რიჩარდ ჰატენი

XII_issue_541

რიჩარდ ჰატენი (1967)
1991 წელს დააარსა დიზაინის სტუდია, სადაც დღემდე მუშაობს ავეჯის და ინტერიერის დიზაინზე. იგი ერთ-ერთი წარმატებული ჰოლანდიელი დიზაინერია. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმის მუდმივ კოლექციებშია. ესენია: სტედელეიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ამსტერდამში,
უტრეხტის ცენტრალური მუზეუმი, ვიტრას მუზეუმი, სან ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და სხვა. მის მიერ შექმნილი ავეჯი: ფუნქციური, კონცეპტუალური და იუმორისტულია. მას “გულახდილ” დიზაინერს უწოდებენ. იგი ამ სფეროში ქმნის ტრენდებს და მას დიდი გეგმები აქვს საქართველოშიც.

პირველი კავშირი საქართველოსთან?
რამდენიმე წლის წინ, მილანში გავიცანი ერთი გოგონა, თამუნა. პირველად მან მიამბო საქართველოზე, შემდეგ კი თბილისშიც ჩამოვედი.

რას ფიქრობ ჩვენს ქალაქზე? მის არქიტექტურასა და ვიზუალურ მხარეზე?
თვალში მომხვდა ბევრი სხვადასხვა პერიოდის არქიტექტურა, ძალიან საინტერესო ძველი ისტორიული შენობები და საბჭოთა ბრუტალური ნაგებობები. შესაძლოა, ახალი ნაგებობები ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ეს დროის შედეგია და ეს პროცესი გარდაუვალია.

ვიცი, რომ თბილისში ერთ-ერთი პროექტის განხორციელებას აპირებ.
დიახ, ე.წ. ბუტიკის სტილის სასტუმროს დიზაინზე მუშაობას ვაპირებ ქალაქის ძველ უბანში.

რა იქნება შენთვის მთავარი გამოწვევა პროექტზე მუშაობისას?
ჩემი მიზანია, გავაკეთო ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო მსოფლიოში და ამ მიზნის მიღწევა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა.

საიდან იწყება შემოქმედებითი პროცესი?
შემოქმედებითი პროცესი თეთრი ფურცლიდან იწყება.

საკუთარ თავს უსვამ სხვადასხვა კითხვას: ვისთვის ქმნი? რა მიზანი აქვს? რისი გამოხატვა გსურს?
როცა ჩამოვყალიბდები, ვიღებ ფანქარს და ვხატავ სკეტჩს.

დიზაინის აკადემიაში სწავლის დროს რაზე იყავი კონცენტრირებული?
სწავლის პერიოდში აბაზანის ღრუბელივით ვისრუტავდი უამრავ ინფორმაციას. სკოლა იმისთვის გამოვიყენე, რომ ჩემი საკუთარი მეთოდი და დიზაინის ენა განმესაზღვრა და ჩამომეყალიბებინა.

რომელმა დიზაინერმა მოახდინა გავლენა შენს პროფესიულ განვითარებაზე და შენს თანამედროვეებში რომელი მიგაჩნია საინტერესოდ?
ჩემი გმირი გერიტ რიტველდია. მან 1917 წელს შექმნა შემდგომში კლასიკად ქცეული “წითელი და ლურჯი სკამი”.. მისი სკამი იყო პირველი თანამედროვე სკამი, რაც ოდესმე შექმნილა. თანამედროვეებს შორის ძალიან ბევრი კარგი დიზაინერია, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია – მაიკლ იანგი, კონსტანტინ გრჩიჩი, პატრიცია ურკიოლა. მათ ნამუშევრებს ვეთაყვანები. საკუთარი ინდივიდუალურობის გამო, ისინი განსაკუთრებული
არიან.

შენი პროდუქტი მსოფლიო მასშტაბით აკმაყოფილებს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს. თუ შეიძლება, ამიხსენი ეს ფაქტი?
ჩემი საიდუმლო ძალიან მარტივია: მე ზუსტად იგივე მოთხოვნები და სურვილები გამაჩნია, როგორც სხვებს.
აქედან გამომდინარე, შემდეგ ვქმნი პროდუქტს. მთავარია იყო გულახდილი და ენდო საკუთარ ინტუიციას.

მითხარი, რა დატვირთვა აქვს დღეს დიზაინს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში?
დიზაინს ძალიან ფართო მოქმედების არეალი აქვს – დიზაინი, როგორც ხელოვნების ნიმუში და დიზაინი ფართო მასებისთვის. ერთ ისტორიას მოგიყვებით: ჭიქა, სახელად Dombo, რომელიც მილიონობით გაიყიდა
მთელ მსოფლიოში, იქცა ჭიქად, რომელიც ადამიანებს ბედნიერს ხდიდა. ბევრმა ბავშვმა ამ ჭიქით ისწავლა წყლის დალევა, ხოლო მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უადვილდებოდათ მისი დაჭერა. აი, ამ ტიპის დიზაინის შექმნა მსურს სულ – ერთი მხრივ, ფუნქციურის, მეორე მხრივ კი – მხიარულის და პოზიტიურის.

რა მორალური პასუხისმგებლობის მატარებელია დიზაინერი და არქიტექტორი?
ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. ეს არის უმთავრესი. აგრეთვე, ეკოლოგიური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი კარიერის მანძილზე, სულ ვცდილობდი, ნატურალური მასალებით მემუშავა. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ვიზუალური და ფუნქციური მხარეც. ამ კომბინაციით დამზადებული ავეჯი კი ყოველთვის გაუძლებს დროს. თუკი არქიტექტორი ისეთ შენობას მოიფიქრებს, რომელიც 100 წლის მერეც საინტერესო და მიმზიდველი იქნება, იმას ნიშნავს, რომ მან ეს პასუხისმგებლობა გაითავისა და ისტორია შექმნა.

და ბოლოს ერთი რჩევა რიჩარდ ჰატენისგან ახალგაზრდა, დამწყებ დიზაინერებს.
მხოლოდ ერთი?

კარგი, 2 იყოს.
თავისით არაფერი მოდის. თუ გინდა წარმატებული გახდე, ძალიან ბევრი იმუშავე, საკუთარი თავი იპოვე, გქონდეს იდენტობის შეგრძნება, არასოდეს გაიმეორო ზუსტად სხვისი რამ.

XII_issue_542    

Table chair

XII_issue_543

Dumbo

XII_issue_544

Dandelion

XII_issue_545

Satellite Chair/for OFFCCT

XII_issue_546

X Chair / for Moroso

XII_issue_547

Layers Cloud Chair /forKvadrat

XII_issue_548

Playimg with traditions

XII_issue_549

Cristofle Paris

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>