ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი

XII_issue_564

ფოტო: გრეგორი რეჯინი

XII_issue_565

Eat Abstractedly, 2015, Archival pigment print, 73 x 90 cm.

თეატრის მაკეტები

ბავშვობაში მიყვარდა მამაჩემის, გოგი მესხიშვილის სახელოსნოში თეატრის მაკეტების თვალიერება. გოგი მხატვარი და სცენოგრაფია, ის ხანდახან ხატვასაც მასწავლიდა, მაგრამ არ მეხერხებოდა. მახსოვს, ერთხელ მითხრა, რაც გინდა, გამოდი, ოღონდ მსახიობი არ გამოხვიდეო. ასევე, მიყვარდა ბებიაჩემ ქეთინოს ოთახი, სადაც ის მუდამ საკერავ მანქანასთან იჯდა და მეგობრებს კაბებს უკერავდა. ჩემი მეორე ბებია, თინა, არქიტექტორი იყო და მასთან მისვლისას, თავის აშენებული შენობების ფოტოებს მათვალიერებინებდა. ჩემი და, ნინო, სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. საათობით გვერდზე ვეჯექი და ვუყურებდი, როგორ ბატიკას ხატავდა ან გობელენებს ქსოვდა. დედაჩემის, მაკას, ულევი ინტერესი, ენერგია და ენთუზიაზმი ყველა ფორმის ხელოვნების და ვიზუალური კულტურის მიმართ დღემდე გადამდებია. ბავშვობაში მიყვარდა ჩემს ოთახში მარტო თამაში და ხანდახან მგონია, რომ სახელოსნოში ყოფნისას, დღესაც იგივეს ვაკეთებ.

კინოები და მულტფილმები

ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაციაა მამაჩემი, თეატრი და გაუთავებლად კინოებისა და მულტფილმების ყურება. ბავშვობაში ხშირად ვიყავი ავად, ამიტომ ბევრ დროს თამაშსა და ტელევიზორის ყურებაში ვატარებდი. ყველაზე დიდ შთაგონებას მამაჩემისგან, დედაჩემისგან და ჩემი ქმრისგან ვიღებ. მამა ყველაზე დადებითი და თავისუფალი ადამიანია, დედა უდიდესი ინტერესით არის განწყობილი მსოფლიოს მიმართ, ჩემი ქმრის
აზროვნების ორიგინალობა კი დღემდე მაოცებს. ზოგადად, ინსპირაციას ყველგან და ყველაფრისგან ვიღებ, როგორც მაღალი კულტურისგან, ისე ნაგვისგან. ბოლო დროს, ხშირად მახსნედება ეს წინადადება, მაგრამ არ მახსოვს ვისია: “Too much of good taste”.

XII_issue_566

Lesley (after Friedlander), 2015, Archival pigment print, 27 x 22 cm.

ამერიკა

14 წლის ვიყავი, ოჯახთან ერთად ამერიკაში რომ წავედი. წასვლა არ მინდოდა, მაგრამ აქ ომი იყო და არავინ მეკითხებოდა, წავიდოდი თუ არა. ზაფხულში ჩავედით, სკოლა ჯერ არ იყო დაწყებული და არავის ვიცნობდი, ამიტომ თავიდან დღე და ღამე ტელევიზორს ვუყურებდი. შეიძლება ითქვას, ინგლისურად თავისუფლად საუბარი ტელევიზორის დახმარებით დავიწყე. სკოლაში პირველ წელს მეგობრები არ მყოლია. დროის გასაყვანად ბევრს ვმეცადინეობდი და როგორც ყველა პატარა გოგო, მოდელობაზე ვოცნებობდი. მოდელობა მალევე დავიწყე, ძალიან სწრაფად და კარგად წავიდა საქმე. უცებ თინეიჯერების განთქმულ ჟურნალ “Seventeen”-ის ყდაზე აღმოვჩნდი და სამოდელო სახლ Gaultier-ს რეკლამაში გადამიღეს. რა თქმა უნდა, ამ ბავშვურ წარმატებას სკოლაში ჩემი პოპულარობა მოჰყვა. უცბად ყველას ჩემთან მეგობრობა მოუნდა. ვინც მანამდე არ მესალმებოდა, ახლა პირიქით, ზედმეტ ყურადღებას მაქცევდა. ეს ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო გამოცდილება იყო და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ უნდა ხალხს, რომ, უბრალოდ, ცნობილები იყვნენ. მოდელობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჭამა მიყვარს და თან უნივერსიტეტში სწავლა მინდოდა. თუმცა დიდი გამოცდილება იყო. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მე, განებივრებული თბილისელი ბავშვი, შრომასა და უარის მოსმენას შევეჩვიე, ხოლო მეორე მხრივ, ფოტოგრაფია, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა, მნიშვნელოვანი კუთხით გავიცანი.
ამერიკა მომავალზე ორიენტირებული ქვეყანაა, საქართველო – წარსულზე. ამერიკას მოკლე მეხსიერება აქვს და საქართველო მოგონებებით არსებობს. მადლობელი ვარ, რომ ორივე ქვეყანაში ჩამოვყალიბდი.

XII_issue_567

Andro’s Book, 2015, Archival pigment print,126 x 100 cm.

ნიუ იორკი

ნიუ იორკში გაზრდა თავისებური განათლებაა. იქ თითქმის ზედმეტი კულტურაა, რაც სხვანაირ ხედვას გივითარებს. აგრეთვე, გარკვეული დროის შემდეგ, ცოტა არ იყოს, ცინიკოსად გაქცევს. ამიტომ ვთვლი, რომ გამიმართლა, როდესაც სკოლის შემდეგ, The Bard College-ში მოვხვდი. ეს უნივერსიტეტი ქალაქგარეთ მდებარეობს და საკმაოდ პროგრესული და ავანგარდული განათლების სისტემით ამაყობს. იქ ჩამომიყალიბდა კრიტიკული აზროვნება და გავეცანი ფემინიზმის ნამდვილ მნიშვნელობას. Bard-ში ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე გავამახვილე ყურადღება. ეს Bard-ის ყველაზე მკაცრი ფაკულტეტი აღმოჩნდა, რომელიც ფოტოგრაფ სთივენ შორმა დააარსა. 70-იან წლებში, მან ფერადი ფოტოგრაფია, დიდი ფორმატის კამერა და, ასევე, point-and-shoot სტილი გაავრცელა. მაგრამ, ალბათ, მთავარი მაინც ის იყო, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები გავიჩინე, რომლებიც თავიანთი პროგრესული მსოფლმხედველობით, დღემდე ინსპირაციას მაძლევენ.

XII_issue_568

Lesley (after Friedlander), 2015, Archival pigment print, 27 x 22 cm.

XII_issue_569

Hollow Body, Kölnischer Kunstverein, Cologne, 2015, photo: Simon Vogel.

ბერლინი

უნივერსიტეტის შემდეგ, დროებით ბერლინში გადავედი. იქ ჩემმა პროფესორმა, სთივენ შორმა, სამსახური მიპოვა ფოტოგრაფ-ხელოვან თომას დემანდთან სტუდიაში. დიდ პროექტზე მუშაობდნენ და ბევრი მუშახელი სჭირდებოდათ. ამიტომ მე მთელი ბერლინის ნაცნობობა იქ მივიყვანე და რაღაც საშინლად ვერთობოდით. პირველად, ბერლინში ჩასვლისას, მაგარი დრო გავატარე, ბევრი ემოცია ამოვწურე და ახალი, მაგრამ სამუდამო მეგობრები შევიძინე. ხელოვანისთვის ბერლინი არაჩვეულებრივი ადგილია, თავს არაფერს გახვევს, თითქოს ქალაქისთვის სულერთია, ხარ თუ არ ხარ; უბრალოდ, ბევრ სივრცესა და დროს გაძლევს.

“Bidoun”

ბერლინის შემდეგ, ისევ ნიუ იორკში გადავედი. ეს იყო 9/11-ის შემდეგი პერიოდი და ამერიკაში ძალიან ზენოფობური მდგომარეობა გახლდათ. ერთ-ერთმა ჩემმა Bard-ის მეგობარმა, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა ახალი ჟურნალის გამოშვება, სახელწოდებით – “Bidoun”. “Bidoun”, ძირითადად, ვესტოცენტრულ მსოფლხედვას აკრიტიკებდა. ჟურნალი უმეტესად იუმორითა და ხელოვნებით იყო სავსე და ხელოვნების სფეროში საკულტო სტატუსი გაუჩნდა. “Bidoun”-ში სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ფოტოგრაფად და არტ რედაქტორად. რამდენიმე თვის წინ, ჟურნალის მთლიანი არქივი აიტვირთა ვებ გვერდზე – bidoun.org.

XII_issue_570

Don’t be an actress (RGB), 2015, print on fabric,1200 x 300 cm.

“Hollow Body”

ცოტა ხნის წინ, სოლო გამოფენა მკონდა კიოლნში, სახელწოდებით “Hollow Body”. რამდენიმე სიტყვა გამოფენის სახელწოდებაზე ინგლისურად – ““Hollow body position is a term in gymnastics that refers to a strong basis position- a key
“empty” position for building core strength. “Hollow” because you have to tighten your muscles to a point where it feels like there is nothing inside you- however from the outside it looks like you are not doing very much but actually it is a really difficult position to hold and takes an enormous amount of invisible strength. So, I see it as something that has much more substance
than what it looks like from the outside. The other meaning that I think is important for the exhibition is the literal meaning. Is a photograph hollow? When you photograph a thing or a body, is that image hollow? Is it merely a depiction of the surface, or is there more to it? It is a very photographic term for me- and seems to get to the core of the medium’s paradox- photograph is indexical and evidence like- yet there seems to be so much more to looking at a picture.” გამოფენაზე ,ფოტოების გარდა, 12 მეტრის სიგრძის ფარდა გავაკეტე, სახელწოდებით – “Don’t be an actress 2”. ძალიან მიხარია , რომ ამ ნამუშევარტ თებერვლის ბოლოს თბილისში გამოვფენ.

მომავალი გამოფენები

აპრილის ბოლოს ვაკეთებ გამოფენას ბერლინში, მაისში ნიუ იორკში და ივნისში – ბაზელში. მერე, იმედი მაქვს, ცოტას დავისვენებ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com