ბრაიან გრიფინი project artbeat XXII

3 ნოემბერს, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, ინოვატორულმა ქართულმა სტარტ აფ პროჯექთ
არტბითმა, გახსნა გამოფენა Mother Georgia, სადაც გამოფენილი იყო ცნობილი ინგლისელი ფოტოგრაფის, ბრაიან გრიფინის ფოტოები, რომლებიც მან კომ დე გარსონისთვის საქართველოში გადაიღო.

ამ ფოტოებს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ისინი გადაღებულია ჟურნალ „six“-ისთვის, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდიოდა 1988-1991 წლებში. ჟურნალ six-ში ყველა ფოტოსერია ისეთივე მისტიური იყო, როგორც თვითონ ინტროვერტი კავაკუბო. ამ პლატფორმით მას უნდოდა გამოეკვლია მეექვსე გრძნობა. ამ ჟურნალში უსიტყვოდ, მხოლოდ ვიზუალურად იყო გადმოცემული რეი კავაკუბოს ხედვა. ზუსტად ეს ფოტო რეპორტაჟი მოიხსენია კავაკუბომ თავის ყველაზე საყვარელ მასალად ამ ჟურნალის არსებობის მანძილზე.

თითქმის 25 წლის შემდეგ, ეს ისტორია ხელახლა გამოქვეყნდა ჟურნალ Dazed-ში, რის შემდეგაც, ფაქტობრივად,
ფოტოებმა პროჯექთ არტბითის ინიციატივით ახალი სიცოცხლე მოიპოვა და სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში და უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. ამ კოლექციაში შედის მხოლოდ 12 ფოტო და ერთი ვიდეო, რომელიც ასახავს ფოტოების გადაღების კონტექსტს. ბრაიან გრიფინმა შეძლო მოეპოვებინა მაღალი ხარისხის ორიგინალი ფოტოები კომ დე გარსონის არქივებიდან პროჯექთ არტბითისთვის, რის შემდეგაც ეს ფოტოები პირველად გამოიფინა თბილისის MOMA-ში.

კომ დე გარსონის დამაარსებლის და მთავარი დიზაინერის, რეი კავაკუბოს ინტერესი საქართველოს მიმართ
დაიწყო ნიკო ფიროსმანის ფერწერით. მისგან დამოუკიდებლად, ბრაიან გრიფინიც, რომელიც ამ პერიოდში
არ იყო მოდის სფეროში მოღვაწე ფოტოგრაფი, იცნობდა ფიროსმანის შემოქმედებას. გრიფინი და კავაკუბო, ინგლისიდან და იაპონიიდან, სპეციალურად ამ გადაღებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში.

ისინი თავიანთ ასისტენტებთან ერთად ესტუმრნენ თელავს და ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის ეზო გამოიყენეს გადასაღებ მოედნად. მათ გადაწყვიტეს არ გამოეყენებინათ პროფესიონალი მოდელები და იქვე მცხოვრებ ქართველ გლეხებს სთხოვეს მიეღოთ მონაწილეობა.
უმეტეს შემთხვევაში, კავაკუბო მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამატებდა კომ დე გარსონის კოლექციიდან მათ ჩაცმულობას. ამ ფოტოების კონცეფცია იყო CDG-ის დიზაინის შერწყმა გლეხების ტანსაცმელთან.

 ბრაიან გრიფინი იხსენებს, თუ მათთვის რამდენად უჩვეულო გარემოში აღმოჩნდნენ სტუმრები საბჭოთა საქართველოში ჩამოსვლისას. ამ დროს ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების ზღვარზე იყო (საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1991 წელს). ფოტოგრაფი იგონებს, რომ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და მასპინძელი მათ პირად სატელეფონო საუბრებს ისმენდა.

გადაღებების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ლხინის პარალელურად, სტუმრები სტალინის ქანდაკებების განადგურებისა და ტაძრის ეზოში ცხოველთა მსხვერპლშეწირვის მოწმენი გახდნენ.
ის საკულტო ფოტოსურათი, რომლის სახელიც ჰქვია ამ გამოფენას, გრიფინმა მომდევნო დღეს გადაიღო. ამ
დროს კავაკუბო უკვე წასული იყო საქართველოდან, მაგრამ ეს ფოტო მაინც ცენტრალური გახდა ამ ფოტოსერიისთვის. 

ადვილად გასაგებია, თუ რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ ფოტოს ქართული პუბლიკისთვის. ბრაიან გრიფინმა ის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მიუძღვნა. მან, თავის ასისტენტებთან ერთად, ფიცრებით ააწყო ტიტებისთვის ჩარჩო, რადგან ეს კადრი დაეჭირა 9 აპრილიდან ერთი წლის შემდეგ. ამავდროულად, საზღვარგარეთ, ჟურნალ შიხ-ისა და კავაკუბოს შემოქმედების გულშემატკივართათვის, ამ ფოტომ სხვა დატვირთვა შეიძინა და ფემინიზმის სიმბოლოდ იქცა. ამ კონტექსტში ეს ფოტო ახლოსაა ქართულ რეალობასთანაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოები 90-იანი წლების საქართველოს წარმოგვიდგენს, ისინი ამავდროულად ჩვენს მომავალს წინასწარმეტყველებენ.

ამ გამოფენაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ბრაიან გრიფინი კარგად არ იცნობდა ქართულ კულტურას, დაგვანახა ქართველის ქალის ძალა. ამ ფოტოსერიის მთავარი გმირი ქართველი ქალია და სათაური „დედა საქართელოც“
ამაზე მიუთითებს. ამავდროულად, ამ ფოტოებმა შეძლეს დაეძლიათ გენდერული ნორმები. ეს ჩანს ამ ფოტოსერიის მთავარი გმირის, ანდროგინული გარეგნობის გოგონას არჩევით და იმით, თუ რა ორგანულად მოირგო მან ტრადიციული მამაკაცის სამოსი ჩოხა. კავაკუბომ შეძლო გამოეყენებინა ქართული კულტურის ნაწილები ისე, რომ შეენარჩუნებინა მათი თავისებურება.

ეს იმიჯი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ქართული პუბლიკისთვისაც საინტერესო იყო უცხოელი ფოტოგრაფის და დიზაინერის მიერ დანახული 90-იანი წლების საქართველო. 

წლევანდელი მეტ-გალას თემა სწორედ კავაკუბოს შემოქმედება იქნება. მოდის ინდუსტრიის ყველაზე დიდმა და მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ამით კიდევ ერთხელ, სიმბოლურად პატივი მიაგო კავაკუბოს და მის საკულტო ბრენდს. ის დღეს ისეთივე რელევანტურია, როგორც 20 წლის წინ.

ფოტო: დავიდ კრეგენოვი

რედაქტირება: სალომე ვახანია / მარი მეფარიშვილი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>