თამაში, სახელად მოდა – ინტერვიუ ჯაბა დიასამიძესთან

XII_645

XII_646       XII_647

ერთმანეთს მოსწავლეთა სასახლეში ვხვდებით; იმ სივრცეში, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ, სულ სხვა ესთეტიკას შეიძენს; იმ დარბაზში, სადაც ტანსაცმლის გამოგონებით გატაცებულმა 16 წლის ჯაბა დიასამიძემ საკუთარი ნამუშევრები პირველად წარუდგინა შემფასებლებს.

თითქმის ოცწლიანი ინტერვალის შემდეგ, პარიზიდან თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული დიზაინერი საკუთარი კოლექციის საჩვენებლად იმავე სივრცეს – მოსწავლეთა სასახლის დარბაზს ირჩევს. აღნიშნავს, რომ ასაკისა და გამოცდილების მომატების მიუხედავად, იდენტურია მაშინდელი და დღევანდელი ეიფორია: „იმ ოცი წლის წინანდელმა ემოციამ განსაზღვრა, მე მგონი, ყველაფერი. მთელი შემდგომი ცხოვრება, მგონი, იმ ემოციის ძიებაა… მას გამუდმებით დავეძებ სეირნობისას, სიზმრებში, თითოეულ კაბაზე მუშაობისას, მაგრამ ფაქტების დონეზე რომ მთხოვოთ გახსენება, რა როგორ მოხდა, ვერ მოგიყვებით. არ მახსოვს. უცნაურია, მაგრამ ასეა. ასეთი ჯადოსნური დღე სხვა არ მქონია ცხოვრებაში… და ახლაც ისე ვღელავ, ვეღარ ვხვდები, მიხარია თუ გაქცევა მინდა…“

რამით გამორჩეული ბავშვი იყავით?

იცით, ამ განსხვავებულობას თუ უცნაურობას, რაც, ალბათ, პატარაობიდან მქონდა, თვითონ იმდენად ვერ ვაცნობიერებდი. აი, ბავშვები კი, როგორც წესი, ძალიან კატეგორიულები და ხშირად დაუნდობლები არიან ერთმანეთის მიმართ. ისინი მატყობინებდნენ ხოლმე ჩემს განსხვავებულობას. თვითონ რასაც ვამჩნევდი საკუთარ თავს, ის იყო, რომ თანატოლებთან ურთიერთობაზე და, ზოგადად, მეგობრობაზე კი ვგიჟდებოდი, მაგრამ ზოგიერთ ბავშვთან ძალიან იოლად მბეზრდებოდა ხოლმე. ტანსაცმლის და ჩაცმის მიმართ ინტერესი სულ მქონდა, რაც თავი მახსოვს, უბრალოდ, ეს იმდენად ორგანული იყო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, სხვანაირად ვერ წარმომედგინა. ბავშვობაში მშობლები სტუმრად რომ წამიყვანდნენ ხოლმე, იქაც კი სულ ვცდილობდი, ვიღაც გამომეყვანა, მისთვის რამე ჩამეცმია – ეს იყო გართობაც და დროის საინტერესოდ და აზრიანად გატარების ფორმაც.

რამდენი წელია საფრანგეთში ცხოვრობთ?

სკოლა საფრანგეთში დავამთავრე, თბილისში რამდენიმე წელიწადს ვსწავლობდი და აქაც ფრანგულ სკოლაში დავდიოდი. 17 წლიდან უკვე მუდმივად პარიზში ვარ, საფრანგეთის მაღალი მოდის სინდიკატის სკოლაში ვსწავლობდი. იდეალური ვარიანტი, რომ ამ სფეროში გამეგრძელებინა მუშაობა, ბაკალავრიატის პარიზში დამთავრება იყო. ჯერ ინტერიერის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მოგვიანებით ტანსაცმლის დიზაინზე გადავედი. პირველი რამდენიმე წელი კერძო შეკვეთებზე ვიმუშავე, სპეცპროექტებზე. იქ დამწყებ დიზაინერად ვითვლები. კომერციული თვალსაზრისით, გარკვეული სახელი მაქვს. 2007 წელს მქონდა პირველი ოფიციალური ჩვენება. შემდეგ 2010 წელს – უკვე თბილისში. ასევე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენიმე პრეზენტაცია მქონდა, თუმცა იმას, რასაც ახლა ნახავს მაყურებელი, ჩემს მეორე ნამდვილ ჩვენებად ვთვლი, იმდენად მიყვარს ეს ადგილი. 13 წლის ვიყავი, როცა აქ პირველად მოვხვდი საფრანგეთის ელჩის მიღებაზე. მაშინ ჩავიფიქრე, რომ ამ სივრცეში გამემართა ჩემი პირველი ჩვენება.

ხელოვანი ადამიანებისთვის დამახასიათებელ უცნაურობებს ან სირთულეებს თუ ატყობთ თავს?

კონკრეტულ სიტუაციებში ვგრძნობ ხოლმე ამ განსხვავებულობას, გარკვეულ მომენტებში მაქვს განცდა, რომ რაღაცნაირად „ამოვარდნილი” ვარ. თუმცა, ალბათ, ჯერ ისე კარგად არ ვიცნობ საკუთარ თავს, რომ ამ ყველაფერს უფრო კონკრეტული სახელი დავარქვა.

განტვირთვისთვის რა გჭირდებათ?

მეგობრებთან ყოფნა, მუსიკის მოსმენა, სეირნობა, ქუჩებისა და ადამიანების თვალიერება… პარიზი ამის საშუალებას ძალიან იოლად იძლევა. ფეხით სიარულისასაც ვმუშაობ, ვფიქრობ, ფიქრით იბადება ბევრი რამ. ვალაგებ აზრებს, ვეძებ ნაჭრებს, აქსესუარებს.

მოგზაურობა?

მოგზაურობაც, რა თქმა უნდა. მოგზაურობა – დიდი სეირნობაა. მიყვარს, როცა რომელიმე ქალაქში ჩავალ, იქიდან სადმე კუნძულზე გადავალ, მერე კიდევ სადმე… ხანგრძლივი მოგზაურობის დროსაც კი ვამბობ, რომ ვსეირნობ. იმის გააზრება, რომ სახლში არ ვარ – არ მიყვარს. სახლიდან შორს ყოფნა არ მიყვარს.

გიყვართ სახლი?

ძალიან! საერთოდ, სახლი და მშობლები ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

მშვიდი ცხოვრება გიყვართ?

არა, პირიქით, არეული. შეიძლება, უბრალოდ, ასე გამომდის. დატვირთული და მოვლენებით სავსე ცხოვრება მაქვს. ბევრი ხალხი და მხიარულება მიყვარს.

დეპრესიული განწყობა არასდროს გეუფლებათ ხოლმე?

დეპრესიული განწყობა კვირა დღეს მიტევს ხოლმე. კვირას ვიწყენ და ვერაფრით ვირთობ თავს. უბრალოდ, ისე ჩქარა გადის კვირა, ისევე, როგორც ყველა სხვა დღე, რომ ვერ ვასწრებ ამ დეპრესიულ განწყობაში ჩაძირვას. ორშაბათი დგება და აქტიური სამუშაო კვირა იწყება.

როცა კოლექციაზე მუშაობთ, წარმოდგენილი გაქვთ, ვისთვის იქმნება ესა თუ ის სამოსი?

ყველა კაბა სხვადასხვა ტიპაჟისთვის იქმნება. ასე წარმომიდგენია მუშაობის პროცესში. ხშირად კონკრეტული კაბის მიღმა კონკრეტული ქალი დგას – როგორც შთაგონება… თუმცა ამ პროფესიის არსი და ხიბლი იმაშია, რომ უკვე დასრულებული სამოსი ავტომატურად თავისუფლდება შენგან – ავტორისგან. მე შეიძლება ვიღაც დავინახე ამ კაბის მიღმა, მაგრამ რეალურად ვის სხეულზე აღმოჩნდება ის, ჩემს კონტროლს აღარ ექვემდებარება. მე ვქმნი მას და ვუშვებ – ვისაც გაუხარდება, იპოვის და მოირგებს. და ხშირად ის შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს შენი წარმოდგენისგან.

თბილისი შეცვლილია მას შემდეგ, რაც საფრანგეთში წახვედით?

ვიზუალური თვალსაზრისით ბევრი რამ გაფუჭდა. პარიზში იმ თბილისზე უფრო ვფიქრობ ხოლმე, რაც მეხსიერებამ აღბეჭდა და არა იმაზე, რაც დღეს აქ ჩამოსვლისას მხვდება.

სამშობლოდ საქართველოს თვლით თუ საფრანგეთს?

ორივეს. გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ენის, ფიქრისა და სიზმრების მხრივაც. ხან ფრანგულად ვხედავ სიზმრებს, ხან – ქართულად. პარიზს მიჯაჭვული ვარ იმ მხრივ, რომ სამუშაოდ, შთაგონებისთვის მჭირდება ის სივრცე. შეიძლება ითქვას, ტვინის კომფორტს ვეძებ, რომ იდეები მოვიდეს.

ტანსაცმლის მიმართ ინტერესი ყოველთვის გქონდათ?

დიახ. მე მგონი, დაბადებიდან. ოჯახის წევრებისგან ამ მხრივ კარგი მაგალითის აღების საშუალება მქონდა, ჩაცმას ჩვენთან ყველა დიდ ყურადღებას აქცევდა. დიდ ბებიას პარიზში სამკერვალო ჰქონდა, კონსტრუქტორი იყო. ბაბუაჩემი, ნიაზ დიასამიძეც ჩაცმის გამორჩეული სტილით იყო ცნობილი. ლამაზად ჩაცმა მეც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მოდას დღემდე ვერ აღვიქვამ პროფესიად. სულ მგონია, რომ ტანსაცმლის მიმართ ინტერესიც და სტილის შეგრძნებაც თანდაყოლილია. რაღაცები ზოგჯერ თავისთავად ხდება, ჩვენი სურვილისა და გადაწყვეტილების მიუხედავად. ყოველთვის კონკრეტულად ვიცოდი, უფრო ზუსტად, ვგრძნობდი, რა უნდა მეკეთებინა.

საკუთარ თავსაც უკერავთ სამოსს?

რაღაცებს ჩემითაც ვიკერავ. თვითონაც და ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაშიც, ვთვლი, რომ მთავარია სტილი გქონდეს, ისე იცვამდე, რომ ტანსაცმელი ბუნებრივად გამოიყურებოდეს შენს სხეულზე, პიროვნების ორგანულ გაგრძელებად აღიქმებოდეს.

რით განსხვავდება ერთმანეთისგან თბილისური და პარიზული ქუჩის მოდა?

კაცების ქუჩის მოდა საქართველოში არ არსებობს, საინტერესოდ ჩაცმულ ქალებს კი ხშირად შეხვდები. თბილისელ ქალებს ყოველთვის ჰქონდათ სტილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკვირვებული და დახვეწილია. ფრანგული სტილი უფრო თავისუფალი, მრავალფეროვანი, ნაკლებად კოდირებული, შეუზღუდავია. იქ ინდივიდუალურობა ყოველთვის ხაზგასმულია. პარიზში ჩაცმა, ზოგადად, უმნიშვნელოვანესია.

წარმატების მთავარ პირობად რა მიგაჩნიათ?

თავდაუზოგავი შრომაა საჭირო და გამართლებაც დიდ როლს თამაშობს. ეტაპს გააჩნია. საერთოდ, მთავარი მაინც შთაგონებაა, რომელიც, ვერ გაიგებ, ჰაერიდან მოდის თუ მიწიდან. მე, უბრალოდ, რაღაც იდეების გამტარებელი ვარ. გამიმართლა, რომ ასეთად დავიბადე – რომ ეს იდეები ჩემგან გადის. დიდი შრომა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ეს იდეები სწორად გავატარო.

განწყობას მნიშვნელობა აქვს მუშაობისთვის?

სიყვარულს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. მუდმივად შეყვარებული ვარ. მე მგონი, ყველაზე ბავშვური და არასერიოზული შეყვარებულ მდგომარეობაში ვარ და, ალბათ, ამიტომ გამომდის მუშაობაც კარგად.

როგორ მომავალზე ოცნებობთ?

ამ მხრივ, ალბათ, ორიგინალური ვერ ვიქნები. ვოცნებობ, ჩემი სახელი და ხელწერა იმდენად განთქმული იყოს, ქუჩაში ცნობდნენ ადამიანებს ჯაბა დიასამიძის ტანსაცმლით.

XII_648    XII_649

XII_650

ფოტო: Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com