ბატონი პის ცოტა აბსურდული მზადება აბსურდული დღიურებით

XII_issue_558

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ბატონი პის ცოტა აბსურდული მზადება აბსურდული დღიურებით ბატონი პი, გურიაში გამგზავრებამდე, უგუნებოდ გახლდათ. ეს წაიკითხა: “დღაი ბღუდერ გურულები არბეიტენ ყანასაო,არბაიტენ, გუტენჰაბენ, ზინგენ-ზუნგენ ნანასაო”. ოდნავ გაეღიმა, მაგრამ ამაოდ. წუთიც და ისევ სევდამ შეიპყრო.ერთადერთი გზაღა დარჩენოდა და მიმართა: ხელში კალამი აიღო (კლავიატურა სასტიკად სძულდა). სანამ მატარებელი წავიდოდა, წერდა. დღიურივით:
“ამქვეყნად ყველაფრის დასაწყისი ტრადიციულად ბანალურია. როცა წამოვდექი, ოცდამეერთე საუკუნის
დასაწყისი და მზე უკვე შუბის ტარზე იდგა; ასევე, ჩემი არაერთი გამრჯე მეზობელიც. და ჩემთვის დიდად ჩვეულებრივი დღე, თუ გურიაში წასვლის მოვალეობას და ქვემოთ ხსენებულ ქმედებებს არ ჩავთვლით, რომელთა ჩადენაც რაღაც ენითაუწერელმა წადილმა მიკარნახა და აღმასრულებინა; ხოლო მკითხველს რომ არ ეგონოს, რომელიმე ანტიუტოპიური რომანის შეგნებულად და მართებულად გაწელილ შესავალს კითხულობს, წავალ რესტორნის ტიპისა და კაფის გვარის რომელიმე სასაუზმეში – რომლის შესასვლელზე აკრული აბრა სიმკაცრის წესთა სრული დაცვით გვამცნობს: “აქა შემომსვლელმა იმედი დაუტევოს, თუ ტერცეტსა და ტერცინას შორის სხვაობას ვერ ამჩნევს” და ა.შ. – შევუკვეთავ ორ ჭიქა “ბეილისს”(ლიტერატურულად – სტენდალი) და ტრადიციათა მიმდევარ რომელიმე გოგოს დაველოდები და რახანაც გოგო საოცრად თანმიმდევრული აღმოჩნდა, ანუ მის მოსვლამდე დრო უნდა გავიყვანო, ჯიბიდან ამოვიღე ორი პატარა ხის კაცი. ყური მიუგდეთ ხმას, მეზობელ კაფე “ალმოდოვარი +”-ში ამღერებული რადიოდან მოწვდენილი რეკლამის სახით: ჰაერს თითოეული თქვენგანის ფილტვის გემო აქვს ერთად აღებული. უსათუოდ გამოცვალეთ იგი რამე უკეთესი საშუალებით და ა.შ. საღამოს გურიაში უნდა წავიდე. სატირალში. ამხელა კრიტიკოსი კაცი სუფრაზე რომ დავჯდები, რაღაც ხომ უნდა ვთქვა ლიტერატურული. არადა, ახლა ილო მოსაშვილი მახსენდება. გასახარელს არაფერს ამბობს: “სადმე სადგურია, სად მე, სად გურია”. ამას ვერ ვიტყვი. რამე ისეთი, უკეთესი: “გურიაში რა გინდოდა, თუ სიკტილი არ გინდოდა?” უფ, მგონი დავთვერი. ძალიან დავთვერი. და ის კაცები რატომ მიყურებენ ეგრე დაჟინებით? მგონი მაპატიმრებენ. აი, ახლა მაჩვენებენ ორდერს. აი, უკვე მოვიდა ერთი მაღალი, თავთთმამარვალი და მეუბნება:
– თქვენ ძალიან წაადგებით ჩვენს ლიტერატურულ სკოლას. ჯერ კიდევ სამი წლის წინ შევამჩნიე თქვენი დიდებული ტალანტი. ურიგო არ იქნება, რომანებიც გეწერათ, მეგობარო, აუცილებლად შეძლებთ, ოღონდ – აქ შესამჩნევად გაიღიმა – თარგმნილებს თქვენად ნუ გაასაღებთ. გეხუმრებით, რა თქმა უნდა. ასე რომ – აქ ღიმილი მოსხიპასავით – ხვალიდან საქმეს შევუდგეთ, ხვალ კარგ ამინდს გვპირდებიან…
ყოველთვის მშურდა იმ ადამინების, ფეხზე მდგართ რომ შეუძლიათ ძილი. მათ, როგორც წესიერი ხალხის
წესია, მხოლოდ ხელი ჩაიქნიეს; ხოლო მე, როგორც ყოველთვის, დამავიწყდა დილით თავისთვის მიცემული ყველა პირობა, დავპატარავდი, სკამიდან ჩამოვძვერი და ჩქარი ნაბიჯით იქაურობას განვეშორე. და აჰა, აწ უკვე უზარმაზარი მუსიკალური საკრავი, შემთხვევითი ფირფიტა ჟღერდა. მე მივეახლე და შევძახე:
– რად გაჰკივი, სიმონ, ნინა, აგრე ავად? რამ გაგახსენა ჯოჯოხეთი, ნინა, სიმონ? შენ რაღამ გაგახსენა?! რომანების
წერა მინდოდა? გურიაზე მაქვს დასაწერი! ძალიან დავთვერი? ვბოდავ? აზრი ვერ გამოიტანეთ? რას გამოიტანთ – გურიაზე უნდა მოვამზადო სიტყვა. ანა კალანდაძის ლექსი ზეპირად. კალანდა აუცილებლად და კიდევ ერთი. რომელიმე. ბანალურია?
აბა, რაზე ვესაუბრო? ფირალების ფოლკლორზე. სისაონაი დარჩია, ნაქებაი ბიჭობაში. არ ვარგა, სიმღერას გვახსენებს. მაინც ქელეხია. მოდი, რამე დინჯ თემას ავიღებ, ცოტა კახურს. თან მოკლე სიტყვა გამომივა, თან არავინ გამომრჩება, ძალიან ცოტა ჰყავთ ისეთი, რაზეც მე დავწერ”.
აქ ბატონმა პიმ შვებით ამოისუნთქა, ვისკიანი ჭიქის ფსკერი ენით შეამოწმა, ახალი ფურცელი ამოიღო და
დაიწყო:
“გურული პროზაიკოსები. სამი ეპოქა. მეცხრამეტე, მეოცე, ოცდამეერთე:
1) ეგნატე ნინო შვილი. მტირალი კაცი სიცილის ქვეყნიდან. თემები, სწორად შერჩეული, როგორც ხალხოსანს ეკადრება – დაქცეული ქვეყანა, გაჭირვებასთან მეომარი ხალხი და აუცილებლად დამარცხებული. სხვანაირად მკითხველი ვერ გაბრაზდებოდა. ეს კი აუცილებელი იყო. წერის მანერა – მარტივი, თუმცა ზოგჯერ ოდნავ ხელგაქცეული. ავტორი – უდავოდ ნიჭიერი და სახელმძღვანელოებიდან უსამართლოდ ამოღებული. ისევე როგორც ოდესღაც გაურკვევლად ჩასმული, როგორც რომ მეოცე საუკუნის მწერალი – არადა, მეცხრამეტეში გარდაიცვალა, სულ რაღაც 35 წლისა.
2) დუმბაძე ზუსტად ხედავს მთავარ სტრატეგიას გურულის გადარჩენის – ეს სიცილია. შეიძლება ითქვას, მისი ტექსტები სიცილითა ტკივილის დამთრგუნველია. ოღონდაც არ გეგონოთ, რომ იუმორი აქ სევდაზე მნიშნველოვანია. პირიქით, მეორე რომ არა, პირველიც არ იარსებებდა. მათემატიკაა ერთგვარი. გურული. დუმბაძე მარტივად ყვება და ბევრს აიძულებს მოუსმინოს. მრავალი მკითხველი შიშით აღძრავს ლიტერატურისმცოდნეთა ნაწილს, რომლებიც თავსა დამართ სცემენ და იტყვიან: ვაითუ პაპსაა და ჯაზად შემოგვატყუესო. ამაოა მათი შიში, დუმბაძე გურულ ფოლკს უკრავს.
3) გიორგი კეკელიძე. “გურული დღიურები” იშვიათი წიგნია, რომელმაც თვისობრივად შეიძინა სხვა თვისება. კი ბატონო, გვინახავს წიგნი, ტარაკნებს რომლითაც ხოცავენ, სამწუხაროდ საპირფარეშო- შიგამოსაყენებელიც, მაგრამ წიგნთან სელფი? შიგნით რა წერია, არ ვიცი, მაგრამ გოგო რომ წიგნთან სურათს გადაიღებს, იმ წიგნს მერე კრიტიკოსი აღარ წაიკითხავს”.

და რა შუაშია ეს მცირე მიმოხილვა ქელეხში სათქმელ სადღეგრძელოებთან? – იკითხა ხმამაღლა პიმ -ვერ გეტყვით. უფრო სწორად, ზუსტად ვერ გეტყვით. გურია ხომ ისედაც ქაოტურია და მისი არსი – მხოლოდ
უკიდურესი გაუგებრობით ხდება გასაგები. დაშალეთ ეს დღიური და ფაზლივით სხვანაირად ააწყვეთ. მაშინ
კარგი რეცენზია გამოვა – გურულ პროზაზე. მანამდე დავიძინებ. მატარებლის გასვლამდე ერთი საათით ადრე ტელეფონი გამაღვიძებს. ეგებ სიზმარში მაინც მიკარნახოს ვინმემ უკეთესი რამე.