#რაგბიჩვენითამაშია?

მერაბ შარიქაძე

. როგორ, რა ასაკში, ვისი დამსახურებით დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება სპორტის ამ სახეობას?

მე და ჩემს ძმაკაცს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, ბავშვობიდან ძალიან გვიყვარდა რაგბი. მეზობლები ვიყავით და ხშირად ვთამაშობდით გვერდით კორპუსში მცხოვრებ თანატოლებთან. შემდეგ ნიკოლოზი ანუ ნიკულა, როგორც ჩვენ ვეძახდით, რაგბიზე შეიყვანეს აკადემიაში. მეც მივყევი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მასაც და ჩემს მშობლიურ კლუბ „აკადემიასაც“.

. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება გაიხსენეთ.

ვფიქრობ, რაგბიზე შესვლა უკვე წარმატება იყო.

. ვინ არიან თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები?

ჩემი ოჯახი, მეგობრები. ყველა ეტაპზე ვგრძნობ მათ თანადგომას.

. როგორ ფიქრობთ, ხასიათის რა თვისებებს უყალიბებს სპორტსმენს რაგბი?

ასეთი თვისება ბევრია, ჩამოთვლა გამიჭირდება. რამდენიმეს ვიტყვი: შეუპოვრობა, თავდადება, თანადგომა….

. დაასახელეთ ის მთავარი თვისებები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.

მთავარი შრომისმოყვარეობაა, ჩემი აზრით, და ყველაფერი დანარჩენი – შრომის შედეგად გამომუშავდება.

. არის თუ არა რაგბის სათამაშოდ განსაკუთრებული მონაცემები აუცილებელი? თუ მონდომებისა და დიდი შრომის შემთხვევაში ყველას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა?

არანაირი განსაკუთრებული მონაცემი არაა საჭირო. რაგბი ზუსტად იმითაა სპორტის განსაკუთრებული სახეობა, რომ ყველანაირი ფიზიკური მონაცემის ადამიანისთვის მოიძებნება პოზიცია – ყველაზე გამხდრიდან დაწყებული, ყველაზე დიდამდე. ნებისმიერ გუნდს რომ გადახედოთ, ამას თვალსაჩინოდ ნახავთ. ასე რომ, ნურავის შეეშინდება და ნუ იტყვის, რომ მას რაგბის მონაცემები არ აქვს. ვისაც მოსწონს ეს სპორტი, აუცილებლად უნდა დაიწყოს და დროთა განმავლობაში, ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევას გამოიმუშავებს, რაც მერე შეიძლება უკვე ნიჭადაც კი ჩაითვალოს. არანაირი განსაკუთრებული მონაცემი არ მქონია და არც მაქვს პირადად მე. ასევეა ბევრი სხვა დანარჩენიც. მთავარია, გინდოდეს, იშრომო და ყველაფერი გამოვა. მე ასე მჯერა.

. თუ არის რამე, რაზეც სპორტული ცხოვრების გამო უარის თქმა მოგიხდათ?

საბედნიეროდ, ასეთი არაფერია და, იმედია, არც იქნება.

. მთავარი პროფესიული მიზანი?

ყოველი მომდევნო თამაში – მთავარი მიზანია.

. თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? ჰობი თუ გაქვთ?

თავისუფალ დროს ჩემს ქართველ კოლეგებთან ერთად ვატარებ. ჩვენ დიდი მეგობრობაც გვაკავშირებს. ოთხი ქართველი ვართ გუნდში და, ძირითადად, სულ ერთად ვართ. ჰობი – კალათბურთის თამაშია, თუმცა ვარჯიშების გამო, მისთვის, როგორც წესი, ძალიან იშვიათად მრჩება დრო.

. როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, როცა დადგება დღე და რაგბის აღარ ითამაშებთ?

ეს, ალბათ, ძალიან მძიმე თემაა ნებისმიერი სპორტსმენის ცხოვრებაში და, სიმართლე გითხართ, ამაზე ფიქრიც არ მინდა. ვფიქრობ, ამ კითხვაზე სამ-ოთხ წელიწადში მექნება პასუხი.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე