WE ჩვენ – გელა ჩარკვიანი

Gela_Print

გელა ჩარკვიანი – დიპლომატი, პედაგოგი, ტელეწამყვანი

ცნობიერების წამოწევის გარეშე, ადამიანი მგრძნობიარე ვერ გახდება. ასეა გენდერული საკითხების შემთხვევაშიც. მგრძნობიარეა ადამიანი მაშინ, როდესაც ამჩნევს რაღაცეებს და ამჩნევს მაშინ, როდესაც იცის, ანუ განათლება ნიშნავს ცნობიერების წამოწევას.
60-იან წლებში, მეორე სექსუალური რევოლუციის დროს (პირველი 20-იან წლებში იყო), პირადად ვიცნობდი ფემინიზმის ერთ-ერთ ლიდერს, ბეტი ფრიდანს, რომლის წიგნმაც „ქალური მისტიკა“ წამოიწყო ეს რევოლუცია. ამიტომ ჩემთვისის პრობლემები, რომლებიც მაშინდელ ამერიკაში იყო და დღეს ჩვენთანაც წამოიწია, ჩემთვის გასაგები და ახლობელია.
ბეტი ფრიდანის მაშინდელი სოციალური გამოკვლევით დადასტურდა, რომ ქალური ბედნიერება, თავისი იმდროინდელი კლასიკური გაგებით – გყავდეს ბევრი შვილები, მანქანა, დადიოდე სუპერმარკეტში, ეჭვის ქვეშ დადგა, რადგან აღმოჩნდა, რომ ქალებს აკლდათ თვითდამკვიდრება პროფესიაში, როგორც მოქალაქეებს. აქედან გაირკვა, რომ მათ სჭირდებათ სხვა რაღაც, ისევე, როგორც კაცებს. მეორე რევოლუცია სწორედ ქალური და მამაკაცური როლების ცვლილებებს მოითხოვდა, თუმცა ზოგჯერ ეს ძალიან გადაჭარბებით ხდებოდა. ფრიდანის ბოლო წიგნში ამ როლებზე მსჯელობა ცოტა შერბილდა კიდეც. ამაზეც უნდა ვიფიქროთ. 

ამონარიდი გელა ჩარკვიანის ბესტსელერიდან „ნაგერალა“:
„ქალები დასავლეთ ევროპაში მეტად სექსუალურად არიან განწყობილი იმ მამაკაცთა მიმართ, რომლებიც არ თაკილობენ სახლში საჭმლის კეთებას და მზად არიან დაეხმარონ მათ ამ ტრადიციულად ქალურ საქმიანობაში. ესეც ევოლუციური ფსიქოლოგიით იოლად აიხსნება. კაცი დიდი ხანია აღარ ნადირობს ბიზონზე იმისთვის, რომ გამოკვებოს ოჯახი. მეტიც, ის აღარ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი – ქალების უმრავლესობა მუშაობს, მათი პროფესიული საქმიანობა დიდად არ განსხვავდება მამაკაცების საქმიანობისგან. ამიტომ დღევანდელი კაცი უსარგებლოა, თუ ქალს ოჯახურ საქმეებში არ ეხმარება. გინდა იყო შენი პარტნიორისთვის სექსუალურად მიმზიდველი? კუნთების ზომაზე კი ნუ იფიქრებ, გარეცხე ჭურჭელი!“.

ფოტო: გიორგი დადიანი