ნინო კირთაძე

XII_62

2000: «Les Trois vies d’Edouard Chevardnadze»
2001: «Il était une fois la Tchétchénie», ou «Chechen
Lullaby» , Prix du meilleur documentaire (Allemagne,
Adof Grimme), primé en République tchèque
2003: «Staline par Staline»
2003: «Les Funérailles d’un Dieu»
2004: «Dites à mes amis que je suis mort » Prix du
meilleur documentaire FIPA et Prix Louis Marcorelles
(France, Cinéma du Réel)
2005: «Un Dragon dans les eaux pures du Caucase
» ou « Pipeline next door» Prix Voyage / Découverte
(Sunny Side of the Doc), European Film Academy
Award (Berlin), Grand Prix du Festival (Visions du Réel
de Nyon, Prix Europa)
2005: «Lettre Py»
2007: «Durakovo-village of fools» Grand Prix Scam
(France), Prix de la meilleure mise en scène (États-
Unis, Sundance)
2007: «Au nom de Dieu, du tsar et de la patrie» ou «For
Faith, Tsar and Fatherland»
2010: «Something about Georgia» Prix Idée TSR (Suisse,
Visions du Réel)
2010: «Desperately Seeking Europe»
2014: «La Faille», Festival de Toronto

ბავშვობა

ბავშვობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი პერიოდი იყო. ეს გალხდათ საბჭოთა დრო, თუმცა პოლიტიკის არაფერი გამეგებოდა, ჩემს სამყაროს მხოლოდ ჩემი ოჯახი და ოჯახის ახლობლები წარმოადგენდნენ. ბებიამ და ბაბუამ დიდი როლი ითამაშეს ჩემი, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაში. ბებიას უყვარდა ხელოვნება, გვახატინებდა რენესანსის პერიოდის ნახატების ასლებს და გვესაუბრებოდა ოპერაზე. მამას, რომელსაც ძალიან უყვარდა პოეზია, ხშირად ავყავდი მთაწმინდაზე, სადაც გამოჩენილ ქართველ პოეტებზე მიყვებოდა ამბებს, რაც მაშინ არც ისე დაშვებული იყო. დედამ კი მომცა უპირობო სიყვარული, რომელიც აძლიერებს ადამიანს. დავდიოდით დასავლეთში, ჩემს ბიძაშვილებთან. ამ პერიოდმა განაპირობა შემდგომში ჩემი ფილმის – “უთხარით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ” გადაღება. თუმცა განსაკუთრებით ორი ამბავი დამამახსოვრდა. პირველი ამბავი ბაბუაჩემის დას უკავშირდება, რომელიც, ალბათ, ერთ დღეს ფილმი გახდება. მახსოვს, მშობლებმა გვითხრეს, რომ ყველანი ბაბუას დის დასახვედრად მივდიოდით. ძალიან გამიკვირდა, რადგან ბავშვური აღქმით, და ჩემთვის იყო ადამიანი, რომელთან ერთადაც სულ ხარ, თამაშობ, გძინავს, როგორც ჩემს დასთან ვიყავი. გარდა ამისა, არ ვიცოდი, რომ ბაბუას და ჰყავდა. ბაბუა თეთრგვარდიელების შტოდან იყო, თავისი დის ქმარიც თეთრგვარდიელი ოფიცერი გახლდათ, რომელიც დახვრიტეს. როდესაც ეს ქალი ჩამოვიდა, მშობლებმა გვითხრეს, რომ მისთვის ზედმეტი შეკითხვები არ დაგვესვა და კარგად მოვქცეულიყავით, რადგან მას ბევრი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი. რაღაცნაირად, ეს ამბავი ზრდასრულ ასაკშიც მახსენდება. რაც შეეხება მეორე ისტორიას, პატარაობისას ხშირად ვიქექებოდი ბებიაჩემის უჯრაში, სადაც იყო ფოტო, რომელზეც გადაღებული იყო სცენაზე მდგარი ახალგაზრდა კაცი ხმლით ხელში. ბებიას ვკითხე, ვინ იყო ეს კაცი. თავიდან არ სურდა ეთქვა, მაგრამ შემდეგ მითხრა, რომ ეს იყო მისი უფროსი ძმა და-თიკო, რომელიც ომში დაიკარგა. ბებიაჩემი ძალიან სოციალური ადამიანი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში არსად აღარ გადიოდა. თუმცა ნინაობას მაინც იხდიდა, სადაც მისი მეგობრები იყრიდნენ თავს და როდესაც დათიკოს ახსენებდნენ, ხმას უწევდნენ, რადგან ჩვენ არ გაგვეგო და შემდეგ რამე ისეთი არ გვეთქვა, რაც ოჯახისთვის შეიძლება პრობლემა გამხდარიყო. ბოლო წუთამდე, ბებიაჩემს ჰქონდა იმედი, რომ დათიკო ცოცხალი იყო. მოდიოდნენ მოხუცი კაცები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ მისი ძმა ცხოვრობდა საფრანგეთში, უბრალოდ, ვერ ეხმიანებოდა. ეს ორი ამბავი, რომლებიც ბავშვობაცაა და უფრო სერიოზულ საკითხებსაც ეხება, ჩემთვის დიდი კითხვა გალხდათ – რა არის ადამიანის ხვედრი, როგორ უკავშირდება ის, მისი მრწამსი და ეპოქა ერთმანეთს.
ბავშვობა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პირველი შეხება სამყაროსთან, როგორც პირველი ურთიერთობების ყალიბი, როგორც პირველი ტრავმა. მაგალითად, პრუსტი, რომელიც ცდილობდა, რომ დედამისთან ღამის დამშვიდობება დიდხანს გაგრძელებულიყო. ასეთი რაღაცეები დიდ კვალს ტოვებს ადამიანზე.

დოკუმენტური კინო

დოკუმენტური კინოს გადაღების სურვილი ჩეჩნეთის ომში გამიჩნდა, სადაც როგორც ჟურნალისტი, ისე გახლდით წასული. ჟურნალისტურ საქმიანობას არ ვაკნინებ, უბრალოდ, ამ ომში მივხვდი, რომ ის საკითხები, რომლებიც ჩემთვის უმთავრესი იყო – ადამიანის პიროვნული დრამა, მისი ხვედრი, მისი ბედი,- იმ ფოკუსის მიღმა რჩებოდა, რომელიც ჩვენთვის იყო მოცემული. სააგენტოებს, რომელთათვისაც მე ვმუშაობდი,უფრო გლობალური პოლიტიკა აინტერესებდა. ეს იყო პირველი ომი, რომელიც ჩემს ქვეყანაში არ ხდებოდა და რომელსაც მე, როგორც მაყურებელი, ისე ვადევნებდი თვალს. ჩავიდოდი ჩამოვიდოდი, ჩავიდოდი ჩამოვიდოდი. ამ დისტანციამაც, ალბათ, სხვა რეფლექსიები და ფიქრები გააჩინა. პირველი აზრი რომ გადამეღო, კინო ეხებოდა ჩეჩნეთს და ამ ომს – როგორ მჟღავნდება ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში, რა შეიძლება, რომ გააკეთოს, რა არ შეიძლება, რომ გააკეთოს, როგორ ანგრევს ზოგიერთი მოვლენა მას, რა ემართება ადამიანს, ქვეყანას და სამყაროს, როდესაც ასეთი რამ ხდება,ეს ყველაფერი იყო ამ ომში. ცოტა ხანში წავედი და გადავიღე კინო.

ჩეჩნური იავნანა

ჟურნალსიტიკისთვის უკვე თავი მქონდა დანებებული და პარიზში ვიყავი, როდესაც ჩეჩნეთში მეორე ომი დაიწყო. მე “Arte”-ს შევთავაზე ეს პროექტი. ისინი დამთანხმდნენ, რადგან ხშირად, თუ პროექტი თანამედროვე
მსოფლიოს ამბებსაც უკავშირდება, უფრო სწრაფად შეიძლება განხორციელდეს. ფილმი გახლდათ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ომი ადამინებისთვის, რომლებისთვისაც ომი არის სამსახური და რა შეიძლება იყოს ეს სიტუაცია იმ ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვორობს. სასაცილო პროდუქცია იყო, ფილმის პროდიუსერი იყო პიერ რიშარი. სასაცილო იყო იმ აზრით, რომ ვფიქრობდი, რანაირად შეიძელებოდა ამაზე არავინ დაძაბულიყო, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ამ ფილმის გადაღება მომიხდებოდა. გადავწყვიტე, რომ ეს ორი გაჩეჩილი, გაბურძგნული და სრულიად არასერიოზული გამომეტყველების ადამიანი – მე და პიერ რიშარი, შეიძლება კარგი ტანდემი ყოფილიყო იმისთვის, რომ ფილმი ბევრი წინააღმდეგობების გარეშე გამოსულიყო, და გამოვიდა კიდეც! ფილმის ერთ-ერთი რთული ნაწილი გახლდათ, როდესაც ბოლო პერსონაჟის გადასაღებად ჩავდიოდი ჩეჩნეთში. როცა ვამზადებდი, როგორ ვაპირებდი გადაღებას, ჩამოვწერე სხვადასხვა ტიპის თრაველინგი, ვთქვათ მანქანაზე დამაგრებული კამერით გადაღებადა ა.შ. მაგრამ ჩავედით და მივხვდი, რომ გარეთ ისეთი სიტუაცია იყო, ცხვირსაც ვერ გავყოფდი. ნახევარსაათიანი გზა ნაზრანიდან გროზნომდე იყო სრული სიგიჟე, ოპერატორი მანქანაში იმალებოდა. ვინმეს რომ გავეჩერებინეთ, არც ვიცოდი, რა უნდა მეთქვა – რატომ ვარ აქ. ჩვენი გამყოლები იყვნენ ერთი რუსი პოლკოვნიკი და ერთი ჩეჩენი.
შემდეგ უნდა ჩავსულიყავით პეტრა პროხადსკოვასთან. სანამ ჩავიდოდით, გზაში გაგვითავდა ბენზინი და მანქანა გაჩერდა სამაშკის ტყესთან. არ მიყვარს ომის დროს მანქანაში ჯდომა, რადგან ვიძაბები. თან, ეს ტყე იყო ადგილი, სადაც ჩეჩენი პარტიზანები იყვნენ და რომელიც ბოლომდე გაჩეხეს, რათა პარტიზანების თავდასხმები აღეკვეთათ. ჩეჩენი და რუსი ურეკავდნენ ვიღაცას იმის გასარკვევად, თუ სად იყო მეორე ბაკი. ამასობაში, ვიჯექი და ვფიქრობდი, ვინ ბედოვლათებს გადავეკიდე, რომ ბენზინიც არ გვაქვს, თან უკვე ღამდება. ბოლოს იპოვნეს ეს მეორე ბაკი, მაგრამ ეს სრული არანორმალურობა იყო.
შევედით თუ არა გროზნოში, რუსმა პოლკოვნიკმა დაიწყო ვიშვიში, რა კარგი იყო საბჭოთა კავშირი და ნახეთ, რას გავს აქაურობა, რატომ დავანგრიეთო. ამაზე ძალან დავიძაბე, მეგონა, თუ რამე მოხდებოდა, ეს კაცი რამეს მოახერხებდა და თურმე წინა დღეს დაუნიშნავთ და, საერთოდ, პირველად ხედავდა იქაურობას. პეტრასთან ყოფნის დროს, ეს მაშინ იყო, როცა მოტაცებების პერიოდი მძვინვარებდა. მისმა მცველმა მითხრა, როგორც გინდათ, ისე ისწავლეთ ყუმბარების სროლაო, ღამე რომ ვინმე მოვიდეს, ამდენ ხალხს ვერ დაგიცავთო და მართლაც, ღამე, სანთლების შუქზე მასწავლიდა, როგორ უნდა ვისროლო ყუმბარა. მე კიდევ ვფიქრობდი, ნამდვილად ამერევა და რაც უნდა ვისროლო, ის ხელში შემრჩება თქო. ომს აქვს სრულიად აბსურდული, კომიკური სიტუაციები.
იქ ყველაფერი დაბომბილი, გავერანებული იყო. ჩეჩენ ქალებს ძალიან ლამაზი ფერადი თავსაფრები აქვთ. პერიოდულად დაინახავდი რომელიღაცა დიდი ორმოდან ამომავალ წითელ ან სხვა ფერის თავსაფრიან ქალს, რომელსაც ხან ბავშვი ეჭირა, ხანაც – საკვები პარკებით, გადაჭრიდა რომელიღაც ქუჩას და მეორე ღრმულში უჩინარდებოდა.
ანდრეი ბაბიცკი ყვებოდა, როდესაც დადიოდა სარდაფებში და ხვდებოდა ხალხს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, ნახა ერთი გოგო, რომელსაც ეგონა, რომ სარდაფში, სიბნელეში ჯდომა იყო ცხოვრება და რომლის ყველაზე დიდი ოცნება ის გახლდათ, გასულიყო გარეთ და გაესეირნა.

ედუარდ შევარდნაძის სამი ცხოვრება

უკვე პარიზში ვცხოვრობდი. ეს იყო ჩემი პირველი დოკუმენტური ფილმი. ვფიქრობ, ჩემს ფილმებში ერთი
და იგივე თემები ტრიალებს – ადამიანი სამყაროში, ადამიანი და ძალაუფლება, ადამიანი და მისი სურვილი, რომ გამოიცნოს ეს სამყარო. შევარდნაძის თემაც იგივეა. ამ ადამიანის ბიოგრაფია თითქმის მთელს მეოცე საუკუნეს ფარავს. ჩემთვის საინტერესო გალხდათ ის, თუ როგორი პოლიტიკური თამაშები მიდიოდა იმ დროს, რა ახსოვდა, რა იყო ამ ადამიანის არჩევანის ასპარეზი.
საფრანგეთში ძალიან დიდი ინტერესი იყო, რომ გაკეთებულიყო ეს პორტრეტი. მე მაშინ გავაგზავნე თხოვნა პრეზიდენტის პრესცენტრში, რათა შევხვედროდით. ჩვენ შევხვდით, ძალიან საინტერესო საუბრები გვქოდნა ბევრ თემაზე. ნაწილი, რასაკვირველია, ფილმში არ შევიდა, რადგან გადაღებები გრძელდებოდა ერთი თვე. მე ვიყავი აბსოლუტურად გამოუცდელი რეჟისორი და დღემდე ძალიან ვაფასებ, რომ ბატონი ედუარდი გადაღებაზე დამთანხმდა. ჩემთვის მასთან ინტერვიუები და ურთიერთობა ძალიან საინტერესო გახლდათ, რადგან საუბარი ეხებოდა მენშევიკებს, საბჭოთა კავშირს, სტალინს, ქუთაისში მისი მუშაობის პერიოდს, იმ პერიოდს, როდესაც ხრუშჩოვმა ადამიანის კულტი გამოაცხადა და როგორი რეაქცია ჰქონდათ საქართველოში, თვითონ რას აკეთებდა, შემდგომ უკვე ე.წ. „პერესტროიკის“დროს, რომელიც ძალიან საინტერესო პერიოდი იყო და ა.შ.
რომ დავუბრუნდეთ დოკუმენტურ კინოს, საწყისი ურთერთობა რეჟისორსა და პერსონაჟებს შორის, ეფუძნება რაღაცნაირ ნდობას. ეს ხელმოუწერელი კონტრაქტივითაა, რომელიც ფილმის დამთავრებამდე და მერეც მოქმედებს. დოკუმენტური კინოს პერსონაჟი არ არის მსახიობი, რომელსაც უხდი ფულს და აკეთებინებ იმას, რაც გინდა, რომ გააკეთოს. აქ ადამიანი თავისი ნებით გითმობს დროსა და ენერგიას, რათა ფილმი დაიბადოს. გარდა ამისა, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს რეჟისორი და გმირი გაყვნენ ამ ნდობის ძაფს და გაამყარონ. ამიტომ, ეს მომენტი არის ერთგვარი აქტი, რომელსაც ძალისხმევა და სიმამაცეც სჭირდება, რომ ბოლომდე მიიყვანო. მხატვრულ ფილმში ეს ნაკლებადაა. რასაკვირველია, იქაც ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა და იქაც არის ადამიანური მომენტი, მაგრამ დოკუმენტურში ეს არის აბსოლუტურად გაშიშვლებული და წინა პლანზე წამოწეული. თუ ადამიანს არ უნდა, რაღაც ზღვარის იქით აღარ გაგიშვებს; თუ უნდა, გაგიშვებს იქ, სადაც თვითონაც არ იცის, რატომ გადაწყვიტა, რომ ამის უფლება მოეცა შენთვის.

XII_63

უთხარით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ

როგორც გითხარით, ეს ფილმი უკავშირდება ბავშვობას, როდესაც დასავლეთში, ფოთში, ბიძაჩემთან დავდიოდით. აქ, პარიზში, მოვხვდი დასაფალვებაზე და მივხვდი, რომ ეს არის რაღაც ახალი სამყარო, დასავლური ურთერთობა ადამიანის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოსთან – სიკვდილთან. გამახსენდა ის, რაც მე მინახავს და ჩავთავალე, რომ იყო ამაში არაჩვეულებრივი შემოქმედებითი მომენტი – როგორ უყურებს ადამიანი სიკდილს. რაღაცნაირად ფილმი კი იყო სიკვდილზე, მაგრამ ჩემთვის უფრო სიცოცხლეზე გახლდათ. არსებობს ადამიანებს შორის ისეთ ურთიერთობები, რომლებსაც სიკვდილიც ვერ ერევა. მაინტერესებდა, როგორ ცდილობენ ადამიანები, როდესაც სიკვდილი მოდის, ეს ურთერთობები გაგრძელდეს. დასავლეთ საქართველო, ამ თვალსაზრისით, კულმინაცია გალხდათ. მე და გურამ წიბახაშვილი, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია, წავედით მოსამზადებელ პერიოდზე ფოთში, ვცხოვრობდით ბიძაჩემთან. იქ ისეთი რაღაცეები ვნახეთ, რასაც ვერცერთი მხატვრული ფილმის რეჟისორი ვერ გაბედავს, რომ სცენარში დაწეროს. ის ფანტაზია, რასაც ამ კუთხეში ადამიანები იყენებენ, წარმართული, ეგვიპტური, ქრისტიანული წეს-ჩვეულებების შერევა, რომელსაც ემატება თავიანთი ფანტაზია, წარმოუდგენლად კინემატოგრაფიულია. შემდეგ უკვე ძალიან სასაცილო ისტორიები იყო. ყველამ იცოდა, რომ დადის ორი ადამიანი, რომლებსაც სურთ ფილმის გადაღება და ეძებენ, ვინ სად შეიძლება მოკვდეს. ჩემს ბიძაშვილებს რცხვენოდათ ჩემთან ერთად სიარული. ზოგი მეკითხებოდა, კი მაგრამ, რა, პარიზში არ კვდება ხალხი? აქ რატომ ჩამოხვედით? რა, თბილისში არ არის ეს ამბები? რატომ იღებთ? რა გინდათ, რომ გადაიღოთ? პრიზი რომ აიღო ფილმმა, დამირეკა ჩემმა ბიძაშვილმა და მითხრა, შენ რომ სინდისი გქონდეს, უნდა ჩამოხვიდე ფოთში, აკეთო პასკები, წითელი კვერცხები და მთელი ეს სასაფლაოები უნდა ჩამოაირო მადლობის სათქმელადო. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს ფილმი, მოგონებები
და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ფოთში და ზუგდიდში ცხოვრობდნენ. მათ შეგვიყვანეს თავიანთ პირად სამყაროში, ეს სამყარო მათი ტკივილი და განცდებია იმ ძვირაფასი ადამიანების მიმართ, რომლებიც აღარ არიან. ამის გაკეთება არ გახლავთ ადვილი. წარმოუდგენელი იყო, რომ ანთაძეებისა და შედანიების ოჯახებმა ამის საშუალება მოგვცეს. ევროპაში სიკვდილზე არ საუბრობენ ბევრს, ეს არის გარკვეული ტაბუ, რომელზე საუაბრსაც ხალხი ერიდება და, მითუმეტეს, ფილმების გადაღებას. ფილმში ერთი ეპიზოდია – ბებიას გადაასაფლავებენ, რათა მთელი ოჯახი ერთად იყოს. ამ ეპიზოდში გახლავთ სცენა, სადაც ჩანს ქალის წინდები, რომლებშიც არის ამ ბებიის ძვლები. მახსოვს, გული მისკდებოდა ჩვენებაზე, თუ გადავარდა ეს ხალხი აქეთ-იქით მეთქი. მაგრამ ბევრი ემოცია გამოიწვია ამ ფილმმა და მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი. ახლაც, სულ რამდენიმე თვის წინ იყო მისი ჩვენება. ფილმის შემდეგ საუბარი არის არა იმაზე, ვინ როგორ მოკვდა და ეთნოგრაფიაზე, არამედ იმ ადამიანურ ურთიერთობებზე, რომლებიც სამყაროში არსებობს.

XII_64

არ ისუნთქო

ეს ფილმი ჩემთვის ახალი გამოწვევა გახლდათ, რადგან მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის იყო. ამ შემთხვევაში, მსურდა, ძალიან შორს ვყოფილიყავი დიდი თემებისგან, როგორებიცაა ომი, პოლიტიკა და ა.შ. მინდოდა, რომ ფილმი ყოფილიყო ერთ ჩვეულებრივ ადმაიანსა და მის დრამაზე. რაც არ უნდა დიდ თემებს ეხებოდეს ფილმი, ყოველთვის მის ცენტრში არის ადამიანი. ამ შემთხვევაში, მინდოდა ყველა დანარჩენი მომეშორებინა და ყოფილიყო ფოკუსი ერთი ადამიანის ცხოვრებაზე, როგორებიც ჩვენ ყველანი ვართ. ჩემთვის ეს არის ფილმი იმაზე, თუ რამდენად ფაქიზი, ლამაზი და მოულოდნელია ის, რასაც ადამიანი ჰქვია, რამდენად მყიფე შეიძლება იყოს წონასწორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორ მოქმედებს ჩვენზე ახლობლებთან ურთიერთობები, როგორ ვმოქმედებთ ჩვენ მათზე, რა არის ჩვენი საიდუმლოებები, რანაირად შეიძლება ეს გამომჟღავნდეს, სად შეიძლება ამან წაგვიყვანოს. საინტერესო გახლდათ ის უხილავი პროცესები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანში ხდება. აგრეთვე, მაინტერესებდა, რამდენად შევძლებდი, სრულმეტრაჟიან ფილმში გავმკლავებოდი ამას, რადგან ერთი ადამიანის ცხოვრების გარდა, სხვა ელემენტები იმისთვის, რომ ამ ფილმისთვის ვინმეს ეყურებინა, არ ყოფილა. ომი, პოლიტიკა, სტიქია და ა.შ. ეს ყველაფერი შეგნებულად, სრულიად მოვაშორე.

მსახიობი

მსახიობობა ცოტა შემთხვევით დაიწყო, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს საქმიანობა ძალიან მომწონს. მიყვარს, როდესაც როლს ვასრულებ. ამასთან ერთად, ძალიან საინტერესოა, რას გრძნობ, როცა კამერის მეორე მხარეს ხარ. ეს, როგორც რეჟისორს, ძალიან მეხმარება, რადგან ზუსტად ვიცი, რას განიცდის ადამიანი, როდესაც იღებს. სწავლობ, როგორ შექმნა ისეთი გარემო, რომ შენი პერსონაჟი კომფორტულად გრძნობდეს თავს. ჯერ იყო ნანა ჯორჯაძის ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”, მერე „მეტეო იდიოტი” მერაბ ნინიძესთან და რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად, შემდეგ საფრანგეთშიც იყო ფილმები, აგვისტოში გამოდის კომედია, რომელშიც ვმონაწილეობ -“C'est quoi cette famille?!”. საინტერესოა ეს პროცესი, უყურებ სხვა რეჟისორი როგორ მუშაობს, გაქვს ურთერთობა საინტერესო ადამიანებთან და დიდ მსახიობებთან. ოთხი წლის წინ, ვითამაშე შარლოტ რემპლინგთან ერთად ფილმში – “Un lieu incertain”. პიროვნულად ეს ძალიან გამდიდრებს. მიყვარს, როცა მთელი ჩემი რეცეპტორები ჩართულია შემოქმედებით პროცესში. ამიტომ, როდესაც არის საინტერესო პროექტი,
სიამოვნებით ვთანხმდები, ჩემს თავსაც ვცდი და თან, ეს ურთიერთობები, რაც არის გადაღებებზე, ბევრს მაძლევს.

ინსპირაცია

ძალიან ძნელია, არასდროს არ იცი, საიდან მოდის ინსპირაცია. აბსოლუტურად თავისთავადი და დამოუკიდებელი პროცესია, რა იძლევა მუხტს რეფლექსიისთვის, დაფიქრებისთვის და როგორ ხდება შემდეგ ეს ფილმის იდეა. ყველა ფილმს აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორია აქვს იმისა, თუ საიდან წამოვიდა მისი გადაღების იდეა.

მიმდინარე პროექტები

ახლა მაქვს სამი პროექტი, ერთი 13 ნოემბრის პარიზის ტრაგედიაზეა და,ალბათ, ეს იქნება მხატვრული ჟანრის ფილმი. მეორე ეხება ბორის პასტერნაკს და სწორედ ამისთვის ჩამოვდივარ ახლა საქართველოში. ეს პოლიტიკური თრილერი გახლავთ. მესამე არის მხატვრული ჟანრის, რომელიც ბოლშევიკების მიერ ნიკოლოზ მეორის სიკვდილით დასჯას ეხება. ამ სამი პროექტიდან, ყველაზე ინტენსიურად ახლა პასტერნაკზე ვმუშაობ, რადგან ბევრი ახალი დოკუმენტი გაიხსნა „ექიმ ჟივაგოზე“.

გენდერული თანასწორობა

სიმონ დე ბოვუარი ამბობდა, იყო ქალი – ეს ყოველდღიური ბრძოლა არისო. ეს ნამდვილად ასეა საფრანგეთშიც
კი და დღემდე, საქართველოში, მიმაჩნია, რომ ქალები ძალიან აქტიურები არიან. იმ ისტორიული კატაკლიზმების წინაშე, რაც საქართველომ გადაიტანა, გაცილებით მეტი ალღო და ძალა აღმოაჩნდათ ქალებს, ვიდე კაცებს. თუნდაც ის ქალები ავიღოთ, რომლებიც უცხოეთში დამლაგებლებად სამუშაოდ მიდიან და აქ თავიანთ სახლში მყოფ ქმრებს ინახავენ. და ის, რომ საზოგადოება გიყურებს ნაკლებად სერიოზულად, ვიდრე კაცს, ეს საფრანგეთშიც ასეა და ამაზე საუბარი დღემდე გრძელდება – სექსიზმსა და ოდნავ აგდებულ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ვერაფრით მოერიენ, მიუხედავად უამრავი მექანიზმისა. თუმცა გოლდინგი ამას ამბობს: „მემგონი, ქალები სულელები არიან, როცა ცდილობენ, რომ მამაკაცების თანასწორად
გამოაცხადონ თავი. ისინი გაცილებით მეტი არიან და ყოველთვის იყვნენ. რაც არ უნდა მისცე ქალს, ის
მას აკეთილშობილებს. თუ სპერმას მისცემ, ის მისგან ბავშვს გააკეთებს. თუ საცხოვრებელს მისცემ, ის მას
სახლად აქცევს. თუ ბოსტნეულს მისცემ, ქალი ამისგან კერძს მოამზადებს. თუკი ღიმილს აჩუქებ, ის გულს
მოგცემს სანაცვლოდ. ის აასკეცებს და აფართოებს იმას, რასაც აძლევენ. ამიტომ, თუ ტალახს ესვრით, ნუ გაგიკვირდებათ, თუ სანაცვლოდ თავზე ნაგავი დაგაყარათ!”.

XII_65

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>