Magnum Photo

69-წლიანი ისტორია, დამოუკიდებლობა, პრესტიჟი და აღიარება

მაგნუმ ფოტოს საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველი

თვალწინ თუ რომელიმე ძალიან ცნობილი ფოტო წარმოგიდგათ, მაგრამ არ გახსენდებათ ვისია და სად მიაკვლიოთ, დიდი ალბათობით, ის „მაგნუმის“ რომელიმე ფოტოგრაფს ეკუთვნის.
დოკუმენტური ფოტოგრაფიის გამორჩეული და მრავალფეროვანი კოლექტივის წევრები ყოველდღიურად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, ათეულობით ფოტოს საშუალებით ამდიდრებენ არქივს, რომელიც დღეს მილიონზე მეტ ნაბეჭდ ფოტოს და 500 000-ზე მეტ ონლაინ ნამუშევარს მოიცავს. ორიგინალური ხედვის მქონე 60-ზე მეტი ფოტოგრაფი უწყვეტ რეჟიმში გადმოგვცემს ცნობილი თუ უცნობი ადამიანების ცხოვრების და ისტორიების მათეულ შეუდარებელ ინტერპრეტაციას, მოგვითხრობს თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენების და გამოწვევების შესახებ.
სააგენტო „მაგნუმ ფოტო“ არის ფოტოგრაფის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. 67 მუდმივი წევრის და 20 გარდაცვლილი ფოტოგრაფის საავტორო უფლებების დაცვა, მათი პრესით, ტელევიზიით, გამომცემლობებში გავრცელებაზე, გალერეებსა და მუზეუმებში გამოფენაზე ზრუნვა პარიზის, ლონდონის, ნიუ იორკის და ტოკიოს რედაქციების და 15-ზე მეტი სააგენტოს საქმეა.

ასე შეიქმნა მაგნუმი

რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, დევიდ სეიმური, ჯორჯ როჯერი – ამ ოთხი ფოტოგრაფის გვარი ფიგურირებს ნიუ იორკის სავაჭრო რეესტრში, 1947 წელს, სააგენტო „მაგნუმის“ დამფუძნებლებად. როგორც ამბობენ, ხელშეკრულებას რამდენიმე კვირის წინ, MOMA-ს (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) რესტორანში მოაწერეს ხელი. ამ დროს MOMA ანრი კარტიე ბრესონის გამოფენას მასპინძლობდა. სახელის წარმოშობის ამბავი დანამდვილებით არავინ იცის – ლათინურის გავლენაა, ანუ ალუზია დიდზე და მნიშვნელოვანზე თუ ჰედონისტურ ვერსიას – კაპას და შამპანურის სიყვარულს უნდა მივაწეროთ. ერთი რამ დანამდვილებით არის ცნობილი, რომ სააგენტოს შექმნის იდეა სწორედ კაპასგან მოდის, ჯერ კიდევ 1938 წლიდან, პირველად მან დაიწყო ფიქრი ფოტოგრაფის საავტორო უფლებაზე.
1930-იანი წლები ფოტოჟურნალისტებისთვის ოქროს ხანად ითვლება, თუმცა იმდროინდელი ილუსტრირებული ჟურნალების პატრონები ერთპიროვნულად და ხშირად უდიერად განკარგავენ მასალას და ამასთან შეგუება რობერტ კაპას და მის თანამოაზრეებს აღარ სურთ და ამიტომ აარსებენ სააგენტოს, სადაც ნეგატივის და სურათის ერთადერთი განმკარგავი თავად ფოტოგრაფია. სწორედ ასე გაჩნდა ფოტოგრაფის საავტორო უფლების ცნება.
„მაგნუმ ფოტოს“ შექმნის ისტორია მეგობრობის ისტორიაა. იმასაც ამბობენ, ომისგან და სენტიმენტალური თავგადასავლებით გადაღლილმა რობერტ კაპამ „ოჯახი შექმნაო“. ეს ფოტოგრაფიული ოჯახი პარიზში შეხვდა ერთმანეთს. მისი პირველი პრეზიდენტი, უნგრეთში დაბადებული ანდრე ფრიდმანი, მოგვიანებით რობერტ კაპა, პარიზში 1933 წელს, ჰიტლერის ხელისუფლებას გამოექცა. უნგრეთში მშფოთვარე ახალგაზრდული
თავგადასავლების და ბერლინში ემიგრაციის შემდეგ, ამ დროს პარიზში აღმოჩნდა პოლონელი დევიდ სეიმურიც, იგივე შიმი, რომელსაც ფოტოგრაფობამდე, ვარშავაში პიანისტობა ჰქონდა გადაწყვეტილი, ხოლო მოგვიანებით ლაიფციგში ხატვას სწავლობდა. მესამე „პარიზელი“ – ანრი კარტიე ბრესონი – კინოს, ხატვასა და ფოტოგრაფიას შორის ეძიებდა არჩევანს. ანდრე ლოტის მოწაფე, სიურრეალისტებს სტუმრობდა და ბეკერთან და რენუართან ერთად, კინოშიც ცდიდა ბედს. 1930-იანი წლების პარიზში ეს სამეული ერთმანეთს ხშირად ხვდებოდა, საერთო ინტერესები გაუჩნდათ და რევოლუციონერი მწერლების და არტისტების ასოციაციასთანაც ჰქონდათ ფლირტი. მათ მოგვიანებით შემოუერთდა ყოფილი მეზღვაური, ინგლისელი ფოტოჟურნალისტი ჯორჯ როჯერი. ძნელი არ არის „მაგნუმის“ ოჯახის დამაარსებლების ხასიათების გამორჩევა. ოთხეულის ბიოგრაფიებში უამრავი რამეა, რაც მათ ბუნებრივად აკავშირებს, მაგრამ ასევე ბევრი რამ განასხვავებს. საინტერესოა და ერთგვარად ცხადიც, რატომ გადაიკვეთა მათი გზები. ფოტოებს თუ გადავხედავთ, მაშინვე ნათელია, რომ მათი გაერთიანების იდეა ფოტოგრაფის უფლებების დაცვას და მეგობრობას ნამდვილად სცილდება. სიცოცხლის მოყვარული კაპა, ინსტინქტისა და მოძრაობის ფოტოგრაფი, დისტანციური, ხანდახან მკაცრი კარტიე ბრესონი, შორსმჭვრეტელი სეიმური და მშვიდი, გაწონასწორებული როჯერი. თითოეული მათგანი კლასიკური რეპორტაჟის ერთგვარი ანტიპოდია. როგორ უნდა ასახო რეალობა შემოქმედის ინდივიდუალობის დაკარგვის გარეშე – ამ კითხვაზე საერთო პასუხი არ ჰქონდათ, მაგრამ თითოეულმა მათგანმა ამ კითხვას პასუხი, „მაგნუმამდე“, საკუთარ ომში, საკუთარი თავისუფლებით და იდეოლოგიით გასცა. ესპანეთის ომი, ჩინეთის ომი, მეორე მსოფლიო ომი.. ომი ერთგვარი მოტორია მათ ბიოგრაფიებში, თუმცა ომიც
სხვადასხვაგვარია. ჩვეულ ესთეტიკას რადიკალურად უცვლის რობერტ კაპას ნორმანდიული ლეგენდა, როჯერისეული ბელსენის სისასტიკე, კარტიე ბრესონი ლირიული ესპანეთი და სეიმურის ამერიკული ჯარი.
კაპას და სეიმურს დიდხანს გაჰყვათ ომის თეატრის ინტერესი და, სამწუხაროდ, კაპა ინდოჩინეთში, სეიმური
კი სუეცის კონფლიქტში დაიღუპა მოგვიანებით. „მაგნუმის“ შექმნა თითქოს აღტაცებული პასუხია, რომ
თითოეული მათგანი გადაურჩა ომს და, ამასთანავე, რჩება ისტორიის შუაგულში. „მოეშვით სიურრეალიზმს და იქეცით ფოტოჟურნალისტად, თორემ მანიერიზმის ტყვეობაში მოექცევით. Don't fidget. Get moving!“ – ეს იყო რობერტ კაპას რჩევა ანრი კარტიე ბრესონისადმი. „ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი მომავალი რობერტ
კაპას გამოგონილი მინიატურული ფოტოაპარატების და გრანდიოზული იდეების კომბინაციაა,“ – ამბობს ჯორჯ როჯერი.
ეს კომბინაცია კი ისტორიების დამოუკიდებლად არჩევის, საკუთარ იმიჯზე ზრუნვის თავისუფლებაა, რითაც სრულიად გასცდნენ თანამედროვე მოვლენების ნებისმიერ შაბლონურ აღწერას. „ამბის სტანდარტული აღწერის გზა არ არსებობს, ფოტოგრაფია რეალური ცხოვრების პოეზიაა.“
მალევე გამოჩნდა პირველი საოცარი შესაძლებლობები – რობერტ კაპას მოგზაურობა ჯონ სტეინბეკთან ერთად რკინის ფარდის მიღმა, კარტიე ბრესონის ინდოეთი განდის მკვლელობის დროს. 50-იანი წლებიდან, ტრადიციული ფოტორეპორტაჟის კონცეფცია დაიმსხვრა. გაჩნდა ახალი სახელები და ახალი თაობის ფოტოგრაფები, სიახლის ძიება და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები, თუმცა „მაგნუმის“ თითოეულმა დამფუძნებელმა საკუთარი ნიჭით და ღირსებით შექმნა ფოტო ისტორიისთვის, როგორც სამყაროს ბრძოლა დავიწყების წინააღმდეგ.

XII_issue_535

D-Day. Normandy, France, June 1944
© Robert Capa / International Center of Photography / Magnum Photos

XII_issue_536

Prague Invasion, Czechoslovakia, August 1968
© Josef Koudelka / Magnum Photos

XII_issue_537

Carnival Strippers, USA, 1975
© Susan Meiselas / Magnum Photos

XII_issue_538

Eiffel Tower Painter. Paris, France. 1953
© Marc Riboud / Magnum Photos

XII_issue_539

Dust Storm, Rajasthan, India, June 1983
© Steve McCurry / Magnum Photos

XII_issue_540

9/11, New York, USA, 2001
© Thomas Hoepker / Magnum Photos

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>