რომ ვირწმუნო, უნდა შევიცნო

XII_issue_530

იმიტომ არა, რომ მათ ოჯახებს 50- წლიანი მეგობრობა აკავშირებს, მამები კი კლასელები იყვნენ; არც იმიტომ, რომ ურთიერთობაში ორჯერ, მრავალწლიანი წყვეტის მიუხედავად, ისევ, იმავე წამს და იქ უმეგობრდებიან ერთმანეთს, სადაც მათი გზები იკვეთება; კიდევ არც იმიტომ, რომ მსგავსი პრინციპები და ღირებულებები აქვთ და პრობლემებზე მაღლა დადგომის ჩვევაც დიდი ხნის წინ გამოიმუშავეს… უფრო ზუსტად, ამ ყველაფრის გამო და კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ ორივეს ფანატიზმამდე უყვარს საქართველო! ოლიკო ბაბლუანს – პარიზში, თეა წითლანაძეს – თბილისში.
დოკუმენტური ფილმი ქართველი განმანათლებლების შესახებ ერთდროულად მათი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის დებიუტი იქნება. 45-წუთიანი სურათის გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება. სცენარის ისტორიულ სიზუსტეზე თეა უნივერსიტეტში სალექციო კურსის პარალელურად მუშაობს, ოლიკო კი რამდენიმე თვეა, ორ ქალაქს – თბილისსა და პარიზს შორის ცხოვრობს.

როგორ გადაიკვეთა თქვენი საქმიანი გზები? მანამდე თუ გქონიათ ერთობლივ პროექტზე მუშაობის გამოცდილება?

თეა: არა, ეს ჩვენი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია და, იმედია, წარმატებული აღმოჩნდება. კონკრეტულ პროექტზე ერთად მუშაობის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მივიღეთ. გასული წლის შემოდგომაზე, ოლიკოს საქმიანი ვოიაჟი ჰქონდა თბილისში: გადაწყვიტა ფილმი გადაეღო ქართველი განმანათლებლების შესახებ და ისტორიკოსი სჭირდებოდა. როცა თანამშრომლობა შემომთავაზა, დაუფიქრებლად დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო იქამდე არ ყოფილა და ვერ ვიტყვი, რომ დეტალურად ინფორმირებული ვიყავი, იდეა იმდენად საინტერესო ჩანდა, ბევრი აღარ მიფიქრია.

ოლიკო: რამდენიმე თვის წინ გაჩნდა იდეა. ვეძებდი ფორმას, როგორ განმეხორციელებინა ჩანაფიქრი. ჯერ დოკუმენტური ფილმების სერიაზე ვფიქრობდი.საბოლოოდ, 45-წუთიან ფილმზე შევაჩერე არჩევანი. როგორც თეას არ უფიქრია ბევრი, დამთანხმებოდა თუ არა თანამშრომლობაზე, ისე მე არ მიწვალია ბევრი – ისტორიკოსის შერჩევაზე. თეა იყო საუკეთესო ვარიანტი, რამდენადაც ვიცოდი მისი დამოკიდებულება საკუთარი პროფესიის მიმართ. კაცობრიობის ისტორიული ნაბიჯები, წარსული ყოველთვის დღევანდელობას ქმნის. მგონია, რომ თეა კარგად ხედავს ამ ხიდს წარსულსა და მომავალს შორის. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა მაქვს მის მიმართ და ამიტომ მქონდა ურყევი რწმენა, რომ ის სწორი მიმართულებით წამიყვანდა. ამას დამატებული მისი ოჯახის ინტელექტუალური მემკვიდრეობა, რომელიც უაღრესად ფასეული, გადამწყვეტია ჩემთვის.

თეა: იმ პერიოდის დეტალურად შესწავლა, რომელზე მუშაობაც დავიწყეთ, სიახლე იყო ჩემთვის. ამდენად,
იმის განცდა, რომ წინ თანამშრომლობის საინტერესო პროცესი მელოდა, თავიდანვე მქონდა. რა თქმა უნდა, ოლიკოა ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი. ის მიყვება საკუთარ იდეას, მიმართულებას გვაძლევს, გვავალებს, გვისწორებს… ვმუშაობთ და თან ვხალისობთ ამ პროცესით.

XII_issue_531

ერთმანეთს გავხართ?

ოლიკო: პირიქით, აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ, მაგრამ ფასეულობები, ფუნდამენტური ღირებულებები ერთნაირი გვაქვს: ყოველდღიური პრობლემების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულება, რაც დიდი და გაუთვითცნობიერებელი სიძლიერის ნიშანია – პრობლემებს ბოლოს მაინც ვლახავთ. საერთო გვაქვს ისტორიის მიმართ სიყვარულიც.

როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტუალურია დღევანდელ საქართველოში ის საკითხები, რომლებიც ქართველი განმანათლებლების უმთავრესი ინტერესის სფერო იყო?

ოლიკო: ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ ეს არის – ეცნობი ქართველი განმანათლებლების ნააზრევს და
აბსოლუტურად არ გაქვს განცდა, რომ ამ პერიოდისგან საუკუნე-ნახევარი და მეტიც გაშორებს. იმდენად ლაღი, ზუსტი და პროგრესულია მათი ნააზრევი, კითხულობ და გიკვირს, – თითქოს ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეშია დაწერილი, იმდენად ეხმიანება დღევანდელი საქართველოს პრობლემებსა და მდგომარეობას.

თეა: საქართველოში განმანათლებლობამ მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში შემოაღწია, მაშინ როცა მას საფუძველი
მე-17 საუკუნის ინგლისში ჩაეყარა. ეს იყო თვისობრივად ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რაც ემპირიული აზროვნების აღმავლობას უკავშირდებოდა. მალე ის ევროპის ქვეყნებში: შოტლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში გავრცელდა. ჩვენს ქვეყანაში განმანათლებლობა, ბუნებრივია,
ლოკალური მოვლენა იყო, თუმცა ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მან გარდატეხა მოახდინა ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ განვითარებაში.

ოლიკო: არსებობს განათლება, მისი აკადემიური მნიშვნელობით, რომელსაც მიიღებ და გამოიყენებ. და არის განმანათლებლობა – გაცილებით ღრმა და გლობალური ფენომენი, რომელსაც გლობალურივე პროგრესი მოაქვს; რომელიც შორსაა რელიგიური ფანატიზმისა და პოსტულატებისგან. ის ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროს კი არ მოიცავს, სფეროთა მთელ კომპლექსს აერთიანებს. განმანათლებლობის პერიოდს უკავშირდება ნოვატორული იდეების აღმავლობა, არსებული მანკიერებების მხილება, რელიგიურ ფანატიზმზე უარის თქმა, უკანონობის აღმოფხვრა, ნაციონალური ენების სამეცნიერო ენებად ქცევა, რათა ის ყველასთვის გასაგები და იოლად აღსაქმელი ყოფილიყო. განმანათლებლებმა მეცნიერება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადეს, ის ადამიანებს დაუახლოვეს. მსოფლმხედველობა მთლიანად შეიცვალა იმ პერიოდის მსოფლიოში, დოგმებისგან გათავისუფლება მოხდა, რაც, არსებითად, ორ მთავარ პოსტულატს უკავშირდებოდა: „რომ შევიცნო, უნდა ვირწმუნო“ და „რომ ვირწმუნო, უნდა შევიცნო.“ ეს გამორიცხავდა ბრმა, უპირობო რწმენას.

რატომ აირჩიეთ ფილმისთვის მაინცდამაინც ქართველი განმანათლებლები? რატომ გაგიჩნდათ ინტერესი ამ თემის მიმართ?

ოლიკო: ზოგადად, საქართველოს ისტორიის მიმართ ინტერესი საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლის შემდეგ გამიმძაფრდა. როცა აქ ჩამოვდიოდი, უფრო კარგად ვაცნობიერებდი ხოლმე, რომ დროის წყვეტა ჩვენს ქვეყანასა და გლობალურ სამყაროს შორის დიდია. აქედან გამომდინარე, საკუთარი იდენტობის ათვლის წერტილები საქართველოს ყოველთვის თავისივე ჰქონდა. შესაბამისად, იმის ძიება, ვინ ხარ, სად ხარ და რას წარმოადგენ ამ სამყაროში, საით მიდიხარ და როგორ ვითარდები – გარდაუვალი და უსაზღვროდ საინტერესო პროცესია… იმაზე ფიქრი და იმაში ჩაძიება, ვინ იყვნენ ის ქართველი მოაზროვნეები, ჩვენი წინაპრები, რომლებმაც ურთულეს პერიოდში ჩვენამდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობა, სული და იდენტობა.

როგორ აფასებთ დღევანდელ საქართველოში განათლებისა და ზნეობრივი განვითარების ხარისხს?

ოლიკო: დღეს საქართველოში მატერიალიზმის კულტია. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც
ქართველმა ხალხმა მთავარი – სილაღე დაკარგა. თუ ადამიანს ფინანსური სტატუსი არ უმაგრებს ზურგს, ეს ძალიან უშლის მას ხელს საკუთარი თავის სწორ შეფასებაში, იდენტობის სიმყარეში.

თეა: საქართველოში სულიერი შიმშილია. უამრავმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი ახალმა თაობამ, პრაქტიკულად არაფერი იცის იმ ადამიანებზე, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს საქართველოში! იმ პროექტით, რომელსაც ოლიკო შეეჭიდა, ინფორმაცია ბევრი ქართველი განმანათლებლის ღვაწლის შესახებ მარტივი, თვალსაჩინო და იოლად აღსაქმელი ფორმით იქნება მიწოდებული. ის, რასაც ისინი ემსახურებოდნენ, დღესაც აქტუალურია და ფილმის მნახველს აუცილებლად დააფიქრებს, ანალიზის საშუალებას მისცემს.

რომელი ქართველი განმანათლებლები მოხვდებიან თქვენს ფილმში?

ოლიკო: ახლა მუშავდება ეს საკითხი. მათ დიდ ნაწილს საზოგადოება კარგად იცნობს. მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში ევროპული განმანათლებლობის დანერგვაში. პოეტის სახლი წინანდალში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. იქ იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, იმართებოდა სალონური საღამოები, დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე. სასიხარულოა, რომ ალექსანდრე
ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დღესაც ინარჩუნებს იმ სულს, რომელიც მას მე-19 საუკუნის დასაწყისში ჰქონდა, როცა ქართველი პოეტის საცხოვრებელი ევროპული აზროვნებისა და ცხოვრების სტილის კარგ ნიმუშს წარმოადგენდა. აქაურობა დღესაც სისხლსავსე კულტურული ცხოვრებით ცხოვრობს. სახლ-მუზეუმში იმართება ევროპული სტანდარტის კონცერტები, შეხვედრები. მოქმედებს მეღვინეობის სკოლა, სადაც უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან და ა.შ.

თეა: ფილმში ნახავთ ქართული განმანათლებლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს – ნიკო ნიკოლაძეს – გამორჩეულს პროგრესის, განათლებულობისა და ინტელექტუალობის სრულიად განსაკუთრებული მასშტაბით. მაყურებელი გაეცნობა ალექსანდრე ამილახვარსაც. მის ტრაქტატში საუბარია საქართველოს მოწყობის სქემაზე, კერძოდ, იმ მომენტებზე, რომ ეკლესია ადამიანის სულიერ ცხოვრებას უნდა აგვარებდეს; რომ მეცნიერების განვითარებასა და ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სხვ. შეუძლებელია ამ ტრაქტატის პროგრესულობამ არ განგაცვიფროს!

ოლიკო: ქართველი განმანათლებლების ნაწილი მეცენატობასაც ითავსებდა. ამის საუკეთესო მაგალითად დავით სარაჯიშვილიც კმარა. თუ პარალელს თანამედროვეობასთან გავავლებთ, რაც არ უნდა პარადოქსულად
და გასაოცრად ჟღერდეს, დღევანდელ საქართველოშიც არიან ბიზნესმენები, რომლებიც ახალი თაობის განათლებასა და განვითარებაში სოლიდურ ფულს დებენ, აფინანსებენ მათ სწავლას საქართველოსა თუ უცხოეთში.

როდის იწყებთ ფილმის გადაღებას?

ოლიკო: უკვე დაგეგმილია პროექტი. სცენარის ავტორი, ნინო ნატროშვილი, დაახლოებით ორი თვეა მუშაობს. არ ვჩქარობთ, გვინდა, რომ ხარისხიანი გამოვიდეს. თამაზ ჯოლოგუა და თეა იქნებიან ფილმის გმირები, როგორც პერსონები. გაზაფხულის ბოლოსკენ დავიწყებთ გადაღებებს, საქართველოს სხვადასხვა წერტილს მოვიცავთ. ეს იქნება ფილმის გმირების საცხოვრებელი ადგილები თუ მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ესა თუ ის ლოკაცია. იმედია, ამინდიც ხელს შეგვიწყობს, რომ ყველაფერი ადგილზე ვნახოთ და მაყურებელსაც ვანახოთ.

როგორ შეაფასებდით განათლების სისტემას დღევანდელ საქართველოში?

ოლიკო: ნებისმიერი პოლიტიკოსი ვისთანაც მისაუბრია, ამბობს, რომ განათლების უდიდესი შიმშილია ქვეყანაში. მაგრამ რეალური, მტკიცე და კონკრეტული “მარშალის გეგმა” არასოდეს დგება დღის წესრიგში. საქართველოში განათლების სისტემის მთავარი პრობლემა – გრძელვადიანი გეგმის არარსებობაა. არავინ
ამბობს: 20-წლიან გეგმას შევიმუშავებ, 10 წელიწადში ამა და ამ შედეგზე გავალ, მომდევნო 10 წელიწადში
ამას და ამას გავაკეთებ. საგანმანათლებლო სისტემა 4 წელიწადში ერთხელ, მთავრობის ცვლასთან ერთად არ უნდა იცვლებოდეს. ვინც მოვა, მან უკვე არჩეული გზა უნდა გააგრძელოს. ასე თუ მოხდება, შედეგიც იქნება.
პარალელურად, უნდა დაიწყოს ახალი თაობის, ახალი კადრების სრულყოფილად გამოზრდა. საამისოდ კი სკოლა არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში ადამიანი დაბალ ანაზღაურებას იღებს. განთლების სისტემის სრულყოფას დრო, ფინანსური რესურსი და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება ჭირდება. სხვანაირად არაფერი შეიცვლება. განათლება და განათლებულობა უნდა გახდეს მოდული.

ოლიკო, თქვენს გეგმებშია სატელევიზიო გადაცემაც, რომელიც კულტურულ სიახლეებს გააშუქებს. რას აპირებთ უფრო ზუსტად?

ოლიკო: ეს იქნება შემეცნებითი გადაცემა, რომელიც კულტურულ სიახლეებს ასახავს საქართველოში და არამარტო. კულტურა, უპირველესად, ცხოვრების წესია. თანაცხოვრების უნარი. ქვეყანა ინსტიტუციურად ისეა მოწყობილი, რომ გარემო, ყოველდღიურობა, ცხოვრების წესი საკუთარი ინტელექტის მუდმივად განვითარების საშუალებას გაძლევს. საქართველოში – პოსტსაბჭოთა, ომებიდან გამოსულ ქვეყანაში – არსებითად სხვანაირი მოცემულობაა. აქ კულტურაზე, სულიერებაზე რომ დაფიქრდე, ბევრი ყოფითი პრობლემა უნდა გქონდეს მოხსნილი. თუმცა, როცა კულტურული ცხოვრება შენი ყოფის, შენი ხასიათისა და სულის მოთხოვნილებაა, ამ „შიმშილს“, უბრალოდ, ვერ გაუძლებ – გამოფენაზე წახვალ, ბიბლიოთეკაში ჩაეწერები, სახლში წაიკითხავ წიგნს… კულტურას ნაზიარები ადამიანისთვის ეს ორგანული ხდება!

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>