WE ჩვენ – ეკა ნიჟარაძე

eka_P

ეკა ნიჟარაძე – მსახიობი

„ქალზე ფიზიკური ძალადობა საშინელებაა, მაგრამ ფსიქიკური ძალადობა – უარესი. თუკი ფიზიკურ ტკივილს უძლებ და იტან, ფსიქოლოგიურმა შეიძლება გაგაგიჟოს და მოუშუშებელი ჭრილობა დაგიტოვოს. ასეთი ტკივილის მიყენება სხვა ადამიანისთვის ძალიან დიდი ბოროტებაა.
ორი აზრი არ არსებობს: ყველა ქალმა თავის საქმე უნდა აკეთოს, ჰქონდეს პროფესია, სურვილები, მიზნები. ის არ არის ვალდებული, არავითარ შემთხვევაში, ითმინოს შეურაცხყოფა, დისკომფორტი, მხოლოდ იმის ხათრით, რომ ოჯახი შენარჩუნდეს, რადგან ეს ოჯახი უკვე ისედაც განწირულია. არც ბავშვები არიან ვალდებული, უყურონ ოჯახში ძალადობას. ამით მხოლოდ ბავშვების ფსიქიკას დავაზარალებთ. თუ ოჯახში ბავშვი ბიჭია, მან შეიძლება ჩათვალოს, რომ ძალადობა ნორმაა და ისევე მოექცეს მომავალში თავის ცოლს, როგორც მამა ექცეოდა დედას.
ქალები ითმენენ იმიტომ, რომ არ აქვთ წასასვლელი, სახლი, ხშირად მათ საკუთარი მშობლები უმხედრდებიან. მშობლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რას იფიქრებს ხალხი და არა – რას განიცდის მათი შვილი. არადა, მშობლები უნდა იყვნენ პირველი ადამიანები, ვინც შვილებს არასასურველ გარემოს გაარიდებენ. არც ისე დიდი ხნის წინ გავიგე, რომ ახალგაზრდა კაცმა შუა ქალაქში ისევ მოკლა თავისი მეუღლე, მერე თვითონაც მოიკლა თავი. დარწმუნებული ვარ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ასეთ ქცევას ბევრი რამ განაპირობებს: კომპლექსები, არარეალიზებულობა, შეუმდგარობა…”

ფოტო: გიორგი დადიანი