#გააზიარეწარმატება

"ბიზნესდაჯილდოება 2016"

ტურისტული ბანაკი “ზეთა”

წლის ბიზნესი

`ზეთა” პირველი სამთო კეთილმოწყობილი ტურისტული ბანაკია საქართველოში. ის ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე, თბილისიდან 200 კილომეტრში.

ბანაკის ტერიტორია ხის კოტეჯებს, სასადილოს, ბარსა და სამზარეულოს აერთიანებს. ის ტურისტული კომპლექსის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ყველანაირ სამთო აღჭურვილობას, ინვენტარსა და ტექნიკას მოიცავს. ბანაკის ტერიტორია კეთილმოწყობილია: მუდმივი ელექტროენერგიით, ცივი და ცხელი წყლით, კომფორტული სველი წერტილებით.

იმ ძირითადი მომსახურებების ჩამონათვალი, რომლებსაც `ზეთა” საქართველოს უკეთ გაცნობის მსურველებს სთავაზობს, ასე გამოიყურება: ღამისთევა კოტეჯებში, ღამისთევა კარვებში, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები კვების უზრუნველყოფით, რომელიც მენიუში ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტის მაქსიმალურად ჩართვის გარანტიას იძლევა.

ტურისტული ბანაკის მთავარი მიზანი – თითქმის დაცლილი სასაზღვრო სოფლის, ჯუთას განვითარება და მის ერთ-ერთ ტურისტულად ეპიცენტრად ქცევაა.

ტურისტული ბანაკი „ზეთას“ დამფუძნებელი და დირექტორი ანანო არაბული ბიზნესდაჯილდოებაში მოპოვებული „წლის ბიზნესის“ სტატუსს ახალ გამოწვევად აფასებს: „ეს გამრჯვება, პირველ რიგში, დიდი სტიმულია და, ამავდროულად, ის, ფაქტობრივად, გვკარნახობს განვითარების აუცილებლობას, რათა ეს სტატუსი გავამართლოთ. ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებამ, ჩვენი შრომის ასე დაფასებამ ცნობადობაც აგვიმაღლა, ბუნებრივია. ის ჯავშნები, რომლებიც ამ დროს მომავალი ზაფხულისთვის გვქონდა ხოლმე, პრაქტიკულად გაორმაგდა. ტურისტული სეზონი ჩვენთან ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდეა. ამ ეტაპზე ექსტრემალი ჯგუფებისთვის სათხილამურო ტურების დამატებასა და სეზონის გახანგრძლივებას ვფიქრობთ.“