WE ჩვენ – მაია ფელიშვილი

maiaP

მაია ფელიშვილი – გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი

„9 წელია, ოჯახში და ბავშვებზე ძალადობის კუთხით ვმუშაობ და ვიტყვი: მოძალადეებს გენდერული ნიშნით არ ასხვავებენ, მაგრამ პროცენტული მაჩვენებლით, ქალი მსხვერპლი უფრო მეტი გვყავს. შსს-ს ვებგვერდზე ინტერაქტიული რუკა გვაჩვენებს, რომ 2015 წელს, უპრეცედენტოდ ბევრი ოჯახური ძალადობის ფაქტი გამოვლინდა. მომართვიანობის 2500 შემთხვევაზე გვქონდა რეაგირება. ეს კარგია იმ კუთხით, რომ ინფორმირების დონე იზრდება და სამართლდამცავებს ენდობიან, ანუ ქალებმა გაიაზრეს, რომ მათზე ძალადობენ.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთიანდებიან. უკვე არსებობს მულტიდისციპლინური ჯგუფები – პოლიციის, ჯანდაცვის და განათლების სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული.
ოჯახურ ძალადობის ყველაზე ხშირი მიზეზი სოციალური მდგომარეობიდან მომდინარე პრობლემები და ეჭვიანობაა. თუმცა ამ ადამიანებს შორის ურთიერთშეუთანხმებლობა, როგორ წესი, კარგა ხნის მომწიფებულია ხოლმე. მნიშვნელოვანია, მსხვერპლმა თვითონ განსაზღვროს, რომ ის მსხვერპლია. რაც უფრო გადის დრო ძალადობის პროცესში, მით უფრო ვეღარ აცნობიერებს მოძალადე, რომ ის ძალადობს. აუცილებელია, ძალადობის ფაქტზე დარეკოთ ცხელი ხაზზე 116006.
ჩვენი საკანონმდებლო ბაზა მართლაც საუკეთესოა, მაგრამ ევროპული საზოგადოებისგან ამით კი არა, სტერეოტიპებით განვსხვავდებით. თუ გვინდა, რომ ძალადობას ეფექტურად ვებრძოლოთ, უნდა მოვიშოროთ მთავარი სტერეოტიპები: შეხედულება „ეს ჩვენი საქმე არ არის“, მოძღვრის მიერ მრევლში იმის ქადაგება, რომ ქალი მორჩილებაში უნდა იყოს და ფიქრი იმაზე, თუ „სხვა რას იტყვის“.”

ფოტო: გიორგი დადიანი