შუშის ბუნებრივ დაშლას სჭირდება 1 მილიონი წელი

XII_625

შუშის წარმოშობას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ფინიკიელების უძველეს ერს უკავშირებენ. ეს ხალხი განთქმული იყო ვაჭრობა-ხელოსნობით და ნაკლებად მისდევდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. მოგვიანებით, შუშის კულტურა ევროპაში და განსაკუთრებით, ვენეციაში გავრცელდა. რადგან შუშის დამზადება იშვიათ ხელობას მოითხოვდა და არც თუ ისე იაფი იყო, დაბალი ფენის მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდებოდა მასზე ხელი. შუშის ხელოსნებს ვენეციაში პრივილეგიები ქონდათ – მათ ქალიშვილებს დიდგვაროვნებზე გათხოვების ნებას რთავდნენ.
შუშის წარმოშობისა და განვითარების ისტორია დასაწყისიდანვე კავშირშია იმ სოციალურ ნორმებთან, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავს ადამიანის ბედს- ანიჭებს ან ართმევს მას გარკვეულ საშუალებასა და უფლებას, იყოს საკუთარ არჩევანში თავისუფალი. შუშის ჭერი (Glass Ceiling) ეწოდება იმ უხილავი ბარიერების, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების, ნორმების, რწმენა-წარმოდგენებისა და შეხედულებების ერთობლიობას, რომელიც ხელს უშლის ქალებს, ესწრაფოდნენ ან იკავებდნენ მაღალ საფეხურებს სამსახურსა და კარიერაში. ტერმინი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ, აქტიურად გამოიყენება დასაქმების ადგილზე, ზედა რგოლში, ქალების სიმცირის ასახსნელად.
თუმცა, შუშის ჭერის თეორია მხოლოდ მაღალ საფეხურზე როდი ვრცელდება, მას შრომითი ურთიერთობების ნებისმიერ ეტაპზე ვხვდებით. ეს სოციალური ფაქტი საზოგადოებაში არსებული რწმენა-წარმოდგენებით საზრდოობს ქალისა და კაცის როლის, ფუნქციისა და თვისებების შესახებ. მაგალითად, გენდერული სტერეოტიპების შესახებ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად („საზოგადოებრივი დამოკიდებულებები
და გენდერული თანასწორობა პოლიტიკასა და ბიზნესში“), გამოკითხულების 88%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის მარჩენალი კაცი უნდა იყოს. ეს მოლოდინი გავლენას ახდენს როგორც დასაქმების საწყის, ასევე კარიერული წინსვლის შემდეგ საფეხურებზე და უკან დახევს ქალის კანდიდატურას.
ნებისმიერი კულტურა შედგება დასწავლილი წესებისა და პრაქტიკების ერთობლიობისგან, რომელიც თაობებს გადაეცემა, როგორც კონკრეტული ჯგუფისთვის მახასიათებელი ღირებულება. ტრადიციულ საზოგადოებებში მკვეთრად განარჩევენ ძველ და ახალ ნორმებს. შესაძლოა, ისინი სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებენ, თუმცა, საბოლოოდ ერთნაირად ფუნქციონირებენ სიმბოლოებისა და ენობრივი კონსტრუქციების მეშვეობით. ძველი წესები საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას ემსახურება, ხოლო ახალი – ცვლილებებს ისახავს მიზნად.
საქართველო ხშირად იწოდება ტრადიციულ საზოგადოებად, რომელშიც კულტურის ან ეროვნული იდენტობის ნაწილს წარმოადგენს ზოგიერთი შეხედულება. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი ქალის შესახებ მისივე ბუნებას მიეწერება, რომლის მიხედვითაც, ქალი არის სუსტი, ნაზი და მგრძნობიარე არსება. ეს თვისებები, თავისთავად, ნეგატიური ვერ იქნება, თუმცა შორს არის იმ წარმოდგენიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მიმღებ პირს ახასიათებენ, როგორც პრინციპულს, მკაცრს და ძლიერს. საზოგადოების მოლოდინი, რომ უფროსები, მენეჯერები ან პოლიტიკოსები ასეთები უნდა იყვნენ, ხოლო ქალი ასეთი არ არის და ვერ იქნება, წინასწარ უზღუდავს ქალს, ისარგებლოს შრომით იერარქიაში არსებული წესებით. ამგვარი აღქმა უფრო ნორმას მიეწერება.
მეორე გავრცელებული მოსაზრება ეხება საჯარო სივრცის ბუნებას – „პოლიტიკა ბინძურია“. ამის საპირისპიროდ, ქალი სისუფთავესა და საოჯახო საქმეებით, აღზრდით დაკავებულ ადამიანს განასახიერებს; ხოლო ის, ვინც პოლიტიკაში მიიღებს მონაწილეობას, თავისთავად კარგავს იმ თვისებებს, რაც გავრცელებული და აღიარებული შეხედულებისამებრ ქალს ახასიათებს.
მესამე სტერეოტიპი, თანამედროვეობის არგუმენტით, ქალისა და კაცის თანასწორობაა, როცა წარსულს მიაწერენ გენდერული უთანასწორობის საკითხს. ეს შეხედულება გულისხმობს ახალი თაობის გენდერულ გამოცდილებებს, რომელსაც ტვირთად არ აწევს მკაცრი აღზრდისა და ტრადიციული კულტურის გავლენები. თუმცა, შრომითი ურთიერთობები და განსაკუთრებით კარიერული წინსვლის ეტაპები საპირისპიროზე მიუთითებს. დასაქმების საწყის ეტაპზე, ქალებსა და კაცებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობების მოლოდინი, თუმცა, საინტერესოა, ახლად დასაქმებულ და 15-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ქალებისა და კაცების შეხედულებების შედარება. თუმცა, სანამ ეს მონაცემი იარსებებს, შესაძლოა სიმბოლოებით გაიზომოს ძალაუფლება – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკითხვის (2015) თანახმად, დასაქმებული ქალების საშუალო თვიური შემოსავალი 618 ლარს შეადგენს, დასაქმებული კაცების კი – 980 ლარს.
შუშის ჭერის თეორიის მიერ წამოჭრილი საკითხი ყველაზე ცხადად იმ ეტაპზე დგება, როდესაც ქალს უწევს ოჯახურ პასუხისმგებლობებსა და კარიერას შორის თანაბრად გაანაწილოს ყურადღება. ტრადიციული პერსპექტივიდან, ასეთ შემთხვევაში, ქალი არჩევანს აკეთებს ოჯახზე, ვინაიდან მის ნამდვილ მოვალეობად „ოჯახისთვის თავდადება“ ითვლება, ხოლო მისი ბუნებრივი მახასიათებელი ზრუნვაა.
2013 წელს ჩატარებული კვლევა გენდერული სტერეოტიპების შესახებ („საზოგადოებრივი დამოკიდებულებები და გენდერული თანასწორობა პოლიტიკასა და ბიზნესში“) გამოკვეთს ქალისთვის დამახასიათებელ სანიმუშო თვისებებს: „მორჩილი“, „კარგი დიასახლისი“, „მომთმენი“. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი ქალი სუსტია და უჭირს პასუხიმგებლობების აღება. ეს შეხედულებები გვხვდება როგორც კაცებში, ასევე ქალებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული სტერეოტიპი გვევლინება, როგორც რეალობა.
მიუხედავად ამისა, მაინც არიან ქალები, რომლებიც აღწევენ კარიერის მაღალ საფეხურებს, რაც ხშირად გამოიყენება არგუმენტად შუშის ჭერის არარსებობის ან მისი მითოლოგიზაციისთვის. თუმცა, ის ქალები, რომლებიც კარიერულ იერარქიაში მაღალ პოზიციებს იკავებენ, ხშირად ორმაგ შრომას გასწევენ ამისთვის ან იწოდებიან „კაცივით ჭკვიან“ ქალებად. ეს კიდევ უფრო ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს და უფრო მეტიც, ქმნის სოციალიზაციის მოდელებს და იწვევს როლების შეთვისებას უმცროსი თაობისთვის. სწორედ ასე ყალიბდება კულტურა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში, გენდერულმა როლებმა სწრაფი და რადიკალური ცვლილება განიცადა. რელიგიური გავლენებისა და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, პარადოქსული მოლოდინი გაჩნდა ქალისა და კაცის როლის მიმართ. რელიგიური შეხედულებები ქალს წარმოაჩენს, როგორც ოჯახისა და კაცის მორჩილ, მზრუნველ ადმიანად, ხოლო ეკონომიკა შრომით ურთიერთობებში ჩართვისკენ მოუწოდებს ქალს. ყველაზე გავრცელებული მოლოდინი კი ქალის მიმართ ორივე კომპონენტის გაერთიანებაა – „თავგადადებული“ მეუღლე, დედა, დიასახლისი და წარმატებული მენეჯერი ქალი. რელიგიური და ეკონომიკური ღირებულებების მატარებელი საზოგადოების მხრიდან კი, სწორედ ამგვარ შემთხვევაში ხდება ქალის შრომის ღირსეული აღიარება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს, ქალის როლი აქტიურდება საზოგადოებაში (როცა ოჯახს უჭირს, ქალი გამოდის შრომით ასპარეზზე), ხოლო სტაბილურ ეკონომიკურ გარემოში კაცი წარმართავს საქმიან ურთიერთობებს (88%-ს მიაჩნია, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი). ეს მოცემულობა, გარდამავალ, დროებით მდგომარეობად მიიჩნევა. ასეთ პირობებში, რთულია უწყვეტ კარიერულ განვითარებაზე ფიქრი და შრომითი იერარქიის არათუ მაღალ, არამედ ნებისმერ საფეხურზე მოხვედრა. მიზეზი მარტივია: თავს ზემოთ შუშის ჭერია, თუმცა მისი მთავარი ღირსშესანიშნავი თვისება მსხვრევადობაა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>