ვინც მოითმენს, ის ყოველთვის ვერ მოიგებს

XII_622

ახალგაზრდა ქალი ოთახში შემოდის. წელში ოდნავ მოხრილია, სკამზე ჯდება, მარცხენა ხელის მტევანს მარჯვენა ხელის მუჭში იქცევს და თითებს გამუდმებით სრესს. თვალები გაფართოებული აქვს. კითხვას ელოდება, მაგრამ უკვე იცის, რაზეც უნდა ვისაუბროთ. კითხვა ბანალურია: – აქ როგორ მოხვდით მეთქი? – ვეკითხები. ნიკაპი შესამჩნევად უკანკალებს, როგორც ბავშვებს, ტირილის დაწყების წინ, ამ ტირილის შეკავებას რომ ცდილობენ ხოლმე. 28 წლის ნინო (სახელი შეცვლილია) საკუთარ ამბავს ათასჯერ მოყოლილივით მიამბობს. ალბათ, აქ ბევრს უამბო უკვე. სწრაფად ლაპარაკობს, თითქოს უნდა, რომ ამბის თხრობა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს.
„მშობლებთან ვცხოვრობდი, ჩემი ქმარიც იქ ცხოვრობდა. 7 წელი ერთად ვიყავით. ამ ხნის განმავლობაში, სულ ძალადობდა, სულ მცემდა. ხანდახან ყოველდღიური იყო ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩემი მშობლებიც ვერაფერს აკეთებდნენ, მხოლოდ იმას ამბობდნენ, სირცხვილია, რას იტყვის ხალხიო. ბევრჯერ მინდოდა 112-ზე დარეკვა, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი. ხომ იცით ქართველები, რას აღარ იჭორავებდნენ. ბოლოს უკვე აღარ შემეძლო. ნათესავებიც ჩავრიე, გაუსაძლისი იყო ცხოვრება. დაელაპარაკნენ ქმარს და მომაშორეს თავიდან. კი წავიდა სახლიდან, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, გამთენიისას შემოიპარა სახლში. საწოლში ვიყავი, დანა ჰქონდა, ყელში დამჭრა, თვალებს მთხრიდა, მაგრამ გადავრჩი. ჭრილობა არტერიას მილიმეტრებით ასცდა. დაიჭირეს და გირაოთი გამოუშვეს, შემდეგ იგივე განმეორდა – ისევ შემოვარდა. ამჯერად მაკრატელი ეჭირა, მაშინ უკვე ჩემი მშობლები მომეხმარნენ. ისინი უფრო დაზარალდნენ, რადგან დედაჩემს და მამაჩემს ცულით გაუჩეხა თავი. მეორედაც გადავრჩი. ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს, სახლში ვეღარ ვჩერდები. ახლა ციხეშია, მაგრამ შეიძლება შეწყალება შეეხოს. სახლს რომ ვხედავ, მგონია, რომ ჩემი ქმარი ისევ უნდა შემოვარდეს. იქ არც მეძინა ხოლმე. მერე გავიგე, რომ არსებობს თავშესაფარი. რაც აქ მოვედი, დავწყნარდი. აქ რომ მოვედი, ფეხზეც ვერ დავდიოდი, ისე მძიმედ ვიყავი. აქ მიმკურნალეს, წამლებს მაძლევენ, ბევრი გამოკვლევა ჩამიტარეს.“
– ნინო გორის თავშესაფარში შვილთან ერთად, 3 თვის წინ მივიდა. ამ დროის განმავლობაში, ეზოშიც კი არ გასულა. ეზოში ბავშვები თამაშობენ. თუმცა, ალბათ, არც თამაშობენ. სხედან ხის ძირში, ერთ ბიჭს კენჭები უჭირავს, მეორე მას უყურებს. არ გვანან ეს ბავშვები სხვა ბავშვებს, მუდამ რომ დარბიან, ხან დამალობანას და ხანაც დაჭერობანას რომ თამაშობენ; სულ რომ დახტიან და ხმაურობენ. ეს ბავშვები არავის აწუხებენ, თავისთვის, მოწყენილები სხედან. თავშესაფარში შესულ უცხო კაცს ქვეშიდან დაკვირვებით მიყურებენ. მათ თვალებში სევდა ჩანს, დიდი სევდა. არადა, ბურთებიც აქვთ და სათამაშოებიც, მაგრამ ხატვა უნდებათ ხოლმე ხანდახან. ქალებთან ერთად, ისინიც მსხვერპლები არიან. მათ თვალწინ ხდება ჩხუბი, ფიზიკური შეურაცხყოფა და ამ დროს, ისინი ყველაზე სუსტები და დაუცველები არიან. თავშესაფრის ხელმძღვანელი, ლამარა შაყულაშვილი, აქ ნამყოფი ბავშვების ნახატებს მაჩვენებს. მეუბნება, რომ თავიდან ეს ბავშვები ყველაფერს მუქ ფერებში ხატავენ, კედელზე კი ის ნახატები გამოუფენიათ, რომლებიც პატარებმა აქედან გასვლის წინ დახატეს. ერთ ნახატზე ორ ფეხზე შემდგარი სპილოა. ვერ ვხვდები, ეს სპილო აგრესიულია და სხვის გასაჭყლეტად ემზადება თუ არა? სპილო ფერადია. რახან ფერადია, ალბათ, თამაშობს და მასში აგრესია აღარ არის. – ვფიქრობ ამ ბავშვებზე და სხვა ნახატებსაც ვათვალიერებ. თავშესაფარში მყოფ ბავშვებთან ფსიქოლოგები ცალკე მუშაობენ. გორის თავშესაფარი მოზრდილ შენობაშია განთავსებული. სასადილო, სამყოფი ოთახები, სამრეცხაო და აბაზანები, სატრეინინგო სივრცე, ექიმის ოთახი, საწყობი, სადაც ყველაფერია, რომ აქ მყოფი ქალებისთვის და მათი შვილებისთვის ნორმალური პირობები შეიქმნას.
„ჩვენი მიზანია, 6 თვის განმავლობაში, მსხვერპლს დავეხმაროთ ფსიქოლოგიურად, ჯანდაცის მიმართულებით,
იურიდიულად, რათა მოიწესრიგოს ქონებრივი დავა. გვინდა ავუმაღლოთ თვითრწმენა და თვითშეფასება. მან, პირველ რიგში, უნდა ირწმუნოს, რომ ბევრი შეუძლია. თავიდან მსხვერპლის ჩვეულებრივი მდგომარეობა ისაა, რომ მოწყვეტილია გარე სამყაროს. შეიძლება მთელი დღე ეძინოს. ხშირად ფსიქიური აშლილობით შემოდიან და დროთა განმავლობაში წყნარდებიან. ფსიქოლოგთან მუშაობენ და მომავლის რწმენა უჩნდებათ. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ვუტარებთ ტრეინინგებს სხვადასხვა პროფესიის დაუფლებისთვის. წარმატებული შემთხვევები არაერთი გვაქვს, როცა აქედან გასული ქალები იწყებენ მუშაობას და იღებენ ანაზღაურებას. ისინი ცხოვრებას თავიდან იწყებენ.“ – ამბობს გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების/თავშესაფრის უფროსი ლამარა შაყულაშვილი და კედელზე ჩამოკიდებულ მძივებს და სხვა ნაკეთობებს მაჩვენებს, რომლებიც აქ მყოფმა ქალებმა გააკეთეს. ფსიქოლოგების აზრით, ძალადობის მხოლოდ სოციალურ ჭრილში განხილვა სტერეოტიპია. ფსიქოლოგი ელზა პანკრატოვა ამბობს, რომ ძალადობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. თვითონ მსხვერპლი კი ხშირად ვერ აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას.
„მოძალადე თავის ქმედებას გამართლებულად თვლის; მსხვერპლი კი, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ მდგომარეობას ვერ აცნობიერებს. ძალადობის მსხვერპლს თავის თავთანაც უჭირს იმის აღიარება, რომ მოძალადის ბადეში აღმოჩნდა. შემდეგ უკვე, როცა გაიაზრებს, პრობლემის დაძლევა შედარებით ადვილია. მნიშვნელოვანია მოტივაციის გაზრდა, რომ გამოიხსნას თავი და დაძლიოს ეს ძალადობა. არის სტერეოტიპებიც, რომლებიც ძალადობას ახალისებს, ბანალური სტერეოტიპია – მსუბუქი ყოფაქცევის ქალია და იარლიყმიკერებული უკვე დისკრიმინირებულია. აქედან გამომდინარე, ქალი უკვე შეიძლება გახდეს მსხვერპლი.“

გორის თავშესაფარს ერთდროულად 21 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, 2102 წელს იქ 10 ქალი და 15 ბავშვი შევიდა, შარშან – 18 ქალი და 28 ბავშვი, წელს კი, 6 თვის მონაცემებით – 18 ქალი და 37 ბავშვია უკვე დაფიქსირებული. ლამარა შაყულაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება. მისი აზრით, საქართველოში ოჯახში ძალადობაზე ხმამაღლა სულ უფრო მეტი ქალი საუბრობს, ამ პრობლემასთან გამკლავებასა და გამოსავლის მოძებნას ცდილობს. ამავდროულად, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების და მიდგომების ცვლილებების შედეგად, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინც თავშესაფრით სარგებლობს.

საქართველოში ამჟამად ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის 4 თავშესაფარი მოქმედებს: თბილისში, გორში (შიდა ქართლის რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველო), ქუთაისში (იმერეთის რეგიონი, დასავლეთ საქართველო) და სიღნაღში (კახეთის რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველო), რომელიც აპრილის დასაწყისში გაიხსნა. ოთხივე მათგანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის გაწეული დახმარების შედეგად, შვედეთის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში დაარსდა. დღეს ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. თავშესაფრებისა და მათი სერვისების ადმინისტრირებას სახელმწიფო ფონდი ახორციელებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მომსახურება ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზია, რომელიც მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის, ასევე ზოგადად მოსახლეობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ცხელი
ხაზი 116 006 გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მოქმედებს (შვედეთის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით). იგი წარმოადგენს საკონსულტაციო სერვისს შესაბამისი სამსახურებისა და დახმარების, ოჯახში ძალადობის საკითხებისა და კრიზისული შემთხვევების დროს ინტერვენციის შესახებ. იურისტები, ტელეფონის მეშვეობით, აბონენტებს ინფორმაციას აწვდიან მსხვერპლთა/დაზარალებულთათვის არსებულ თავშესაფრებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე, ასევე ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე: დამცავ და შემაკავებელ ორდერებზე, სამართალწარმოების პროცედურებზე, ჯანდაცვის სამსახურებსა და სერვისებზე, ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე, იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველო ში“ (2014) მიხედვით, ყველაზე ხშირად ძალადობის ფაქტის შეტყობინების მიზნით ცხელ ხაზზე თავად მსხვერპლები/ დაზარალებულები რეკავენ, შემდეგ მეზობლები ან ნათესავები, ხოლო კაცები და ბავშვები ამ მომსახურებას ძალიან იშვიათად მიმართავენ. თითოეული ზარის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.

„ყოფილმა ქმარმა ბათუმში 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და დაჭრა. დაზარალებულს თავის არეში ბასრი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ქალს მოტეხილობა აღენიშნება ხელის არეში, მთელ სხეულზე კი ცემის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს. 

შემთხვევა 10 ივნისს, საღამოს, ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა, როცა ნინა ტ. მის ყოფილ ქმარს არკადი ტ.-ს გარდაცვლილი მეზობლის ოჯახში სამძიმარზე გაჰყვა.“ – ეს ინფორმაცია ქართული მედიით ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ეს სტატუსი კი სოციალურ ქსელ ფეისბუკში პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ გამოაქვეყნა:
„მეგობრებო, დღეს პარლამენტში ჩავარდა ჩემი და თამარ ხიდაშელის ინიცირებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის გამკაცრებას გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიჩნევას. მიუხედავად იმისა, რომ ვითანამშრომლეთ და გავიზიარეთ შენიშვნები, აღმოჩნდა, რომ ქალებთან დაკავშირებული თემები კატეგორიულად მიუღებელია. გასაგებია, როცა კვოტირებას ითხოვენ, მაშინ ქალები კონკრეტულ ადგილებს ითხოვენ, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობას ეხებოდა. ეს ხომ იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის! ქალების სადღეგრძელოები არ დაგავიწყდეთ!!“

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იცვლება მიდგომა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, სახელმწიფოც თითქოს უფრო მეტს ზრუნავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები მაინც ხშირად ფიქსირდება ხოლმე. ამის მიზეზი ისევ არაინფორმირებულობა, სტერეოტიპებით სავსე საზოგადოება, ფსიქოლოგიური პრობლემები, ეკონომიურად დაუცველი ქალი და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორია.

საუბრის ბოლოს, გორის თავშესაფარში მყოფი ნინო მშვიდდება. მას გადაწყვეტილი აქვს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.
„მალე განქორწინებას გავაკეთებ, ყელში დამჭრა და მკვლელობის მცდელობის ნაცვლად, ოჯახური კონფლიქტის რაღაცა მსუბუქი მუხლი შეუფარდეს. მალე გამოვა და იქნებ გააცნობიეროს, რომ მე დამოუკიდებელი ცხოვრება მექნება, იქნებ ვეღარ გაბედოს მოკარება. დიდხანს ვითმენდი, მაგრამ ასეთ დროს არ უნდა მოითმინო არასოდეს. ნათქვამი რომ არის, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, აქ არ გამოდგება. ჩემს ქმართან ვერაფერს მოვიგებდი. ამიტომ, ვინც მოითმენს, ის ყოველთვის ვერ მოიგებს“ – ამბობს ნინო და ახალი ცხოვრების
დასაწყებად ემზადება. ჯერ ყველაფერი ბუნდოვნად ეჩვენება, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა უკვე დაიწყო. თავშესაფრიდან გამოსვლისას, ისევ ბავშვების ნახატებს მივაჩერდი. ეს ბავშვები და მათი დედები აქ გადარჩნენ. ბევრი ფერია მათ ნახატებში. იქნებ აქ მყოფი ადამიანების ცხოვრებაც მალე ისევ გაფერადდეს.

XII_623

ფოტო: მზია საგანელიძე – რადიო თავისუფლება