– გაიღვიძე, ნოე!
– ძვირფასო, ეს ვინაა?
– არავინ, სამსახურიდან მირეკავენ.
-გაიღვიძე,ნოე!
ნოე თავზე საბანს იფარებს და ქრება. ლოგინის ქვეშ თეთრი ბაჭია ფშვინავს
– გაიღვიძე, ნოე.
– რა ხდება, რომელი საათია, გათენდა უკვე?
– ჯერ არა, მაგრამ საქმე არ ითმენს.
– ახლა რაღა მოხდა?
– დღეს ვნახე და გრაფიკს ძალიან ჩამორჩები.
– ვიცი, ვიცი, აი, ხვალ-ზეგ ჩავუჯდები და დავამთავრებ.
– ერთი წელია, ასე მპირდები.
– ვიცი, ხო, მაგრამ რა ვქნა, ათასი საქმეა. აქეთ ეს ბავშვები, ცოლი, სამსახური…
– კაი, ხო, არ დაიწყო ახლა, წავედი მე. ზეგამდე, ხო?
– კი, ზეგ წყალი არ გაუვა.
– გაიღვიძე ნოე!
– მღვიძავს.
– თვალებს რატომ არ ახელ?
– რა აზრი აქვს, სიბნელეში მაინც ვერაფერს დავინახავ.
– ეგეც მართალია. რაღაც მინდა გითხრა. მისმენ?
– სხვა რა გზა მაქვს.
– გადაიდო.
– კარგია, შეიძლება დავიძინო?
– მიდი მიდი. ჩათვალე, უკვე წასული ვარ.
– გაიღვიძე, ნოე!
– რატომ?
– იწყება.
ნოე თავზე საბანს იფარებს და გარეთ გარბის.
– გაიღვიძე, ნოე!
– რომელი ხარ?
– გაიღვიძე, ნოე!
– მადლობა.
– რისთვის?
– მაღვიძარაზე კარგი ხმა გაქვს.
– გაიღვიძე, ნოე!
– მღვიძავს.
– რატომ მერე, რა არ გაძინებს?
– ხალხზე ვფიქრობდი.
– სულ ტყუილად.
– კარგად მისმინე. არ იფიქრო, რომ რაიმეთი უკეთესი ხარ. ყველაფერი, რაც ხდება, შენი ბრალია და თუ ვინმეა დასასჯელი, სწორედ შენ. ასე რომ, ორ კაცს კიდევ წავიყვან და იმ პატარა გოგოსაც.
– ვერავისაც ვერ წაიყვან.
– მაგასაც ვნახავ.
– გაიღვიძე, ნოე!
– არ მეძინა, ვფიქრობდი.
– რაზე?
– რა საჭიროა ეს ყველაფერი?
– ვერ გავიგე.
– ხო, ვერც მე, მაგრამ აუცილებლად გავიგებ.
– გაიღვიძე, ნოე!
– და როდის მეძინა, რო? ან რა დამაძინებს. ფიცრები მომიტანეს და კაკლის ნაცვლად, ფიჭვია. ფიჭვი, გესმის? გეგონება, კუბოს ვაკეთებდე. რა დრო დადგა, ვერავის ვერ ენდობი კაცი.
– საკვების საქმე როგორაა?
– ბალახი უკვე მოვიტანეთ, ხორციც ადგილზეა, მაგრამ დროზე თუ არ დაიწყებ, გაგვიფუჭდება.
– კი, კი, შენ საქმეებს მორჩი და მე უკვე მზად ვარ.
– შენ დაიწყე და ნაწილს გზადაგზა გავაკეთებთ.
– გაიღვიძე, ნოე! ნოე… ნოე, სად ხარ?
– მოიცა, ახლავე მოვალ. რძეს გიცხელებ. როგორც ყოველთვის, ორი მარწყვით, ხო?
– კი, კი, რატომ წუხდები, ხუთი წუთით შემოგირბინე.
– კარგი რა, ეს რა შეწუხებაა.
– მაშინ მესამე მარწყვიც დაამატე.
გაიღვიძე, ნოე!
– შემეშვი, მეძინება!