კანის კინოფესტივალი : ევროპა ‘17

რეჟისორობა რთული პროფესიაა. ძნელია, სწორად აირჩიო თემა, ხედვის წერტილი, სტილი და რაც ყველაზე მთავარია, ინდივიდუალური პოზიცია. როცა შენი ფილმი ისეთ პრესტიჟულ ფესტივალზეა წარდგენილი, როგორიც კანია, შენი ვალდებულებაა დინების წინააღმდეგ წახვიდე, სითამამე გამოიჩინო  და არ აჰყვე პოპულარულ ტენდენციებს, ან თუკი გენიოსი ხარ, საერთოდაც წინ გაუსწრო მოდას. კინოს არ ჰყავს ბევრი გენიოსი, ბევრი გენიოსი უკვე ოქსიმორონია.  სამაგიეროდ, კინოს ჰყავს ბევრი ყალბად განდიდებული რეჟისორი, მაგალითად, ჟან-ლუკ გოდარი. მაგრამ, გოდარზე მოგვიანებით.

აი, რობერტო როსელინი არასდროს ყოფილა განდიდებული და მით უმეტეს ყალბად… როგორ შეიძლება ყალბად განადიდო რეჟისორი, რომელიც გენიოსია? კინოს ისტორიაში კი, გენიოსის მნიშვნელობას ვერც დააკნინებ და ვერც გააზვიადებ. ხოდა, პირველი, რაც ანდრეი ზვიაგინცევის ახალი ფილმის ყურებისას მომაგონდა, სწორედ რობერტო როსელინი და მისი გენიალური ფილმი, ევროპა ’51 იყო. სიმბოლურია, რომ ზვიაგინცევის ამ ახალ ფილმს სახელად „უსიყვარულოდ“ ჰქვია, სიყვარულის ნაკლებობა,  „ევროპა ‘51“-ის ძირითადი თემაა. მშობლების ალერსსა და სითბოს მოკლებული შვილი, თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ეს ტრაგედია კი დედის ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად იქცევა. შვილის სიკვდილი ირენს, ინგრიდ ბერგმანის პერსონაჟს, თვალებს აუხელს სამყაროს „სიცივეზე,“ ადამიანებს შორის თანაგრძნობისა და ურთიერთგაგების არარსებობაზე. „ევროპა ‘51“-ში უბედურების მთავარი მიზეზი  არა „უსიყვარულობა“ არამედ ზედმეტი სიყვარულია – როგორც კი ირენი ადამიანებისადმი უანგარო და უსაზღვრო სიყვარულს გამოიჩენს, იგი მაშინვე ზიზღისა და დაცინვის მსხვერპლი ხდება. 

არადა, შვილის დაღუპვამდე, ირენს უყვარდა წვეულებების მოწყობა, უყვარდა ლამაზ კაბაში გამოპრანჭვა და ძვირფასი სამკაულების მოხდენა, უყვარდა მაღალი წრის საზოგადოებასთან კეკლუცი და ინტელექტუალურ თემებზე მაღალფარდოვნად საუბარი. ირენი ვერ ხვდებოდა როგორ აწუხებდა შვილს მარტოობა, დედის მოუცლელობა, როგორ არ უყვარდა ეს მდიდრული წვეულებები და უაზროდ ატეხილი აურზარი. ერთხელ, უყურადღებობისგან მიტოვებული, მშობლების საწოლ ოთახში სარკეს მიუჯდება წინ და დედის ყელსაბამს მჭიდროდ შემოიჭერს ყელზე. როსელინი ამ სამკაულს აქცევს ამ სულის შემხუთავი წვეულებების სიმბოლოდ, საყოველთაო გულგრილობისა და სისასტიკის მეტაფორად. 

ეს საყოველთაო გულგრილობა და სისასტიკე ზვიაგინცევის ახალ ფილმშიც სუფევს. ამ „სიცივის“ გადმოცემას ოპერატორი, მიხაილ კრიშმანი თოვლიანი პეიზაჟების ხშირი გამოყენებით ახერხებს. განქორწინების ზღვრამდე მისული წყვილის, ჟენიას და ბორისის ცხოვრება იმდენად არეული და მოუწესრიგებელია, რომ შვილის, ალიოშას აღზრდისთვის არცერთს არ სცალია. ალიოშას ხშირად უწევს ცოლქმრული კინკლაობის მოსმენა, იმის გაგონება, რომ მშობლებისთვის იგი ზედმედ საზრუნავადაა ქცეული, – ტვირთად, რომელსაც არ იციან რა „მოუხერხონ“. ამიტომ, ალიოშა გარბის.  გარბის ისე, რომ უკან არავითარ კვალს არ ტოვებს. 

მაგრამ, ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ალიოშას გაუჩინარება ჟენიასა და ბორისისთვის ვერ ხდება საკმარისი მიზეზი, რომ ირენის მსგავსად „ახლებურად“ დაინახონ სამყარო, უკეთესი ადამიანები გახდნენ და გულში უფრო მეტი სივრცე გამოჰყონ თანაგრძნობისა და ემპათიისთვის. მართალია, ისინი განაგრძობენ შვილის ძებნას, მაგრამ თანდათანობით ურიგდებიან კიდევაც ამ მძიმე რეალობას. ამიტომაც, აქ ყველაფერი ბევრად უფრო რთული და ორაზროვანია, ვიდრე „ევროპა ’51“-ში. თუკი როსელინიმ საზოადოების გულგრილობისა და ზედაპირულობის სიმბოლოდ სამკაული აქცია, ზვიაგინცევთან ამ სულის შემხუთავი გარემოს სიმბოლო კლაუსტროფობიული, მუდმივად ღრუბლიანი ამინდი ხდება. 

მშობლებმა ვერ  მიაგნეს ალიოშას კვალს, რადგან ალიოშა სწორედ ამ სიცივისგან, ზიზღისგან, და უსიყვარულობისგან გაიქცა. ვერ მიაგნეს, რადგან სიყვარული ალიოშამ ვერ იპოვნა ვერც ოჯახში, ვერც ბებიასთან, ვერც თანატოლებში, ვერც სკოლაში და ვერც ეკლესიაში. ძნელია, ასეთ დროს კონკრეტულად ვინმეს დააბრალო რამე, ზუსტად შეძლო ვინმესკენ თითის გაშვერა, რადგან ეს აუტანელი გულგრილობა არა მარტო ალიოშას მშობლების პრობლემაა, არამედ ავადმყოფობაა, რომელიც თანაბრად მოედო ყველას – დედებს და მამებს, ბებიებს და ბაბუებს, სკოლებსა და ეკლესიებს, ქალაქებსა და სოფლებს. მაგრამ, ამასთანავე, ზვიაგინცევი ზედმიწევნით ფრთხილია არ დაამძიმოს ფილმი ბრამლმდებელი პათოსით, არ განიკითხოს ფილმის არცერთი გმირი. ამით განსხვავბდება იგი ფესტივალის ჯერჯერობით ყველაზე ცუდი ფილმისგან – ჰანეკეს „ბედნიერი დასასრულისგან“. 

“ბედნიერ დასასრულში“ ჰანეკე თავმომწონეობის უმაღლეს წერტილს აღწევს. ვერავითარი სითამამე და გაბედულობა ვერ იხსნის რეჟისორს აუცილებელი მარცხისგან, როცა მისი მთავარი იარაღი დაცინვაა –  ადამიანების პათოლოგიებზე უსასრულო ვარიაციების აგება. ჰანეკე „ბედნიერი დასასრულით“ როსელინის საფლავზე ცეკვავს: სადაც როსელინი ადამიანთა ურთიერთობებში ბზარის გამრთელებას ცდილობს, ჰანეკე ამ ბზარს კიდევ უფრო აღრმავებს. 

ჰანეკემ ფილმი გადაიღო ემიგრანტების კრიზისზე  და დეკადენტური მაღალი კლასის უუნარობაზე გაუმკლავდეს ამ კრიზისს, თუმცა, ფილმში არანაირი მინიშნება არ არის მოცემული თუ რაში მდგომარეობს ეს კრიზისი. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოიყურება სინოფსისი თითქმის ყველა პრეს-რილიზში. მაგრამ, სინამდვილეში მან ფილმი გადაიღო სასოწარკვეთაზე, უსიყვარულო სამყაროზე, სადაც იმედის არცერთი ნაპერწკალი არ არსებობს. ფილმის მოქმედი გმირების მიმართ რეჟისორი არ მალავს არც თავის ამპარტავნულ ზიზღს და არც ავადმყოფურ ცინიზმს. იგი უარს ამბობს სასპენსზე, დაძაბული ატმოსფეროს შექმნაზე. ფილმის მთავარი მოქმედება მძიმე ზლაზვნით, ერთ სიბრტყეზე ვითარდება. ჰანეკე ვერ ახერხებს კონფლიქტის ემოციურად ამაღლებულ რეგისტრში აყვანას. არაა კულმინაცია, შესაბამისად არაა კათარზისიც. 

იმისთვის, რომ ფილმი გადაიღო, აუცილებლად უნდა გწამდეს რამის, ისევე, როგორც როსელინის სწამდა ირენის განსაკუთრებულობის, უფრო სწორად, ირენის უსაზღვრო და უანგარო სიყვარულის ამამაღლებელი იდეის. ფილმი რომ გადაიღო, სულ მცირე ერთი პერსონაჟი მაინც უნდა გიყვარდეს შენს ფილმში. „ევროპა ‘51“-ში, როსელინიც თანაბრად აკრიტიკებდა ბურჟუაზიას, ეკლესიას, კომუნისტებს, მუშათა კლასს, მაგრამ ამ ქაოსიდან გამოჰყავდა ერთი, განსაკუთრებული პერსონაჟი, რომელიც საპირისპირო დინებას მიუყვებოდა. ირენმა ვერ გაუგო კომუნისტებს და სასულიერო პირებს, რადგან იგი არ ცდილობდა ადამიანების „გამოსწორებას“. ირენს ადამიანები უყვარდა ისეთები, როგორებიც ისინი სინამდვილეში იყვნენ, თავიანთი ცოდვებითა და მანკიერებებით. 

ჰანეკე „ბედნიერ დასასრულში“, თანამედროვე ევროპის უძრავ და მექანიკურ ყოფას გვიჩვენებს, ამით კი  სამყაროსა და ადამიანების კომპლექსურობა უბრალო ფორმულამდე დაჰყავს. იგი კინოს საკუთარი ეგოისტური იმპულსების დაკმაყოფილების საშუალებად აქცევს და საერთო პოლიტიკურ სიტუაციას პირადი ინტერესებისთვის იყენებს.  „ბედნიერი დასასრული“ ამღვრეულ-წყალში-თევზის-ჭერის პოლიტიკის ნაყოფია და არა ისეთი სოლიდური ნამუშევარი, როგორც ზვიაგინცევის ახალი ფილმია – „უსიყვარლოდ“. 

„ბედნიერ დასასრულს“ წლევანდელ ფესტივალზე გამარჯვების შანსი მხოლოდ მაშინ ექნება, თუკი ჟიური გადაწყვეტილებას მიიღებს… როგორ ვთქვათ… უსიყვარულოდ.