HeForShe კაცების ბრძოლა თანასწორობისთვის

დღეს, ჩვენს საზოგადოებაში, თითქოს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადამიანები, მიუხედავად ჩვენი სქესისა, თანასწორები ვართ, მაგრამ, როგორც წესი, ეს შეთანხმება, უბრალოდ, შეთანხმებად რჩება და დამოკიდებულებები და დაბრკოლებები, რომლებიც ქალებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს, არათუ მცირდება, არამედ კიდევ უფრო იზრდება.
ფაქტია, რომ ჩვენც თითქოს შევეგუეთ ამ მოცემულობას, ან თუ არ შევეგუეთ, ყოველი ჩაგვრის გამოვლინებას აღვიქვამთ, როგორც „კიდევ ერთს“ და ხშირ შემთხვევაში, ადეკვატური რეაქცია არ გვაქვს ხოლმე. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ლამის ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ წელიწადში რამდენიმე ათეულ ქალს კლავს ქმარი, ყოფილი ქმარი, თუ პარტნიორი; მკვლელობის მოტივი თითქმის ყველა შემთხვევაში ერთია – კაცებს მიაჩნიათ, რომ ქალები უნდა ემორჩილებოდნენ და თუ ისინი ცოტა უფრო მეტ დამოუკიდებლობას ამჟღავნებენ ან ითხოვენ, ამის ატანა კაცებს არ სურთ. ამ ტიპის მკვლელობის გახმაურების შემდეგ საზოგადოების ერთი ნაწილი ცდილობს, ახსნა მოუძებნოს და გაამართლოს დამნაშავე. არგუმენტები, როგორც წესი, იდენტურია. „ალბათ ღალატობდა“ და ა.შ. მეორე ნაწილი, კი, რომელიც იაზრებს მკვლელობისა და ჩაგვრის რეალურ მოტივს, ლამის რუტინად ქცეულ რიტუალს ასრულებს, ანუ ძალიან ვიწრო წრეში განიხილავს ძალადობისა და მკვლელობის რეალური მიზეზს – გენდერულ უთანასწორობას. ფაქტი ერთია: ადამიანების უმრავლესობას სჯერა, რომ „ალბათ უღალატა“ და მაგიტომაც მოკლა.
ქალთა ქცევა, რომელიც ჩვენს სოციუმში აღიქმება, როგორც ამორალური, კაცს აძლევს იმის უფლებას, რომ მოკლას, დაასახიჩროს, ან რაიმე ტიპის ზიანი მიაყენოს მას. ეს კარგი მაგალითია, თუ როგორ ხდება ქალის, როგორც საკუთრების აღქმა და მისი ობიექტად ქცევა. ისიც ძალიან ნათელია, რომ ჩვენს საზოგადოებას ორმაგი მორალური სტანდარტი აქვს – რაც ეპატიება კაცს (სუბიექტს, აქტორს), არ ეპატიება ქალს (ობიექტს, დაქვემდებარებულ არსებას).
ფემიციდი ქალთა ჩაგვრის, ალბათ, ყველაზე ხილული მაგალითია. სიტუაცია გაცილებით რთულადაა, როდესაც საქმე ეხება იმ ტიპის ჩაგვრას, რომლის ძალადობისა და დისკრიმინაციის ფორმად კლასიფიცირებაც კი ძალიან ბევრს უჭირს. მაგალითად, ფაქტია, რომ საჯარო სივრცეების უდიდესი ნაწილი კაცებს გვაქვს დაკავებული. არ ვისაუბრებ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პოლიტიკაში, ვინაიდან ამაზე ბევრჯერ თქმულა და კიდევ ხშირად ისაუბრებენ. მე მოგიყვებით იმაზე, თუ რა ხდება ჩემ ირგვლივ.
მე სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრი ვარ. ეს მოძრაობა თავიდანვე გამორჩეული იყო იმით, რომ მასში მინიმუმამდე იყო დაყვანილი სექსიზმის, ჰომოფობიისა თუ სხვა ტიპის ჩაგვრის შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით, შეიძლება სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებზე ან თუნდაც პოლიტიკურ პარტიებზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ფაქტია, რომ ამ
სივრცეშიც კი, სექსიზმისა თუ ჩაგვრის შემთხვევები ძალიან ხშირია. ჯგუფის შიგნით სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ცხარე საუბრისას, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეს საუბარი ხმის აწევითა და ემოციური ლაპარაკით გაგრძელებულა. ამ ყველაფრიდან კი გამოიკვეთა ერთი: ქალის ემოციურობა გაცილებით უფრო პრობლემურია საზოგადოებისთვის, ვიდრე კაცის. კაცი თუ ხმამაღლა დაილაპარაკებს, იყვირებს და ა.შ., ეს აღქმულია, როგორც ნორმა, ხოლო როგორც კი ქალი ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს,
მაშინვე მას ისტერიულობას დასდებენ ბრალად, მისკენ კი უამრავი ცინიკური ფრაზა თუ შეძახილი მიემართება. მოცემულობაა, რომ ამ სისტემაში ქალებს არ აქვთ იმის უფლება, რა პრივილეგიითაც კაცები სარგებლობენ. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონებში წერია, რომ ქალი და კაცი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, მაგრამ ფაქტია, რეალობა არ იძლევა ამის საშუალებას.
საინტერესოა, ასევე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება საჯარო მიმართვებს, მაგალითად, აქციების დროს შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლას.
ამ საუკუნეში ჩვენს ქვეყანას ბევრი აქცია და დემონსტრაცია ახსოვს. პრაქტიკულად, შეუძლებელია ისეთი შემთხვევის გახსენება, სადაც სიტყვით გამომსვლელთა შორის კაცები არ დომინირებენ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ქალებს, უბრალოდ, არ სურთ რუპორთან მისვლა, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის.
ჩვენს მოქმედებას განაპირობებს ის გამოცდილებები, რომლებიც გაგვაჩნია. ქალებს და კაცებს კი სხვადასხვანაირი გამოცდილება გვაქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ, უბრალოდ, სხვადასხვანაირად გვზრდიან, სხვადასხვა რამეებს გვასწავლიან, სხვადასხვა მიზანს გვისახავენ და სხვადასხვა „ინვესტიციას დებენ“ ჩვენში. კაცები უფრო თავდაჯერებულები ვართ, იმიტომ, რომ ასე გვასწავლეს, ქალებს კი იმას ასწავლიდნენ,
რომ მათი საქმე საჯარო სივრცეში ყოფნა არ არის. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ ვინ უნდა მივიდეს რუპორთან, ქალი თუ კაცი, უპირატესობა კაცს ენიჭება, ქალი კი საჯარო სივრცის მიღმა რჩება. აუდიტორია 115-ის აქციები, სხვა ყველაფერთან ერთად, იმითაც იყო გამორჩეული, რომ როგორღაც მოვახერხეთ და ამ პრობლემას გავუმკლავდით. ამაში კი იმ ქალებთან ერთად, რომლებიც მზად იყვნენ, საკუთარი და სხვა ქალების უფლებებისთვის ებრძოლათ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კაცებმა, რომლებიც აცნობიერებდნენ, რომ ქალებსაც ისევე შეეძლოთ საჯარო სივრცეში პოზიციონირება, როგორც მათ. შესაბამისად, როდესაც საკითხი დგებოდა, თუ ვის უნდა მიემართა აქციაზე შეკრებილი ხალხისთვის, ქალებს კაცებისგან მხარდაჭერა ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა არ ყოფილა ყველა კაცის მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქალებს საკუთარი თავის ერწმუნათ. რა თქმა უნდა, ჩვენი გარემო არ არის სტერილური,
არავის აქვს იმის ილუზია, რომ დაცლილი იქნება სექსიზმისა თუ სხვა სახის დისკრიმინაციისგან, ამიტომაც
არც თავი უნდა მოვიტყუოთ, რომ ყველაფერი კარგადაა და არც სასოწარკვეთას მივეცეთ. ეს არის ბრძოლა, ერთი მხრივ, საკუთარ თავთან, რომ დავთმოთ პრივილეგიები და მეორე მხრივ, ქალების ბრძოლა, რომ დაიკავონ საჯარო სივრცეები და ისარგებლონ თავიანთი უფლებებით.
ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც გულისხმობს გაეროს
ქალთა ორგანიზაცია კამპანიაში HeForShe. უმნიშვნელოვანესია, რომ კაცებმა გავიაზროთ, თუ რა მოცემულობაში აყენებს პატრიარქატი როგორც ქალებს, ასევე კაცებს. თანასწორობის უზრუნველყოფა
მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ კაცები უარს ვიტყვით იმ პრივილეგიებზე, რომლებსაც სისტემა გვანიჭებს, იმის მიუხედავად, რომ ეს ჩვენ არ დაგვიმსახურებია და დაბადებიდან გვეძლევა. HeForShe არის სწორედ იმ კაცების სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის, რომლებიც მზად არიან, უარი თქვან საკუთარ კომფორტის ზონაზე და იბრძოლონ ქალებისთვის. ეს კამპანია სხვა კაცებისთვის მოწოდებაა, რომ მათი მონაწილეობა ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში გაიზარდოს. პირველ რიგში, ჩვენ, კაცები,
თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ ის შეცდომები, რასაც ყოველდღე ვუშვებთ და თვითრეფლექსიაც არ უნდა დავიშუროთ.
HeForShe არ არის ქალებისთვის სოლიდარობა, არ არის უბრალოდ მათი მხარდაჭერა. ეს ჩვენი, კაცების ბრძოლაა, რომ უკეთეს, თანასწორ გარემოში ვიცხოვროთ, რომ აღარ კლავდნენ ჩვენ ირგვლივ ქალებს, აღარ გვიხდებოდეს მათი დაცვა ჩვენივე თავისგან. ეს არის მუდმივი ბრძოლა, რომელსაც არ ჰყავს ერთი გამარჯვებული და დამარცხებული: აქ ვიმარჯვებთ ან ვმარცხდებით ყველა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>