WE ჩვენ – მირიან ჯუღელი

Guy_Print

მირიან ჯუღელი – „საქართველოს ბანკის“ ონლაინ კომუნიკაციების სამსახურის უფროსი

„გაეროს მოსახლების ფონდის (UNFPA) 2013 წლის კვლევით აღმოჩნდა, რომ მამების მხოლოდ 18% უკითხავდა ზღაპრებს 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. მე ერთი წლის და 9 თვის შვილი მყავს, მაგრამ მასთან ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდი, როდესაც მუცელში იყო. რომ დაიბადა, სადეკრეტო შვებულებაში გავედი. შვებულება მშობელს სქესის მიუხედავად ეკუთვნის, უბრალოდ, დედას და მამას მისი აღება ერთდროულად არ შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, ჩემი ჩართულობა ბავშვთან იდეალური როდია, მაგრამ პირველი დღიდანვე ისევე ვუვლი, როგორც ჩემი ცოლი. თავისი რესურსები ორივე მშობელმა ბავშვს თანაბრად უნდა მოახმაროს. როგორ ვახერხებ ამას? საბედნიეროდ, ადამიანმა დიდი ხნის წინ გამოიგონა მტვერსასრუტი, სარეცხი მანქანა, გაზქურა. სხვისი შრომის შესამსუბუქებლად, საკმარისია ღილაკს თითი დააჭირო. ალბათ, კოლექტიური საზოგადოების ბრალია, რომ ზედმეტად ბევრ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ რას იფიქრებს ჩვენზე ხალხი. სარეცხს თუ გავფენ, შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ოჯახში დაკნინებული ვარ, რაც ასე არ არის. ახლა უკვე იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის საკითხების, არამედ საზოგადო ღირებულებების გადახედვა მიმდინარეობს. მარტივია საქართველოს მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ ქვეყანას არ აქვს არანაირი განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსი. ჩვენი ერთადერთი რესურსი ადამიანია და თითოეული ადამიანი თუ არ განვითარდა, ქვეყანაც ვერ განვითარდება. სახლში ჩაკეტილი ქალების სახით კი, ჩვენ ასეთ რესურსს ვკარგავთ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უნდა ვმუშაობდეთ და ოჯახს ყურადღება არ მივაქციოთ. თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობაც თანაბრად გადავინაწილოთ და რომ გაგვიჭირდება, ერთად გავუმკლავდებით პრობლემებს.”

ფოტო: გიორგი დადიანი