კოკა რამიშვილი

XII_637

Phenomena of materialsation – 2016, B&W, 

Fine art print on photo Rag Baryta Hahnemuhle. 

100 X 75cm 

XII_638

Gallery 1900-1991
Installation, tissu militaire sur chassis,
dimensions variables

კოკა რამიშვილი

კოკა რამიშვილის ნამუშევრებში მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის მედიები, რომელთაც ის იყენებს და ერთმანეთს უკავშირებს. ფერწერა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ვიდეოს და ფოტოგრაფიას, ფოტოგრაფია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავის „მედიუმურ“ წარსულს, ხატვა ვიდეოგრაფიულ ნარატივად იქცევა და ასე შემდეგ. კოკა რამიშვილის ნამუშევრის კომპლექსურობა თითოეული ამ მედიუმის სპეციფიურობის და გამოხატვის სხვა ფორმებთან მისი დამოკიდებულების გააზრებიდან მომდინარეობს, ისე, რომ ის ფორმალისტურ სიცარიელედ არ გარდაიქმნება. უფრო პირიქით, ამ გაცნობიერებას მეტი სიზუსტით სხვადასხვა ტიპის შინაარსამდე მივყავართ – დაწყებული პოლიტიკით, დამთავრებული ეროტიკით, ემიგრაციის და თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყველა შიშების ჩათვლით, რომლებსაც ეხება მხატვარი.

იორგ ბადერი, კურატორი, კრიტიკოსი და ფოტოხელოვნების ცენტრის დირექტორი, ჟენევა 

ბავშვობა

ჩემს სკოლასთან ახლოს, კამოს ქუჩაზე (დღევანდელი უზნაძის ქუჩა), კუთხეში იყო მეწაღის პატარა ჯიხური. მეწაღე იქ ჩუმად (1971 წელია გარეთ) ყიდდა 10 სმ X 15 სმ ზომის შავ-თეთრ ფოტოებს, უმეტესად ფილმებიდან,
როგორებიცაა „შესანიშნავი შვიდეული“, „ფან-ფან ტიულპანი“ და ა.შ. აგრეთვე the Beatles-ის და The Rolling Stones-ის ფოტოებს.
უფრო ჩუმად და მხოლოდ ნაცნობებისთვის ყიდდა ეროტიულ კარტს, სადაც შიშველი ქალების ფოტოები იყო. ეს ყველაფერი ხელით გახლდათ დაბეჭდილი ძველ საბჭოთა ქაღალდზე, ძალიან საინტერესო ტექსტურით, რაც ძველ ფოტოს ახასიათებს. თეთრი ქალები შავ წინდებში შავ-თეთრ ფოტოებზე. ეს გამოსახულებები ჩემთვის დღემდე მუშაობს ყველა კონტექსტთან ერთად, რაც ამ ფოტოებს მოყვება: ტექსტურა, გამოსახულება, შავ-თეთრი ფოტო, შიშველი ქალი, შავი წინდები, როკ მუსიკა, ბავშვობა, სკოლა, საქართველო, საბჭოთა კავშირი და დასავლეთი. რა თქმა უნდა, ჩემი პირადი თავისუფლების შეგრძნება ამ დროს დაიწყო. შევიგრძენი, რომ შინაგანად თავისუფალი ვარ და ყველაფერი ჩემზე არის დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ კონცლაგერში ვცხოვრობდით. ეს კოდი დღემდე მუშაობს.

XII_639

Border 1989
Tempera, peinture à l’huile, papier, trombones,
tissu militaire sur chassis, 100 x 130 cm

New work…

პირველი სოლო შოუ იყო ბერლინში, 1990 წელს, მსოფლიო კულტურის სახლში. ეს საკმაოდ სერიოზული და
წარმატებული პროექტი იყო. ამ პროექტმა დაასრულა და შეკრა ჩემი ერთი პერიოდი. იდეაზე მუშაობა 1988 წელს დავიწყე. მიზნად დავისახე, ტრადიციული ტილოსა და ქვეჩარჩოს გარეთ გავსულიყავი და 2D სიბრტყე 3D განზომილებაში გადამეყვანა. ტილოს მაგივრად, სამხედრო ბრეზენტს ვიყენებდი, ხოლო ქვეჩარჩოს ტრანსფორმაციას ვუკეთებდი, რომ ქანდაკება ყოფილიყო და ამ დროს არ დაეკარგა თავისი შარმი. ბრეზენტს საჭრელით ვჭრიდი, რომელიც იმდროს გამოჩნდა გაყიდვაში. ვჭრიდი ტილოს და მქონდა სექსუალური კმაყოფილების გრძნობა, რომელიც დღემდე მახსოვს. ეს იყო ამოჭრილი ვაგინა, ფანჯარა, გასვლა, თავისუფლება… გავდიოდი ერთი სივრციდან მეორეში. ამ ნამუშევრებს როგორც ვიზუალურად, ისე სულიერად, მოყვება ის სიტუაცია, რაც იმ დროს საქართველოში იყო. მოკლედ, დავაგროვე ნამუშევრები. ბერლინში, ერთ შეხვედრაზე, რომელიც ჩემმა მეგობარმა ვოლფგანგ პლატცმა მუზეუმის დირექტორთან და კურატორთან მოაწყო, რეჟისორ ვიმ ვენდერსის სახლში, გამოფენა შემომთავაზეს. პროექტი მთლიანად ამ იდეას ეძღვნებოდა. როცა ინსტალირება დავამთავრე, ნამუშევრებს სივრცეში შევხედე… და მივხვდი, რომ სამხედრო ბაზა ავაშენე… ერთ წელიწადში საქართველოში ქრონიკული ომი დაიწყო… ასევე პირველი წიგნი გამოვიდა ჩემზე და ჩემს ნამუშევრებზე. ერთი წლით ბერლინში გადავედი საცხოვრებლად. ბევრს ვმუშაობდი. ვეცნობოდი ქალაქს, ხალხს. მოკლედ, დავიწყე დასავლეთში ცხოვრება და, რაც მთავარია, სწავლა. საქართველოში ამის საშუალება არც მაშინ იყო და არც დღეს.

XII_640

War from my Window – 1991-1992, B&W photography
on alumium 40cm X 60cm

War from my window

ამ ნამუშევარმა ხელოვნებასთან ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. 1990 წელს პირველი პროფესიონალური კამერა – canon 7T ვიყიდე, ძალიან კარგი ოპტიკით. ფული შევაგროვე, ბერლინის გამოფენის მერე ნამუშევრები
კერძო კოლექციებში და 2 მუზეუმზე გაიყიდა. ამიტომ გადავწყვიტე კარგი კამერის ყიდვა. არ ვიცოდი, ზუსტად რას გავაკეთებდი, მაგრამ ვგრძნობდი და აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ რაღაც მოდიოდა და კამერა მჭირდებოდა. ერთ წელიწადში – 24 დეკემბერს, თბილისში ომი დაიწყო… 24 დეკემბერს, დილას, მე და მამუკა ჯაფარიძე ირაკლი ფარჯიანთან ტუბდისპანსერსში ავედით. წინა ღამეს ირაკლისთან ვიყავი და შევპირდი, რომ წებოვან ლენტს მივუტანდი, რომ ნემსის ვენაზე დამაგრება შეძლებოდა (ამ დროს საქართველოში წამალი კი არა, სალბუნიც არ იყო). მე და მამუკა პალატის კართან რომ მივედით და გავაღეთ, მზით სავსე პალატა დაგვხვდა და ლოგინზე, სადაც ირაკლი იწვა, დახვეული მატრასი იდო…
ირაკლი იმ ღამით თავის ახალ გზაზე წავიდა… პალატის აივანზე გავედი, იქიდან მთელი თბილისი ჩანდა. იყო მზე, ხუდადოვის ტყე, ირაკლი, თბილისი და ლენინის მოედნიდან კვამლი ამოდიოდა… დაიწყო ომი…
როცა ომია, ტილოს ან ქანდაკებას სიყვარულს ვერ გაუზიარებ და სახელოსნოში ვერ დაჯდები. კამერა შენი ერთადერთი მეგობარია, თუ გინდა იყო დროში და იყო მხატვარი. არც ნაკლები სექსუალური ძალა აქვს თუ მეტი არა. “War from My window” არის სერია – ჩემი ფანჯრიდან დანახული ომი. ეს არის პირადი სივრციდან დანახული ლანდშაფტი, სადაც ომია; ომი, რომელიც გეხება და თან არ გეხება. 12 დღე მიმდინარეობდა ომი და 12 დღე ვიღებდი. სერიისთვისაც ამდენივე ფოტო შევარჩიე. ასე დაიწყო სიკვდილის ფიქსირება… ამ ნამუშევარმა ხელოვნებასთან ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. გავიგე, რომ სხვადასხვა სოციალურ თუ პირად სიტუაციას თავისი მედია,თავისი ენა ჭირდება. შემდგომ ამ ნამუშევარმა მთელი მსოფლიო მოიარა, მაგრამ ეს იყო შემდგომ…

XII_641

Ego (Collection of Bad and Wrong Words) – 1993-1994, satine, ebroidery,
20 X 30 X 2.5cm

Heat and Conduct

1992 წელს, ბრისტოლში,Arnolfini Gallery-ში ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფური გამოფენა გაიმართა. ეს იყო მართლაც გარღვევა და პირველი გასვლა პროფესიონალურ დონეზე. ამ გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ცეცხლაძე, გია რიგვავა, ოლეგ ტიმჩენკო და მე. ამ პროექტმა საშუალება მოგვცა, მსოფლიო მასშტაბით, პროფესიონალურად და დახვეწილად შევსულიყავით თანამედროვე და აქტუალური ხელოვნების სფეროში.

Signal

1993-94 წლებში შეიქმნა თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისში. დამფუძნებლები იყვნენ: შალვა ხახანაშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, გოგი გვახარია, გურამ ჩიბაშვილი, ნიკო ლომაშვილი და მე. შეიძლება ვინმე გამომრჩა. ამ ცენტრის მეშვეობით, რამდენიმე პროექტი გაკეთდა. 1997-98 წლებში ნიკო ლომაშვილმა, ქეთი კაპანაძემ, მანანა დვალმა და მე გავაგრძელეთ ამ ცენტრის საფუძვლებზე მუშაობა, როგორც “Vislab”-მა, ანუ ვიზუალურმა ლაბორატორიამ და ჟურნალ “Signal”- ის გამომცემლობამ, რომელიც თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზე გახლდათ ორიენტირებული. მოვიწვიეთ ბევრი მხატვარი სხვადასხვა ქვეყნიდან და ჟურნალის სივრცე მივეცით პროექტებისთვის. სამწუხაროდ, ფინანსების უქონლობის გამო, გამომცემლობამ დიდხანს ვერ იმოქმედა და იძულებული გავხდით, ჟურნალის გამოშვება შეგვეწყვიტა. თუმცა, 2003 წლამდე გავაგრძელეთ სტუდენტების გაცვლითი პროგრამა ჟენევასა და თბილისს შორის.

XII_642

Black Sea – 2009 4 chanel video and audio installation. 53 th
Bienale Venice, Georgien Pavilion

Collection of bad and wrong words

კონტრაპუნქტის მეთოდი დრამატურგიაში საკამოდ ცნობილია. ამ მეთოდით არის აგებული თითქმის ყველა
ჩემი ნამუშევარი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, როცა ორი საპირისპირო სიტუაცია, აზრი, თემა, მასალა ერთ სიბრტყეში არსებობს და ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, ეხმარება თავის იდენტიფიცირებაში. ამ მეთოდით არის შექმნილი ეს კოლექცია, სადაც მე-15-მე-16 საუკუნეების რელიგიური წიგნების შრიფტის დამწერლობა ქარგვის საშუალებითაა გამოყენებული და სიტყვები აგებულია დღევანდელი მასმედიიდან. მაგალითად: Criminial, Corruption და ა.შ. ვიზუალურად ნამუშევარი, რომელიც ჩემი დიზაინერული პროექტის მიხედვითაა შექმნილი, ძალიან მდიდარია, პროფესიონალური მინიატურული ქარგვის მეთოდით და მაღალი დონის ოსტატის მიერაა შესრულებული. ეს ნამუშევარი ხატია იმ სიმბიოზის, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცეში ეკლესიასა და კრიმინალურ წრეებს შორის ჩამოყალიბდა. ნამუშევარი 1994 წელს შეიქმნა.

ინსპირაცია

ინსპირაცია… ყველაზე საიდუმლო სფერო ხელოვნებაში. მხატვრის ნამუშევარი, ინდივიდუალური დრამის, ტრავმის ან სასწაულის შედეგია, თუ ის გულწრფელია… და ფლობს მასალას. რაც შემეხება მე, თავს შევიკავებ და
არ ვიტყვი. მინდა, რომ მაყურებელი თვითონ მივიდეს იმ წყაროსთან, რომელიც შექმნის საშუალებას მაძლევს.

შერლოკ ჰოლმსი

ალბათ, ყველა ასაკს თავისი გმირები ყავს. მაგალითად, ბავშვობაში ჩემთვის შერლოკ ჰოლმსი იყო ადამიანი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ჩემში დღემდე ვპოულობ ჰოლმსის ფრაგმენტებს. მერე იყო სვამი
ვივეკანანდა. შემდგომი პერიოდი, როდესაც არავის არ ვუჯერებდი. ამის მერე რეალური ადამიანები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში. ერთ-ერთი გახლავთ ვოლფგანგ პლატცი, რომელმაც, როგორც ადამიანმა, ჩემზე გავლენა იქონია. იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ მინდა, რომ ჩრდილში დარჩნენ, იმიტომ, რომ არ ვიცი, რამდენად სურთ მათ ამ ჩრდილიდან გამოსვლა.

Photo Basel 2016

ერთი წელია, რაც ფოტოგრაფიას დავუბრუნდი. დავასრულე პროექტი – გამოსახულება, როგორც ფერწერა. მივედი ბოლომდე და დავსვი ვერდიქტი ნამუშევრების სერიით – Lost Landscape. ფერწერის პროექტი “Back to the future” საჭირო იყო ჩემთვის და შეიძლება რამდენიმე ადამიანისთვის. ამის მერე დავუბრუნდი ფოტოგრაფიას. სულ სხვა რეჟიმში დავიწყე ფოტოსთან მუშაობა. 1991-2006 წლებში ფოტო ჩემთვის დოკუმენტი
იყო. ახლა ფოტო ჩემთვის სიბრტყეა პირველ რიგში და შემდეგ დოკუმენტი. ამ ცვლილებამ სხვა რაკურსით დამანახა დღევანდელი ფოტოგრაფია. Photo basel 2016-ზე წარვადგინე პროექტი “GAZE”, რომელიც ისევ კონტრაპუნქტის მიხედვით იყო შექმნილი. აგებული იყო ორი საპირისპირო დიაფრაგმის რეჟიმი. ერთი F 0.95,
რომელიც ადამიანის თვალზე უფრო მეტია, რადგან ადამიანის თვალის გახსნილობა მაქსიმუმ F 1.2-ია და F 0.95
იმას აფიქსირებს, რასაც ადამიანის თვალი ვერ ხედავს. მინდოდა, სინათლის სტრუქტურის დაფიქსირება. ეს არის დიდი ზომის ნამუშევრები. თავისებურად, გროტესკის საშუალებით, ამ რეჟიმს ვიზუალიზაციას უკეთებს. მეორე რეჟიმი იყო F 16. ძალიან დახურული და დაბალი სიჩქარის რეჟიმით ნატურმორტის კომპოზიციები შევქმენი, მაგრამ ერთი საგანი ყოველთვის მოძრაობაში იყო და მას აფიქსირებდა კამერა. ეს ნამუშევრები პატარა
ზომის გახლავთ. სულ იყო 6 ნამუშევარი – 3 ღია დიაფრაგმით გადაღებული ლანდშაფტები, რომლებსაც სინათლის სტრუქტურა ნახევრად აბსტრაქტულს ხდიდა და 3 დახურული დიაფრაგმით გადაღებული ნატიურმორტი. ის Photo Basel-ზე, Galereie laurence Bernard-ში ვაჩვენე. ამჟამად, ფოტოგრაფიის საშუალებით,სინათლის სტრუქტურულ გამოსახულებაზე ვმუშაობ. კამერა, სენსორი, ობიექტივი. ციფრული მანიპულაცია ჩემს ინტერესებში არ შედის. ყველაფერი უნდა ხდებოდეს ობიექტივისა და რეჟიმის კონტროლის საშუალებით და შემდგომ, რა თქმა უნდა, ბეჭდვა სპეციალურ ქაღალდზე, სადაც ეს გადაღების რეჟიმი მკაფიოდ ჩანს და ამ ქაღალდის ნაწილი ხდება; ანუ სიბრტყე იკვეთება დაახლოებით ისე, როგორც თანამედროვე ფერწერის დროს. ეს არის გამოსახულება ფიგურატიულს და აბსტრაქტულს შორის, რომელიც არამარტო როგორც შინაარსი მუშაობს, არამედ როგორც ობიექტი სივრცეში.

XII_643

Gaze – 2016, installation view, Laurence Bernard Gallery, Photo 

Basel 2016 

სამომავლო გეგმები

სექტემბერში, მიუნხენში, Hausler Contemporary-ში პროექტის ჩვენება მექნება. პროექტი კონცენტრირებულია
ფოტოზე, როგორც სინათლის სტრუქტურის გამოსახულებაზე და ქანდაკებაზე, როგორც 3D ფერის გამოსახულებაზე. 

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობის საკითხი ჩემთან საერთოდ არ დგას. მესმის, რატომ არის საქართველოში ასეთი კითხვები ისევ აქტუალური. ამიტომ, ვიტყვი, რომ რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით უფრო იგრძნობა თანასწორობა ადამიანებს შორის. ეს კულტურისა და ცნობიერების შედეგია. პირადად მე, ფოტოგრაფიაზე და, საერთოდ, ხელოვნებაზე თვალები გამიხსნა პროფესორმა დეა ჯაბუამ. დეამ ბევრი რამ მომცა, რისთვისაც დღემდე მადლობელი ვარ. საერთოდ, ბოლო ხანებში თუ მომწონს რამე ნამუშევარი, უფრო ქალების მომწონს. ჩემი აზრით, დღეს ქალი უფრო პროგრესულია, ვიდრე მამაკაცი. ნაკლებად არის მიჯაჭვული ისტორიასა და ტრადიციებს, უფრო მალე იცვლება…

XII_644

III………. (Light Table) – 2016, series, B&W,
Fine art print on photo Rag Baryta Hahnemuhle.
40.5 X 60.5cm