ინტერვიუ მაია ნავერიანთან

XII_69

მაია ნავერიანი, Balloons, 2005
ფერადი ფანქრები ქაღალდზე, 148 x 114 cm,

XII_610

მაია ნავერიანის პერსონალური გამოფენა House of Forward Thinking.
Project ArtBeat gallery, თბილისის მთაწმინდის პარკი

ელენე აბაშიძე: მაია, შენს ამჟამინდელ გამოფენაზე მითხარი, რომ მთელი ექსპოზიცია ინტუიციურად ააგე,
მხოლოდ შემდეგ დაინახე ლოგიკა ნამუშევრების განლაგებასა და განვითარებაში. როგორ ფიქრობ, ინტუიცია ხელოვანისთვის არსებითი თვისებაა?

მაია ნავერიანი: ჩემი აზრით, ინტუიცია ნამდვილად არის მთავარი ორიენტირი, გეზის მაჩვენებელი… გზამკვლევი.
ალბათ იმიტომ, რომ ის უშუალობა, რაც მხოლოდ ინტუიციაზე მინდობით ჩნდება, საკუთარი ეგოსგან და კულტურის გაფორმებული ენისგან (კლიშეებისგან) გამოთავისუფლების აუცილებელი წინაპირობაა – კონდიცია, რომელიც თავისთავად დიდ სივრცეს და შესაძლებლობას გადახსნის სუბიექტური მხატვრული ენის გასაფორმებლად, დასამუშავებლად და აუთვისებელ ტერიტორიებში კითხვებით სამოგზაუროდ. რაც შეეხება ამ გამოფენას -House of Forward Thinking(Project ArtBeat-ის პროექტი), ის ძალიან სპეციფიკურ და უკვე ძალიან სიმბოლურ სივრცეში – სატვირთო კონტეინერშია, რომელიც მთაწმინდის მთის კიდედან გადაჰყურებს გადაშლილ, მრავალშრიან პანორამას და ძალიან მძაფრი ემოციური და ასოციაციური რეაგირებისკენ გიბიძგებს. კონტეინერის შინაარსიდან გამომდინარე, ამ სტატიკური პეიზაჟის კონტრასტად კიდევ უფრო მძაფრდება არასტაბილურობისა და არაპერმანენტულობის განცდა.
კონტეინერი – გამოქვაბული, სახლი, ხორხი, რომელიც უსასრულობას თითქოს ზევიდან გადაჰყურებს; თავის წიაღში კი რაღაც საშინლად ადამიანური, ინტიმური ხდება და თავისი დინამიკა აქვს… დიდი რკინის კარი პერიოდულად იღება და ეს ორი პარალელური რეალობა თითქოს ერთმანეთში იწყებს გადადინებას… ცოტა
ხანიც და კონტეინერი გადაადგილდება, პეიზაჟი კი არ შეიცვლება… მოკლედ, ამ ადგილზე და ამ გამოფენაზე
ბევრი რამის თქმა შემიძლია, იმდენად დიდი იყო ინსპირაცია და, ალბათ, სწორედ ამიტომაც, ძალიან უმტკივნეულოდ და ჰარმონიულად აეწყო და თავისი ნარატივიც სპონტანურად გაუფორმდა.

შენს ხელოვნებაში ნახატი დომინირებს როგორც ფორმა. რატომ აირჩიე ხატვა, როგორც მედიუმი?

ბოლო დაახლოებით თორმეტი-ცამეტი წელია, რაც ნახატი ჩემს ძირითად ენად გაფორმდა. ეს ალბათ ნახატის (ხატვის პროცესის) თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდა. თვით ნახატის, „ხატვის“ აქტში ჩემთვის ყველაზე უშუალოდ, სენსიტიურად და შეუნიღბავად ფიქსირდება ის დრამა, რაც ჩემი ფსიქოლოგიური, ემოციური და ანალიტიკური „კვლევების“ და „გამოძიების“ პროცესის და ამის შედეგად გაკეთებული „აღმოჩენების“ ვიზუალურ შედეგად (დასტურად) ფორმდება.
ამ „გაფორმების“ პროცესში, ფიზიკური ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია: ფანქრების გათლის ხმა, ფანქრის ნათალის აჟურულად ჩამოფრქვევა, სუფთა ქაღალდზე ფანქრის ხახუნით სუბიექტური ნიშნების დაბადება, კვალის დატოვება – ყველაფერი ეს ირაციონალურ, ალტერნატიულ რეალობაში გადაბიჯებაში გეხმარება. სამუშაო მასალაც, თავისთავად, სხვადასხვა სიმბოლური ასოციაციის ხარჯზე ფსიქოლოგიურ ნიადაგს ამზადებს სათქმელის ვიზუალურად გასამჟღავნებლად. მაგალითად, სუფთა ქაღალდი -პირობითად უსასრულო ანონიმური სივრცეა, მაგრამ ადვილად გასანადგურებელი, დასაზიანებელი, რაც ამ მასალაზე მუშაობას მტკივნეულობას სძენს და თან წარმავლობის განცდას ამძაფრებს.
ნახატთან ჩემი დამოკიდებულების ორ ფორმას გამოვყოფდი: ერთია – პატარა ნახატები – მონახაზები, ჩანახატები, ჩანაწერები, რომლებსაც უფრო სერიული ხასიათი აქვს; და მეორე – დიდი ფორმატის ნახატი, რომელიც, ძირითადად, ფერადი ფანქრების უსასრულო, თითქმის მანიაკალური შტრიხებით არის „აშენებული“,
„გაობიექტურებული“ ანუ, შეიძლება ითქვას, ეს ფოკუსირებული უსასრულო მცდელობაა კონკრეტული ტექსტის ღრმა გამოძიებისა და მისი სუბიექტური პროექციისა.
რაც შეეხება პატარა ნახატებს, თავისთავად რაღაცის ჩახატვა, ჩანიშვნა, ყოველგვარი „მხატვრული“ ძალისხმევის გარეშე და თითქოს საკუთარი მე-ს ჩაურევლობით, ძალდაუტანებლად აფიქსირებს, ბადებს ნიშანს, რომელიც მხოლოდ მინიშნების მისიას ასრულებს და თავისუფალია დასრულებული მესიჯის დიდაქტიკისგან.

XII_611

მაია ნავერიანი, უსათაურო, 2005
ფერადი ფანქრები ქაღალდზე, 46 x 64 cm

შენს ხელოვნებაში ხშირია პატრიარქალური საზოგადოების კრიტიკა. თუმცა ეს კრიტიკაც განსაკუთრებით ანტიდიდაქტიკური ხასიათით გამოირჩევა და, შესაბამისად, არასოდესაა მოცემული პირდაპირი მესიჯი. ჩემი აზრით, კრიტიკა არა მხოლოდ იკითხება შენს ტექსტში თუ ნახატში, არამედ თავად ნამუშევრის აგებისა და მისი პრეზენტირების ფორმაშიც გამოიხატება – როგორც ანტი-დოგმატური, ანტი-დიდაქტიკური, ანტი-პატრიარქალური, ფაქიზი, დაუცველი და ერთი შეხედვით, დაუსრულებელი ნახატების წყობა. ჩემთვის, სწორედ ამ ნიშან-თვისებებში ჩანს შენი ხედვისა და სათქმელის ფემინისტური მხარეც.

მე მომიწია ცხოვრება როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური ღირებულებების გამზიარებელ საზოგადოებრივ წყობებში, რომელიც, ერთი შეხედვით, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან; თუმცა, დროთა განმავლობაში, ერთი რამ გახდა ნათელი: ორივე სისტემა, ამა თუ იმ ფორმით, პატრიარქალურია. მაქვს
განცდა, რომ ფემინიზმის პირველმა ტალღამ ფუნდამენტურად ვერაფერი შეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ რასაკვირველია, წინა პლანზე გამოვიდა თანასწორობის და ქალთა უფლებების საკითხები (ამ მხრივ, პროგრესი უდავოა); აზროვნების სტრუქტურა კი (რაც თავისთავად ყველა სხვა სისტემების წყობის გაფორმებაზე აისახება), ისევ პატრიარქალურ-ფალიკურ პრინციპზეა აგებული. დღესდღეობით ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ფემინიზმის პოლიტიკურ/სოციალური გაბრძოლება ნელ-ნელა უფრო გაამდიდრა ქალთა ახალმა ირაციონალურმა მხატვრულმა დისკურსმა, რომელმაც ახალი დინება შემოიტანა და პრაგმატულ/ რაციონალურ/დიდაქტიკურ (ანუ პატრიარქალურ) ფუნდამენტს წყალი შეუყენა. ზუსტად ამიტომ, ჩემი აზრით, უფრო გამოიკვეთა ქალის (როგორც ალტერნატიული სისტემის) დისკურსის, სულ ცოტა, ფალიკურ დისკურსთან თანასწორობის და საბოლოო მიზნად კი – საზღვრების საერთოდ გაუქმების სამომავლო პერსპექტივა.
ჩემი ტექსტიც (თავისი დამახასიათებელი ნიშნებითა და სიმბოლიკით) ამ „ისტორიულ/ფუნდამენტალისტურ/ პატრიარქალურ“ მითოლოგიასთან გამკლავების, „შეთამაშების“ და დეკონსტრუქციის მცდელობის ილუსტრაციად შეიძლება ჩაითვალოს.

XII_612

მაია ნავერიანი, Clown, 2012
ფერადი ფანქარი ქაღალდზე, 150cm x 114 cm

XII_613

მაია ნავერიანი, Chicks So Far, 2011
ფერადი ფანქრები ქაღალდზე, 150 x 114 cm

სიმბოლოები, კულტურის ნიშნები და ტექსტი – ეს რამდენიმე გამორჩეულად დამახასიათებელი თვისებაა
შენი შემოქმედებისთვის. ჩანს მრავალი მინიშნება ხელოვნების ისტორიიდან და პოპულარული კულტურიდან. როგორ დაახასიათებდი შენი გამომსახველობითი ენის სპეციფიკას?

მთელი მხატვრული ენა და სათქმელი, რასაკვირველია, გარე და შინაგან პროცესებზე რეაგირების და რეფლექსიის შედეგად ფორმდება. უწყვეტი ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ყოველი მხრიდან შემოდის ადამიანის ფსიქიკაში, ყოველდღიურობაში, კულტურაში (ნიშნებით, სიმბოლოებით, ენით) და თან უსასრულო დინამიკაშია, ილექება ქვეცნობიერში. გვინდა თუ არ გვინდა, ეს მოცემულობა დიდ ზემოქმედებას ახდენს ცნობიერების, დამოკიდებულებების, ღირებულებების გაფორმებაზე. ამ დიდ აურზაურში გასარკვევად და
ამ „თავსმოხვეული“ ცნებების გასაშიფრად კი დიდი „გამოძიებაა“ ჩასატარებელი. ამას ემსახურება, ალბათ, ის პროცესი, რომელიც ინტუიციურად, სუბიექტურად მაგროვებინებს მასალას, რომელიც ყოველდღიური ფრაზების, სლოგანების, იმიჯების, ისტორიულ/ლიტერატურული, პოპ-კულტურული რეფერენსების სახით
ფორმდება, ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვს და სხვადასხვა მიდგომით და საშუალებით მუშავდება. ამ ფრაგმენტების ერთობა კი თანდათან ერთიან მხატვრულ ტექსტსა და სხეულს ქმნის. რასაკვირველია, ამ პროცესის შედეგად ყველა შეკითხვა პასუხგაუცემელი რჩება, მაგრამ თავისთავად სტაბილური მოცემულობების
(თვითონ ხატვის ენისაც კი) კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უზარმაზარი გათავისუფლების პერსპექტივის ოპტიმიზმს მიჩენს.

ჯერ გია ეძგვერაძის კლასში იყავი და მისივე დაარსებული ხელოვანთა ჯგუფის, Everything is All Right-ის წევრი. რა ადგილი უჭირავს ამ გამოცდილებას შენს მსოფლაღქმასა და შემოქმედებაში?

გიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, პირველ რიგში, აზროვნების სისტემის ფორმირებაზე. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი შეცბუნება ჩვიდმეტი წლის ასაკში. გიას კლასში მოხვედრილს, ნელ-ნელა როგორ
გამიცნობიერდა, რომ სამყარო ბევრად უფრო გახსნილი, მასშტაბური და თავისუფალია, ვიდრე წარმომედგინა
და მისი ინტერპრეტაციისა და გაანალიზების ულიმიტო შესაძლებლობები არსებობს! გიას სტუდიაში იდგა სრულიად არატიპური, ალტერნატიული, ნამდვილი შემოქმედებითი სული, „სამოციანებივით“ ლამაზი, მსუბუქი, დაუძაბავი გარემოთი და ღირებულებებით. ეს იყო თბილისურ საბჭოთა რეალობაში უპრეცედენტოდ ინფორმირებული და თავისუფალი სააზროვნო სივრცე; ოაზისი, სადაც გია მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ენთუზიაზმით და უშურველობით გვიზიარებდა თავის სულიერ, მხატვრულ თუ ინტელექტუალურ ცოდნას და ინდივიდუალიზმს გვიღვიძებდა. ძალიან ბევრს მუშაობდა ყველა და ამ მხრივ ძალიან მკაცრი დისციპლინა გვქონდა. მოწევა, ჭამა-სმა, უაზროდ დროის გაყვანა არც შეიძლებოდა ადეკვატური ყოფილიყო იმ გარემოში, სადაც ასეთი ცოცხალი, გამჭვირვალე და იდეალისტური ატმოსფერო იყო. უბრალოდ, არავის არც უნდებოდა ამ ყველაფრის „გაბანძება“. შემდეგ, უკვე აკადემიის დამთავრებისთანავე, ინგლისში აღმოვჩნდი, გია კი იმ დროისთვის გერმანიაში აგრძელებდა ცხოვრებას და შემოქმედებას. ევროპაში კომუნიკაცია და მეგობრობა გავაგრძელეთ და დროთა განმავლობაში, გიას სხვადასხვა კურატორულ პროექტში კოლაბორაციაც დავიწყეთ. მაგალითად, ჯგუფი Everything Is All Right გიას იდეა-პროექტი იყო, სადაც სამუზეუმო სივრცეებში, მაგ., Ostwald Museum(Dortmund). Museum Kunst Palast (Dusseldorf), Neuern Berliner Kunstverein (Berlin) შემოქმედებითი მუხტის უშუალოდ გადმოცემა (სხვადასხვა მხატვრული ფორმით, პერფორმანსის ჩათვლით), კულტურის დესტაბილიზაცია და ამით ახალი დისკურსის განვითარების მცდელობა მთავარი ღირებულება იყო. ჯგუფში პერიოდულად შემოდიოდნენ და გადიოდნენ მხატვრები, რომლებიც ამა თუ იმ დროს თავიანთი სუბიექტური შემოქმედებით ენობრივადაც და ხასიათითაც მრავალფეროვანს ხდიდნენ ამ პროექტს და დინამიკაც განუწყვეტლად გადახალისდებოდა ხოლმე. რასაკვირველია, ასეთი დიდი მასშტაბის და დიდი გახსნილობის გამოფენებში მონაწილეობამ უფრო გაამდიდრა მხატვრული ენა და ახალი, უცნობი ტერიტორიების გამოკვლევის დიდი შინაგანი საჭიროება წარმოშვა.

XII_614

მაია ნავერიანი, And the Winner is…, 2012
ფერადი ფანქარი ქაღალდზე, 150 x 114 cm

შენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი დიდ ბრიტანეთში გაატარე. როგორ ფიქრობ, ლონდონის ხელოვნების სცენამ გავლენა იქონია შენს შემოქმედებაზე? რით გავს და რით გამოირჩევა იგი მისგან?

ლონდონში ოცდახუთ წელზე მეტია, რაც ვცხოვრობ – პრაქტიკულად, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება. ალბათ, გავლენა ყველაფერმა იქონია: პირველმა კულტურულმა შოკმა და ამით გამოწვეულმა დეზორიენტაციამ, ცნობიერების და ღირებულებების მსხვრევამ და შემდეგ თავიდან აწყობის მცდელობამ, იმ დისტანციის განცდამ, რაც საბჭოთა კავშირის რეალობიდან წასულს დასავლურ კაპიტალისტურ სისტემაში ჩავარდნისას გამიჩნდა, ორივე პოლიტიკურ/კულტურულ/ სოციალური სისტემის მიმართ და ბევრი რამის გაცნობიერების შანსი მომცა. რაც შეეხება ლონდონის მრავალშრიან სუბიექტურ, ინგლისისთვის დამახასიათებელი ირონიით გაჟღენთილ თანამედროვე მხატვრების დისკურსს (განსაკუთრებით ოთხმოცდაათიანებში YBA*-ის სცენაზე გამოსვლის პერიოდში), რომელიც ფორმითაც და შინაარსითაც თითქოს მომავალ ცნობიერებაზე იყო ორიენტირებული, თავისი კვალი ჩემს ცნობიერებაშიც დატოვა. მგონია, რომ ჩემი მხატვრული ენის გაფორმებაზეც იმოქმედა, პირველ რიგში, თავისთავადაც და გარემოსთანაც სკეპტიციზმით და იუმორით დისტანცირების სურვილი გამიჩინა. იმედია, ეს მხოლოდ სურვილის დონეზე არ დარჩენილა… ალბათ, ეს იუმორი და ირონიაა ის, რაც ინგლისიდან „წამოვიღე“, ხოლო საქართველოდან კი, ალბათ, მეგა-სუბიექტური, უშუალო, ემოციური რეაგირებაა, სადაც “cool” სკეპტიკურობა, თვითირონია და განყენებულობა საერთოდ ჰორიზონტზეც არ ჩანს…
ალბათ, ამ ორი ნაკადის „ეგზოტიკური“ ნაზავია ჩემი ენაც…

*YBA – Young British Artists – „ახალგაზრდა ბრიტანელი არტისტები“ – ხელოვანთა კოლექტივი, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს დაარსდა ლონდონში და გოლდსმიტის კოლეჯის რამდენიმე კურსდამთავრებულის სახელს უკავშირდება. მათ შორის არიან: დემიენ ჰირსტი, თრეისი ემინი, რეიჩელ უაითრედი და სხვ.

XII_615  XII_616

მაია ნავერიანი, უსათაურო, 2005
ფერადი ფანქრები ქაღალდზე, 46 x 64 cm

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>