„ვუძღვნი ჩემს ხალხს“- გიგო გაბაშვილის ანდერძი

გიგო გაბაშვილი 1862 წლის 9 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. 1882-83 წლებში ის თბილსშივე, კ. კეპენის სამხატვრო კოლეჯში სწავლობდა. 1886-88 წლებში მან პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა, 1894-97 წლებში კი პროფესიული ოსტატობა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში გაიღრმავა.

გაბაშვილი სამხატვრო ასპარეზზე 1888 წელს გამოჩნდა. მისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებამ 1891 წელს, მხატვრის პირველ პერსონალურ გამოფენაზე იხილა.

გაბაშვილი ქართულ ფერწერაში რეალიზმის წარმომადგენელია. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ორი ათასზე მეტ ტილოს ითვლის. ის, ძირითადად, ზეთის საღებავებითა და აკვარელით მუშაობდა. აქვს კალმით შესრულებული ნახატებიც. გაბაშვილის ნამუშევრები ჟანრობრივად მრავალფეროვანია. მისი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ხაზს პორტრეტი წარმოადგენს. მან შექმნა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტების მთელი სერია. სწორედ ამ ჟანრში წარმოჩნდა სრულყოფილად მხატვრის ტალანტი და პროფესიული ოსტატობა. 

გაბაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მხატვარია, რომლის სახელსაც ევროპული მხატვრობის ფორმების დამკვიდრება უკავშირდება. ნატურალიზმი და რეალობის ზედმიწევნით მკაფიო შეგრძნება- მისი შემოქმედების უმთავრესი მახასიათებლებია. ამავე დროს გაბაშვილი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც ითვლება.

1894 წელს გიგო გაბაშვილი შუა აზიაში გაემგზავრა. რამდენიმე თვეში უკან აურაცხელი ჩანახატითა და ეტიუდით დაბრუნდა, რომლებიც მოგვიანებით დიდ ტილოებად იქცა. მხატვრის ცნობილი ტილო – “ბაზარი სამარყანდში” 2006 წელს ნიუ იორკის ქრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად გაიყიდა. მისი არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.

გიგო გაბაშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. თბილისში ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში გაბაშვილი პროფესორად მიიწვიეს, სადაც პედაგოგიურ საქმიანობას ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ემსახურებოდა. მას მკაცრ, მომთხოვნ და ამავე დროს საოცრად მოსიყვარულე პედაგოგად იხსენებენ, რომელსაც ენით აუწერელ სიამოვნებას ანიჭებდა მოსწავლეებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

მხატვარი 1936 წლის 23 ოქტომებრს ბათუმში შემოქმედებით მივლინებაში ყოფნისას გარდაიცვალა. სიკვდილის წინა დღეს მან საკუთარი მაგიდის უჯრაში მცირე ჩანაწერი დატოვა: “უსაზღვრო სიყვარულით და ერთგულებით ვუძღვნი ჩემს ხალხს ჩემს მრავალწლის ნამოღვაწარს.”

გიგო გაბაშვილის მხატვრობა, მთელი მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ მხატვარს მთელი არსებით იტაცებდა მშობლიური ქვეყნის წარსული, ჩვენი დედაქალაქის დრამატული მოვლენებით სავსე და ამავე დროს პოეზიით გაჯერებული თავგადასავალი, საქართველოს მცხოვრებთა ყოფა, ძველი თბილისი, მისი შეუდარებელი ფერები და ბოჰემურობა, რაც სამუდამოდ დარჩა კიდეც გიგო გაბაშვილის უმდიდრესი შემოქმედების სახით!

XII_issue_559

XII_issue_560

XII_issue_561

XII_issue_562

XII_issue_563

ფოტოები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში.