ზოგი რამ მამაჩემის შესახებ

XII_624

პირველად ვიძინებ ოზურგეთის სახლში მარტო; იმ სახლში, სადაც გავიზარდე და ჩვიდმეტ წლამდე ვცხოვრობდი. ისეთი სიჩუმეა, სიზმრებში ქარიშხალს ველოდები.
დედაჩემი სხვაგან არის. მამაჩემი – აღარ; ან შეიძლება მამაჩემიც სხვაგან არის. არ ვიცი.
მახსოვს, ადრე ხელებს ცამდე ვაწვდენდი. ადრე – მამაჩემის კისერზე შემომჯდარი, ბაღიდან სახლისკენ მომავალი. მას მერე, გავიზარდე და ხელები დამიმოკლდა და ცაც ამაღლდა.
დილით უნდა ავდგე და მამაჩემი გავიმეორო. როცა დედაჩემი შინ არ იყო – ან სოფლად, ან რამე საქმეზე, მამა იოლად აკეთებდა ე.წ. ქალის საქმეს. მგონი, ყველაფერი გამოსდიოდა.
ქათმებისთვის სიმინდის დაყრის სცენა იცით? უნდა იცოდეთ. საჭიროა ექვსზეადგე, ქათმებს უკვე ღვიძავთ და წრიალებენ. საქათმეს გააღებ და თუ დგომის ტექნიკა არ გაქვთ შესწავლილი, სახეში შემოგაფრინდებიან. ისიც ოსტატობის საკითხია, სად უნდა დაყარო, ერთად რომ შეგროვდნენ და დათვალო. „ხომ არ მეიპარა რომელიმე ღამე რაცხა მოსასპობელმა“. ეს „რაცხა მოსასპობელი“ ან სინდიოფალაა, ან ვირთხა, ან მეზობლის ძაღლი ან შეიძლება თვითონ რომელიმე მეზობელი.
ძროხის მოწველის სცენა იცით? უნდა იცოდეთ. ღამით ძროხა რომ დაბრუნდება და თუ არ დაბრუნდა, მო- ძებნით და დააბრუნებთ, ბებიაჩემი ან მამაჩემი იღებს რძეის ვედრას და მივყვები საძროხისკენ, რომელსაც სხვაგვარად ეწოდება ახორი.იქ ოსტატობა არ კმარა, საქმე დიდოსტატობას ითხოვს. ჯერ ერთი, საძროხეში ბნელა და თუ ანათებს, მხოლოდ რძე. მეორეც ცურებს ისე უნდა მოუნაცვლო, ძროხა არ შეწუხდეს და წიხლით
არ გამოხატოს ეგ წუხილი. ამიტომაც, მე გარეთ ვდგავარ. მხოლოდ ჩხრიალის ხმა მესმის. და თუ მთვარეა, მთვარეს ვუყურებ და ასე მგონია, მთვარე იწველება. დიდი, სავსე მთვარე. გაუგებარი სიხარულით სავსე მთვარე.
მამაჩემი ორივე საკითხში გაწაფული გახლდათ.და მეტიც: არც ჭურჭლის რეცხვას თაკილობდა, არც რძისგან კარაქის შედედებას – აი, ქილას რომ აგორავებ და რაღაც კარაქისმაგვარი გამოდის.იატაკიც
დაუგვია და მოუწმენდია. და არავისზე ნაკლები კაცი არ იყო მამაჩემი. საერთოდაც, მგონია, რომ ამ თვისებების
გამო, ბევრზე მეტი იყო.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com