NEW WAVE

Ano_print

ანო გულიშვილი, 20 წლის, სტუდენტი, ფემინისტი აქტივისტი

1. რამდენად კომფორტულად გრძნობ საკუთარ თავს შენს სხეულში, გქონია თუ არა სურვილი, რაიმე ცვლილებს შეგეტანა შენს გარეგნობაში და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი?

ანო: გარდატეხის ასაკში, წონაში საგრძნობლად მოვიმატე და თუ სხვა გოგოებს კომპლიმენტები არ აკლდა, ჩემი წონის მატება თანატოლებისგან დამოკიდებულებაში აშკარად უარყოფითად აისახა. ამის გამო, ისეთი დიეტა დავიწყე, რომელმაც ჩემს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. ვწონიდი საკვების თითოეულ გრამს და ხშირად დღე ისე გავიდოდა, არც ვიკვებებოდი. წონაში ისე დავიკელი, აშკარად არ გამოვიყურებოდი ჯანმრთელად. თუმცა, ამ პერიოდში მოიმატა კომპლიმენტებმა, ყველა სიხარულით აღნიშნავდა, როგორ გავხდი და ა.შ. საბოლოოდ, დღემდე ვერ შევძელი, კომფორტულად ვიგრძნო თავი ჩემს სხეულში. დაწესებული სტანდარტები, რომლითაც ხალხი გარეგნობას განსჯის, გარკვეული პრობლემების გადალახვის და საკუთარი თავის სრულფასოვნად აღქმის საშუალებას არ მაძლევს, მიუხედავად იმისა, 90/60/ 90 ვარ თუ არა.

2. რატომ არსებობს „სხეულის იდეალები“, არის თუ არა ეს სექსისტური პრაქტიკა?

ანო: სხეულის იდეალები ქალებისთვის ცალსახად სექსისტური პრაქტიკაა. მოდის ინდუსტრია, რეკლამები, კოსმეტიკური ფირმები ქალებს ყოველთვის გვისახავენ ისეთ იდეალებს, რომლის მიღწევაც ან ძალიან რთული და ძვირადღირებულია ჩვეულებრივი ქალისთვის, ან საერთოდ მიუღწეველი. ჩვენ უამრავ ენერგიას და თანხას ვხარჯავთ სხვადასხვა პროდუქტში თუ პლასტიკურ ოპერაციებში და შედეგით არასდროს არ ვართ კმაყოფილი. სამაგიეროდ, მდიდრდება ისედაც ყველაზე მდიდარი ინდუსტრია. მართალია, მეინსტრიმ- მედია თამამად აცხადებს, რომ 90-იანების „ჩონჩხი“ აღნაგობა ჯანსაღი აღარაა და მეტიც, პლიუს საიზ-მოდელებიც გამოდიან პოდიუმზე. თუმცა, ეს გოგონებიც სტანდარტებს შეესაბამებიან. მათ აუცილებლად აქვთ ლამაზი სახე და წვრილი წელი. იმის თქმა მინდა, რომ „იდეალური სხეულის“ პრაქტიკის ნგრევა არ ხდება, ერთი მეორეს ანაცვლებს ყოველთვის. ჩვეულებრივი ქალისთვის ადგილი პოდიუმზე ვერ გამოინახა.

3. საზოგადოებისგან ქალები განიცდიან ზეწოლას, რომ ამ ნორმებს მიუახლოვდნენ, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა ამის მატერიალური შესაძლებლობა. რა თანხებთან არის დაკავშირებული „მოვლილი ქალის“ იმიჯი?

ანო: ჩემ გარშემო ხშირად დაცინოდნენ ისეთ გოგონებს, რომლებსაც 15 წლის ასაკში არ ჰქონდათ საშუალება ან სურვილი, გაეკეთებინათ ეპილაცია, რომელიც დაახლოებით 150 ლარი ჯდება და რომელიც საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა. ქალისთვის ზეწოლა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მეტ-ნაკლებად ყოველთვის განგვსჯიან და გვაკვირდებიან საზოგადოებრივ სივრცეში. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში საშუალო სტატისტიკური შემოსავლის მქონე ქალმა დაახლოებით ხელფასის მეოთხედი უნდა დათმოს მხოლოდ იმისთვის, რომ რეგულარულად იაროს სპორტდარბაზში. სალონში სტუმრობა თვეში ერთხელაც პრობლემაა. არადა, „მოვლილი ქალის“ იმიჯი გვჭირდება როგორც სამსახურში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა სრულფასოვნად აღგვიქვან.

4. შენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქალებმა იმის დასაძლევად, რომ თავი დამნაშავედ და არასრულფასოვნად არ იგრძნონ იმის გამო, რომ „იდეალური“უთმო კანის მატარებლები არ არიან?

ანო: ბიზნესს, მედიას, ზოგადად, საზოგადოებას არ უნდა მივცეთ საშუალება, განკარგოს ჩვენი საკუთარი გარეგნობა. უნდა მოხდეს ქალების ორგანიზება და ერთიანი პროტესტი იმ პრაქტიკასთან, რასაც დღემდე ახორციელებენ ჩვენზე. უნდა შეიქმნას ალტერნატივები, რომელიც საზოგადოებას რეალურ ქალს უჩვენებს, თუნდაც ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც ყურადღებას არა სტანდარტულ პარამეტრებზე გაამახვილებენ, არამედ ჯანმრთელ სხეულზე. აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ მოდის ინდუსტრიის მიერ ნაკარნახევ პარამეტრებს ყველა სხეული ვერ მოერგება და არცაა საჭირო.

ფოტო: გიორგი დადიანი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>