი ვერ ვიქნებოდი, ეგეთი რაღაცეები არ გამომდის. ახლა შენი საქმიანობა სრულიად განსხვავებულია
– წერ სცენარს. კვირაში მინიმუმ 3 სერია უნდა გადაიღონ, რაც ნიშნავს, რომ ბევრად მეტი უნდა დაწერო. ახლა ვიცი, რომ 11 სერიაა წარმოებაში, როგორ ახერხებ ამდენის მოსწრებას? მძინავს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 6 საათი, ღამე მეხსნება ჩაკრები, ამიტომ დილით ვიძინებ და შუადღისას, დაახლოებით 12 საათზე ვიღვიძებ. 

როგორც ყველა შემოქმედი?

 როგორც ყველა უწესო ადამიანი. 37 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ საუზმე არის ძალიან საჭირო რიტუალი. ახლა რომ ვიღვიძებ, აუცილებლად ვიმზადებ საუზმეს. მერე ვსქროლავ ”ფეისბუქს“ და ”გუგლში“ ვნახულობ რომელი გამოჩენილი ადამიანების დაბადების დღეა. ეს არის კარგი მეთოდი, გაიხსენო კარგი ადამიანები – მაგალითად, თუ ჯენის ჯოპლინის დაბადების დღეა, შევალ ”Kozmic blues“-ს მოვუსმენ, გამიხარდება. მერე მივდივარ სამსახურში, ვიკეტები ჩემს ოთახში და ვწერ, შიგადაშიგ თვალი ”ფეისბუქისკენ “ გამირბის, ზოგჯერ იმდენად და ისეთ დისკუსიებში გადავეშვები ხოლმე, მავიწყდება, რომ საწერი მაქვს. მეორე მხრივ, ”ფეისბუქი“ ჩემი ნომერ პირველი ინსპირაციაა და ამ დროს დაკარგულად არ ვთვლი. ისევ ვწერ, ხანდახან უცბად გამახსენდება, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთეს, გავვარდები პავილიონში, ვიჩხუბებ და ვბრუნდები.
ბიჭებს ჩემს გადამეტებულ „ვაიმე, რა გვეშველებაზე“ ეცინებათ ხოლმე, როგორც წესი. შაბათ-კვირასაც ჩვეულებრივად ვმუშაობ. ყოველ დილით ჩემს თავს ვეუბნები, რომ წერა არ გადავიქციო რუტინად, სატანჯველად და ჯოჯოხეთად. 244-ე სერიას რომ წერ, რუტინაა უკვე, მაგრამ ასე ვცდილობ დაწერას – აბა, რითი გავაოცებ ჯერ ჩვენს პროდიუსერებს, მერე ჩვენს ჯგუფს და მერე ჩვენს ქვეყანას. ჩემი მთავარი მიღწევა ცხოვრებაში არის დიდი შვილი და სამსახური რომელიც მიყვარს, თუმცა ჯერ ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ ვთქვათ we did it ; ისეთი არაფერი, რომ ოსკარზე დაგვეგვიანა.
”ფორმულა კრეატივში“ მივდივარ, ქეთის სამუშაო გარემოს დასათვალიერებლად. ოფისი ჭრელი და ხმაურიანია. ერთი ოთახიდან ისეთი ხმები გამოდის, თავი ღამის კლუბში გეგონება.
– აქ ვინ ზის?
– ჩვენი ხმის რეჟისორი, ახლახან გადაჯდა სხვა ოთახში, თორემ გვერდით ოთახში იჯდა და მაშინ უნდა გენახა, რა დღეში ვიყავი, დაუმთავრებლად ვყვიროდი, ჩაუწიე მეთქი, ისიც მპასუხობდა: მე რა ვქნა, მუსიკას ვწერო.
ქეთის პატარა და თითქმის ცარიელი ოთახი აქვს, რომელშიც კომპიუტერი, მაგიდა, ორი სკამი და ერთი დივანია. მაგიდაზე ბევრი არაფერი დევს. ყველაფერი, რაც ქეთის სჭირდება და რასაც ქმნის, კომპიუტერის ეკრანზეა. სამსახურში მისვლისთანავე ამ ოთახში იკეტება.

კრიტიკაზე როგორ რეაგირებ? მნიშვნელოვანია ვინ გაკრიტიკებს თუ სულერთია?

შესამჩნევად სენსიტიურად ვრეაგირებ კრიტიკაზე და მერე ვფიქრობ იმაზე, რატომ ვრეაგირებ ასე. განსაკუთრებით განვიცდი, თუ უსამართლოდ წერენ, რომ ვარ მიზოგინი, ჰომოფობი ან სტერეოტიპული. ხომ ვიცი, რომ არ ვარ, ასეთ დროს ძალიან ვბრაზდები; ან როცა მაბრალებენ მიზნების ქონას, რომლებიც სინამდვილეში არ მაქვს. განსაკუთრებით ვბრაზდები, თუ ამას მოჰყვება წინადადება: ”მე ამ სერიალს არ ვუყურებ, მაგრამ..“ ჩემი პოზიციით არ ვეფარები არცერთ პერსონაჟს. ჩემი პოზიცია არის კამერა, კამერით დანახული რეალობის რეკონსტრუქცია. ყველაფერი, რაც ეკრანზე ჩანს,არის ძალიან სასაცილო და ამის გამო ზოგჯერ სევდიანიც და საშიშიც. მსუბუქი მიზანთროპია შეიძლება შეინიშნება ჩემში, მაგრამ კონკრეტულად ქალების ან კაცების ცუდად წარმოჩენა არაა ჩემი მიზანი.

XII1111111

რა არის შენთვის სირცხვილი?

გაბანძება. ის, რაც ჩემი გასაკეთებელია, ცუდად რომ გავაკეთო, ან საერთოდ არ გამომივიდეს. ”რა მოხდა, ეს ხომ ადამიანურია“ – ჩემთვის არ არსებობს. რამე რომ დავწერო და ყველა გაჩუმდეს იმის ფიქრში, ეს რა უნიჭოაო, გული გამისკდება. ამიტომ, სანამ არ მომეწონება სცენარი, არავის ვაკითხებ. ძალიან მრცხვენია იმ შემთხვევების, როცა ვიყავი უსამართლო, მაგალითად, სერიალის ჯგუფის წევრების მიმართ. ვთქვათ, ვიღაცამ არ გააკეთა საქმე კარგად, სერიალი ილანძღება, მხვდება მე და ამ დროს საქმის გამო შეურაცხყოფა მიმიყენებია ვიღაცისთვის. არადა, მერე ხვდები, რომ არაფერი და მათ შორის არც სერიალი (საქმე) არ ღირს იმად, რომ ადამიანს აწყენინო. თუ კონფლიქტში ჩემი თავდასხმის გამო ვიღაც ხდება მსხვერპლი, დავჯაბნე მეტი ინფორმაციით ან მეტი შემტევობით, მერე ძალიან მრცხვენია.

შეგიძლია ჩამოთვალო სამი რამე, რის გამოც საწოლიდან დგები ყოველ დილით?

პასუხისმგებლობა შვილის მიმართ და ჩემი ფუნქცია – ვწერო სცენარი. ჩემთვის თავისუფლება გულისხმობს ფინანსურ დამოუკიდებლობას და შიში, არ დავრჩე უმუშევარი, მუდმივად მუშაობს. ასევე, ცნობისმოყვარეობა და ცნობისწადილი. ეს არის ის, რაც ლოგინიდან წამომაგდებს.თინა სირაძე ქეთის ერთადერთი შვილია. ის რომ გაჩნდა, ქეთი 18 წლის იყო. თინა ახლა 19 წლისაა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალ მეცნიერებებს სწავლობს და იქვე მუშაობს.

თინას გაზრდაში რამდენად ჩართული იყავი?

თინა ბებიებმა გაზარდეს. რასაც ჰქვია სწორი კვება, ჯანმრთელი ძილი და ცხელი საკვები, მათზე იყო. შეგონებებიც, ცხადია. ახლა ზრდასრული ადამიანია, რომლის რაღაც თვისებები ძალიან მომწონს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ამაში მე მაქვს მონაწილეობა მიღებული. უბრალოდ, ის ასეთია. ცხადია, აღზრდის მეთოდს და დაშვებულ შეცდომებს გავლენა ჰქონდა. ვთქვათ, თავის დროზე არ ვაძალებდი მეცადინეობას და კითხვას. მეგონა, რომ თვითონ მოუნდებოდა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ჩვევა ბავშვს უნდა გამოუმუშავო. ახლა ამას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე აკეთებს. თინას ჰქონდა ჩემთან ურთიერთობის დეფიციტი. მასთან თამაშს მერჩივნა წიგნის კითხვა. არ ვთამაშობდი ძალიან მზრუნველ დედას, არ ვიყავი ასეთი. აქვს პრეტენზიები, რომ რაღაც დააკლდა ურთიერთობაში, მაგრამ ახლა ვცდილობთ ამ დეფიციტის შევსებას.

ახლა კი მეგობრობთ, თუმცა ვიცი, რომ გარდატეხის ასაკში ურთიერთობა ძალიან გაგირთულდათ, როგორ მოახერხე ამ ურთიერთობის დალაგება?

როცა მივხვდი, რომ არ გამოგვდიოდა ურთიერთობა, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მისთვის, როგორც მეგობრისთვის, უნდა მომეყოლა ჩემი ცხოვრების შესახებ. ვუყვებოდი ხოლმე რაღაცეებს, როგორც ზრდასრულ ადამიანს. ასე დავმეგობრდით. ახლა ისიც ყველაფერს მიყვება, შეუძლია მითხრას, რომ სისულელეს ვამბობ ან დამცინოს. დედობა რეფლექსია – შვილი გიყვარს, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ცოტაა, შვილი უნდა მოგწონდეს კიდეც. დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, ერთმანეთის სტერეოტიპებს ვებრძვით. თინას არასდროს ვეტყვი: – „ახლა მე მარტო უნდა ვიყო და შენ უნდა გაერთო?!“ მე მირჩევნია ვინერვიულო და მომენატროს, ვიდრე იყოს ჩემს კალთაზე გამოკერებული და უბედური. ზოგჯერ ძალიან მიტკენია მისთვისაც გული, ისიც გამხდარა ჩემი რისხვის მსხვერპლი, მაგრამ მერე ბოდიშიც მომიხდია. თან სულ ვცდილობ, რომ შემეწინააღმდეგოს და არ ვიყო მისთვის ავტორიტეტი, მინდა ვიყო მისი მეგობარი. არაეგოისტური სიყვარულით რომ მიყვარს, ესაა ჩვენი ურთიერთობის წარმატება. ერთად ვიზრდებით 20 წელია. დიდი ქალის და პატარა გოგოს მეგობრობას ჰგავს ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მეთოდი ამართლებს.

ერთად ბევრ დროს ატარებთ?

ჩვენი პრიორიტეტები – როგორ უნდა გაატარო თავისუფალი დრო, არ ემთხვევა. თინას უყვარს ხალხმრავალი ადგილები, მე – არა. ბევრი ხალხი და სივიწროვე დეპრესიაში მაგდებს. ყველა ასეთ ადგილზე აღმოჩენისას, ვფიქრობ, ”ღმერთო, ოღონდაც აქედან გამიყვანე “. საჯაროდ ცეკვისაც მრცხვენია, ვერ ვიტან მიტინგებს, დიდ დაბადების დღეებს, ღამის კლუბებს. კინოში სიარული მიყვარს, კიდევ იდიოტურ თოქ- შოუებს ვუყურებ, გაცილებით უფრო საშინელ რაღაცებს ვხედავ, ვიდრე ზოგადად ჩანს, თან ჩემთვის ეს ინსპირაციაცაა. 

იდიოტური თოქ-შოუების ყურება რატომაა შენთვის ინსპირაცია? რამე ისეთს ხედავ, რასაც ჩვეულებრივ ვერ ვამჩნევთ?

ვხედავ წრეს, რომელზეც მუდმივად ვტრიალებთ. თოქ-შოუ საზოგადოებრივ დაკვეთას აბრალებს შერჩეულ სტუმრებს და თემებს, საზოგადოება – თოქ-შოუს. შედეგი კი არის დაგროვებული უარყოფითი ენერგია და ხელისგულზე დადებული ჩვენი პრობლემები. მე მაძლევს პროტოტიპებს, თემებს და დასაცინ ობიექტებს (ტენდენციებს და არა ადამიანებს). 

ხალხმრავალი ადგილები დეპრესიაში მაგდებსო, თქვი. საერთოდ,დეპრესიული ხარ?

კი, გენეტიკურია თან. ინტროვერტიც ვარ და დეპრესიულიც და მთელი ჩემი ცხოვრება ამასთან ბრძოლაა. როგორც კი ვატყობ, რომ ფსკერისკენ მივდივარ, ვცდილობ პატარ-პატარა სიხარულებით ვუმკურნალო თავს. თუ ვატყობ, რომ იმდენად გადავიღალე და იმდენად ხშირად ვჩხუბობ, რომ ეს დიდი სიმძიმის მოახლოების წინაპირობაა, ვიწყებ ინტენსიურ კითხვას. ადამიანებთან კომუნიკაცია, შოპინგი და თმის შეჭრა ჩემზე არ მოქმედებს. პირიქით, ამ დროს მარტო ყოფნა და მძიმე ფილმების ყურება ჩემთვის თერაპიაა. ჩემი ნება რომ იყოს, სულ სახლში ვიჯდებოდი, ვიმუშავებდი და ხანდახან, მხოლოდ კარგ ამინდში გავიდოდი სასეირნოდ. ზოგჯერ სტუმრებსაც მოვიწვევდი, რომლებიც მერე აუცილებლად უნდა წავიდნენ. მიუხედავად ასეთი ხასიათისა, შემიძლია სრულიად უცხო ადამიანთან პირდაპირ მივიდე სახლში. ასე გავიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი თეა.

წიგნები, როგორც დეპრესიისგან განკურნების საშუალება. შენი საყვარელი მწერლები ვინ არიან?

სამი საყვარელი მწერალი მყავს და არ მაინტერესებს არანაირი ობიექტური კლასიფიკაცია – დავით კლდიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და აკა მორჩილაძე. სკოლაშიც კი ვერ მოახერხეს, რომ კლდიაშვილი შემე- ძულებინა. სამივეს აერთიანებს ნამდვილობა, ძალიან წრფელი პროზაა. ჯავახიშვილთან სიღრმე, ადამიანური არსის ყველაზე კარგად ცოდნა, პრობლემების ზუსტი ხედვა, პატრიოტიზმსა და ურაპატრიოტიზმს შორის განსხვავების ჩვენება და სამივეს ნაზი და სევდის შემცველი იუმორი.

ფობიები თუ გაქვს? რა არის ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია?

კანცეროფობია, რომელსაც ვებრძვი იმით, რომ უამრავ სტატიას ვკითხულობ ონკოლოგიის მიღწევებზე. ძალიან დიდი ინფორმაცია მაქვს სიმსივნეზე. დიდი ხნის მუშაობის შემდეგ, ერთმა ჩემმა მეგობარმა გადამალახინა ეს შიში. ვიცი, რომ კიბო არ მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან მეშინია. სრული ემპათია მაქვს კიბოთი დაავადებული ადამიანებისადმი, შემიძლია საათობით ველაპარაკო მათ და ასეც ვიქცევი. ერთი ჩემი მეგობარი ონკოლოგი მეხუმრება, ფრთხილად იყავი, კიბოზე ფიქრით გართულს მანქანამ არ დაგარტყასო. 

მავნე ჩვევები რა გაქვს?

მოწევა. 20 წელია ვეწევი. თინეიჯერობაში ძალიან მინდოდა, რამე საიდუმლო მქონოდა, რამე დამეშავებინა. ალტერნატივა მხოლოდ მხედრიონი იყო და ხომ არ გავწევრიანდებოდი?! ჰოდა, ავედით კონსპირაციულ ბინაში მე და ჩემი დაქალები და დავიხრჩვით, იმდენი მოვწიეთ.

3small

შენი სიკვდილი როგორ წარმოგიდგენია?

სერიალის მემონტაჟე ვასკას, რომელსაც როცა ვეჩხუბები, არასდროს შემოდის ჩემთან პოლემიკაში, ამდენი თმენა ყელში ამოსდის, ჩემს ოთახში შემოდის და ავტომატის ჯერს მაცლის, ეკრანზე გახსნილ ვორდის ფაილში მხოლოდ ეს ჩანს: რრრრრრრრრრრრ

როგორ სიზმრებს ხედავ?

სიზმრებს ყოველღამე ვხედავ – ძირითადად, სიმბოლურს, რომელიც ეხმიანება ჩემს იმჟამინდელ პრობლემებს და სულიერ მდგომარეობას. ზოგჯერ ვიწერ კიდეც და ზოგჯერ დრამატურგიაც კი აქვს. ერთხელ დამესიზმრა, რომ კაფკას საყვარელი ვიყავი და ვეხვეწებოდი, მოეყოლა, როგორ მთავრდება ”პროცესი“, მაგრამ არ მიყვებოდა, იმიტომ, რომ ძალიან არ ვუყვარდი და არ მენდობოდა. ეს იყო სურვილი, რომ გენიოსთან ასოცირებული და მისი ამბების თანამონაწილე ვყოფილიყავი. კაფკა მაინცდამაინც კარგი საყვარელი არ იყო. ცუდი კი არ იყო, არ ესმოდათ, უბრალოდ, მისი. 

კაფკა გასაგებია და ისე, შენ როგორი კაცები მოგწონს?

მომწონს ძალიან ჭკვიანი კაცები, რომლებსაც, ამავდროულად, შეუძლიათ იყვნენ ემოციურები და გონებამახვილები. კაცს რაც უფრო ფართო არეალი აქვს, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის.

ფეისბუქზე ძალიან აქტიური იუზერი ხარ, ეს ბოჟიდაროვა საიდან მოვიდა?

გოგლიკა – მაჩაიძის ტრეკი იყო ასეთი ტექსტით: ”ვაიმე, ეს ქალი როგორ უკრავს -”божий дар􀇈􀇵􀇭􀇯􀇰􀀃􀇫􀇧􀇷􀀃“.
ერთხელ ფორუმზე მეხუმრა ჩემი მეგობარი, რაღაც კარგად ვთქვი და – ნამდვილი ”божий дар􀇈􀇵􀇭􀇯􀇰􀀃􀇫􀇧􀇷“ ხარო. მერე Facebook-ზეც ასე დავირქვი.
Bozhidaria რატომ გახდი?
იმიტომ, რომ 50 წლის რომ გავხდები, სამეგრელოში ვაპირებ საცხოვრებლად გადასვლას, რომელიც ძალიან
მიყვარს.

სულ სამჯერ იყავი სამეგრელოში და ასე რატომ გიყვარს?

სამეგრელოში არის დაბალი ატმოსფერული წნევა, მთები არ მაწვება ოთხი მხრიდან. არ მტკივა თავი, მეხსნება გონება, ვარ კარგ ხასიათზე, მაქვს ბევრი ენერგია. ძალიან მიყვარს მეგრელი ხალხი, სამივეჯერ შემხვდნენ ძალიან სხარტი და გონიერი ადამიანები, რომლებთან ერთადაც ყველა საქმე გამოდის, მუშაობა არ ეზარებათ  და ძალიან მოქნილები არიან. ბოლოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტით ვიყავი წასული, იმდენი ადამიანი გავიცანი და იმდენ ოჯახში ვიყავი, უზარმაზარი შთაგონება იყო ეს. მთელი ”გრიშა სითი“ ასე დაიწერა და რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ეს ირონია მეგრელებს არ ეწყინათ. მეგრული ენაც მომწონს, ვსწავლობ კიდეც. ძალიან მიყვარს მეგრული სამზარეულო.

და შენი მეგრული სიბერე როგორი იქნება?

50 წლის რომ ვიქნები, დაწერილი მექნება სცენარი რომელიც საზღვარგარეთ გაიყიდება და ვიყიდი ოდას, სოფელიც შერჩეული მაქვს. იქ არის სიჩუმე, ძალიან ლამაზი ეზოები. უნდა წავიდე სრულიად მარტო. მეყოლება მებაღე, მოურავი და მზარეული. იქიდან გამოვგზავნი ”ჩემი ცოლის დაქალების“ მეასე სეზონის სცენარს. ჩემთან ჩამოვლენ სტუმრები, მექნება კარგი ღვინო, კარგი მეგრული სულგუნი, “დიდ გეთსბიში” რომაა წვეულება, ისეთ წვეულებებს მოვაწყობ ხოლმე. მაგ დროისთვის ავტობანის მშენებლობა დასრულებული იქნება და თუ რამეა, 3 საათში თბილისში ვიქნები. მაგალითად, ახალი, კარგი ფილმის სანახავად ჩამოვალ. ქუთაისიდან ევროპაში გავფრინდები და ვიმოგზაურებ. XXI საუკუნეში რა მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებ, მთავარი ცხოვრების ხალისია.
ჰო, დამავიწყდა, ჩემს ოდაში ინტერნეტი და დიდი ბიბლიოთეკა აუცილებლად უნდა მქონდეს.

XII73471

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>