ადრეული ქორწინების სევდა

– რა საყვარლები არიან, შენებია? – ვეკითხები დიდი ხნის უნახავ კლასელს, რომელიც ქუჩაში შემხვდა.

– მოგწონს? გათხოვილიყავი შენც ადრე და გეყოლებოდა, – მპასუხობს და საკუთარ ხუმრობაზე იღიმის.
მე კი მის ხმაში ჩემდამი აგრესიას და სიბრაზესაც ვგრძნობ. თვალები სევდიანი აქვს. სევდიანი და გადაღლილი.

მეთერთმეტე კლასში ვიყავით, როცა ქეთი გათხოვდა. ასე, ადგა და გათხოვდა. მშობლებს უნდოდათ, უნივერსიტეტში ჩაებრებინა, საუკეთესო მასწავლებლებთან ატარებდნენ და სოლიდურ თანხასაც ხარჯავდნენ რეპეტიტორებთან, ეს კი ადგა და გათხოვდა. გათხოვილ ქალს სწავლა-განათლება არ სჭირდება, ქმარს უნდა მიხედოს და ოჯახს მოუაროსო, გამოგვიცხადა მასწავლებელმა, რომელიც საუკეთესო მოსწავლის გადაწყვეტილებით ძალიან იყო გულდაწყვეტილი. როგორც ჩანს, ქეთის ახალ ოჯახშიც ასე ფიქრობდნენ. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ, ბოლო ზარზე ვნახე. ორი თვის ორსულს თეთრი წინსაფარი ეკეთა და თვალები უბრწყინავდა. მასწავლებლების ლაპარაკს მოვკარი ყური, როგორ არ სრცხვენია, თეთრი წინსაფარი რომ ჩაიცვა, სხვებთან ერთად რა ნამუსით დგას ახლაო. გავბრაზდი. თუმცა, არაფერი მითქვამს.

ეს გოგო, ათი წლით უფროს ქალს რომ დამსგავსებოდა, თავისი სამი შვილით, ახლა ჩემ წინ იდგა და სახლში მეპატიჟებოდა. ცოტა ხანს ვილაპარაკეთ. თითქოს, აზროვნებით, 17 წლის ასაკში იყო დარჩენილი, თითქოს, არ განვითარდა, თითქოს, მისთვის დრო ათი წლის წინანდელ ნიშნულზე გაიყინა. ღირებულებებიც იგივე დარჩენოდა. ადამიანები ვითარდებიან, სწავლობენ, შეხედულებებს იცვლიან, ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე კამათობენ, თუმცა როცა ადრეულ ასაკში ბავშვს აჩენენ, თითქოს, ყველას ერთად ეცვლება პრიორიტეტი..

თინეიჯერების უმეტესობა ქორწინებას რომანტიზებულად ხედავს. ფიქრობენ, რომ მათი პირველი სიყვარული
ერთადერთია და სიკვდილამდე ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებენ. განსაკუთრებით მომხიბვლელი სტუდენტობაში შვილის ყოლა ეჩვენებათ. გააჩენენ და იძულებულები არიან, ერთ დროს საუკეთესო სტუდენტები, მინიმალურ ქულას დასჯერდნენ. ლექტორიც უწერს, რადგან იცის, რომ ღამე აქვს გათენებული, ხედავს, რომ ფეხზე ვერ დგას და ლექციაზეც ყველაფერი აინტერესებს, იმ ღირებულებების გარდა, რომლებზეც ჯგუფს ესაუბრება.

– გათხოვილიყავი შენც და გეყოლებოდა ასეთი, – სიცილით, თუმცა დამნაშავის თვალებით მეუბნება გაგა,
რომელიც ღამის კლუბის გარეთ, დღის სინათლეზე პირველად შემხვდა. პატარა ბიჭს ასეირნებდა. მითხრა, ჩემი შვილიაო.

ვიცოდი, რომ ცოლიანი იყო, თუმცა დეტალებით არასოდეს დავინტერესებულვარ. აღმოჩნდა, რომ ჩემზე ერთი წლით პატარას უკვე ხუთი წლის შვილი ჰყავდა. კლუბში ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ისეთ დიდ სამეგობროში, როგორიც კლუბებშია ხოლმე. არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, ხან კლუბის ცენტრში
მოცეკვავეების ყურებისას გაშტერდებოდა, ხან ჩვენი მოწონების ობიექტების ამბებისა თუ სასიყვარულო თავგადასავლების მოსმენისას. თვალები ისეთი სევდით ევსებოდა, თითქოს, მთელი მსოფლიოს პრობლემა მის კისერზე იყო. როცა ვეკითხებოდით, რა სჭირდა, გვპასუხობდა, რომ არაფერი. ამ “არაფერს” კი ჭიქა ტეკილას სულმოუთქმელად აყოლებდა და უაზროდ გვიღიმოდა.

თინეიჯერობაში დაქორწინების გადაწყვეტილების მიღება 17 წლის ასაკში პროფესიის არჩევას ჰგავს. მა-
შინ, როდესც ყველაფერი მომხიბვლელად გვეჩვენება, თუმცა მალევე ვხვდებით, რომ შეგვეშალა, რომ ჟურნალისტობა, ექიმობა თუ იურისპუდენცია ჩვენი საქმე არ იყო და ამიტომ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, პროფესიისაგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში ვაგრძელებთ მუშაობას. ადრეულ ასაკ-
ში ქორწინება, ალბათ, გოგოებისთვის უფრო რთულია. ბავშვი მათ განათლებას რამდენადმე აფერხებს, პრიორიტეტებსა და ცხოვრების მიზნებს უცვლით. ეს მაშინ, როდესაც ქორწინება მათი ქმრებისათვის იმავე ბარიერებს არ ქმნის. მაშინ, როდესაც ცოლების მთავარი ამოსავალი წერტილი ბავშვია, ქმრები სწავლობენ,
სამსახურში წინაურდებიან, თვალსაწიერს იფართოვებენ, მათ შორის საპირისპირო სქესთანაც, რადგან ქმრებს აღარ მოსწონთ მუდმივად დაღლილი, სახეჩამომტირალი და მოწყენილი ცოლები. ცოლები, რომელთა ერთადერთი საზრუნავი პამპერსები და სადილია, ცოლები, რომლებიც მუშაობის, სოციალიზაციის,
მეგობრებთან კონტაქტის მიუხედავად, მაინც 17-18 წლის ასაკში რჩებიან და ახალ ღირებულებებზე
წარმოუდგენელი ხდება მათთან ლაპარაკი, ცოლები, რომლებიც მათ აღარ მოსწონთ და ხვდებიან, რომ მუცელში პირველი პეპლების გამოჩენისთანავე მიღებული სერიოზული გადაწყვეტილება შეცდომა იყო. საბოლოოდ კი ვიღებთ რამდენიმე წელიწადში დანგრეულ ოჯახებს ან ცოლებს, რომლებიც გამუდმებით ხუჭავენ თვალს ქმრების ღალატზე და ქმრებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასე ნორმალურია.

ჩვენს საზოგადოებაში ქალიც იჩაგრება და კაციც. შეყვარებული გოგო, განსაკუთრებით, პატარა დასახლებებშია
ცოდო, იქ, სადაც ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. ამიტომ, მეზობლებისა და ნათესავების გამოა იძულებული, ცოლად გაჰყვეს პირველ შეყვარებულს, იმიტომ, რომ მათ სალაპარაკო არ მისცეს. მერე თვალებში სევდა უდგებათ.

ბიჭიც ცოდოა. ბიჭი, რომელსაც გვარის გამგრძელებლად მიიჩნევენ და გაიგებენ თუ არა, რომ შეყვარებული
ჰყავს, მთელი ოჯახი აიძულებს ცოლის მოყვანას – აქაოდა, რას ელოდები, დროა, ოჯახს მოეკიდოო. ჩვენ
მოგეხმარებითო. არაფერს მოგაკლებთო. ბიჭებსაც მოჰყავთ. მოჰყავთ და მერე თვალებში სევდა უდგებათ. 

საზოგადოება სასტიკია. ის ივიწყებს წყვილს და მის პირად ცხოვრებას იმ წუთიდანვე, რაც დაკანონდება. ივიწყებს და ახალ საკბილოს, საჭორაო მასალას ეძებს. მერე კი მხოლოდ ერთეულები ხვდებიან, რომ ხანდახან
არაფერია იმაზე გულისმომკვლელი, ვიდრე ადრეული ქორწინებისა და უდროოდ დაკარგული თავისუფლების გამო, ადამიანების სევდაჩამდგარი თვალები.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>