თერაპიული სტრესი

XII_629

XII_630

ყოველი თეატრალური სეზონის დახურვის შემდეგ ხელახლა იბადება კითხვა: რამდენად ეხმაურება თანამედროვე ქართული თეატრი საკითხებს, რომელთა გარშემო დისკუსიაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისთვის.
აუდიტორიასთან დიალოგი მოითხოვს, თვალი გავუსწოროთ ქართული თეატრის ახლანდელს და არა მუდმივად წარსულს. საერთო სურათი (და არა კონკრეტული მაგალითები) მოწმობს, რომ თეატრალური წარმოდგენების უმრავლესობა არ გამოირჩევა ხარისხით და იმითაც უინტერესოა, რას და როგორ გვიყვება;
არასწორად წარმართული სარეპერტუარო პოლიტიკის ფონზე თუ რეპერტუარში ჩაკარგული ისეთი სპექტაკლების პარალელურად, სულ რამდენჯერმე რომ გათამაშდა ან ერთი სეზონიც ვერ გაძლო, კიდევ უფრო თვალშისაცემია „ლისისტრატე“, რომელიც 2015 წლის დეკემბერში რეჟისორმა დავით საყვარელიძემ
რუსთაველის თეატრში დადგა. პიესის ავტორი ლაშა ბუღაძე მისთვის დამახასიათებელი იუმორით ყვება
ამბავს, რომელიც არისტოფანეს (ძველი ბერძენი კომედიოგრაფი) „ლისისტრატეში“ განვითარებული მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ ხდება. ლისისტრატე, რომელიც, ერთ დროს, ათენელებსა და სპარტელებს შორის გაჩაღებულ დაუსრულებელ ომს ქალთა ამბოხით – მამაკაცისგან იზოლირებითა და მასთან კავშირის
გაწყვეტით- დაუპირისპირდა, უკვე წელშია მოხრილი. ის მართავს ქალაქ-სახელმწიფოს, სადაც აღკვეთილია
ძალადობა ქალზე. და მაინც არსებობენ ოპოზიციური ძალები – „დედები“, რომლებიც „ქალების“ წევრების
საპირისპიროდ, მათი ჩაგვრის წინააღმდეგ გატარებულ რეფორმებს არ მიესალმებიან. დაპირისპირებულ- თა ისტორიები და შეხედულებები(პირადი ცხოვრების, სექსუალური უმცირესობების, თანასწორუფლებიანობის, ოჯახის, მომავალი თაობის, განათლების, აღზრდის, რელიგიის და ა.შ. შესახებ) სხვადასხვა მხარეს მებრძოლი და უმამოდ დარჩენილი ორი ოჯახის შვილების (ქალი და ვაჟი) სასიყვარულო ურთიერთობის ფონზე ვლინდება.
გადაჯვარედინებული ფეხების თეატრალური აქტი უნდა ნახოთ. „ლისისტრატე“ რჩეულია არაერთი ნიშნით. პიესა დადგმაში თითქმის უცვლელი სახით არის გამოყენებული(თუ არ ჩავთვლით პირველი თავის უგულებელყოფას და ფინალური სცენის გაძლიერებას, მაგალითად პათოსით „შეუცვლელი არავინაა!“). ამით გამოკვეთილია კიდეც რეჟისორის დამოკიდებულება – დააწინაუროს სიტყვა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმდენად ბასრი და მსუყეა, რომ (თითქოს და) აღარაფერს საჭიროებს. არადა, გრძლად ჩამოყალიბებული სათქმელის მაყურებლისთვის ერთი ამოსუნთქვით და სწორად გადანაწილებული აქცენტებით გაზიარება იოლი არ უნდა ყოფილიყო; მათთვის დასახული ამოცანები მსახიობებმა დამაჯერებლად გადაჭრეს. დადგმის პირველად ნახვის შემდეგ, როცა ბუღაძის პიესას კიდევ ერთხელ მივუბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ნანახი რაიმეს დამოუკიდებლად წარმოსახვის საშუალებას აღარ მაძლევდა. თითოეული პერსონაჟი უმალ კონკრეტულ მსახიობს მაგონებდა ხმით, დიქციით, მიმიკით, მოძრაობით, კოსტიუმით (მხატვარი პოლინა რუდჩიკი), ვარცხნილობით; ამიტომ მგონია, რომ ნანა ლორთქიფანიძის, ქეთი ხიტირის, მანანა გამცემლიძის, ეკა მოლოდინაშვილის, მანანა აბრამიშვილის, რუსუდან მაყაშვილისა თუ ლაშა ჯუხარაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან ქართული თეატრის ერთგული მაყურებელი ყოველთვის გაიხსენებს პერსონაჟებს, რომლებიც მათ „ლისისტრატეში“ განასახიერეს.
დავით საყვარელიძის მხრიდან დრამატურგიული ტექსტის ერთგულება არავის გაუკვირდება. შემოქმედებითი
ამოცანების ზუსტად დასმითა და გადაჭრით კი, „ლისისტრატე“, ვფიქრობ, მისი დადგმებიდან გამორჩეულია. დაუვიწყარია ია სუხიტაშვილის ლისისტრატე. მისი პიროვნული სიძლიერე და ხასიათში შეპარული სირბილე იმდენად ბუნებრივია, რომ „ქალების“ წევრივით უსმენ და შესაძლოა თავიც ისეთივე მოკრძალებით დაუქნიო, როგორც ამას ნინო კასრაძის პერსონაჟი აკეთებს. ნინო კასრაძის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა; ჯერ კიდევ როდის დავრწმუნდით, რომ მისთვის დაუძლეველი არაფერია, მით უფრო დედის დაუსრულებელი მონოლოგი (სათქმელის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი); აქ ყველაფერი თავის ადგილზეა, სცენოგრაფიით (მხატვარი ირაკლი ავალიანი) დაწყებული, ისევ და ისევ, დრამატურგიის არჩევანით დამთავრებული. ლაშა ბუღაძის პიესა „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ ინიციატივით დაიწერა და მაყურებლისთვისაც მათივე მხარდაჭერით განხორციელდა.
„ლისისტრატე“, როგორც საზოგადოების განვითარების შემაფერხებელ ტენდენციებსა და დამოკიდებულებებზე მიმანიშნებელი დრამატურგიული ტექსტი, გამომცემლობა „არტანუჯის“ 2015 წლის „თანამედროვე ქართული დრამატურგიის“ კრებულშია შესული. „ნუთუ ეს ბავშვიც ნაწყენი და შეურაცხყოფილი უნდა დარჩეს?“, – კითხულობს ქეთი ხიტირის გმირი. შეურაცხყოფით დაწყებული ფაქტებიდან, მაგალითად 2014 წელს 34 ქალი მოკლეს, მათ შორის 17 ოჯახში ძალადობის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ დაიხვეწა კანონმდებლობა, შემუშავდა „ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია“ და ამოქმედდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, კვლავაც თვალშისაცემია, რომ სრულყოფილად არ ხდება კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ამოქმედება, მაგალითად: გასაძლიერებელია სოციალურ მუშაკთა როლი ძალადობის პრევენციისთვის და მსხვერპლთა დასახმარებლად, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება და მისი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა , რათა გაიზარდოს მიმართვიანობა, ერთი მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების და, მეორე მხრივ, მსხვერპლთათვის არსებული მომსახურებების მიმართ. უფლებათა დაცვისთვის ბრძოლაში გასათვალისწინებელია თეატრის ძალაო, აცხადებენ „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ წარმომადგენლები.

ირინა ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი – 2012 წელს ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლის პროცესში დრამატურგებიც ჩავრთეთ. 9 პიესა ძალადობის წინააღმდეგ სწორედ ჩვენი ორგანიზაციის
მხარდაჭერით დაიწერა. კრებულში შესული პიესებიდან რამდენიმე დაიდგა კიდეც, მაგალითად დათო ტურაშვილის „დოდოს მოლოდინში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რეჟისორი გიორგი გომურაშვილი), მესხეთის (რეჟისორი ვახტანგ ბერიძე) და რუსთავის (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) თეატრებში გათამაშდა. ამით გვინდოდა, ერთი მხრივ, ხელი შეგვეწყო ქართველი დრამატურგებისთვის დაინტერესებულიყვნენ მწვავე სოციალური თემებით და, მეორე მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული თემები პიესებშიც ასახულიყო. 9 პიესიდან ერთ-ერთი, ზურაბ პაპიაშვილის „სიზმარი“, მოგვიანებით მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ნინო მაღლაკელიძემ დადგა. ისიც თავიდან ბოლომდე „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ დაფინანსებით. „სიზმარი“ თელავის და ზუგდიდის თეატრებშიც წარმოვადგინეთ.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდით თუ 9 პიესიდან უმრავლესობა დაიდგმებოდა. საჭირო ინიციატივა აღმოჩნდა ქართული დრამატურგიისთვის. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის პროცესში აქტიურად
იყო ჩართული ლაშა ბუღაძე. ის ღებულობდა მონაწილეობას დრამატურგების შერჩევაში, პიესების კორექტურაში და ა.შ.
„გაეროს ქალთა ორგანიზაცია“ კომუნიკაციის საკითხს სერიოზულად ეკიდება. დღეისთვის კომუნიკაციის
იმდენი საშუალება არსებობს, ვცდილობთ, თითოეულით ვისარგებლოთ და იდეა შევფუთოთ ისე, რომ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე იმოქმედოს. ბროშურებსა და ბუკლეტებს ნაკლებად ვბეჭდავთ. ვფიქრობთ, უმჯობესია, იგივე თეატრის საშუალებით მივიტანოთ მაყურებლამდე ის საკითხები, რომლებზეც
გვინდა, რომ დაფიქრდეს. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, თეატრი მედიუმთა ჩამონათვალში არ შედის. არადა, ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული, შუა საუკუნეების გავლით, თეატრი ყოველთვის მნიშვნელოვანი მედიუმი იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის. ამაში „ლისისტრატეს“ მაგალითზე დავრწმუნდით.

ირინა ჯაფარიძე – წარმატებული იყო მედიის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული ტრეინინგი, რომელიც
საბოლოოდ მარჯანიშვილის თეატრში მოწყობილ ინტერაქტიულ სანახაობაში გადაიზარდა. ჟურნალისტებმა და ფოტოჟურნალისტებმა რეალურ ფაქტებზე იმუშავეს (მაგალითად, მახსოვს, „ლიბერალიდან“ მარნეულში წავიდნენ და სტატია ადრეულ ქორწინებაზე დაწერეს. ასევე, მომზადდა რეპორტაჟები ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა თავშესაფრიდან და ა.შ.). მათ მიერ შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით მოეწყო ინტერაქტიული პერფორმანსი, რომლშიც მაყურებელი ჩაერთო და მისი ფინალიც თავად განსაზღვრა. ამოცანას მარჯანიშვილის თეატრის დასმა თავი არაჩვეულებრივად გაართვა. აღნიშნული პროექტი „გაეროს ქალთა ორგანიზაციამაც“ მსოფლიოში წლის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პროექტად აღიარა. საერთოდ ხელოვანები ძალიან სენსიტიურები არიან. „ლისისტრატეზე“ მუშაობისას, მონაწილეებისთვის (და არა მარტო მათთვის) გავაკეთეთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ (ზურაბ ინაშვილი) ჩვენება და გავმართეთ დისკუსია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შემოქმედებით ჯგუფს სცოდნოდა ამ პრობლემის არსის, გამომწვევი მიზეზების, ხელშემწყობი ფაქტორებისა და გავრცელების შესახებ, რომ ყოფილიყო მგრძნობიარე ისეთი თემების მიმართ, რომლებიც პირადად შესაძლოა არ შეხებია, მაგრამ საზოგადოებისთვის პრობლემურია.

-მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი ქართული კულტურის არცთუ საამაყო მახასიათებელიაო, ამბობს 1-ლი ქალი. პირდაპირ რომ ვისაუბროთ, სტატისტიკას მოვიშველიებ: 2013 წლიდან 2015 წლამდე შემაკავებელი ორდენების
რიცხვი 227-დან 2,598-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლის ზრდაში დიდი წვლილი ოჯახში ძალადობის მიმართ
საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას მიუძღვის, მაგალითად: თუკი 2009 წელს აღნიშნული პრობლემა 78,3 %-ს მხოლოდ „ოჯახის საქმედ“ მიაჩნდა, დღეს უკვე („გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ 2013 წლის კვლევის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო- ზემო სვანეთში“ შედეგებზე დაყრდნობით), მხოლოდ 25%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა. ახლა 69% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა დანაშაულია. საზოგადოების დამოკიდებულებას ძალადობისადმი განაპირობებს განათლებაც. კვლევა ადასტურებს, რომ „უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო ნაკლებად ტოლერანტულები არიან ძალადობისადმი (59%), ვიდრე საშუალო განათლების მქონე რესპონდენტები (53.8 %)“.

ნინო კასრაძე (მსახიობი): საზოგადოებას რომ განათლების დეფიციტი აქვს, ყველა თვითონ აღიარებს და
გრძნობს. ჩვენი ყოველი ნაბიჯი არის დაკავშირებული და გადაჭდობილი ცოდნის ნაკლებობასთან, ყველგან და ასეთ თემაში, მით უფრო;.
-მომავალი თაობისადმი დამოკიდებულებას და ქართველი დედების „სისუსტეს“ – ისაუბრონ შვილზე მრავლობითში და ისე, თითქოსდა მისი ყოველი ნაბიჯი და მიღწევა მხოლოდ მათი დამსახურებაა, თქვენი გმირი პირველივე სცენაში ავლენს: „რა უნდა ხდებოდეს. მოგვწონს. მოვწონვართ. ოთხი თვეა დაგვიდის. ვერ
მოვითმინეთ და ამ ვაჟბატონის გამო უკან მოვიტოვეთ გენიალური მაგისტრატურა, მაგრამ ჯერჯერობით უკმაყოფილოები არ ვართ. ნორმალური ახალგაზრდაა. არაფერს გვიშავებს, მოდის, მიდის. სხვას ვერაფერს ვიტყვი. გუშინ სპონტანურ სუფრაზე შემოგვესწრო. ჩვენგან აბსოლუტურად არ არის უცხოობის განცდა,
მაგრამ ინტერესი არ გაგვდის, სინდისი არ გვქენჯნის მიტოვებული სამაგისტრო პროგრამის გამო“ ან კიდევ, ფრაზა – „შეყვარებულები ვართ“. ეს არის ავტორის მხრიდან ერთგვარი სილა ქალებისადმი, რომლებსაც უჭირთ საკუთარი შვილების დამოუკიდებელ ადამიანებად აღქმა. თუმცა, ფემიციდის შემთხვევების არასასურველი რაოდენობის ქვეყნისთვის, არანაკლებ პრობლემურია ომგამოვლილი კაცების დამოკიდებულება ქალებისადმი და პირიქით. არ მგონია, დარბაზში იჯდეს ისეთი მაყურებელი, რომელსაც პარალელის გავლება გაუჭირდება.

-იცით რა, ძალიან ხშირად მომყავს ზოლას ნათქვამი: თუ არ შეგიძლია შეცვალო სამყარო, აღწერე ის; ეს ისეთი საყვარელი თეზაა, მცნების დონეზეა ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის. თუ შენ ვერ ცვლი, აღწერა ცოტა არ არის. ზუსტი აღწერა, ზოგჯერ, უკვე ცვალებადობას ნიშნავს და იმასაც, რომ თუკი ვიღაცამ თავი ამოიცნო, შეიძლება, მეორე წუთში, ასე ცხოვრება აღარ მოუნდეს. ვიღაც იპოვის ანალოგს, ვიღაც – ვერა. ეს არ არის მნიშვნელოვანი. რაღაც ნაწილისთვის ის იქნება ახლობელი, რაღაც ნაწილისთვის – რადიკალურად მიუღებელი. მთავარია, რომ შენ მაქსიმალურად აღწერო თუნდაც ისიც, რომ ერთი და იგივე პრობლემა ვიღაცისთვის არის პრობლემა და ვიღაცისთვის – არა. ჩვენ საზოგადოებაში ხშირად ასეა, პოლარულად გახლეჩილი და დაპირისპირებული საზოგადოებაა, მაგრამ შენ მაინც უნდა ეცადო აღწერო ის მთელი თავისი სისავსით
და ყველაფერს მისცე არსებობის უფლება. უნდა აჩვენო, რომ არსებობს დიდი პრობლემა, რომელიც ვიღაცას აბსოლუტურად არ ეხება. აი, რატომ „არ ეხება“ არის სწორედ ჩვენი კვლევის მიზეზი. რატომ არის ისე, რომ ის, რაც ერთისთვის მტკივნეულია, მეორესთვის ნაკლებად მტკივნეული შეიძლება იყოს და ზოგჯერ არანაირადაც არ არის მტკივნეული; თუმცა, თემა რომ აქტუალურია, ეს ფაქტია. როგორც პიესაშია, ისე საქართველოშიც ყოველდღე კლავენ ქალს. იგივე ხდება საზოგადოებაში, რაც სცენაზე. და საერთოდ, ძველი სამყაროდან მოყოლებული, ძალადობა ისეთი თემაა… ამიტომ რა უნდა ვთქვა?! ორიგინალური ვერ ვიქნები. ფაქტია, რომ ხო, არის ძალადობა. მაგრამ არ მგონია, რომ „ლისისტრატე“ მხოლოდ ქალზე ძალადობას და გენდერულ თემებს ეხება… მგონია, რომ ის ქალებიც, რომლებიც შემდეგ ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ისინიც თავისთავად, რაღაცნაირად, მოძალადეები ხდებიან და ძალადობა ძალადობას ბადებს. ჩემთვის ყველაზე მეტად ახლოა სპექტაკლში ერთი თემა – ახალგაზრდების აღზრდისა და მათთან დამოკიდებულების. როგორ უნდა აღვზარდოთ ისეთი თაობა, ისეთი ახალგაზრდები, რომ ისინი იყვნენ მომთმენნი სხვისი მინუსების მიმართ ან თუნდაც შეეძლოთ შერიგება და არ იყვნენ პოლარულად… აი, ეს არის თემა, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და კიდევ მეორე თემა – როგორ უნდა შეიქმნას ისეთი საზოგადოება, სადაც არ იქნება ყოველთვის „კბილი კბილის წილ“… აი, ესაა უფრო პრობლემა. სად არის ის სანატრელი მოწყობა ქვეყნის, სადაც ყველანაირი ადამიანი თავს კარგად იგრძნობს… ამ სპექტაკლშიც ჩანს, რომ ყველას თავის სიმართლე აქვს და მინიმალურ დონეზე იმ ყველაზე მიუღებელ ჯგუფსაც უნდა ჰქონდეს არსებობის საშუალება…

-თქვენი პერსონაჟის პოზიცია და დაპირისპირებულ მხარესთან დამოკიდებულება რადიკალურია. მისი რადიკალურობა იწვევდა დისკომფორტს?

-არა აბსოლუტურად არა! შეიძლება მე, როგორც ნინო კასრაძე, არ ვიყო ასეთი ხისტი, მყარი და შემტევი, მაგრამ იმას რა მნიშვნელობა აქვს როგორი ვარ?! მთავარია ცხოვრება როგორ სქემებს გვთავაზობს. ცხოვრებაში არსებობენ ასეთი, ძალიან მყარი და მებრძოლი ადამიანების ტიპები, რომლებიც საკუთარ პოზიციებს ბოლომდე და ნებისმიერ სიტუაციაში იცავენ. შეიძლება შეკითხვებიც გაუჩნდეთ, მაგრამ შეკითხვების დათრგუნვით და დაძლევით ყოველთვის უბრუნდებიან პირველ საწყისს… ჩემი პერსონაჟიც ასეთია…

-ორჯერ ვიყავი. პირველად და მეორედ ნანახის მაყურებელთა რეაქციები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა;

-არ იგრძნო მათი რეაქცია, შეუძლებელია. ამას გამოხატავენ ტაშით, სიცილით, გამოძახილით; მოდიან რადიკალი „დედების“ მომხრეებიცა და „ქალების“ პარტიის მომხრეებიც… ე.ი. სწორედ გაგვიშლია თემა,
სწორად გვიფიქრია… თანაც, მსიამოვნებს, რომ ყველას გულშემატკივრობს ვიღაც და ყველასთვის არის
რაღაც, რაც მასში თანაგრძნობას იწვევს… ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, სასიამოვნოა ის, რომ საზოგადოების
ყველა ნაწილისთვის არის გათვალისწინებული ნავსაყუდელი… და მაყურებელთა რეაქციაზე ხშირად მახსენდება ერთი მაგალითი: „ჰამლეტს“ რომ ვთამაშობდით, მთელი სპექტაკლი მაყურებელი გამეხებული
იჯდა, არაფერი არ იყო სასაცილო. მაგრამ ერთ ადგილას, როცა ზაზა პაპუაშვილი სპეციფიკური  ინტონაციით იძახდა: „დედა მიხმობს, უნდა წავიდე“, აი, ამაზე იყო ლამის ჰომერული სიცილი და ვაცდიდით მაყურებელს რომ გაეცინა… რა იყო „ჰამლეტში“ სასაცილო?! მერე ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი შემექმნა: ალბათ სიცილი აუცილებელი იყო დაძაბულობის, დაჭიმულობის მოხსნისთვის, განტვირთვისთვის და ყველაფერ იმისთვის, რაც სერიოზულ თემებთან ჭიდილს ახლავს. აი, ამისთვის იცინოდნენ ალბათ… იმისთვის, რომ ამოესუნთქათ… „ლისისტრატე“ კიდევ გაჯერებულია იუმორით და ძალიან სასაცილოა.. საერთოდ, ხალხს უჭირს, ზოგს ერიდება კიდეც რთულ თემებზე ფიქრი, ლაპარაკი და ემოციას სიცილით გამოხატავს. აბა, ჩვენთან ერთად უნდა იტირონ? მთავარია, მაყურებელს ჰქონდეს რეაქცია და სულ გამეხებული არ იჯდეს…

XII_631

-1-ლი ქალი „იძულებითი სექსის კანონის“ მიღებასაც მოითხოვს და არ ესმის, როგორ შეიძლება დაიღალო
ლიბარალიზმით. რამდენად მისაღებია შენი პერსონაჟის პოზიცია?

ქეთი ხიტირი (მსახიობი): – სპექტაკლში დასმული პრობლემა ძალიან მძიმეა, როგორც ქვეყნისთვის (და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით), ისე თითოეული მოქალაქისთვის. მათ შორის, ჩემთვის, როგორც
რიგითი მოქალაქისთვის. ქალთა მიმართ ძალადობა ამორალურია. თანასწორობის მომხრე ვარ და არაინარად არ ვთვლი, რომ ქალი რამენაირად უნდა დააკნინოს თუნდაც ფიზიკურად ან ინტელექტუალურად
ძლიერმა კაცმა, ჩაგვრაზე რომ აღარაფერი ვთქვა… ჩემი პერსონაჟი მართლაც რადიკალურად აზროვნებს.
ამაში არ ვეთანხმები. სხვა თვალსაზრისით კი, ძალიან საინტერესო იყო ამ როლზე მუშაობა. ადვილად დავძლიე-მეთქი, ვერ გეტყვი. ის, თავისი პრინციპულობით, შეიძლება ახლოსაც იყოს ჩემს ხასიათთან. როცა რაღაცაზე წარმოდგენა მაქვს, ჩემი პოზიცია ძალიან მტკიცეა. ოღონდ, მე ძალიან მიყვარს ადამიანების მოსმენა. ამ ქალს კი არავის მოსმენა არ უნდა. არის, ვითომდა, ზედმეტად განვითარებული და ძალიან
თანამედროვე, თვლის, რომ წყვილები ერთმანეთთან აუცილებლად უნდა ცხოვრობდნენ სექსუალურად… კი, უნდა ცხოვრობდნენ… მაგრამ მისი მოწოდება „მოგვეცი იძულებითი სექსის კანონი“, ჩემთვის მიუღებელია. ლაშა ბუღაძის პიესებში მონაწილეობა, ყოველთვის საინტერესოა. მისი „სულიერი არსებებიც“ ძალიან თანამედროვე და სოციალური ტექსტია. „ლისისტრატეს“ პერსონაჟები უფრო კომიკურია. არადა, ძალიან ტრაგიკულია ის, რაც ხდება.

-ტექსტის თანამედროვეობა გეხმარებოდა?

– არა, პირიქით, ხელს მიშლიდა. მერე, არ მთავრდება წინადადება, იწყება და აღარასოდეს აღარ მთავრდება,
წერტილი არ არის… თავიდან ძალიან მიჭირდა და რეჟისორთან სულ კითხვები მქონდა (ამხელა ტექსტის დაწყება და ჩარიხინება ხომ არ იქნებოდა საინტერესო?!). ამიტომ ვეძებდი ტიპაჟს, რომელიც საბოლოოდ ვიპოვე და ამან უფრო გამიადვილა ყველაფერი. „ლისისტრატე“ საყვარელ სპექტაკლად, 1-ლი ქალი კი – საყვარელ როლად იქცა. მასში ბოლომდე ვიხარჯები. ძალიან გავითავისე. მაყურებელთა რეაქციებიც გასაგებია. ხალხს მოენატრა სიმსუბუქე, გართობა, სიცილი და არა ასეთი მძიმე თემები, რომლებიც მსუბუქად და იუმორით კი არის მოწოდებული, მაგრამ რეალურად პრობლემურია. მაყურებლები თავიდან ცოტა დაბნეულები იყვნენ, ახლა უფრო თავისუფლად იცინიან და გამოხატავენ რეაქციას. როგორც არ უნდა იყოს, მთავარია, რომ კმაყოფილი ტოვებენ თეატრს და აღფრთოვანებასაც არ მალავენ, მოსწონთ ის, რაც გავაკეთეთ და ეს უკვე რეზულტატია.

-ასეთი პრობლემა გქონია? ძალადობას და ჩაგვრას ვგულისხმობ.

– საბედნეიროდ არა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ვხედავ რა ხდება ქვეყანაში და ეს ძალიან მოქმედებს. ჩემთვის თუ უცხოა, ძალიან ახლობელია, მაგალითად, მეგობრისთვის, მეზობლისთვის… და ეს ძალიან გადამდებია. საზოგადოება, რომელსაც სურს განვითარდეს, ქალს არ უნდა აკნინებდეს. ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობის თემა, ზოგადად, ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ის, რასაც ჩემი პერსონაჟი თავისი რადიკალიზმით მოითხოვს.

-ხედავ რაიმე წინსვლას?

-ამისთვის საჭიროა იწერებოდეს პიესები, იდგმებოდეს სპექტაკლები, გადაიღონ კინო, მომზადდეს გადაცემები…
მაგრამ ტელევიზიებს ამისთვის არ სცალიათ, ტელესივრცეები უაზრო თოქ-შოუებით არის გადავსებული, გამოაყრუეს ხალხი… ქალთა უფლებების დაცვაზე ფიქრს ძალიან ცოტა ადამიანი უთმობს დროს. ვიცი, რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ამაზე ზრუნავენ. თეატრსაც დიდი ძალა აქვს, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ არ არის აქტუალური. ამ ყველაფერში ტელევიზიამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა. ოჯახზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. თავიდანვე უნდა შეაყვარო ბავშვს თეატრი, ოპერა… როგორც არ უნდა იყოს, ქართველი ხალხი მაინც თეატრალია.

-რას აღარ ამბობენ ქალები შენი პერსონაჟის მისამართით, მაგალითად: „რაღა მაინცადამაინც ეს სუროგატი მოიწონა? ეს მარცხის მანქანა? ეს დაბღვერილი ფალიკური ინფუზორია?“, ან კიდევ, „რა უფრო მართებულია – მელანქოლიური ცხოვრება უკაცოდ, თუ გარდაუვალი სიკვდილი კაცის ხელში“ და ა.შ. ასეთი საშიშიც არ ჩანდი, ერთი შეხედვით;

XII_632

ლაშა ჯუხარაშვილი (მსახიობი): მაქსიმუალურად ვეცადეთ (მე, დათო და ლაშა), რომ არ ყოფილიყო ლოზუნგი.
ისედაც დატვირთულია წარმოდგენა იმით, რაც რეალურად ხდება. ამისთვის ხაზის გასმა და მაყურებლისთვის აგრესიული, ტირანი ტიპის შეთავაზება აღარ იყო საჭირო. ხანდახან ისეთი ადამიანები უფრო არიან საშიშნი, რომელთაც ვერ გაიგებ, რა პოზიცია აქვთ. თვითონ თემამ ძალიან დამაინტერესა. მუშაობის პროცესში, „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ ინიციატივით, შევხვდით ქალებს და ბევრი ფილმი ვნახეთ. ამით ბევრად გამიმძაფრდა პოზიცია, რომელიც მქონდა. ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, არა მხოლოდ ქალსა და კაცს შორის, ზოგადად.

-საკითხებიდან, რომელიც დადგმაში არის დასმული, რომელი იყო შენთვის ყველაზე მტკივნეული და პრობლემური?

-პიესა ისეა აწყობილი, რომ მართლაც არაერთ თემას ეხება. მაგრამ ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო მონოლოგი,
რომელსაც ნინო კასრაძის პერსონაჟი ამბობს, როცა ყვება, თუ როგორ ძალადობდა მასზე მეუღლე, როგორ ჩამოარტყმევინა თავი რაფაზე, როგორ აყენებდა ცივი შხაპის ქვეშ და ა.შ. ამ ყველაფერზე დარბაზში სიცილია, ალბათ მწარე… და ლისისტრატეს მონოლოგია კიდევ ემოციური, როდესაც ის საკუთარ მოსაზრებასა და პოზიციას გრძლად აყალიბებს, რასაც ვეთანხმები და ძალიან შემეხო.

-შენი პერსონაჟი შეყვარებულს ტოვებს, როგორც წესი, თვალშისაცემად მოულოდნელად. შენი მისვლები მოსწონთ და წასვლები აეჭვებთ. ხელოვნური დისტანცირების პრობლემა რამდენად პრობლემურია შენ გარშემო?

-არის, როგორ არ არის! ეს არის ძალიან მძიმე თემა, იმიტომ რომ ბევრად უფრო გახსნილები გახდნენ
ქალები და ბევრად უფრო რისკიანები ურთიერთობებში (ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ!), რაც ძალიან მომწონს. ხოლო ისეთი ადამიანები, როგორიც არის კინესიასი, პერსონაჟი, რომელსაც ვთამაშობ, ფსევდო- ფანატიკურად არიან გახვეული რელიგიაში. აქ არ არის რომელიმე ერთ რელიგიაზე ლაპარაკი. ამის მაგალითები უფრო გავრცელებული რეგიონებში რომ გვეგონა, აღმოჩნდა, რომ თბილისში ბევრად უფრო „სვეტსკი“ ტიპები და გოგო-ბიჭები არიან მძიმე მდგომარეობაში.

– რელიგია ახსენე და ერთ-ერთი კვლევის დროს ჩაწერილი დაზარალებულის სიტყვები გამახსენდა: „რამდენჯერ ვიყავი დაშორებული, წამოსული. რამდენჯერ შემარიგეს, ეკლესიით, ხან იმით, ხან ამით. მამაოები ჩაერივნენ, ვინ არ ჩაერია“. რთული იყო ასეთი „ფსევდოს“ განსახიერება?

– რთული ნამდვილად არ იყო, რადგან მუდმივად გახსენდება ან მეზობელი, ან მეზობლის ნათესავი, ან თუნდაც შენი ნათესავი, ყველა ფაქტი და ა.შ. ყველაფერი ხომ მართლა გავიარეთ?! ძალადობის ფაქტების გამოვლენის სტატისტიკა რომ ვნახეთ, ყველაზე მრავლად სწორედ სამოქალაქო და აფხაზეთის ომების შემდეგ. შერყეული საზოგადოება, ომიდან დაბრუნებული კაცები და მარტოდ დარჩენილი ქალები. „ლისისტრატეზე“ მუშაობის დროს ყველა ოჯახის ისტორია გვახსენდებოდა. არაფერი იყო უცხო, ამიტომაც არ გაგვიჭირდა მუშაობა. ერთადერთი სირთულე მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ დაგვეცვა ზღვარი კინესიასისთვის დამახასიათებელ აგრესიასა და უსუსურობას შორის. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ძალადობის პრობლემა ყოველთვის დაისმება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, უპირველესად, არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც კაცს უფრო გამოხატული აქვს, ვიდრე ქალს. ქალი ოჯახში მაინც იქნება და შვილს გაზრდის. კაცმა არ იცის რა გააკეთოს, იწყებს დალევას, რასაც ხშირად მოსდევს აგრესია და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ინფორმაციიდან, რომელსაც გავეცანით, ძალადობის შემთხვევების უმეტესობა იყო ნარკომანიით და სასმელით გამოწვეული, ასევე, ომგამოვლილთა ფსიქიკური მდგომარეობა და ა.შ. სამწუხაროა, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელზეც არის საუბარი, შესაძლოა თეატრში მოსასვლელი ფული არ ჰქონდეს. ვიდრე ჩვენამდე მოაღწევს, სათქმელი უნდა გაუზიაროს იმან, ვინც დადის თეატრში. იქნებ, ოდესმე, მართლაც გავერთიანდეთ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კაცები განყენებულად არ უნდა განიხილებოდნენ, ისინიც უნდა ჩაერთონ იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც აქტუალურია. მათ აუცილებლად უნდა შეუწყონ ხელი თავიანთი შვილების, დების, ცოლების
წინ წამოწევას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ მონაწილეობასა და თვითრეალიზებას. თორემ, ფაქტია, რომ საქართველოში ხშირია ინტიმური ან ღირსების შელახვის სახელით ჩადენილი ფემიციდის მაგალითები. ასეთ დროს საზოგადოების მხრიდან თანაგრძნობას ხშირად სწორედ მოძალადე იწვევს და არა მსხვერპლი. დიახ, ქალად ყოფნა ჯერ პრობლემის გადაწყვეტა არ არის!

XII_633

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია – მაკა გოგალაძე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>