WE ჩვენ – რუსუდან ჭყონია

rusudan_P

რუსუდან ჭყონია – რეჟისორი

კითხვა განგიცდიათ თუ არა სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია უმალვე პროტესტს იწვევს, ერთის მხრივ არ გინდა ვინმეს სუსტი, საწყალი ან მსხვერპლი ეგონო, მითუმეტეს როდესაც ასეთი სრულებითაც არ ხარ , მეორეს მხრივ კი ბავშვობიდან ღრმად გამჯდარი პარადიგმა- კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყავსო შესისხლხირცებული გაქვს და გგონია რომ თუ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას წააწყდი, ესეიგი შენ ვერ იყავი სათანადო სიმაღლეზე. რაც სინამდვილეში რა თქმა უნდა ასე არა არის. ცოტა ხნის წინ შვედური კინო ფონდის თავმჯდომარე იყო თბილისში ჩამოსული. შვედეთში კინოფონდებში კვოტირება შემოუღიათ. კანონის მიხედვით დაფინანსებული კინოპროექტების 50% ქალების უნდა იყოს. ქართველი ქალი რეჟისორების უმრავლესობამ ეს ცვლილება გავაპროტესტეთ და პოზიტიურ დისკრიმინაციად მოვნათლეთ, სიამაყით განვაცხადეთ რომ ჩვენთან ესე არ ხდება, მთავარია პროექტი იყოს ძლიერი, გენდერული ნიშნით არავინ იჩაგრება, რომ საქართველოში ახალგაზრდა რეჟისორების ლამის 60 % პროცენტი ქალია. მოვყევით ქალების ფილმების წარმატებებზე ფესტივალებზე, რომ ქალები უფრო მეტ ფილმებს ვიღებთ ვიდრე კაცები, მაშინ ამ ქალმა აიღო კინოცენტრის კატალოგი და გადათვალა დაფინანსებული პროექტები , აღმოჩნდა რომ მხოლოდ 30 -35% იყო ქალების. შედეგი ყველასთვის გამაოგნებლად მოულოდნელი იყო. ჩვენმა შვედმა კოლეგამ ირონიულად ჩაიცინა: თქვენ ალბათ დარწმუნებულები ხართ რომ მიზეზი იმისა რომ ასე ცოტა ქალი დაფინანსდა ის იყო რომ ქალების პროექტები არ ვარგოდაო? პასუხი არ ვიცი … მართლა არ ვიცი…

ფოტო: გიორგი დადიანი