ნანუკა ჩიჩუა

შემოქმედება

შემოქმედება ჩემთვის თავის დაღწევაა. მდგომარეობა, რომელიც ისეთი ადრეული ასაკიდან იღებს სათავეს, როდესაც მეხსიერება ბოლომდე ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. ყოველთვის ვხატავდი და ვაგროვებდი სხვადასხვა გამოსახულბას. ეს დღემდე ერთგვარი რიტუალია და არა მუშაობის პროცესი. დავიბადე 1978 წელს თბილისში. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა მანამ, სანამ სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. ამ ომში მეგობრები და ოჯახის წევერები დავკარგე, რამაც ჩემი რიტუალი უფრო ინტენსიური და აკვიატებული გახადა. 1992 წელს ჩემი ოჯახი ლოს ანჯელესში წავიდა ემიგრაციაში და იქ გავაგრძელე სწავლა. დავამთავრე კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი – `The California Institute of the Arts”. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 2002 წლიდან ვმუშაობ `The Museum of Jurasic Technology”-ში, რომელიც არ არის კომერციული ინსტიტუციაა და ბევრისთვის – უჩვეულო გამოხატვითი ფორმების, არტ-ინოვაციების, კაცობრიობის და მეცნიერების სახლია.

ჩემი სამუშაო, ძირითადად, სერიულ ხასიათს ატარებს და ბევრ მედიას მოიცავს, იქნება ეს ნახატი, კოლაჟი, ფოტო, სპექტაკლი თუ ფილმი. ვიზუალური გამოცდილება, ძირითადად, საკუთარი გარემოს თვალიერებისა და დოკუმენტაციისგან მოდის. ეს გამოცდილება უბრალო და ყოველდღიურ ელემენტებთან მუშაობის შედეგია. საყვარელი პროცესი ხატვაა და მომწონს, სადაც ამ საქმიანობას მივყავარ – პირადი თავისუფლებისა და სიმშვიდის სივრცეში, აქ საგნების ჩვეულებრიობა ქრება და მიჩნდება განცდა, რომ შემიძლია საკუთარი სამყარო გამოვძერწო, ზუსტად ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია და აღვიქვამ. ჩემი გამოსახულებების წყარო სხვადასხვაა და საკუთარი ინტერესებიდან იღებს სათავეს: ლიტერატურა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, მითოლოგია, მუსიკა, ბოტანიკა, ზოოლოგია, ანთროპოლოგია, არქიტექტურა, გეომეტრია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველდღიური ცხოვრების პოეზია.

ინსპირაცია

ყველაფერი შეიძლება საინტერესო იყოს დაკვირვებისა და შემდეგ საკუთარ შემოქმედებით ობიექტივში ფილტრაციისათვის. სამსახური და სახლი ის ადგილებია, სადაც ჩემი ნამდვილი პიროვნების საიდუმლოს ხილვაა შესაძლებელი. საკუთარი საფუძვლის დიდი ნაწილი ქართული მემკვიდრეობით არის განპირობებული. ასევე იმ სულიერი ტრადიციების შედეგია, რაც ქართულ-ებრაულ ოჯახში მივიღე. აქ, ამ გარემოშია ჩემი მთავარი ინსპირაცია. ყოველი ადამიანის ბუნებრივი იმპულსი შემოქმედებაა, ესთეტური გადაწყვეტილების მიღება, ისეთი ქმედება, რომელიც საკუთარ შინაგან ბავშვთან დაგაკავშირებს. მუდამ ვითვალისწინებ იმ მთავარ პრიციპს, რომ თავისუფლებასა და სიმკაცრეს შორის მუდმივი წინააღმდეგობაა. ჩემი მცდელობა ამის ბალანსია.

Over Here-(There)

ჩემს პირველ გამოფენას`Over Here-(There)” ლოს ანჯელესში, გუგენჰაიმის გალერეამ უმასპინძლა. ეს იყო მოძრავი გამოფენა. 6 ქალის საერთაშორისო კონსორციუმი, რომლებიც პირადი ქრონიკების გაცვლის მიზნით, ერთად შეკრიბეს. მათი თემები ეხებოდა მონატრებას, დანაშაულის გრძნობას და სიყვარულს. აქ მე ოპტიკურ პრინტერზე შექმნილი 16 მილიმეტრიანი ფილმი წარვადგინე, სახელწოდებით -`Impressions from Rustaveli” ; ეს იყო ერთგვარი ინსტალაცია გობელენთან და პერფორმანსთან ერთად. ამ ნამუშევრის გადაღებული ვერსია 6 წლის მანძილზე ტრაილებდა საზღვარგარეთ, ნაჩვენები იყო ასევე `The Museum of Modern Art”-ში, 2006 წელს `Tomorrowland”-ში. ბოლოს “cARTveli Art Foundation”-ის მიერ, ეს ფილმი აჩვენეს ქართული ფილმების ფესტივალზე ლონდონში, რომელიც მეოთხედ ჩატარდა. ფილმს აკომპანირებას ცოცხლად წაკითხული პოემა უწევდა. ეს პროექტი კვლავ აქტუალურია მსოფლიოს კინო პლატფორმებზე.

ფილმები

ჩემი ფილმები საკუთარი ფიქრების, მოგონებებისა და ოცნებების მინიატურული ვიზუალური ლექსებია, რომლებიც ერთგვარ ფილოსოფიად იქცევა, განსაკუთრებულ გზად, თუ როგორ შეიცნო სამყარო შენს გარშემო.

   

New Walled Cities & Hinterlands 

ბოლო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, მოეწყო 2016 წელს, `The Santa Monica AirportArena Gallery”-ში, სახელწოდებით „New Walled Cities & Hinterlands “. გამოფენის კურატორები მხატვარ-დიზაინერები იყვნენ. ჩვენ გამოვიყენეთ მითოლოგიური გამაფრთხილებელი ზღაპრები ტყეების, ტყეებში მცხოვრები ურჩხულებისა და გამბედავი ადამიანების შესახებ, რომლებმაც ძალა მოიკრიბეს იქ სამოგზაუროდ. ამჟამად ეს ადგილები ჩაანაცვლა სასოფლო-სამეურნეო მიწებმა, ფერმებმა, ტექნოლოგიების ექსცენტრულმა პეიზაჟებმა და ინფრასტრუქტურამ, რამაც უდაბური ადგილებისა და გაურკვევლობის ახალი პოეზიის საძიებლად მოგვცა ბიძგი. მიგდებული ადგილი შეიძლება იყოს ისეთივე შემაშინებელი და მშვენიერი, როგორც თავის დროზე მისტიური ტყე იყო. ამ გამოფენაში მე წარმოვადგინე ჩემი ასტრონომიული დღიურის გვერდები, რომლებმაც გობელენის სახე მიიღეს.

სამომავლო გეგმები

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, დამოუკიდებლად ვკურირებ ამერიკულ პავილიონს, ასევე არტ ვილა გარიყულას გაცვლით პროგრამებს. გარდა ამისა, `Festinova”-ს ფარგლებში, ჩემს ნამუშევრებთან ერთად, წარმოვადგენ მულტიდისციპლინური მხატვრების ჯგუფის ნამუშევრებს, რომელთაც, ძირითადად, `The Museum Of Jurassic Technology ”-ს წყალობით მივაკვლიე. იმედი მაქვს, 2017 წელს, რამდენიმე მხატვართან ერთად მოვახერხებ, ასტრონომიულ დღიურებზე დაფუძნებული მულტი-მედია შოუ გავაკეთო, სადაც როგორც
ანიმაციის, ისე ხმის ეფექტების ელემენტებიც იქნება. შესაბამისი სპონსორების მოძიების შემთხვევაში, პროდუქცია კალიფორნიაში სხვადასხვა ლოკაციაზე გავრცელდება. გამოფენა ზაფხულის ბოლოსთვის დაიგეგმება, მთავარი ბაზა გარიყულა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომლობა, პარტნიორობა და რეზონანსის მომცემი პროგრამები ნამდვილად პრიორიტეტულია, ხოლო თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – აუცილებელი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>